25 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის მერიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატის გია ჭყონიას კუთვნილი კომპანია, უნებართვო მშენებლობის გამო.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჭყონია, ბათუმის მერის კაბინეტის ფანჯრების წინ უნებართვოდ აშენებს.
21 ნოემბერს, დაახლოებით შუაღამის 02 საათისთვის ასათიანი/მარჯანიშვილის ქუჩების კუთხეში მდებარე სახლთან ამწე მიიყვანეს და უნებართვოდ აშენებულ 2 სართულს ასევე უნებართვო კონსტრუქცია დაადგეს – კოლონადა, რომელსაც ზედ კოშკი აქვს დაშენებული.
სახლი, რომელსაც დეპუტატმა ორი სართული უნებართვოდ დააშენა, მარჯანიშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში დგას. შენობის მოპირდაპირე მხარეს, გორგილაძის ქუჩაზე ბათუმის მერიაა განთავსებული.
უნებართვო დაშენების სამუშაოებს შპს „სახლი ძველ ბათუმში“ ახორციელებს. საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ კომპანიის 100 %-იანი წილი „ქართული ოცნების“ დეპუტატს გიორგი ჭყონიას ეკუთვნის.
„ბათუმელებმა“ სცადა თავად დეპუტატისგან მოესმინა, რატომ აგრძელებს უნებართვო მშენებლობებს, მით უფრო, როცა ეს სამშენებლო ობიექტი ბათუმის მერიასთან მდებარეობს. გიორგი ჭყონიას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
„ოცნების“ დეპუტატის კომპანია უკანონო მშენებლობის გამო ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული, თუმცა ჯარიმასთან ერთად დავალებული ჰქონდა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი. „ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტებში ჯარიმის ოდენობა მითითებული არ არის.
დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2023 წლის 19 აპრილს გამოიტანა.
გიორგი ჭყონიას კომპანიამ მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 10 მაისს გამოსცა განჩინება, რომლითაც “შეჩერებული იქნა შპს სახლი ძველ ბათუმში-ს დაჯარიმების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე” დადგენილების მოქმედება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე”.
დეპუტატმა უნებართვო მშენებლობა გააგრძელა.
2025 წლის 11 ნოემბერს ლუკა ასათიანის #19-ში მცხოვრებლებმა წერილით მიმართეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას და კიდევ ერთხელ იკითხეს, როდის აღსრულდებოდა კანონი და როდის მოხდებოდა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი.
წერილიდან 10 დღეში, გვიან ღამით, დეპუტატის კომპანიამ უნებართვოდ აშენებულ 2 სართულზე კოშკის ტიპის კონსტრუქცია დადგა.

“ოცნების” დეპუტატის კომპანიამ ბათუმის მერიის წინ უკანონოდ აშენებულ 2 სართულზე კონსტრუქცია 21 ნოემბერს, გვიან ღამით დაადგა
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები „ბათუმელებს“ უყვებიან, დეპუტატის კომპანია სამშენებლო სამუშაოებს გვიან ღამით ან შაბათ-კვირას აწარმოებს.
ბათუმის მერიას ვკითხეთ, როგორ აპირებს ადმინისტრაციული ორგანოს წინ მიმდინარე უნებართვო მშენებლობის საკითხის მოგვარებას.
„შპს სახლი ძველ ბათუმში“ მშენებლობის განმეორებით შეუჩერებლობის გამო დაჯარიმდა 25 ათასი ლარით,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „სახლი ძველ ბათუმშის“ დირექტორს ჯიმშერ ზოიძეს.
„უკანონო მშენებლობა არაა, გაირკვევა ყველაფერი,“ – გვითხრა ჯიმშერ ზოიძემ და ტელეფონი გაგვითიშა.
შემდეგ კი „ბათუმელების“ ზარებს აღარ უპასუხა.
ამავე თემაზე:
„ოცნების“ დეპუტატმა ბათუმის მერიის წინ სახლს უკანონოდ დააშენა ორი სართული
დაშენება ძეგლის დაცვის ზონაში, მერიასთან – ახალი ტენდენცია ბათუმში






