საჯარო რეესტრმა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაციაზე მოთხოვნა დაუხარვეზა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 19 ნოემბერს მიიღო.
დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრს ვერიკო ბერიკიშვილმა მიმართა და მოითხოვა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ წესდებისა და იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში კი ვკითხულობთ, რომ რეესტრს რეგისტრაციისთვის წარუდგინეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, შპს „იგლ ჰილს საქართველო“-ს ერთპიროვნული დამფუძნებელი არის შპს „იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი“, ხოლო დამფუძნებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი თითქოს არის მოჰამედ ალი რაშიდ ალაბბარი. რეესტრს წარუდგინეს გადაწყვეტილება, რომლითაც ვერიკო ბერიკიშვილს ენიჭება უფლებამოსილება პარტნიორის (ანუ დამფუძნებლის) სახელით დაესწროს კრებებს და მიიღოს გადაწყვეტილებები.
თუმცა, საჯარო რეესტრი წერს, რომ ” წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება მოჰამედ ალი რაშიდ ალაბბარის უფლებამოსილება წარმოადგინოს „შპს იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი“.
ამიტომ რეგისტრაციამდე გაჩნდა იურიდიული პრობლემა, რომ დადასტურებული წარმომადგენლობა არ არსებობს.
“ასევე წარმოდგენილ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და წესდებაში ნებადართული და განთავსებული კაპიტალი არ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კერძოდ, საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შეადგენს 10 000 ლარს, ხოლო ნებადართული კაპიტალი 1 000 ლარი,“ – ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებაში „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“.
მეწარმეთა შესახებ „საქართველოს კანონის თანახმად ნებადართული კაპიტალი არის კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც სააქციო საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება.
„ამდენად, სადამფუძნებლო შეთანხმებაში, კაპიტალის მაქსიმალურ ოდენობად 1 000 ლარის მითითება ეწინააღმდეგება განთავსებული კაპიტალის ოდენობას,“ – წერს საჯარო რეესტრი.
საჯარო რეესტრის განმარტებით, კომპანიის წესდების ორი მუხლი ეწინააღმდეგება სადამფუძნებლო შეთანხმებასა და გადაწყვეტილებას.
„გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის განთავსებული წილი, ხოლო წესდებაში მითითებულია, რომ საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის გამოშვებული წილი,“ – ვკითხულობთ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.
რეესტრმა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღიანი ვადა მისცა.
განახლება:
20 ნოემბერს კომპანიამ ხარვეზი აღმოფხვრა და ცვლილებები დაარეგისტრირა.
ოფიციალური ინფორმაციით, „იგლ ჰილსი“ თბილისსა [კრწანისი] და ბათუმში [გონიო], ჯამურად, 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს.
ვრცლად ამ თემაზე: არაბული კომპანიის და „ოცნების“ ახალი გეგმები გონიოში – ტერიტორია ჯერ განაღმული არ არის
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
„სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, ესაა 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მილიარდი ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და საშუალოდ 700 მილიონი ლარის ყოველწლიური შემოსავალი ბიუჯეტში,“ – ამბობს „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.
პროექტს 8,46 წუთიანი ვიდეო მიუძღვნა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თქვა, რომ კრწანისსა და გონიოში დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით „16 ათასი საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობას. სასტუმროების მშენებლობას 1400-ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და აპარტამენტებით. საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული თუ სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას“.
2025 წლის 29 ოქტომბერს „ბათუმელებმა“ წერილობით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა არაბულ კომპანიასთან „საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულების“ ასლები, თუმცა სამინისტროს პასუხი ამ დრომდე არ მოუწერია.
მოგვიანებით გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც ყველა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება არაბულ კომპანიას, მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად. შესაბამისად, არცერთ ამ დოკუმენტს საქართველოს მთავრობა აღარ გაასაჯაროებს.
ირაკლი კობახიძემ ვიდეორგოლში, რომელიც პროექტის მხარდასაჭერად ჩაწერა, მიზეზი შემდეგნაირად განმარტა.
„რაც შეეხება ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭებას. ეს ფაქტი ეფუძნება ერთის მხრივ საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო პრაქტიკას. სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
თუმცა ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა“, – ამბობს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
ამავე თემაზე:
„ივანიშვილი ატარებს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს“ – ინტერვიუ






