„არ დასტურდება არცერთი საპოლიციო ფუნქცია/მოქმედება, რასაც ასრულებდა ირაკლი დგებუაძე და რომლის გამოც მან მიიღო სილა.
ერთადერთი, რაც ბრალდების აღწერილობიდან დარჩა, არის ის, რომ გაარტყა ხელი, სინამდვილეში კი – გააწნა სილა. მხოლოდ ეს გარემოება დასტურდება უტყუარად საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მტკიცებულებებით, რაც არ იძლევა მზია ამაღლობელის ქმედების არც სსკ-ის 3531-ე [პოლიციელზე თავდასხმა] და არც 353-ე მუხლით [წინააღმდეგობის გაწევა] კვალიფიკაციის საშუალებას,“ – აღნიშნულია მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარში, სადაც სამართლებრივად არის დასაბუთებული, რატომ არის დაუსაბუთებელი და უკანონო „მზია ამაღლობელის საქმეზე“ კვალიფიკაციის შეცვლა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი და სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გაასამართლა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით და არა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რასაც მას პროკურატურა ედავებოდა.
- მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდება გადააკვალიფიცირა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე [სსკ-ის 353-ე მუხლი]. მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსმა პარტნიორმა, მაია მწარიაშვილმა, საიას იურისტმა ჯუმბერ ქათამაძემ და გიორგი ხიმშიაშვილმა სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 სექტემბერს მიმართეს:
- „ირაკლი დგებუაძისთვის გარტყმული სილა არ უკავშირდება მის კანონიერ საქმიანობას…“
ადვოკატები სააპელაციო საჩივარში ასაბუთებენ, რატომ არ გვაქვს საქმე მზია ამაღლობელის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევასთან, როცა მან ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. ადვოკატები მიუთითებენ ვიდეომტკიცებულებებზე, რომლებიც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დამალა და არ შეაფასა, ასევე მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა მიხედვითაც, არ დასტურდება არც ერთი საპოლიციო ფუნქცია ან მოქმედება, რასაც ირაკლი დგებუაძე ასრულებდა და რომლის გამოც მან მიიღო სილა.
„ბრალდების ახალი ფორმულირებით არ ჩანს, თუ რატომ ჰქონდა მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძის რომელიმე საქმიანობის ხელშეშლის მიზანი, ან ჰქონდა კი საერთოდ ასეთი. სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანება არ იძლევა სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიკაციის საშუალებას.
ირაკლი დგებუაძისათვის გარტყმული სილა არ უკავშირდება არც მის პოლიციელობას და არც მის კანონიერ საქმიანობას. არამედ ნაკარნახევია პირადი მოტივებით, მისი ყეყეჩური და თავხედური დამოკიდებულებით და პასუხით, როგორც ეს მზია ამაღლობელმა განმარტა. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და შესაბამისად აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ეს გარემოება, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა,“ – ვკითხულობთ სააპელაციო საჩივარში.
ადვოკატები საჩივარში განმარტავენ, რომ პოლიციელზე თავდასხმის მუხლისგან განსხვავებით, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მოიაზრებს ბრალდებულის გასაკიცხ ქმედებას – პოლიციელის უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.
„ხელშეშლა უნდა იყოს მაშინ, როდესაც პოლიციელი ახორციელებს კონკრეტულ უფლებამოსილებას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, ანუ ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ფუნქციას, იმყოფება ამ ფუნქციის განხორციელების პროცესში. შესაბამისად, ხელშეშლა და პოლიციელის ის საქმიანობა, რისი ხელშეშლის სურვილიც ჰქონდათ, დროში თანხვედრი მოქმედებებია.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნორმის კანონისმიერი კონსტრუქცია ვერ მიებმება პოლიციელის ისეთ მოქმედებას, რაც კანონით არ არის გაწერილი, გათვალისწინებული და მით უფრო ეს ვერ იქნება ნავარაუდევი ასეთი ფუნქცია. ამიტომ, სისხლის სამართლის ამ ნორმის თვალსაზრისით, პოლიციელის საქმიანობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით არ არის აბსტრაქტული. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაგვანახოს პოლიციელის ეს ფუნქცია, მაშინ, როდესაც ქმედებას აკვალიფიცირებს სსკ-ის 353-ე მუხლით,“ – აღნიშნულია საჩივარში.
- ბრალდების ფორმულირებაში სასამართლომ ვერ მიუთითა ის საქმიანობა, რისი ხელშეშლისთვისაც მიიღო სილა ირაკლი დგებუაძემ. ამ გარემოების გარეშე კი, სსკ-ის 353-ე მუხლით [წინააღმდეგობის გაწევა] კვალიფიკაცია გამორიცხულია.
„განაჩენი იმდენად გაუმართავი, ხელოვნური და შაბლონურია, რომ შიგადაშიგ სასამართლო ავითარებს მსჯელობას, რომ ბრალდება დადასტურებულია მაშინ, როდესაც მან შეცვალა კვალიფიკაცია,“ – წერენ საჩივარში მზია ამაღლობელის ადვოკატები და, პირველ რიგში, განაჩენის შაბლონურობაზე ამახვილებენ ყურადღებას: მოსამართლე შიგადაშიგ ავითარებს ლოგიკას, რომ ბრალდება დადასტურდა, მაშინ რატომღა შეცვალა მოსამართლემ ბრალდების კვალიფიკაცია?
„მაგალითად, გასაჩივრებული განაჩენის 5.23 პუნქტში სასამართლო ავითარებს მსჯელობას: „სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია მზია ამაღლობელის მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი ძალადობით.
აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, საქმის განხილვისას, რა დროსაც, დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად წარმოედგინა და ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვერ დადასტურდა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რის თაობაზეც სასამართლო სამართლებრივი შეფასების ნაწილში იმსჯელებს.
სამართლებრივად გაუმართავ და არათანამიმდევრულ მსჯელობაში, სასამართლო ამბობს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ჯეროვნად ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებითო და ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლოს მიერო.
სასამართლოს, როგორც ჩანს, გამორჩა მხედველობიდან, რომ მან გადააკვალიფიცირა ბრალდება და ისიც, რომ ბრალდებას წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები სხვა მუხლის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ამ აბზაცის შემდეგ წინადადებაში სასამართლო მსჯელობს, რომ თავდასხმა არ დადასტურდა, რაშიც სრულებით ვეთანხმებით სასამართლოს.
რაც შეეხება, სხვა მტკიცებულებებს, რაც დაადასტურებდა ახალ გარემოებებს სსკ-ის 353-ე მუხლის თვალსაზრისით, ამ სასამართლოზე არც წარმოდგენილა და არც გამოკვლეულა, ვინაიდან ბრალდების ყველა მტკიცებულება, მათი აზრით, წარმოდგენილი იყო სსკ-ის 3531-ე მუხლით ბრალდების მტკიცების თვალსაზრისით. ამ ორი მუხლის მაკვალიფიცირებელი ფაქტობრივი გარემოებები კი სხვადასხვაა,“ – აღნიშნულია საჩივარში.
- რის გამო გააწნა სილა მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს? – მოსამართლის ვერსია
მზია ამაღლობელის განაჩენის მიხედვით, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
„2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 00:50 საათზე, ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11ა-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უხსნიდა მიმდინარე საპროტესტო შეკრების დროს დაკავებული პირების დაკავების საფუძველს.
ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანებულმა მზია ამაღლობელმა საქმიანობის შეწყვეტის მიზნით – ირაკლი დგებუაძეს – ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი“.
ადვოკატები საჩივარში ფაქტებზე დაყრდნობით წერენ, რომ ეს სიცრუეა:
„სიცრუეა ის, რომ ირაკლი დგებუაძე ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უხსნიდა დაკავებული მოქალაქეების დაკავების საფუძველს. ის ამას არ აკეთებდა და ეს ვერ დადასტურდა ბრალდების მტკიცებულებებით, არამედ გამოირიცხა დაცვის მხარის მტკიცებულებებით, როგორც მოწმეთა ჩვენებებით [მოწმეები ეთერ თურაძე, ეკა დავითაძე], თავად მზია ამაღლობელის ჩვენებით და ჩვენი ვიდეომტკიცებულებით,“ – წერია საჩივარში.
ადვოკატები წერენ იმაზეც, რომ მოსამართლემ ვერ მიუთითა: რა ფუნქციას ახორციელებდა ირაკლი დგებუაძე ინციდენტის მომენტში?
ასევე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ირაკლი დგებუაძის რომელიმე მოწოდების ადრესატი მზია ამაღლობელი იყო.
„სასამართლო უთითებს, რომ დადგენილია, რომ ირაკლი დგებუაძე აქციაზე იცავდა საზოგადოებრივ წესრიგსო, რაც სრულებით საკმარისი არ არის ქმედების სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, ვინაიდან სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რას ახორციელებდა ირაკლი დგებუაძე უშუალოდ იმ მომენტში, როდესაც განხორციელდა მისთვის ე.წ. ხელშეშლა. იმ დღეს სხვადასხვა დროს ის [ირაკლი დგებუაძე] რა ფუნქციებს ახორციელებდა კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი არ არის;
სასამართლო უთითებს, რომ იმ დღეს ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა წესრიგის დაცვისკენ, რაც ასევე არასწორია, როგორც მტკიცების, ისე კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობის მინიჭების თვალსაზრისით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირაკლი დგებუაძე მხოლოდ ციალა ქათამიძეს მოუწოდებს ააძროს ასფალტზე დაკრული სტიკერი, რაც არ არის მოწოდება წესრიგის დაცვისკენ და არ არის მოწოდება, რომელიც მიემართებოდა მზია ამაღლობელისკენ [მზია ამაღლობელი ამ დროს იქ არ არის] და ამავდროულად ეს მოწოდება არ შეიძლება განხილულ იქნას იმ ქმედებად, რომლის განხორციელების ხელშეშლა უნდოდა მზია ამაღლობელს ამ მოწოდებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ გაწნული სილით;
ერთადერთი, რაც სიმართლესთან ახლოსაა სასამართლოს ზემოთ მითითებულ მსჯელობაში არის ის, რომ ირაკლი დგებუაძეს აცვია პოლიციის ქურთუკი და არა ფორმა, ხოლო ამ ქურთუკს პოლიციის ნიშანი აქვს მხოლოდ მარცხენა მხარზე, რაც არ ჩანს წინიდან. ირაკლი დგებუაძეს არ აცვია სხვა რაიმე ტანსაცმელი, რომელსაც აქვს პოლიციის განმასხვავებელი ნიშანი.
სასამართლო თითქოს მსჯელობს მზია ამაღლობელის ქმედების სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიკაციის თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა დადგინდეს სპეციალური მიზანი.
სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედება მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მისი საქმიანობის შეცვლის ან შეწყვეტის მიზნით, მიუთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სსკ-ის 3531-ე მუხლით კავლიფიკაციასთან ზღვრის გავლების გარემოებებზე, თუმცა არაფერს ამბობს, თუ სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი მაკვალიფიცირებელი გარემოება დადასტურდა ბრალდების რომელიმე, თუნდაც ერთი მტკიცებულებით, არათუ უტყუარ და ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში.
___
„მტკიცებულებები დამალა და არ შეაფასა“ – რა ჩაწერა მოსამართლემ მზია ამაღლობელის განაჩენში?






