„თუ აქამდე შეიძლებოდა, მთელი ზაფხული შეიძლებოდა, საარჩევნოდაც შეიძლებოდა, ახლა აღარ შეიძლება?” – სვამს კითხვას 63 წლის გარემოვაჭრე ნუნუ ბერიძე ბათუმიდან.
ის 14 წელია ბათუმში, ბონის ბაზრის წინ, ლიანდაგებთან ვაჭრობს.
18 ნოემბერს ნუნუსთან და სხვა გარემოვაჭრეებთან ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ და გააფრთხილეს.
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა თქმით, გარევაჭრობა „ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს“.
არც ნუნუ ბერიძე და არც სხვა მოვაჭრეები არ აპირებენ, რომ მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნებს დაემორჩილონ.
„4 შვილიშვილი მყავს, ცხოვრება ძალიან მიჭირს, მეუღლე არ მყავს და ბავშვები მყავს მოსავლელი.
სიმსივნიანი ქალი რომ 18 ქიმიას გაიკეთებს და მერე აქ დაჯდება, ამ ორპირში, ხომ ხვდებით როგორ დღეში ვარ…
სად ვიმუშაო? დამლაგებლად მუშაობა არ შემიძლია, მომვლელად მუშაობა არ შემიძლია. 20-30 ლარი შეიძლება იშოვო აქ დღეში და საღამოს სახლში ბოსტნეული მიგაქვს იაფად,“ – გვიხსნის თავის მდგომარეობას ნუნუ ბერიძე.

ნუნუ ბერიძე, გარემოვაჭრე
მოვაჭრეები ამბობენ, რომ არც მათ არ მოსწონთ მზეში, წვიმასა და ქარში ქუჩაში დგომა და ვაჭრობა, მაგრამ შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ აქვთ. შესაბამისად, არც არჩევანი აქვთ.
84 წლის ლამარა, რომელიც გვთხოვს, რომ სტატიაში მისი გვარი არ დავწეროთ, გვეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
„ერთი მოვიდეს მერიიდან ვინმე და მითხრას, რომ არ უნდა ვივაჭრო. ვის რას ვუშავებ? ქედიდან ჩამოვდივარ ათ დღეში ერთხელ, ჩემი ოჯახის პროდუქტი ჩამომაქვს და ვყიდი. პენსია მაქვს, მაგრამ 6 სული მყავს სახლში და არ გვყოფნის. ბანკის ვალი მაქვს და ბავშვებს ვაძლევ პენსიის ფულს, რომ შეიტანონ ბანკში.
მე ვარ 1941 წელს დაბადებული. 41 ვარ. „ოცნებას“ ვუჭერ მხარს და ახლა მაგათ აქედან უნდა ამაგდონ?“ – სვამს კითხვას ის.

გარევაჭრობა ბონის ბაზრის წინ. აქ მერიამ მოვაჭრეები გააფრთხილა და უთხრა, რომ აღარ უნდა ივაჭრონ
ლამარას გვერდით მოვაჭრე ქალსაც არ სურს მისი სახელი და გვარი სტატიაში მოხვდეს, თუმცა გვეუბნება, რომ თუკი მერია რეალურ ალტერნატიულ ფართობს გამოუყოფს სავაჭროდ, თანახმაა გადავიდეს.
„ოღონდ ეგ ადგილი ისეთი უნდა იყოს, რომ ხალხი მოძრაობდეს. ბაზარშიც შევიდოდი, ადგილები რომ იყოს, მაგრამ არ არის. გარევაჭრობის უფლებას თუ არ მოგვცემენ, აბა რა ვქნათ? ხომ ხედავთ, ბოსტნეულით ვვაჭრობ, არაფერზე ვაწუხებ სახელმწიფოს, ჩემით ვირჩენ თავს. თუ ამ შემოსავლის წყაროს გადაგვიკეტავენ, მაშინ რას გვთავაზობენ?“ – გვეკითხება ის.
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ გააფრთხილა „ბათუმი პლაზას“ მიმდებარედ მყოფი გარემოვაჭრეებიც. ასევე, მერია წერეთლის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილის მხარეს მყოფ მოვაჭრეებს დახლების გაშლის უფლებას აღარ აძლევს, შენობების კედლის მხარეს მყოფი გარემოვაჭრეები კი მაქსიმალურად შეავიწროვა.

გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე
ნათელა აბაშიძე 20 წელია წერეთლისა და აკაკი ბერიძის ქუჩის კუთხეში ვაჭრობს. 72 წლის ქალი ამბობს, რომ პენსია მას და მის შვილიშვილებს არ ჰყოფნით, ამიტომ სხვა გამოსავალი, გარევაჭრობის გარდა, თავის რჩენისათვის არ აქვს.
„20 წელია აქ ვვაჭრობ. 72 წლის ვარ. ამ ასაკის ხალხს ქუჩაში რა გვინდა? არ მყოფნის პენსია. ამდენი ფული შეჭამეს ჩინოვნიკებმა და ჩვენ 20 ლარზე მეტი არ დაგვიმატეს.
ახლა მერია გვეუბნება არ შეიძლება გარევაჭრობაო. რა ვქნათ აბა? როგორ ვირჩინოთ თავი? 20 ლარი რომ დაგვიმატეს პენსია, არ გვეყო, არა,“ – ამბობს ნათელა აბაშიძე.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გარევაჭრობის აკრძალვას „ტურისტული ქალაქის იერსახის დამახინჯების“ მოტივით იწყებს და გარემოვაჭრეებს „უფრო მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებებით“ ემუქრება.
„საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვისა და გარევაჭრობის ფაქტზე მუნიციპალურმა ინსპექციამ ცენტრალური ბაზრისა და „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უნებართვო კომერციული საქმიანობისთვის მოვაჭრეები გააფრთხილა.
პროდუქციის უკანონო რეალიზაციის მიზნით ტროტუარზე მოწყობილი უსახური კონსტრუქციები, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.
უკანონო საქმიანობის აღკვეთის გაფრთხილების შემდგომ გარემოვაჭრეების წინააღმდეგ გატარდება უფრო მკაცრი სამართლებრივი ღონისძიებები და უსახურ სავაჭრო დახლებს ტერიტორიიდან გაიტანენ.
მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული ზედამხედველობის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი ეტაპობრივად უზრუნველყოფს ჭავჭავაძე-ლერმონტოვის, ინასარიძისა და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე უნებართვოდ, პროდუქციის რეალიზებაზე მონიტორინგს,“ – ნათქვამია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.
მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 152² მუხლით, ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3 000, იურიდიულ პირთა დაჯარიმებას კი 4 000 ლარის ოდენობით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის მერია ქალაქში გარევაჭრობის პრობლემის მოგვარებას იწყებს. ფაქტობრივად ყველა ახალი მერის პირველი ამოცანა გარემოვაჭრეებთან მოლაპარაკება და ამ საკითხის მოგვარებაა.
ყველაზე მეტი ძალისხმევა ამ მხრივ ბათუმის ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ გასწია, რომელმაც ბათუმის ავტოსადგურში ალტერნატიული ფართობიც კი გამოყო გარემოვაჭრეებისთვის და თვეების განმავლობაში, მოლაპარაკებების და პოლიციის გზითაც კი ცდილობდა ამ პრობლემის გადაჭრას, თუმცა ამაოდ.
ფაქტია, უახლოესი წლების გამოცდილება აჩვენებს – ბათუმში მერები იცვლებიან, გარემოვაჭრეები კი ადგილზე რჩებიან.






