მთავარი,სიახლეები

პარლამენტი 2,9 მილიონი ლარით ახალ ავტომობილებს იყიდის

16.11.2025
პარლამენტი 2,9 მილიონი ლარით ახალ ავტომობილებს იყიდის

საქართველოს პარლამენტის აპარატმა 25 ერთეული I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 2 999 375 ლარია, ანუ ერთ ავტომობილში პარლამენტი მაქსიმუმ 119 ათას 975 ლარს გადაიხდის [ამაში, როგორც ტენდერშია აღნიშნული, შედის გეგმიური მომსახურების ღირებულებაც 150 000 კილომეტრზე].

ავტომობილები შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

„შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200 კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული…  ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 000 კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.“ – აღნიშნულია ტენდერში.

სხვა პირობებთან ერთად ასევე აღნიშნულია, რომ „150 000 კილომეტრზე ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ.

ხუნდების ამ რაოდენობის ამოწურვის შემდგომ, მათი ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 11 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 16 დეკემბერს დასრულდება.

შესასყიდი ავტომანქანების ტექნიკური მახასიათებლები

წყარო: შესყიდვების პორტალი

„ავტომობილ(ებ)ის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად ან ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 240 დღის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით ამავე ვადაში უნდა უზრუნველყოს ავტომობილების შემსყიდველზე გადაფორმება.“ – წერია ტენდერის პირობაში.

„ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული იქნა მოთხოვნის შესაბამისი მონაცემების 2 კომერციული წიწადადება. სატენდერო პროცედურის ხანგრძლივობის გათვალისწიწებით, მიზანშეწონილია განხორციელდეს მრავალწლიანი შესყიდვა… სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვროს საავნსო ანგარიშსწორების ფორმა, კერძოდ 90% საავანსო ანგარიშსწორება განხორციელდეს 2025 წლის ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი 10%-ის ანგარიშსწორება გახორციელდეს 2026 წლის ბიუჯეტიდან.“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: