მთავარი,სიახლეები

რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე და რას შეცვლის ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ – ინტერვიუ

21.11.2025
რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე და რას შეცვლის ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ – ინტერვიუ

გასულ დღეებში რუსეთმა უკრაინის ორ ქალაქში დაბომბა საცხოვრებელი ზონები, რასაც 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინაში ომის პარალელურად შიდა-კორუფციული სკანდალია, რომელშიც უკრაინელი მაღალჩინოსნები არიან ჩართულები.

ამ ყველაფრის ფონზე ტრამპი ზელენსკის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას სთავაზობს. საერთაშორისო მედია წერს, რომ უკრაინა ვაშინგტონის მხრიდან მძიმე ზეწოლას განიცდის. მედიის ცნობით, აშშ-ს წარმომადგენლები უკრაინას სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით და იარაღის მიყიდვაზე უარის თქმით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა არ დასთანხმდება „სამშვიდობო გეგმას“.

რა ხდება ფრონტის ხაზზე და რას შეცვლის ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ – ამ თემაზე „ბათუმელები“ გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რუსეთი კვლავ განაგრძობს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. 19 ნოემბერს, ტერნოპოლში რუსული რაკეტა და დრონი ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც 31 ადამიანი დაიღუპა. თქვენი აზრით, რატომ ირჩევს რუსეთი საცხოვრებელ ზონებს დასაბომბად? რა სტრატეგიული ან ფსიქოლოგიური მიზნები აქვს მსგავს შეტევას?

ექვსი რაკეტა მოხვდა ტერნოპოლში საცხოვრებელ კორპუსებს. ეს იყო პირდაპირ მიმართული მშვიდობიანი დასახლების წინააღმდეგ. X-101 ტიპის რაკეტებს, რომელიც თავდასხმისას გამოიყენეს, ოფიციალურად 12 მეტრი აქვს აცილების ალბათობა. შეიძლება 50-100 მეტრსაც მიაღწიოს, მაგრამ შეუძლებელია, რომ ექვსივე რაკეტა იყოს აცდენილი მიზანს.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა, რომლის მიზანი იყო პანიკა მოსახლეობაში, რომ შეიქმნას შიში და ომისგან გადაღლის ეფექტი, რომ გამოიწვიოს მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდა ომის გაგრძელების მიმართ, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მიმართ.

მაგრამ ჯერჯერობით ვერ აღწევს რუსეთი ამას. ეს პირველი შემთხვევა არ არის და, სამწუხაროდ, ამით არ დასრულდება, არ გაჩერდება.

რუსებმა საბავშვო ბაღსაც დაარტყეს, სამშობიაროსაც დაარტყეს და საავადმყოფოსაც. ხელი არ აკანკალებიათ, მათთვის ეს ახალი არ არის. ესაა ტერორიზმი, სიტყვა ტერორი არის ზუსტად იმ მნიშვნელობით, რათა გამოიწვიოს შიში მოსახლეობაში, გამოიწვიოს მორალური და ფსიქოლოგიური სულისკვეთების ვარდნა.

  • თქვენი აზრით, ეს თავდასხმა ხომ არ არის კავშირში ე.წ. სამშვიდობო გეგმასთან? Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს ე.წ. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკვე გადაეცა უკრაინას. გეგმა უკრაინისგან მოითხოვს დანარჩენი დონბასის, მათ შორის კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დათმობას, არმიის განახევრებას, რუსული ენის უკრაინის სახელმწიფო ენად აღიარებას და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. რამდენად რეალისტურია, რომ ამ გეგმას დასთანხმდეს უკრაინა? [ინტერვიუ ვახტანგ კაპანაძესთან ჩაწერილია მანამ, სანამ გამოქვეყნდებოდა „სამშვიდობო გეგმა“ და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა უკრაინელი ხალხისადმი].

რაც იკვეთება, არის ზუსტად ეს. ზუსტად ამ სამშვიდობო გეგმას წარდგენამდე მოხდა საცხოვრებელ ზონაზე დარტყმა, რომ უფრო მტკივნეული ყოფილიყო, რომ ზელენსკის დროულად მიეღო გადაწყვეტილება.

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ზელენსკიმ ჩაიბარა ეს გეგმა განსახილველად. ვეჭვობ, იმ დოკუმენტში, რაც საჯაროდ გამოვიდა, ბევრი რამ შეიცვლება. ამასთან, რა ინფორმაციაც გამოვიდა ამ სამშვიდობო დოკუმენტზე, იქ ძალიან ბევრი ბუნდოვანი პუნქტია.

მე როგორც მახსოვს, ამ დოკუმენტში საუბარია არა რუსული ენის სახელმწიფო ენად აღიარებაზე, არამედ იმაზე, რომ უკრაინულ და რუსულ ენებს ექნებათ თანაბარი უფლება. რუსული არ იქნება აკრძალული ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება სამშვიდობო გეგმას, ბევრი კითხვა არსებობს. პირველ რიგში, ევროკავშირის და ნატოს გარეშე ეს დოკუმენტი როგორ შეიმუშავეს? ნატოს და ევროკავშირის ვალდებულებებს როგორ იღებს ამერიკა თავის თავზე?

გაუგებარია რას ნიშნავს პოლონეთში ევროპული გამანადგურებლების განლაგება. პოლონეთმა მისცა თანხმობა თუ არ მისცა?

უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას? ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა.

ჩემი აზრით, ეს უფრო არის მოსაზრებები და კონცეფციები, ვიდრე გეგმა – გეგმას აქვს ვადები და გეგმას ჰყავს შემსრულებლები.

ასევე, ცოტა გაუგებარია უკრაინამ თუ უნდა შეამციროს 600 000-მდე თავისი შეიარაღებული ძალები (დაახლოებით ამდენი ჰყავს ახლა, 650-დან 600 000) ფაქტობრივად, შემცირება არ უწევს, რუსებმა რატომღა არ უნდა შეამცირონ მაშინ? მარტო უკრაინამ რატომ უნდა შეამციროს? უამრავი კითხვა ჩნდება, რომელსაც ეს დოკუმენტი პასუხს ვერ სცემს.

ამ დოკუმენტში ალბათ ბევრი რამ დაიხვეწება, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, ზოგადად პოლიტიკა, მით უმეტეს მსოფლიო პოლიტიკა, ძალიან ხშირად არ არის სამართლიანი.

  • თქვენი აზრით, ეს არის გეგმა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად თუ ეს არის კაპიტულაცია?

მე ჯერ კიდევ არ ვიცით უკრაინის შესწორებები რა იქნება, ხომ?! უკრაინის მხრიდან რა შესწორებები შევა.

ეს არის ხედვები. ეს არის უფრო ცუდი ვარიანტი, ვიდრე იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი. ეს არის სამშვიდობო დოკუმენტი და როგორც სამშვიდობო დოკუმენტი, საკმაოდ ბუნდოვანია.

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ევროკავშირის განწყობა უარყოფითია ამ დოკუმენტის მიმართ. ევროკავშირი აცხადებს, ჩვენს გარეშე როგორ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, ფულს ჩვენ ვიხდით, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, უკრაინა წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.

ასე რომ, მე ამ წუთას არ ვარ მზად მკვეთრი პასუხისთვის და არც სხვას ვურჩევდი, რომ რაღაც მკაცრი ტერმინები გამოიყენოს ამ დოკუმენტის მიმართ. ეს დოკუმენტი განსახილველია, აქვს მას არსებობის უფლება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ბუნდოვანება და ხარვეზია მასში.

მეორე მხრივ, სუფთა სამხედრო თვალსაზრისით რა ხდება. მაგალითად, დონბასი რომ დათმოს უკრაინამ, როგორც ამას მოითხოვს ეს დოკუმენტი, უნდა იყოს ძალიან კონკრეტული დაწერილი ვალდებულებები უკრაინის უსაფრთხოების, ვინაიდან ამ შემთხვევაში რუსეთი ძალიან უახლოვდება ხარკოვის რაიონს.

დონბასის კონტროლი რუსეთის მიერ სამხედრო თვალსაზრისით დიდი საფრთხის მატარებელია უკრაინისათვის. როგორც იძახიან, ეშმაკი დეტალებშია. ეს უფრო არის ხედვები და რაღაცა ჩანაფიქრები, ვიდრე რაღაც გეგმა.

  • ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა კორუფციული სკანდალი უკრაინაში. საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირების სახელები გაისმა, რომლებიც თითქოსდა ჩართული იყვნენ კორუფციაში. ეს ამბავი რა გავლენას მოახდენს ომზე? რამდენად ასუსტებს უკრაინას?

ეს მაინც პოლიტიკური სკანდალია ხელისუფლებისთვის. არ მგონია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ფრონტზე. ამასთან, ეს კორუფციული სკანდალი სამწუხაროდ არ არის პირველი უკრაინისათვის. მსგავსი სკანდალები პერიოდულად ხმაურდება უკრაინაში და ვერ ექნება შოკური გავლენა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ ამაზე სხვა მიმართულების ექსპერტმა უნდა ისაუბროს.

  • ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეფასება მინდა გთხოვოთ, რა ხდება ფრონტზე? რომელი მხარე ინარჩუნებს ოპერატიულ უპირატესობას და როგორ?

ოპერატიული ინიციატივა აქვთ, რა თქმა უნდა, რუსებს. ინიციატივა ნიშნავს, რომ ისინი ახორციელებენ შეტევას, თვითონ ირჩევენ მიმართულებას, გარკვეული წინსვლა აქვთ, თუმცა წინსვლა არის საკმაოდ ნელი. ამასთან ტაქტიკურ დონეზე არის მონაკვეთები, სადაც უკრაინელებს აქვთ ტაქტიკური უპირატესობა, ტაქტიკური მოქმედების არჩევის შესაძლებლობა და კონტრშეტევებსაც ახორციელებენ.

ძალიან გრძელი ფრონტია, დიდი ფრონტია. აქ ერთმნიშვნელოვნად თქმა, სად მთლიანად, სად რა მონაკვეთში, რა ვითარებაა, ეს ცალ-ცალკე იქნება განსახილველი.

საბრძოლო მოქმედებების ძირითადი დატვირთვა მაინც მოდის პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაციის მიმართულებაზე. ანუ ის პოკროვსკის ჯიბე არის ყველაზე აქტიური მონაკვეთი ამ ფრონტის ხაზზე.

  • ზამთარი მოდის – ზამთრის პირობები როგორ შეცვლის ფრონტის დინამიკას, ვის სტრატეგიული უპირატესობა?

შემოდგომის მიწურული, ზამთრის წინა პირობები უფრო ართულებს საომარ მოქმედებებს, ვიდრე ზამთარი. ზამთარში გრუნტი მაგრდება, იყინება, მოწმენდილი ამინდებია. ახლანდელი ამინდები, ნისლიანი დღეებია, რუსებს აძლევს შესაძლებლობას, რომ გადაადგილდნენ დრონებისგან ფარულად. მეორე მხრივ ატალახიანებული გზები ხელს უშლის ტექნიკას გადაადგილებაში. ამიტომ ეს პერიოდი უფრო იქნება მოსამზადებელი გაზაფხული-ზაფხულის კამპანიისთვის, თუ მანამდე არ მოხდა ცეცხლის შეწყვეტა ან რაღაც გარკვეული შეთანხმება.

  • რა არის ყველაზე კრიტიკული სამხედრო რესურსი რუსეთისა და უკრაინისთვის? რა გავლენას ახდენს ეს ომის მიმდინარეობაზე?

ამ სიტუაციაში რუსეთისთვის სიძლიერის ცენტრი, ეს არის ადამიანური რესურსი, ხოლო უკრაინელების – დასავლეთის მხარდაჭერა.

  • რომელია ყველაზე სავარაუდო სცენარი 2025 წლის ბოლომდე სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით?

იდეალურ შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტა. თუ ცეცხლი არ შეწყდა, რუსები ალბათ შეძლებენ პოკროვსკი-მირნოგრადის ჯიბის გაკონტროლებას. თუმცა ეს არ არის გარანტირებული. დანარჩენი დიდი ცვლილებები ფრონტის ხაზზე არ იქნება.

პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერი არ შეიცვლება, გაგრძელდება ისევ ეს ყველაფერი. სამშვიდობო მოლაპარაკებების იმპულსი ჩანს, ტრამპიდან მოდის თუ ტრამპი-რუსეთიდან მოდის, ეს იმპულსი ჩანს. შეიძლება ამ მიმართულებით გაგრძელდეს ეს პოლიტიკური ვითარება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: