მთავარი,სიახლეები

ანაკლიასთან ახლოს 380-მეტრიანი წარწერა, Megobari Act გამოჩნდა – გზავნილი აშშ-ს

12.11.2025
ანაკლიასთან ახლოს 380-მეტრიანი წარწერა, Megobari Act გამოჩნდა – გზავნილი აშშ-ს

აქტივისტებმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიასთან, მინდორზე, მასშტაბური წარწერა – Megobari act [მეგობარი აქტი] გამოსახეს.

380 მეტრი სიგრძის გეოგლიფის [გამოსახულება მიწაზე] მიზანია შეახსენოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსთვის „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობა, რომელიც სენატში კენჭისყრას ელოდება.

კანონპროექტი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერაა მომზადებული. 

თითოეული სიმბოლოს სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრია, ხოლო მთლიანი გამოსახულების შექმნაზე აქტივისტებმა დაახლოებით 15 დღე იმუშავეს.

„მეგობარი აქტის მნიშვნელობის ხაზგასასმელად გადავწყვიტეთ, რომ ასეთი მასშტაბური ყოფილიყო გეოგლიფიც“ – ამბობს როსტო ზარანდია, აქტივისტი და არტისტი ზუგდიდიდან. 

„მთავარი მიზანი იყო, გვეჩვენებინა, რომ ამ ბინძურ საინფორმაციო კამპანიაში, სადაც ანტიდასავლური რიტორიკა ჭარბობს, არ იკარგება ხალხის რეალური განწყობები, ჩანდეს ჩვენი რეალური სიმართლე და თანაც გვინდოდა ეს გაგვეკეთებინა ისე, რომ ყოფილიყო მასშტაბური და კარგად დასანახი”  – განმარტავს აქტივისტი ნოდო სიხარულიძე.

როსტო ზარანდია განმარტავს, რომ წარწერა ანაკლიის სანაპიროდან დაახლოებით 13 კილომეტრში, ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს. ავტორების თქმით, ეს ადგილი მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო შეირჩა. 

„ადგილს რაც შეეხება, ესეც გარკვეულად სიმბოლურია, იმიტომ, რომ ქართულ-ამერიკული ამბიციები და კარგი გეგმები ჩაიშალა ანაკლიაში და ამ დამთხვევით, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ ჩვენი მიზანია ძველებურზე უფრო კარგი ურთიერთობისა და პარტნიორობის დამყარება აშშ-სთან“ – ამბობს ნოდო სიხარულიძე.

გამოსახულება საძოვარზე გაკეთდა.

„ეს არის აგროარტი. არავისთვის ზიანი არ მიგვიყენებია, აქ ვთესავთ თეთრ სამყურას, რომელიც ძროხებისთვისაც ძალიან სასარგებლოა, აქტიურად ყვავილობს და მრავალწლოვანი მცენარეა“ – ამბობს როსტო. 

„მეგობარი აქტი“ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ამავდროულად მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

აქტის სახელი MEGOBARI სიმბოლურია და ითარგმნება, როგორც ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის ასამაღლებლად, საქართველოს შესაძლებლობების მობილიზება და გაძლიერების აქტი (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).

ანაკლიაში შექმნილი Megobari act-ის წარწერა, როგორც ავტორები ამბობენ, ერთგვარი გზავნილია ქვეყნის გარეთ, რომ მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდისა, ქართველებს სურთ ურთიერთობის შენარჩუნება დასავლელ პარტნიორებთან და ელოდებიან საერთაშორისო მხარდაჭერას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: