სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ გეგმავს ჩაატაროს ახალი კვლევა, იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმის აეროპორტის მიმდებარედ ტერიტორიის უსაფრთხოების ზონა.
კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“.
ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) მოდიფიკაციის, მორგებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრისათვის სააერნაოსნო კვლევის მომსახურების შესყიდვაზე „საქაერონავიგაციამ“ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
OLS – ეს არის უსაფრთხოების ზედაპირები, რომლებიც აეროპორტის გარშემო ადგენს დაბრკოლებების ლიმიტებს სიმაღლეზე. ანუ, თუ ობიექტი ამ ზედაპირებზე მაღლაა ის ითვლება დაბრკოლებად და შეიძლება საფრთხე შეექმნას ავიაციას.
ამიტომ, OLS -ით დადგენილია თუ სად და რა სიმაღლეზე შეიძლება იდგეს შენობა, ბოძი, ხე ან სხვა ობიექტი, რომ თვითმფრინავების აფრენა-დაფრენას არ შეუშალოს ხელი.
ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით, აეროპორტის უსაფრთხოების წესები და გეოგრაფია აფერხებს ბათუმის მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებას. კერძოდ, ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები მხოლოდ ზღვის მიმართულებით ფრინდებიან და ზღვის მიმართულებიდან ეშვებიან. შექმნილია სპეციალური უსაფრთხოების ზონა, რომელი ზონაც „ზღუდავს ქალაქის განვითარებას“.
“საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის დადგენილია დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი.
თუმცა, მიმდებარე მაღალი რელიეფისა და „აეროპორტის უნიკალური საექსპლუატაციო მახასიათებლების გამო – კერძოდ, ზღვის მიმართულებით აფრენით და ზღვიდან დაშვებით ცალმხრივი ოპერაციების გამო – არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი (OLS) მნიშვნელოვნად ზღუდავს ურბანულ განვითარებას, განსაკუთრებით შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირებით შემოფარგლური არით,” – ვკითხულობთ ტენდერის ტექნიკურ დავალებაში.

აეროდრომის დაცვის არე ბათუმის აეროპორტისთვის /2018 წლის სამუშაო დოკუმენტი / წყარო სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
„საქაერონავიგაციის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნულია, რომ „კვლევის მიზანი არ არის ICAO Annex 14-ში [საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის დოკუმენტი] განსაზღვრული სტანდარტული დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირების შემუშავება.
მის ნაცვლად გამოყენებული იქნება მორგებული/მოდიფიცირებული დაბრკოლებების შემზღუდავი ზედაპირების და ამ ზედაპირების შესაბამისი აეროდრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რუკის კონცეფცია და მეთოდოლოგია, სრული დასაბუთებით, რომელიც მოწოდებული იქნება ეროვნული რეგულაციებისა და ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად სააერნაოსნო კვლევის მეშვეობით.
ტექნიკური დავალების მიხედვით, საჭიროა ბათუმის აეროპორტისთვის შემზღუდავი ზედაპირების ხელახალი შეფასება და მორგებული OLS-ის შემუშავება, რომელიც ადაპტირებული იქნება როგორც სახელსაწყო (IFR), ასევე ვიზუალური (VFR) ფრენების შესრულებისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ICAO-ს სტანდარტების და რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად.
