მთავარი,სიახლეები

„მიყვარდით, სანამ პილატესავით ხელებს არ დაიბანდით“ – რეზო კიკნაძის მიმართვა ნაკრებს

21.11.2025 •
„მიყვარდით, სანამ პილატესავით ხელებს არ დაიბანდით“ – რეზო კიკნაძის მიმართვა ნაკრებს

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან ეხმიანება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პოსტს, რომელშიც მან დაწერა, რომ დამარცხების შემდეგ „ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა“.

ეროვნული ნაკრების გულშემატკივარია სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

„გიორგი მამარდაშვილს ტაშს ჯერ კიდევ როდის ვუკრავდი იცით ტრიბუნიდან? მაშინ, როდესაც თითქმის არავინ იცოდა მასზე, დინამო თბილისმაც რომ გაუშვა გუნდიდან, სულ მთლად ბავშვი, და რუსთავის კარში იდგა მეორე ლიგაში.

ჯერ კიდევ წინ იყო ლოკომოტივში გადასვლა, კრანადასთან საოცრებები და ესპანეთიდან ინტერესი.

ეს შეიძლება დაგავიწყდა, გიო, მაგრამ მე გუშინდელი დღესავით მახსოვს თელავთან წაგებული საპლეიოფო მატჩები, უმაღლეს ლიგაში შემოსასვლელად. ანუ ყველაზე დიდი დაცემის და იმედგაცრუების დროს ვიდექი ჩემი გუნდის გვერდით.

ხვიჩა კვარაცხელიასაც მაშინ ვუკრავდი ტაშს — 2018 წელს, რუსთავი რომ ძლივს გადარჩა გავარდნას და მაგის ფანკლუბში მყოფი მე, საქართველოს ყველა ქალაქის სტადიონიდან ვუყურებდი რუსთავში მოთამაშე 17 თუ 18 წლის ხვიჩას თამაშებს (ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, თურმე იმ პერიოდში ფეისბუკზე შემთხვევით დამისინია ხვიჩა და ამის გამო ხომ არ გვემართება ეს ყველაფერი ნეტა).

ავტოსტოპებით დავდიოდით ხოლმე ხან ფოთში, ხან მარტვილში, ხან საჩხერეში მატჩების სანახავად. იმ დროს ვინ იცოდა, რას მიაღწევდა კვარა, მაგრამ მე მაშინვე მიყვარდა და ვგულშემატკივრობდი.

ოთარ ადეიშვილი, თუ არ ვცდები, 2015 ან 2014 წელს წავიდა რუსთავიდან დინამოში, და სკოლაში მყოფი მე იმ პერიოდიდან ვქომაგობდი. სკოლის მერე მივდიოდი სტადიონზე მისი თამაშების სანახავად.

ანუ სანამ ცნობილები გახდებოდით და სანამ რამეს მიაღწევდით, იქამდეც მიყვარდით და ტაშს გიკრავდით,ბიჭებო. ამიტომ, დიდი უმადურობაა, მომაძახო გასაჭირში გტოვებო, მაგრამ მიყვარდით იქამდე, სანამ თქვენ თავად დატოვებდით ამ გასაჭირს და პილატესავით ხელებს არ დაიბანდით.

საქართველოს თქვენი უბრალო ერთი პოსტი, ერთი კომენტარი, ერთი განცხადება სჭირდებოდა.

ახლა აღარ მიყვარხართ იმის გამო კი არა, რომ ბულგარეთთან წააგეთ ან თურქეთმა დიდი ანგარიშით მოგიგოთ — ბევრად უარესი შედეგების მქონე ნაკრებისა თუ გუნდის ფეხბურთელები მყვარებია —
არამედ იმიტომ, რომ თქვენ გოლის გატანა, ბურთის გაგორება და ამაში აღებული პრემიები საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარ ქვეყანაზე წინ დააყენეთ. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, გულშემატკივრები კი რჩებიან!

P.S. — 2024 წლის 15 აპრილს კინაღამ მოვკვდი ნერვიულობისგან, გერმანიაში წასასვლელი ბილეთის აღება რომ ვერ მოვასწარი. ბილეთის, რომლისთვისაც ფულის მოსაგროვებლად ჩემი საყვარელი წიგნები გავყიდე და დამატებით ჭურჭლის მრეცხავადაც ვმუშაობდი.

ორი კვირის შემდეგ პირიქით, მადლობას ვამბობდი, ორი კვირით ადრე ბილეთის ყიდვა რომ ვერ მოვასწარი იმისთვის, ვინაიდან მე იმ ფეხბურთელებს ტაშს ვეღარ დავუკრავ, ვინც ქვეყანა ფეხებზე დაიკიდა და, როცა მთავრობის მოგზავნილი ნიღბიანი მხეცები ქუჩაში ხალხს სასიკვდილოდ სცემდნენ, ხმა არ ამოიღო“ – წერს რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც 21 ნოემბრით თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ბულგარეთთან დამარცხდა ანგარიშით 2:1. გიორგი მამარდაშვილის პოსტს ფეისბუქზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით ადამიანმა კომენტარებში გიორგი მამარდაშვილს შეახსენა, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში რეპრესიები მიმდინარეობს, ადამიანებს ქუჩებში სცემენ, პირბადის ტარების და ქუჩის გადაკეტვის გამო ასამართლებენ და ციხეში სვამენ, როცა სინდისის პატიმრებს რამდენიმე წელი აქვთ მისჯილი, ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობას ხმა არ ამოუღია და მეტიც, რამდენიმე მათგანი „ოცნების“ საარჩევნო კლიპში გამოჩნდა, თავად მამარდაშვილი კი სამშენებლო კომპანიის, „დადიანი ინვესტის“ მეწილე გახდა – მან 1%-იანი წილი 1 ლარად “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატისგან, ილია წულაიასგან იყიდა. 

გიორგი მამარდაშვილმა ფეისბუქზე პოსტი გვიან ღამით გამოაქვეყნა. კომენტარების უმრავლესობა კრიტიკული იყო. ახსენეს ისიც, რომ „არასამუშაო საათების“ გამო „ოცნების“ პროპაგანდამ ნაკრების ფეხბურთელის ფეისბუქზე ტროლების მობილიზება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესების გამწვავება და „ოცნების“ პოლიტიკური ფერიცვალება დაემთხვა საქართველოს ნაკრების დიდ წარმატებას. 2024 წლის 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა საბერძნეთის ნაკრები და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება. რამდენიმე დღის შემდეგ, მაშინ როცა მთელი ქვეყანა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წარმატებით ხარობდა, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ პარლამენტში განსახილველად აბრუნებდა „რუსულ კანონს“, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და პოლიტიკური მღელვარება მოჰყვა. კრიზისმა პიკს მიაღწია 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა „ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოფიციალურად განაცხადა, რომ წყვეტდა ევროკავშირთან მოლაპარაკებას გაწევრიანებაზე.

საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქვეყანაში მიმდინარე მრავალათასიან პროტესტს მხარდამჭერი განცხადებით მაინც გამოეხმაურებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: