ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გიორგი წანაწყენიშვილმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ „ბათუმელებს“ სამსახურის ყოფილმა უფროსმა თავად დაუდასტურა სატელეფონო საუბარში.
მან გვითხრა, რომ დაბრუნდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში სამუშაოდ, სადაც მანამდე მუშაობდა, ვიდრე ბათუმის მერიაში დასაქმდებოდა: „ დიახ, 2 წლის განმავლობაში დავეხმარე ქალაქს და დავბრუნდი“.
მის დანიშვნამდე და ახლაც ბათუმის ქაოსური განაშენიანება და მასთან დაკავშირებული პრობლემები მთავარი გამოწვევაა, რომლის მოგვარებასაც მერია თავს დღემდე ვერ ართმევს, ცათამბჯენებზე ნებართვების გაცემას კი აგრძელებს.
გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა ქალაქში ამ გამოწვევების პარალელურად იზრდება.
2025 წელს ბათუმის ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით 5 მილიონამდე ლარი შევიდა, ბათუმს არც უკანონო მშენებლობები აკლია. სამაგიეროდ, უკვე 20 წელზე მეტია მერია ასეულობით ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, თუმცა უშედეგოდ. ქალაქში დაუძლეველი გამოწვევების ჩამონათვალშია კანალიზაციის, პარკინგის ადგილების, ეზოების და ასე შემდეგ პრობლემები.
პრობლემების მიუხედავად გიორგი წანაწყენიშვილი ხშირად იმსახურებდა ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს წევრების შექებას და საჯარო მადლობას. ერთხელ სხდომაზე მას ისიც უთხრეს – შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდაო. „მხოლოდ მე არა, გუნდი ვმუშაობთო“ – ასეთი იყო მაშინ გიორგი წანაწყენიშვილის პასუხი.
დოკუმენტების მიხედვით, რომელიც მერიას საკრებულოში აქვს წარდგენილი დასამტკიცებლად, ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობას ახლა გიორგი კილაძე ასრულებს.
გიორგი წანაწყენიშვილი ბათუმის მერიამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ოფიციალურად კონკურსის წესით შეარჩია. მანამდე ეს თანამდებობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვაკანტური იყო.
ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობა მანამდე მირიან მეტრეველმა დატოვა.
თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სამსახურის ყოფილმა უფროსმა „ბათუმელებთან“ საუბრისას თქვა, რომ თანამდებობიდან ვინმესთან დაპირისპირების გამო არ წასულა და ბათუმის მთავარი არქიტექტორის პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
მან „ბათუმელებს“ ასევე დაუდასტურა, რომ სუს-მა ბათუმის მერიიდან სამშენებლო ნებართვები ამოიღო, თუმცა არ დააკონკრეტა, რა პროექტებს უკავშირდებოდა ეს ნებართვები.
გადადგომიდან მალევე მირიან მეტრეველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სივრცითი დაგეგმარების ჯგუფში არქიტექტორად დასაქმდა.