ამ დავალების მიზანია:
- „ფრენების უსაფრთხოებაზე, ასევე სანავიგაციო და საკომუნიკაციო მიწისზედა საშუალებებზე, არსებული რელიეფის და დაბრკოლებების შეჭრით გამოწვეული ზეგავლენის შეფასების მიზნით დეტალური სააერნაოსნო კვლევის ჩატარება;
- ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის მორგებული OLS-ის, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება, დადგენილი ან შემოთავაზებული ფრენის ოპერაციების, ასევე არსებული დაბროლებების/რელიეფის პირობების გათვალისწინებით, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხოებას და რეგულარულობას, ასევე ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას;
- იქ სადაც საჭიროა, განისაზღვროს და შემოთავაზებულ იქნას გადახედილი ფრენის პროცედურები (მათ შორის გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური და ფარდობითი სიმაღლე მეორე წრეზე წასვლისას ერთი ძრავის მტყუნების გაუთვალისწინებელ შემთხვევაში), ახალი, მორგებული OLS-ის დანერგვის მხარდასაჭერად.“
ამავე დავალების მიხედვით:
იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის აეროპორტში მოქმედი ფრენის პროცედურები დაფუძნებულია მეორე წრეზე წასვლა მარცხენა მოხვევით, რომელიც ხორციელდება ქალაქის თავზე, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს, მარჯვენა მოხვევით მეორე წრეზე წასვლის შესაძლებლობა, ბათუმის თავზე აკრძალული საჰაერო სივრცის დაწესებით (შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების ფარგლებში), თუ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს არსებული დაცვის არის შეღწევადობის შემცირებას და/ან ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში ნაკლებად შემზღუდავი სიმაღლის ზღვარის დადგენას;
კონსულტანტმა ასევე უნდა შეაფასოს მარცხენა მოხვევით მეორე წრეზე წასვლის შესაძლებლობა, აეროპორტის სამხრეთით აკრძალულ საჰაერო სივრცის დაწესებით (შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების ფარგლებში), იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კონფიგურაცია უზრუნველყოფს უკეთეს შერბილებას და/ან იძლევა განვითარების უფრო მოქნილი პირობების შექმნის შესაძლებლობას სამხრეთ ზონაში;
ინფორმაციისთვის: „მარჯვენა მოხვევით მეორე წრეზე წასვლის შესაძლებლობის“ შემთხვევაში თვითმფრინავს მოუწევს გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გადაფრენა. ეს ტერიტორია ნაწილობრივ აეროპორტის დაცვის არეალშიც ექცევა. აქ კი „ოცნების“ მთავრობას არაბულ კომპანიასთან ერთად მასშტაბური პროექტის განხორციელება აქვს დააანონსებული. ამ ეტაპზე უცნობია შეუშლის თუ არა ხელს აეროპორტის დამცავი ზონა ამ პროექტს. თუმცა ამ შემთხვევაში იქმნება იმის შთაბეჭდილება, რომ აეროპორტის დაცვის არე შესაძლოა „ქალაქის ურბანულ განვითარებას“ მოარგონ.
ბათუმის აეროპორტისთვის მორგებული OLS-ი კი უნდა მოიცავდეს:
„მშენებლობის დაშვებული მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრას; სივრცით ზონირებას – წინასწარ განსაზღვრული სიმაღლის ზღვრებით, თითოეულ
არეში, ცალკეული დაბრკოლებების ინდივიდუალური შეფასების ნაცვლად; ანგარიშს, რომელიც აღწერს მორგებული OLS-ის თითოეულ ზედაპირს, მითითებული საწყისი წერტილებით და შესაბამისი პარამეტრებით.
მომზადებული რუკა უნდა იყოს ფერებით კოდირებული, თითოეულ ზონაზე მითითებული უნდა იყოს მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები. საბოლოო პროდუქტი
უნდა იყოს თავსებადი ქალაქმშენებლობის GIS/CAD სისტემებთან.
რუკა, ასევე უნდა ითვალისწინებდეს დაბრკოლებებისაგან უსაფრთხო სიმაღლეების მოთხოვნებს არსებული ან შემოთავაზებული სახელსაწყო ფრენის პროცედურებისთვის, გარდა ICAO-ს 1944 წლის კონვენციის დანართი 14-ით გათვალისწინებული დაბრკოლებების შემზღუდავი (OLS) ზედაპირების, რომელთა შეცვლაც სააერნაოსნო კვლევით შეუძლებელია.
კვლევის დასრულების შემდეგ, მორგებული OLS და კვლევის შედეგები წარდგენილი იქნება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განხილვისა და დამტკიცების მიზნით, ხოლო შემდგომ შესაძლოა ინტეგრირდეს ქალაქ ბათუმის შესაბამის ურბანულ განვითარების გეგმაში.
ეს გახდება სამშენებლო ნებართვების გაცემისა და აეროპორტის მიმდებარე განვითარების უსაფრთხო და კოორდინირებული მართვის საფუძველი.
ამ დავალების წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს, როგორც საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო ოპერირებას, ასევე ბათუმისა და მის გარშემო რეგიონის მდგრად
ურბანულ განვითარებას,“ – წერია ტექნიკურ დავალებაში.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 623 356 ლარია [დღგ-ს გარეშე]
კვლევის ჩასატარებლად და შესაბამისი დოკუმენტების მოსამზადებლად ტენდერში გამარჯვებულს ვადა 7 თვე ექნება.

ბათუმის აეროპორტის მდებარეობა/ხედი ახალი ბულვარიდან
აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოებისთვის სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები და დაშვებული სიმაღლეები, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მოთხოვნებითაა დადგენილი. ამ კონვენციას საქართველოც მიერთებულია. ბათუმში კი არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული – ამის შესახებ „ბათუმელები“ 2018 წელს წერდა:
უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში






