საპატრიარქოს 700 ათას ლარს გადასცემენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – კობახიძის ახალი განკარგულება

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს 700 ათასი ლარი გამოუყვეს. შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 19 ნოემბერს მოაწერა, დოკუმენტი კი მოგვიანებით გასაჯაროვდა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა საპატრიარქოს სხვადასხვა სამუშაოს დასაფინანსებლად გადაეცემა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 700 000 ლარი, მათ შორის:

500 ათასი ლარი – ქალაქ გორში, აღდგომის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფარგლებში, ქვის მოსაპირკეთებელი  სამუშაოების დაფინანსების მიზნით;

200 ათასი ლარი – ქალაქ თბილისში, ბაგების 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფარგლებში, ფილის საიზოლაციო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით.“ – აღნიშნულია განკარგულებაში.

 

ქუთაისში, საწარმოო ზონაში ხანძარი იყო – არავინ დაშავებულა

ძლიერი ხანძარი იყო ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე.

ცეცხლი სენდვიჩ პანელების საწყობს გაუჩნდა.

ხანძრის ადგილას მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. პოლიციას ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.

როგორც “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

გუგუნავას ქუჩა, სადაც ცეცხლი გაჩნდა, საწარმოო ზონაა. ამ ქუჩაზე არის სხვადასხვა დანიშნულების საწყობები და საამქროები.

ზურაბ ჭავჭანიძე მშრალ შიმშილობას წყვეტს – რას წერს ბათუმელი მედროშე ციხიდან

„მინდა, ყველას ვაცნობო სამშობლო ჩემი საითკენ მიდის,“ – წერს ციხეში დაწერილ ლექსში ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე. ის პროტესტის ნიშნად უკვე 14 დღეა შიმშილობს.

ზურაბ ჭავჭანიძის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს, 9 დეკემბერს დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. ადვოკატი ნინო ლომინაძე ამბობს, რომ პროკურატურას არ აქვს წარმოდგენილი ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა ზურაბ ჭავჭანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას.

ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძე დღეიდან შეწყვეტს მშრალ შიმშილობას და წყლის მიღებას დაიწყებს.

„გადაჯიშებით გვემუქრებიან, სულ მთლად გაქრობას გვიპირებს მტერი“ – წერს საკანში დაწერილ ლექსში ზურაბ ჭავჭანიძე.

„ბოროტება მხოლოდ სიყვარულით მარცხდება“ – ასე სრულდება მისი წერილი.

ზურაბ ჭავჭანიძის წერილი ციხიდან

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მედროშეა. მას პროკურატურა ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად და სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სასჯელის სახით ეს მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი ადვოკატის თქმით, ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეოკადრია, რომელზეც ზურაბ ჭავჭანიძე ჩანს დროშით ხელში. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზურაბ ჭავჭანიძემ მოსამართლესაც მიმართა:

„მე ვარ სოხუმელი და 15 ვაჟკაცი სოხუმში დამეღუპა საქართველოსთვის ბრძოლაში, იმისთვის, რომ ყველამ ვიცხოვროთ კარგ საქართველოში. ვილაპარაკებ ფაქტებით: რას ნიშნავს რუსული მმართველობა? მილიონამდე ქართველი მოკლეს, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა „საქართველო ქართველების გარეშე“.

მიუხედავად იმისა, ვინ ვართ და ვის ვემხრობით, მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება. ამის მაგალითებს ვხედავთ. „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“ – ფიქრობენ ადამიანები. ყველას გვემუქრება ხიფათი.

ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ მთელი ცხოვრებაა. „ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ“ — დიდ კედელზე მაქვს დაწერილი. სიკეთე, სიყვარული, პატიოსნება და კანონმორჩილება მამოძრავებს.

სუსის თანამშრომელი მოვიდა სახლში და მითხრა თვითონვე, ყველაფერი ვიცით შენზე და კარგი კაცი ხარო. ერთადერთი ჩემი მოწოდება არის სიკეთე და სიყვარული, „მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს, მართლა მიყვარს“ — ესაა ქართული სულის გამოძახილი. პატიოსნებისა და სიყვარულის მეტი მე არაფერი გამაჩნია“ – თქვა სასამართლო სხდომაზე ზურაბ ჭავჭანიძემ.

დღეს, 9 დეკემბერს, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული 14-პირიანი საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი უძღვება, რომელსაც საზოგადოება უმეტესად ყოფილი პოლიტპატიმრის, გიორგი ახობაძის საქმიდან იცნობს.

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება, მიმდებარედ დასახლებები შეიქმნება – ახალი განკარგულება

„ოცნების“ მთავრობამ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ბახმაროს განაშენიანების გეგმის განახლება დაავალა. სააგენტოს ასევე ევალება „ახალი საკურორტო დასახლებების შესაქმნელად“ ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიები შეისწავლოს და შესაბამისად დაგეგმოს.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ნოემბერს მოაწერა.

„სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალოს „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №589 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების განახლება და სათანადო პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა, ასევე მიმდებარე ტერიტორიების შესწავლა/დაგეგმვა ახალი საკურორტო დასახლებების შესაქმნელად“ – წერია მთავრობის 2025 წლის 27 ნოემბრის განკარგულებაში.

ინფორმაციისთვის: მთავრობის 2019 წლის N589 დადგენილებით დამტკიცებულია ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექსტური ნაწილი, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმა და ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად. ამავე დადგენილებით გაუქმდა 2017 წლის განკარგულება „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“.

ბახმაროს განაშენიანების გეგმის განახლებასა და ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი დასახლებების შესაქმნელად საჭირო ღონისძიებების ხელშესაწყობად, მთავრობის ახალი განკარგულებით, ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას დაევალა, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეთხოვა – კოორდინაციაში იყვნენ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან.

ამავე თემაზე:

„ორბი ჯგუფი ბახმაროს“, რომელსაც 2024 წლის მაისამდე კურორტ ბახმაროში სასტუმრო უნდა აემოქმედებინა, მთავრობამ ეს ვალდებულება 2028 წლის ივნისამდე გადაუვადა. სახელმწიფომ ბახმაროში „ორბს“ ჯამში 4 ჰექტარზე მეტი მიწა 1 ლარად მიჰყიდა.

ვრცლად: ბახმაროში „ორბს“ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ვადა გაუგრძელეს – მთავრობის განკარგულება

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაკვეთით ბახმაროში ერთი ახალი უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი უკვე მომზადებულია და გარემოს ეროვნულ სააგენტოში სკრინინგის ანგარიშიც იყო გადაგზავნილი.

ვრცლად ამ თემაზე: 

ბახმაროში ახალი უბნის აშენება იგეგმება – სასტუმრო კომპლექსით და კოტეჯებით

 

„ვერ შევძლებდი რექტორთა შეხვედრებზე თავჩაქინდრულ ჯდომას“ – ყოფილი რექტორი „ოცნების“ რეფორმაზე

თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ლადო მკერვალიშვილი ქართული ოცნების“ რეფორმას ეხმაურება ფეისბუქზე და წერს, რომ ეროვნულ დონეზე განათლების რეფორმის მომზადებას წლები სჭირდება.

„ჩვენს განათლების სისტემაში დიდი შეცდომის დაშვება ერის მასობრივი განადგურების ტოლფასია. ამ საზიზღარ ვითომ კანონებს სწრაფად შეცვლი, მართლმსაჯულებას უფრო სწრაფად აღადგენ, ვიდრე მიწასთან გასწორებულ განათლების სისტემას“ – წერს ლადო მკერვალიშვილი.

„თითქმის არავინ იცით, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის რექტორი ვიყავი. სექტემბერში დავწერე განცხადება და წამოვედი.

ვერაფრით შევძლებდი რექტორთა შეხვედრებზე გაჩუმებულ და თავჩაქინდრულ ჯდომას და იმისთვის თავის დაკვრას, რაც ახალგაზრდების და ზოგადად, ერის ღალატად მიმაჩნია.

იმ კარგ კაცსაც, რომელმაც ბევრი იწვალა ამ უნივერსიტეტის შექმნისთვის, საქმეს ვერ გავუფუჭებდი.

აკრედიტაციის იმ საბჭოს სხდომას ვესწრებოდი, გიორგი უშიკიშვილის პროგრამას რომ აკრედიტაცია არ მისცეს და პირველად იქ ვიგრძენი საკუთარი თავის მიმართ სიძულვილი, ხმა რომ ვერ ამოვიღე ამხელა აბსურდის წინააღმდეგ.

უმძიმესი სანახავი იყო ათეულობით დადუმებული პროფესორი და ერთი უთავმოყვარეო ვითომ ექსპერტი და მორჩილებაში შესული აკრედიტაციის საბჭო.

მოკლედ, ეს ჩემი პიროვნული და აკადემიური თავისუფლება ყველაზე ძვირფასი რამ არის, ამიტომ მე ახლა შემიძლია ეს პოსტი დავწერო, იმათ – არა.

რადგან შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, ამიტომ უნდა გითხრათ, რომ ნამუშევარი ვარ ოქსფორდის, კემბრიჯის, ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტებში მიწვეულ პროფესორად და ვენეციის Ca’ Foscari-ს უნივერსიტეტში – მკვლევრად.

საქართველოში 2004 წელს დავიწყე GAU-ში მიწვეულ ლექტორად მუშაობა და ყველა ეტაპი გავიარე პროფესორობამდე.

2011 წლიდან ვარ აკრედიტაციის ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში და ბევრი უნივერსიტეტის სამზარეულო მაქვს შიგნიდან ნანახი.

რატომ მერიდება ამ თემაზე ლაპარაკი? იმიტომ, რომ განათლების და მეცნიერების სფეროში დიდი ადამიანები და პროფესიონალები ტრიალებენ, მე მათ ვერ გავუტოლდები. მაგრამ მოკლედ დავწერ ჩემს გამოცდილებას განათლების რეფორმასთან მიმართებით – ყველგან, სადაც ვიყავი, დარგობრივი ინტერესის გარდა, მაინტერესებდა, როგორ მუშაობდა განათლების და მეცნიერების სისტემა, როგორ ხდებოდა და რას ეფუძნებოდა სწავლა-სწავლების მეთოდების, მოდულების მოდერნიზაცია, ცვლილებები, ერთეულების რესტრუქტურიზაცია და ა.შ.

ყველგან ერთი პასუხი იყო – სათუთი, სარისკო და ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია და ნებისმიერი ცვლილება (რეფორმაზე აღარ ვლაპარაკობ) ყოველთვის ეფუძნება ხანგრძლივ დაკვირვებას, შესწავლას, მრავალმხრივ და მრავალშრიან ანალიზს, რისკების იდენტიფიცირებას და მართვას, მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირებას და ამიტომ ამ პროცესში ჩართული გვყავს საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო განათლების სპეციალისტები და სხვა დარგობრივი ექსპერტები“ – წერს ლადო მკერვალიშვილი.

ამავე პოსტში მას მოჰყავს საუნივერსიტეტო დონეზე რეფორმების მაგალითები.

„ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში, სწავლების მეთოდოლოგიაში ცვლილება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც საბაზისო მონაცემთა 2-სემესტრიანი ანალიზი, სტუდენტთა შედეგების შედარება და საგნობრივი ასოციაციების რეკომენდაციები მზად იქნება. არც ერთი ნაბიჯი არ კეთდება ინტუიციით, მხოლოდ მტკიცებულებებით;

Ca’ Foscari-ში პროგრამის რესტრუქტურიზაციას სჭირდებოდა საერთაშორისო-peer-review, შიდა ხარისხის ოფისის დასკვნა, შრომის ბაზრის მოთხოვნების ანალიზი და მინიმუმ 6-9-თვიანი განხილვები. იქ რეფორმას რეფორმის გამო არ აკეთებდნენ, შედეგების პროგნოზირება იყო მთავარი.

ეროვნულ დონეზე განათლების რეფორმის მომზადებას წლები სჭირდება:

  1. ფინეთში განათლების რეფორმას 20 წელი დასჭირდა და ყოველი ნაბიჯი ემყარებოდა კვლევას, პილოტირებასა და ათეულობით ექსპერტის დასკვნას. 10 წელზე მეტი სკოლების, მოსწავლეების, მასწავლებლების საჭიროებებს იკვლევდნენ. იქ არავინ სთხოვდა პარლამენტს, 15 წუთში მიეღო კანონი, რომლებიც მთელ სისტემას ცვლის.
  2. სინგაპურში განათლების რეფორმის დაწყებამდე 5 წელი მუშაობდნენ კვლევაზე, მოდელირებაზე და რისკების შეფასებაზე.
  3. დიდ ბრიტანეთში უმაღლესი საგანმანათლებლო რეფორმის თითოეული ცვლილება წინასწარ გადიოდა Regulatory Impact Assessment-ს, ანუ შედეგები წინასწარ ითვლება.

გეკითხებით – ჩვენთან ვინ იკვლია, რა იკვლია, რა ანალიზები გააკეთა, რა გამოცდილებები შეისწავლა, არსებობს თუ არა რისკების შეფასების და მართვის რეალური და არა საიდანღაც გადმოწერილი  დოკუმენტი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგების ანალიზი და ა.შ.

კი, იქნება რაღაც, მაგრამ ვისი გაკეთებულია და რამდენ ხანში? მითხარით, ვის აქვს ამის კომპეტენცია საქართველოში?

წუთებში რატომ გადის პარლამენტში საკითხი? რატომ არავის აქვს შეკითხვა, განსხვავებული აზრი. ვინ უდგას სათავეში განათლების რეფორმას, ვინ უნდა განახორციელოს და მართოს?

ჩვენს განათლების სისტემაში კიდევ დიდი შეცდომის დაშვება ერის მასობრივი განადგურების ტოლფასია.

ამ საზიზღარ ვითომ კანონებს სწრაფად შეცვლი, მართლმსაჯულებას უფრო სწრაფად აღადგენ, ვიდრე მიწასთან გასწორებულ განათლების სისტემას.

იფიქრეთ ხალხო, რეფორმა საჭიროა, მაგრამ არა ისეთი, რომლის შედეგებიც წინასწარ არ არის პროგნოზირებული და რისკები შეფასებული.

რაც წინ გვიდევს, უფულო, გაჭირვებული ოჯახების შვილების წინააღმდეგაა, მათ აღარ ექნებათ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. იმ გრანტსაც ისევ მდიდარი კაცის შვილი მიიღებს, ჩაწყობა რომ შეძლო.

გავიარეთ ეგ ამბავი, უფასოზე მოსახვედრად რომ მილიონებს იხდიდნენ!“ – წერს ლადო მკერვალიშვილი.

რატომ გაათავისუფლეს ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელები 500 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელი პირები.

პროკურატურა აცხადებს, რომ ამ სამმა ადამიანმა 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რომლის საბაჟო ღორებულება 15 000 000-ზე მეტი ლარია, რეზერვუარებში საბაჟოს გევრდის ავლით გადაინახეს. პროკურატურა ირწმუნება, რომ ამით სახელმწიფომ 3 მილიონი ლარი იზარალა.

სპეცოპერაცია ბათუმის ნავთობტერმინალში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 დეკემბერს ჩაატარეს.

საჯარო განცხადების მიხედვით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელ პირებს სახელმწიფო ბრალდება საბაჟო წესების დარღვევას ედავებოდა, თუმცა არც პროკურატურას და არც ფინანსთა სამინისტროს დღემდე არაფერი უთქვამთ, მაგალითად, ვინ დაეხმარა ბრალდებულებს საბაჟოზე, როდესაც მათ გვერდი აუარეს საბაჟო კონტროლს და ამ გზით სახელმწიფო 3 მილიონი ლარით აზარალეს.

ასევე პროკურატურას არაფერი უთქვამს იმაზე, რის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ბრალდებულები [თუ ეს ბრალდება რეალურია] გავლენას არ მოახდენენ მოწმეებზე ან ინფორმაციას არ გაცვლიან საბაჟო მოხელეებთან, ვინც მათ დაეხმარა „დანაშაულის ჩადენაში“. მაშინ, როცა არაერთი ახალგაზრდა იმ მიზეზით დატოვეს წინასწარ პატიმრობაში, რომ თითქოსდა არსებობდა მოწმე პოლიციელებზე ზემოქმედების საფრთხე.

და მაინც, რატომ მოითხოვა პროკურატურამ გირაო მძიმე დანაშაულში ბრალდებულებთან მიმართებაში? – პროკურორმა ლევან მურვანიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელზეც ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს, განმარტა:

„ჩვენ გამოვიყენეთ საპროცესო იძულებითი ღონისძიება, დაკავება. ბრალდების მხარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს იყენებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საპროცესო იძულებით ღონისძიებას, თუ ამის საჭიროება არის. როდესაც ამის საჭიროება არ არის, შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ამ ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით.

როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ის საფრთხეები, რაც დავინახეთ გამოძიების პროცესში და იმ მომენტში, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობდა საპროცესო, საგამოძიებო მოქმედებები, გამოვიყენეთ საპროცესო-იძულებითი ღონისძიება დაკავება სამივე პირის მიმართ.

ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცებულებების მოპოვებას და გამოძიებას, მაგრამ იმ მომენტისათვის  მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებისთვის ეს საპროცესო იძულებითი ღონისძიება იყო საჭირო და ბრალდების მხარემ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეს გავაკეთეთ. რაც შეეხება გათავისუფლებას, მოხდა მათი გათავისუფლება ასევე საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან იმ მომენტისთვის უკვე დაკავება აღარ იყო საჭირო“.

სუსი და ფინანსური პოლიცია, სპეცრაზმის ჩართულობით, 3 დეკემბერს ბათუმის ნავთობტერმინალში საპროცესო მოქმედება/სპეცოპერაციას მთელი დღის განმავლობაში ატარებდა, სადაც ადამიანები საათობით ისხდნენ ერთ სივრცეში ისე, რომ ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფლება არ ეძლეოდათ.

საპროცესო ღონისძიების შემდეგ კი, საქართველოს პროკურატურამ ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა:

„6 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურამ ყაზახეთის სამ მოქალაქეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო  სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა  საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და საბაჟო კონტროლისგან მალულად განკარგეს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საბაჟო რეზერვუარებში შენახული, საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული, 15 000 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების, 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რამაც სახელმწიფოსთვის 3 000 000 ლარამდე ოდენობის ზიანი გამოიწვია“.

 

პროკურორი ლევან მურვანიძე

ბრალდებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით აქვთ წარდგენილი, რაც გულისხმობს საბაჟო წესების დარღვევას, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და  ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

მთავარი ფოტო: სქრინი ,,ტვ პირველის” ვიდეოდან

ამავე თემაზე:

ბათუმის ნავთობტერმინალში 3 პირი დააკავეს, საგამოძიებო 15 მილიონის ნავთობზე საუბრობს

რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიციები გაორმაგდა – მესამე კვარტალის სტატისტიკა

რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის მესამე კვარტალში 8,8 მილიონი ლარით გაიზარდა 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირმა ინვესტიციამ რუსეთიდან 17,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა [სულ, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ერთად კი – 56,8 მილიონი აშშ დოლარი].

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში რუსეთიდან პირდაპირმა ინვესტიციამ საქართველოში 8,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ამ წლის განმავლობაში რუსეთიდან ჯამში 71,4 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა; 2023 წელს კი – 116,9 მილიონი აშშ დოლარის.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის III კვარტალში მთლიანობაში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია.

საქსტატი განმარტავს, რომ ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით. სავალო ვალდებულებებში კი აისახება სავაჭრო კრედიტები და სესხები.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილს რაც შეეხება, საქსტატის ინფორმაციით 2025 წლის III კვარტალში პირველ ადგილზეა აშშ – 93.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5 პროცენტს შეადგენს; მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი – 72.1 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი); ხოლო მესამეზე თურქეთი – 70.0 მლნ. აშშ დოლარით (13.1 პროცენტი). ამ სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2 პროცენტს შეადგენს.

2025 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2 პროცენტია.

მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი – 79.8 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი).

მესამე ადგილზეა წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა – 71.5 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი).

წყარო: საქსტატი

საქსტატის განცხადებით, „2025 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 17 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება“.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 დეკემბრის 21 საათიდან 10 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
    ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 დეკემბერს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – სააგენტო

ბათუმში საბავშვო ბაღში კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უწყების ინსპექტორებმა მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში – “სტარ ბათუმში”.

„შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი დარღვევების გამოსწორებამდე“ – იუწყება სააგენტო.

რუსული კანონის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში 22 მხარე ჩაერთო – საია

სტრასბურგის სასამართლოში „რუსული კანონის საქმეზე“ ჯამში 22 მხარე ჩაერთო და 9 წერილობითი პოზიციაა წარმოდგენილი. ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

„საქმეში მესამე მხარედ ჩართულ პირებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო აქტორები, როგორებიცაა: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ვენეციის კომისია, Amnesty International და სხვა.

მესამე მხარეთა მიერ ამგვარი ჩართულობა და სასამართლოს მიერ ცხრა წერილობითი პოზიციის მიღება მიუთითებს, რომ საქმე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პრობლემას შეეხება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფართო ინტერპრეტაციასა და სასამართლოს პრაქტიკის განვითარებაზე,“ – აღნიშნულია საიას მიერ დღეს, 9 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი დაინტერესებულ პირებს ანიჭებს უფლებას საკუთარი პოზიცია წარუდგინოს სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ მესამე მხარედ ჩართული პირები დავის მხარეებს არ წარმოადგენენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების ობიქტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებისას და რიგ შემთხვევებში სასამართლო მეგობრის დასკვნა ემთხვევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შინაარსს.

„ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წარდგენილ პოზიციაში აღნიშნა, რომ ტერმინი ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ხელისუფლებისა თუ პროსამთავრობო ჯგუფების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების „სახელმწიფოს მტრებად“, „გლობალური ომის პარტიად“ და ე.წ. „Deep State“-ად გამოცხადება უკვე ატარებს დამღუპველ ეფექტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპუტაციაზე საქართველოში. Alliance Defending Freedom International-ის პოზიციით, ,,რუსული კანონი“ წარმოადგენს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შემზღუდველ კანონმდებლობას, რომლის მსგავსიც მოქმედებს რუსეთში, ინდოეთსა თუ ჩინეთში.

ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ ,,რუსული კანონი“ არის ფართო და ბუნდოვანი, რომელიც შესაბამის უწყებებს ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას.

Crew Against Torture ასევე მიუთითებს, რომ კანონი აკმაყოფილებს განჭვრეტადობის პრინციპს, ხოლო Media Defence-ის პოზიციით, საქართველოში მოქმედ „რუსულ კანონს“, რუსეთში მიღებული „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონებსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ კანონებს ერთი, საერთო ფოკუსი აერთიანებს, რაც ადამიანის უფლებების დამცველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად მომუშავე დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონები ხშირად წარმოდგენილია, როგორც „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ ან „გამჭვირვალობის გაზრდის“ საშუალება, რეალურად ისინი მიზნად ისახავენ კრიტიკული აზრის ჩახშობას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას, ხოლო „International Network of Civil Liberties’ Organizations“-ის წევრების პოზიციით, ,,რუსული კანონი“ ჰგავს იმ შემზღუდველ კანონებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში მიიღეს და ამ კანონის მოქმედება შეუქცევადად ახდენს გავლენას სამოქალაქო საზოგადოებაზე მაშინაც კი, თუ ისინი მათ მიმართ არ გამოიყენება.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და Memorial Human Rights Defence Center-მა განმარტა, რომ სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლზე [„უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“], რამდენადაც რუსეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ განვითარებული მოვლენები გადაიქცა ტოტალიტარული რეჟიმის მაგალითად. Amnesty International-ის მოსაზრებით, სახელმწიფო ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა.

მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების [მე-11 მუხლი], გამოხატვის თავისუფლების [მე-10 მუხლი], პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების [მე-8 მუხლი], დისკრიმინაციის [მე-14 მუხლი], სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების [მე-13 მუხლი] და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების [მე-18 მუხლის] დარღვევებზე დავობენ.

ამ თემაზე:

სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა

 

 

 

 

„რეჟიმი გვწამლავს“ – საპროტესტო სტენსილი ბათუმის ქუჩებში

„რეჟიმი ქიმიური იარაღით გვწამლავს“ – ამ შინაარსის სტენსილი ბათუმის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილზე შეგხვდებათ.

BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, 2024 წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა.

სუს-ის ინფორმაციით, „ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია“.

სტენსილი ბათუმში
სტენსილი ბათუმის ქუჩებში

ამ თემაზე:

„იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე

GYLA: After Months of Delays, Amaglobeli to Receive Eye Examinations at Clinic of Her Choice

The Georgian Young Lawyers’ Association (GYLA) announces that, according to their information, Mzia Amaglobeli will undergo eye examinations this week at a clinic of her own choosing.

“GYLA has learned that this week the prison administration plans to have Mzia Amaglobeli undergo eye examinations at the clinic she selected,” the organization writes.

Mzia Amaglobeli — journalist, media manager, and laureate of the EU’s highest human rights award, the Sakharov Prize — has been held in unlawful imprisonment for 11 months.

Since her placement in the penitentiary facility, Mzia Amaglobeli’s eyesight has significantly deteriorated.

Despite doctors’ recommendations and repeated requests from her lawyer, she has still not been provided with the high-tech examinations necessary to assess her condition.

On December 8, GYLA released Mzia Amaglobeli’s medical history related to her vision, which shows that her eyesight has deteriorated alarmingly while in custody.

Mzia Amaglobeli and her lawyer have repeatedly requested comprehensive examinations at specialized clinics — the New Hospitals National Ophthalmology Center, where her previous test history is stored and where topographic data can be compared, or the Caucasus Medical Center.

An excerpt from the letter Mzia Amaglobeli sent to the prison administration:

“…The provider clinic of your institution, ‘Mzera,’ does not have the modern/necessary equipment, and the tests conducted there could not provide a complete picture. In addition, I was never consulted by the doctor from ‘Mzera’ who issued the recommendation.

My questions remain unanswered — what risks exist, and what consequences might the eye procedure they recommended entail?

I know there are no guarantees in medicine, accordingly none are given and I do not expect them. However, considering that I have preserved usable vision only in one eye (the right one), which allows me — mainly with the help of glasses — to read, I am obligated to be more cautious in making decisions.

I believe that preserving and/or improving my eyesight is possible based on my medical history, in a clinic equipped with modern technology and staffed by doctors experienced in treating patients diagnosed with keratoconus.”

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 182 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 403 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 23 691 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 34 944 ერთეული [+27]
  • MLRS – 1 563 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 88 889 ერთეული [+432]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 058 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 69 243 ერთეული [+61]
  • სპეცტექნიკა – 4 019 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 101 411 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 467 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 627 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 815 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 692 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„თავს ვარიდებთ ციფრის დასახელებას“ – რამდენ სტუდენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები?

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ დღეს, 8 დეკემბერს, „ოცნების“ პარლამენტში უმაღლესი განათლების მოდელის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აღარ ექნებათ რამდენიმე უნივერსიტეტი შემოხაზონ.

„დღეს არსებული მოდელის მიხედვით, როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი ვარდება.

ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე პერიოდში პირველადი შედეგები ნამდვილად გვექნება, რადგან იქ მოხვდებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე აბიტურიენტები“,- თქვა ზვიად გაბისონიამ, რაც იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის შანსები მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ.

ზვიად გაბისონიამ კომიტეტში დასმულ კითხვას, თუ რამდენი სტუდენტის მიღებას აპირებენ სამომავლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტები, პირდაპირ არ უპასუხა:

„სპეციალურად ვარიდებთ თავს ამ ციფრის დასახელებას, რადგან ეს დამოკიდებულია, ეკონომიკის სამინისტრო განსაზღვრავს თუ არა კვოტირებას.

მოგეხსენებათ, რომ საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე მოხდება ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იმის დადგენა, რა მიმართულებით რა კვოტირების ნაწილი გვჭირდება და სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამოაცხადებს მთავრობა იმ კვოტების ნაწილს, რა კვოტებშიც მოხდება სტუდენტების მიღება.

ე.წ პოპულარული პროფესიების გადანაცვლება უნდა მოხდეს მოთხოვნად პროფესიებში და ამ მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებს ველით“ – თქვა მან.

ახალი გადაწყვეტილებით, უქმდება აქამდე არსებული საგრანტო სისტემაც და მას სრულად ჩაანაცვლებს სახელმწიფოს დაფინანსების ახალი მოდელი.

„იგულისხმება სახელმწიფო უნივერსიტეტების პირდაპირ 100%-იანი დაფინანსების მოდელზე გადასვლა. შესაბამისად, გაუქმებული იქნება 100%-იანი, 70 და 50%-იანი საგრანტო სისტემა, თუმცა ამ მიმართულებით დაფინანსება გაუუქმდებათ კერძო უნივერსიტეტებსაც.

2025 წელს ჩარიცხული სტუდენტები ჩვეულებრივ შეინარჩუნებენ იმავე საგრანტო დაფინანსების მოდელს, რაც აქამდე არსებობდა“ – თქვა ზვიად გაბისონიამ.

„ოცნების“ რეფორმის მიხედვით, ბაკალავრიატი გახდება სამწლიანი, მაგისტრატურა კი – ერთწლიანი.

„3 წელი იქნება არარეგულირებადი პროფესიებისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი ერთწლიანი მაგისტრატურის გავლის შემდეგ სტუდენტი გადაწყვეტს, რომ სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საფეხურზე, მას ექნება საშუალება, რომ დაიმატოს კრედიტები ერთი წლის კომპონენტის ნაწილში. ამით ბოლონიის პროცესის სრულ თანხვედრაში მოვალთ და სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მესამე საფეხურზე გააგრძელოს სწავლა.

უნივერსიტეტებს განათლების სამინისტრო განუსაზღვრავს იმ პროგრამების რაოდენობას, რასაც მთავრობა დაადგენს. მოდელში იგულისხმება „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პრინციპი, რაც იმას გულისხმობს, რომ არ უნდა მოხდეს ერთ ქალაქში არსებულ უნივერსიტეტებში პროგრამების გამეორება.

უცხოელი უნივერსიტეტების კვოტები მთლიანად გადაინაცვლებს კერძო უნივერსიტეტებში და სახელმწიფო უნივერსიტეტებს დარჩება ძალიან მცირე რაოდენობით, ამიტომ კერძო უნივერსიტეტებს შეუძლიათ უცხოელი სტუდენტებისგან შეივსონ ფინანსური რესურსები“ – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

„იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე

„სუს-ის განცხადებაში წერია, რომ ამ საშუალებებს იყენებდა შსს საჭიროებისამებრო. იმდენად არაკომპეტენტურად არის დაწერილი ეს განცხადება, ისიც კი არ ჩაამატეს მაგ მონაკვეთში, რომ „საჭიროებისამებრ, კანონის საფუძველზე“. ეგ ფრაზაც კი არ ჩაწერეს, რაც ძალიან სიმპტომატურია.. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ძალიან უხერხულია ამ ყველაფერს ეწოდოს გამოძიება,“ – ამბობს იურისტი ანა ნაცვლიშვილი. იგი კონკრეტულ არგუმენტებს ასახელებს, რის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ სუს-ს რეალური გამოძიება თბილისში აქციაზე ქიმიური საშუალებების გამოყენებაზე არ ჩაუტარებია.

„ფორმულირება, რომ ჩვენ არ გამოგვიყენებია აკრძალული ნივთიერება, არის სამართლებრივად ყალბი.

კანონმა მოგცა შენ კონკრეტულად ამა და ამ ფორმულით შექმნილი ნივთიერების გამოყენების უფლება? მოგცა, პირობითად, მისი იმ ფორმით გამოყენებით უფლება? ვთქვათ, წყალში გარეული, ან წყალთან ერთად, ან მისი გამოყენება იმ ტიპის არეალში, როგორიც არის რუსთაველის გამზირი, სხვა ადამიანები ცხოვრობენ? მოგცა კანონმა იმ მასშტაბის აქციაზე გამოყენების უფლება, რა მასშტაბიც იქ იყო? მოგცა, მაგალითად, ზამთარში გამოყენების უფლება?“ – კითხვებს სვამს იურისტი ანა ნაცვლიშვილი.

რა ჩანს სუს-ის გამოძიების ვერსიაში? – „ბათუმელებმა“ იურისტ ანა ნაცვლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე.

  • ქალბატონო ანა, გვითხარით თქვენი არგუმენტები: რატომ არ არის სარწმუნოს სუს-ის ვერსიაქიმიური იარაღის გამოყენების საქმეზე“?

BBC წელიწადზე მეტია მუშაობდა ფილმზე, რომ ეს მასალები მოეგროვებინა სხვადასხვა წყაროსგან, შემდეგ მიეწოდებინა დარგის სპეციალისტებისთვის და მომზადებულიყო ფილმი შესაბამისი დასკვნების საფუძველზე.

ფილმზე წელიწადზე მეტი ხანი მუშაობდა ისეთი პროფესიონალი და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია, როგორიც არის BBC. ამის საპირწონედ გვაქვს „ქართული ოცნების“ სუს-ი, რომელსაც აქვს ნულოვანი რეპუტაცია ქვეყნის შიგნით, საერთაშორისოზე აღარ ვლაპარაკობ. სუს-მა ხუთ დღეში დაასრულა გამოძიება. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება 5 დღეში როგორ მოასწრეს? თუ ვინმეს ოდნავ შეხება ჰქონია საგამოძიებო მოქმედებებთან და არა თუ საგამოძიებო მოქმედებებთან – ინფორმაციის მოძიება-გადამოწმებაზე ვისაც უმუშავია და ადამიანების გამოკითხვაზე, თუნდაც ჟურნალისტური სტანდარტით – კი არ ვაკნინებ, უბრალოდ სხვადასხვაა – ფიზიკურად ვერ მოასწრებ 5 დღეში ამის გაკეთებას. ეს საკუთარი თავის აგდებაა, მაგრამ იმდენჯერ აიგდეს საკუთარი თავი, არ მიკვირს, სამწუხაროდ.

ამდენი მოწმის გამოკითხვას, ამდენი ინფორმაციის მოძიებას და გაანალიზებას 5 დღეში ვერ მოასწრებ. ეს გამორიცხულია.

მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია: ერთი და იგივე უწყებამ დაიწყო ორი რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით საკითხის ძიება, რაც თავშივე ანომალიაა: იძიებ უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფოს მხრიდან [სსკ-ის 332-ე მუხლი], თუ იძიებ მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას [სსკ-ის 319-ე მუხლი]? ეს უკვე არის ნიშანი იმისა, რომ სინამდვილეში ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა არ იყო ამ გამოძიების ამოცანა.

მაგალითად, როცა კითხავ მოწმეს, რა კუთხით ჰკითხავ? მოდი, ახლა ამ ქუდს დავიხურავ და უფლებამოსილების გადამეტების კუთხით დაგკითხავ, შემდეგ ორ წუთში კი, ამ ქუდს მოვიხსნი და სხვა კუთხით დავკითხავ? ეს თავისთავად არალოგიკურია და ვერ მოემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, როდესაც ერთად მიმდინარეობს ეს გამოძიება ერთი და იგივე უწყებაში, ერთი და იგივე ადამიანების მიერ და პარალელურად.

მათ რომ ჰქონოდათ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის სურვილი, კანონი მათ ავალდებულებდათ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე დაეწყოთ გამოძიება მაშინვე, როდესაც მოხდა ამ ნივთიერებების გამოყენება.

თავის დროზე არაერთი ადამიანი წერდა, რომ ჰქონდა ძალიან მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები. ჩვენ როგორც ვნახეთ, ეს სავარაუდო ნივთიერებები გრძელვადიან კვალს ტოვებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომაც, შემდგომ თვეებში, ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა უფრო დამძიმდა.

იმ დღეებში მეც დავწერე – როცა გამოვცადე ეს ნივთიერება საკუთარ თავზე – ომი აქვთ გამოცხადებული ხალხთან-მეთქი. არ შეიძლება მშვიდობიან დროს სამოქალაქო პირს დაუშინო ეს იარაღი. ასევე, გვახსოვს ექიმების, ანუ პროფესიონალების განგაშის სიგნალი, რომლებმაც თქვეს – გვითხარით რა ნივთიერებას იყენებთ, რომ ჩვენ შევძლოთ ადეკვატური მკურნალობაo.

საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციები ავალდებულებდა უკვე სახელმწიფო უწყებებს, რომ გამოძიება დაეწყოთ. მაშინ რატომ არ დაიწყეს ეს გამოძიება?

მაშინ არ დაიწყეს ეს გამოძიება და 5 დღეში დაამთავრეს ახლა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ არანაირად არ ყოფილა მათი მიზანი გამოძიებულიყო სახელმწიფოს ბრალეულობა. უბრალოდ იმდენად მძიმე სკანდალში გაეხვივნენ, რომ თავიდანვე გამოძიება ცალმხრივად დაიწყეს ვითომ ორი მიმართულებით. ეს პირველი მიმართულება [უფლებამოსილების გადამეტება] 5 დღეში აორთქლდა და ახლა გრძელდება მხოლოდ მეორე მიმართულებით.

ერთი და იგივე უწყება რომ იძიებს ორივე მიმართულებას, ეს არის სერიოზული პრობლემა ობიექტურობისთვის: არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაუძლებს ამ წნეხს და ვინ ვერ გაუძლებს. მე რაც მოვისმინე საჯაროდ, ძალიან ღირსეული პასუხები ჰქონდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც BBC-ის გამოძიებაში ფიგურირებენ, როგორც რესპონდენტები.

თუმცა სახელმწიფო რომ გიბარებს და გეუბნება, სავარაუდო გადამეტებას ვიძიებ, მაგრამ თან შეიძლება შემოვატრიალო ეს საქმე და მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დაგაბრალოო – ეს არის პირდაპირი ზეწოლა მოწმეებზე, ასევე, იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება არ ფიგურირებდეს BBC-ის ფილმში, მაგრამ დამატებით, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს და რადგან დაიწყო გამოძიება მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მუხლით, ამ ადამიანებმა, შესაძლოა, ხმა არ ამოიღონ.

  • BBC-ის ფილმის შემდეგ გამოძიების დაწყება სსკ-ის 319-ე მუხლით, რაც მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს, რას ნიშნავს?

ერთ მხარეს დევს ყველაზე მსუბუქი მუხლი, თუ რაიმეთი შეიძლებოდა სახელმწიფოს ბრალეულობაზე სამართლებრივი რეაგირება.

სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლები, რომლებიც გაცილებით უფრო ადეკვატურად და სრულყოფილად აღწერს იმ სავარაუდო დანაშაულს, რაც ჩადენილია, მაგრამ ყველაზე მსუბუქი შეარჩიეს, ხოლო მოქალაქეების წინააღმდეგ აიღეს ყველაზე უფრო მძიმე მუხლი.

აქ ზედაპირზე ჩანს მიკერძოება და მიზანი: ჭეშმარიტება კი არ უნდა დადგინდეს, არამედ წინასწარ განსაზღვრული და დაწერილი პასუხისთვის უნდა მომზადდეს სანოტარიუსო დამოწმება. აი, ეს იყო ახლა სუს-ის ამოცანა.

რაც შეეხება მტრულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას: ელემენტარული საკითხია სამართალში, რომ კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი და მოქალაქეს, ვიდრე ნაბიჯს გადადგამს, უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია: ამ ნაბიჯის გადადგმა კანონთან ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში? არასდროს ამ ფილმამდე არცერთ სახელმწიფო უწყებას, არათუ რაიმე დადგენილება არ გამოუტანია ან კანონში არ ჩაუწერია, არ გაუფრთხილებია საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომ BBC არის მტრული ორგანიზაცია.

მაგალითად, რუსეთის „ეფესბესთან“ თანამშრომლობაზე ყველა მიხვდება, რომ არის ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურები და არ უნდა ითანამშრომლო მასთან, ხომ?! BBC-ის შესახებ სად წერია, ან რომელმა უწყებამ დაადგინა, რომ მტრული ორგანიზაციაა? თუ მოქალაქეს შენ წინასწარ არ აფრთხილებ და არ ეუბნები, რომ აი, ეს ორგანიზაცია არის მტრული და მასთან თანამშრომლობა კანონსაწინააღმდეგოა, შენ მოქალაქეს ფაქტობრივად წირავ იმისთვის, რომ ჩაადენინო რაღაც, რომელზეც მერე ეტყვი, რომ თურმე დანაშაული ყოფილა. ეს არის კანონიერი ჩარჩოსგან აბსოლუტურად გასული მოქმედება.

დღეს ალექსანდრე დარახველიძეს [შს მინისტრის მოადგილე] ვუსმინე და მან თქვა, შსს-მ დოკუმენტები მიაწოდა სუსსო. სუს-მა თუ გამოძიება იმის იმედად ჩაატარა, შსს რა დოკუმენტაციას მიაწვდიდა თავისი გადაწყვეტილებით და ნებით, ნუ, სასაცილოც არ არის უკვე.

იმას კი არ უნდა დაელოდო საგამოძიებო ორგანო უწყებისგან – რომელსაც სავარაუდოდ დანაშაული აქვს ჩადენილი – თავისი გადაწყვეტილებით რას მოგაწვდის და რას არ მოგაწვდის, შენ თვითონ უნდა შეხვიდე, ჩაატარო საგამოძიებო მოქმედებები და ამოიღო დოკუმენტაცია, მათ შორის, ძალიან ცოტა ადამიანს რომ აქვს წვდომა, იმ ტიპის ინფორმაცია. შენ უნდა წარმართო გამოძიება და არ დაელოდო იმას, შსს რა ინფორმაციას მოგაწვდის.

ან კიდევ 5 დღეში ექსპერტიზა როგორ მოასწრეს ასე სწრაფად? ძალიან ბევრი შეკითხვაა.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ გამოტოვა სუს-მა დემონსტრაციებზე წყლის ჭავლის გამოყენება 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე? სუს-ის ვერსია 4 და 5 დეკემბერს ქიმიური ნივთიერების გამოყენებას ეხება. 

როგორ შემოსაზღვრეს ეს დრო, რა ლოგიკით შემოსაზღვრეს? ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა შტურმი აქციების წინააღმდეგ, მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენება…

სუსი რასაც აცხადებს, არის უკიდურესად ზოგადი. მაგალითად, გვეუბნება, რომ მაღალი თანამდებობის პირები გამოვკითხეთო. მაინტერესებს: უშუალოდ ამ საქმესთან შეხებაში მყოფი პირები თუ გამოჰკითხეს თავისი სტატუსით, ეს ხალხი ვინ არის?

ჩემი აზრით, მათ ზუსტად იციან, რომ ეს ამბავი არ დამთავრდება და მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება. ამიტომაც ავრცელებენ მანიპულაციურ ტექსტს, აი, დანაღმულ ველზე რომ დადიხარ და მოდი, აქ არ დავაბიჯებთ, იქ არ დავაბიჯებთ – ეს ეტყობა ყველა ტექსტს, მაგრამ ვერ მოახერხებენ ამას.

ჯანდაცვასთან დაკავშირებით მოწოდებულ ინფორმაციაზეც კონკრეტიკა არ გვაქვს: რომელ დღეებს გულისხმობენ? რამდენი პირი იყო დაზარალებული? 28 ნოემბრიდან და შემდგომ დღეებშიო. „შემდგომი დღე“ არის შემდგომი ორი დღეც და შემდგომი ორი კვირაც. კონკრეტულად რომელ შემდგომი დღეების სტატისტიკა მოგვაწოდეს?

  • ინტოქსიკაცია დაზარალებულებიდან მხოლოდ ხუთს აღენიშნებოდა და ხუთივე მეორე დღესვე გაწერეს საავადმყოფოდანო.

ეს ხუთი დღის სტატისტიკაა, თუ ხუთი თვის? იგივე საიასთვის მიწოდებულ ინფორმაციაში სხვა სტატისტიკა ჰქონდათ.

ეს იმდენად მძიმე ბრალდებაა და იმდენად კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია, რომ ყველა სამართლებრივი სტანდარტით, გამოძიების დაწყებისთანავე, ძალიან მალევე, კონკრეტულ პირებს უნდა შეფარდებოდათ აღკვეთის ღონისძიება. კანონი გვეუბნება, რომ როდესაც დაიწყება გამოძიება, თუ არსებობენ პირები, რომლებსაც აქვთ სამიდან ერთი რისკი: მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა, მტკიცებულებების განადგურება, მიმალვა, მაშინ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა შეეფარდოთ პატიმრობა გამოძიების დასრულებამდე.

ჩვენ გვაქვს ათობით საქმე საქართველოში, როდესაც სამიდან ერთიც ვერ მტკიცდებოდა და ამის მიუხედავად ადამიანებს პატიმრობაში უშვებენ განაჩენის მოლოდინში. მზია ამაღლობელის საქმეზე და პოლიტიკური პატიმრებზე აღარ ვლაპარაკობ – ზოგადადაც, არაერთი დაუსაბუთებელი განჩინება შეგვისწავლია და გამოგვიქვეყნებია, როცა არც მიმალვის საფრთხე დასტურდებოდა და არც მოწმეზე ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდა ადამიანს და ის დააპატიმრეს.

ამ დროს ესაა კლასიკური საქმე, როდესაც იმ პირებს, ვის კვალზეც ობიექტური გამოძიება გავა, სწორედ თანამდებობრივი ბერკეტები აქვთ, რომ მტკიცებულებებიც გაანადგურონ, მოწმეებზეც შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა…

თუ უნდათ, რომ მარტო მძღოლს და ჩამსხმელს გადაატეხონ ჯოხი, ასე ვერ იქნება: უმაღლესი თანამდებობის პირების ჩართულობის და უშუალო ბრძანების გარეშე ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება.

  • „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განაცხადი გაიმეორა პრაქტიკულად სუს-მა გამოძიების დასკვნაში, ის ქიმიური ნივთიერება, რაც გამოვიყენეთ, არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერების კატეგორიასო.

ფორმულირება, რომ ჩვენ არ გამოგვიყენებია აკრძალული ნივთიერება, არის სამართლებრივად ყალბი ფორმულირება.

სტანდარტი, რომ რაც აკრძალული არ არის, ნებადართულია, მოქმედებს სამართალში მოქალაქის ქცევაზე: თუ სახელმწიფო არ კრძალავს რაიმეს, მოქალაქეს მისი გაკეთების უფლება აქვს.

„აკრძალული არა მაქვს ამის გაკეთება და შესაბამისად ნებადართული მქონდა და გავაკეთე“ – ეს სტანდარტი საჯარო ძალაუფლებაზე არ მოქმედებს. საჯარო ძალაუფლებაზე მოქმედებს სტანდარტი: პირდაპირ, ექსპლიციტურად და უშუალოდ კანონი უნდა მაძლევდეს კონკრეტული ქმედების გაკეთების შესაძლებლობას და ზუსტად იმ ფარგლებში უნდა გავაკეთო, რა ფარგლებსაც კანონი მისაზღვრავს.

  • თუ შსს-მ, აქციის ფორმიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩათვალა ქიმიური ნივთიერების გამოყენება, რომლის გამოყენებაც კანონით პირდაპირ აკრძალული არ არის, სამართლებრივად ეს პრობლემაა?

კანონი როდესაც იწერება, არის დადგენილი კონკრეტული ქიმიური ფორმულები, რომელიც უკვე დატესტილია და ვიცით მისი დამანგრეველი შედეგები ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. არსებობს ამ ნივთიერებების ჩამონათვალი, მაგრამ საქმე აქ არ მთავრდება – შეიძლება ახალი ქიმიური ფორმულა შეიქმნას, რომელიც ისეთივე დამანგრეველი შედეგის მომტანი იქნება ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც ძველი, უკვე შექმნილი ფორმულები. კანონი ყოველდღე ვერ გადაამოწმებს, შექმნილია თუ არა ახალი ქიმიური ფორმულა. ეს არის განვითარებადი, ცოცხალი პროცესი.

ამიტომაც, კანონი ამომწურავ სიას ვერ მოგვცემს, რა ნივთიერებებია აკრძალული. ხვალ შეიძლება სულ სხვა ფორმულა შეიქმნას, რომელსაც კანონი წინასწარ ვერ დაინახავს, მაგრამ მას ისეთივე დამანგრეველი შედეგი ჰქონდეს, როგორც ნივთიერებებს, რომლებიც კანონში წერია.

კანონმა მოგცა შენ კონკრეტულად ამა და ამ ფორმულით შექმნილი ნივთიერების გამოყენების უფლება?! მოგცა, პირობითად მისი იმ ფორმით გამოყენებით უფლება?! ვთქვათ, წყალში გარეული, ან წყალთან ერთად, ან მისი გამოყენება იმ ტიპის არეალში, როგორიც არის რუსთაველის გამზირი, სადაც სხვა ადამიანები ცხოვრობენ?! მოგცა კანონმა იმ მასშტაბის აქციაზე გამოყენების უფლება, რა მასშტაბიც იქ იყო?! მოგცა, მაგალითად, ზამთარში გამოყენების უფლება?!

მეორეა, რა არის მიზანი ამ საპოლიციო საშუალებების გამოყენების? – მიზანი არამც და არამც არ შეიძლება იყოს ადამიანების დასჯა. თუ აქცია გახდა ძალადობრივი ხასიათის, ძალადობრივი მონაკვეთის გაჩერება იმ წუთას უნდა იყოს მიზანი და არა მთელი აქციის დაშლა და მითუმეტეს ათასობით ადამიანის დასჯა.

BBC-ის ფილმში სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში ექსპერიმენტზე საუბრობს. ესენი მაგიტომ მანიპულირებენ ზუსტად, რომ აი, აკრძალული არ იყოო: ექსპერიმენტი აქვთ ჩატარებული და ეს ძალიან ცხადად ჩანს, ეს ერთი და მეორე – ეს იყო დემონსტრანტების დასჯა! ეს არის დასჯა ადამიანების, რაც არის კლასიკური წამების შემადგენელი. ეს არანაირად არ ემსახურებოდა დემონსტრაციის დაშლას, ეს ემსახურებოდა დემონსტრანტების დასჯას.

სუს-ის განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ საშუალებებსო იყენებდა შსს საჭიროებისამებრო. იმდენად არაკომპეტენტურად არის დაწერილი ეს განცხადება, ისიც კი არ ჩაამატეს მაგ მონაკვეთში, რომ ეს მოხდა „საჭიროებისამებრ, კანონის საფუძველზე“.

კანონს აქვს სამსაფეხურიანი ტესტი. პირველი – ეს არის, როდესაც კანონი გაძლევს გამოყენების საშუალებას; მეორე – როდესაც ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იყენებ ამ საშუალებებს, როგორიც არის, მაგალითად, იმ წუთას არსებული საფრთხის გაუნებელყოფა, თუმცა ლეგიტიმური მიზანი აქ არ იკვეთება და მესამე ტესტი, რომელიც უნდა გაიაროს სახელმწიფოს ქმედებამ – კიდეც რომ იყოს ძალადობა აქციაზე და კიდეც რომ ლეგიტიმური მიზანი გამოძრავებდეს, აღადგინო საზოგადოებრივი წესრიგი – საშუალება, რომელიც გამოიყენე, იყო თუ არა პროპორციული მიზნის მისაღწევად, რაც ადამიანურ ენაზე იმას გულისხმობს, რომ ყველაზე ნაკლებად მძიმე საშუალება უნდა გამოიყენო, თუ ეს საშუალება მიზანს მიგაღწევინებს. იმიტომ რომ ადამიანებთან გაქვს საქმე.

ამათ ყველაზე უფრო მძიმე გამოიყენეს.

ეს ყველაფერი ერთად გვაძლევს ძალიან მკაფიო სურათს, რომ აქ არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ძალიან უხერხულია ამ ყველაფერს ეწოდოს გამოძიება.

  • ამ მოცემულობაში რამდენად არსებობს მტკიცებულებების გადარჩენის შანსი? ჩატარდება საერთაშორისო გამოძიება?

აუცილებლად ჩატარდება საერთაშორისო გამოძიება. ეს გარდაუვალია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიტიკული და მსხვილი საერთაშორისო შეთანხმება, რომ აკრძალული ნივთიერებები არ გამოიყენებოდეს წევრ სახელმწიფოებს შორის.

კონვენციის წევრ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, ერთმანეთი აკონტროლონ, რომ ეს არ მოხდეს. თუ ერთი პრეცედენტი დაიშვა დაუსჯელობის, ეს ბევრ სხვა სახელმწიფოს მისცემს პირდაპირ სიგნალს, რომ მათაც შეუძლიათ თავის მოქალაქეებს ასე მოექცნენ. ეს არღვევს საერთაშორისო წესრიგს, რომელიც შექმნილი არის ახლა ქიმიური იარაღის ირგვლივ.

რა მტკიცებულებები იქნება ხელმისაწვდომი გამოძიებისთვის, ცალკე საკითხია. ძალიან გამალებით მუშაობს ახლა „ოცნება“, რომ ეს მტკიცებულებები გააქროს და ჩაფარცხოს.

ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არსებობს სხვა შესაძლებლობებიც. ყველას კარგად ესმის, ხალხი, რომელიც ამაზე არის წამსვლელი, რა თქმა უნდა, არც გამოძიებას ჩაატარებს და არც მტკიცებულებებს შეინახავს. ამ სპეციფიკურ გარემოში მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს, როდესაც მალავენ და ანადგურებენ მტკიცებულებებს, მაგრამ მაინც შეგიძლია, რომ გახვიდე დანაშაულის კვალზე შესაბამისი მეთოდოლოგიით.

ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ვთხოვო ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად შეინახონ, ყველა სიმპტომი აღწერონ, დაასურათონ, თუ ეს სიმპტომები კიდევ გრძელდება. მესმის, რომ მათთვის არის ძალიან ტრავმული გამოცდილება, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჰააგაში არის ასეთი გზა, რომ თვითონ პროკურორმა გადაწყვიტოს ერთპიროვნულად – აქვს მას ამის კანონიერი უფლებამოსილება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც ეს „აგვისტოს ომის საქმეზე“ მოხდა, ასევე, სხვა სახელმწიფოსაც შეუძლია გააკეთოს მიმართვა, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი რიგის ამოცანა არის მტკიცებულებების შეგროვება და კომპეტენტურად სამართლებრივი მწყობრი საქმის აგება. ჰააგა იქნება უფრო ადეკვატური ადგილი, სადაც უნდა დავიცვათ დაზარალებულების უფლებები და ინტერესები.

ყველა ქეისი, რომელსაც ჰააგა იძიებს, მითუმეტეს – დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი, ეს არის ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოების საქმეები, სადაც დღემდე ვერ შედგა დემოკრატია.

ამ ტიპის ყველა გამოძიება, რომელზეც ჰააგამ იმსჯელა, არშემდგარ სახელმწიფოებს უკავშირდება. ეს მძიმე ტერმინია, მაგრამ ასეა. ჰააგა რომ სჭირდება საქმეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი მონგრეული და გაუბედურებულია.

ჩვენ კი ვართ ახლა მაგ მდგომარეობაში, რომ არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია არ ფუნქციონირებს მოქალაქის და კანონისთვის, მაგრამ პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქესთვის და ქართველი იურისტისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიცვალოს მართლმსაჯულება ისე, რომ მან შეძლოს გასამართლება ამ ადამიანების და საქართველოს სახელით გამოვიდეს განაჩენი.

  • ეს წინაპირობა გააჩინა ამ საქმემ, რომ შეიცვალოს პოლიტიკური სიტუაცია? როგორც პოლიტიკოსი რას ამჩნევთ, რა წონა შეიძინა ქიმიური იარაღის გამოყენების საქმემ ივანიშვილის დაჯგუფებისთვის?

პოლიტიკური პროცესს და ცვლილებას კიდევ ბევრი სხვა რაღაც სჭირდება.

ამ ადამიანებს სხვა არაერთი მძიმე და სისტემური დანაშაული აქვთ ჩადენილი. ქვეყნის კონსტიტუციური გადატრიალება ამ ხალხმა ჩაიდინა. მათ შეცვალეს ყველა ფუნდამენტური, კონსტიტუციური პოსტულატი, რომელიც გვიწერია… მასობრივი წამება ჩაიდინეს, მასობრივი უკანონო და უსამართლო განაჩენები გამოიტანეს, წარმოუდგენელი სისწრაფით ამუშავებენ ერთპარტიულ პარლამენტს კანონების შესაცვლელად.

უკვე ისეთი პროცესია, სიტყვა „კანონის“ გამოყენებაც კი, უხერხული ხდება.

მათ აქვთ ნულოვანი ლეგიტიმაცია, არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2024 წლის 26 ოქტომბერს, არავინ არ აღიარა მსოფლიოში, როგორც დემოკრატიული, შეჯიბრებითი, თავისუფალი, ლეგიტიმური არჩევნები. ერთპარტიული პარლამენტი შექმნეს, აქვთ უმძიმესი ლეგიტიმაციის კრიზისი საერთაშორისო დონეზე და ამას ეხლა ემატება ძალიან სანდო ბრალდება.

ამათ რომ რეალურად სურვილი ჰქონოდათ და არ ეშინოდეთ იმის, რაც ჩადენილი აქვთ, პირველივე საათებში უნდა გამოსულიყო კობახიძე და ეთქვა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო მისია ჩამობრძანდით, ყველაფერს ვხსნით, მოდით და ნახეთო.

როცა არა გაქვს დანაშაული ჩადენილი, რეაქცია ასეთი იქნებოდა.

  • ამ საქმეზე „ოცნებისმთავრობის და კობახიძის რეაქცია რას აჩვენებს?

აჩვენებს იმას, რომ როდესაც წაგასწრებენ დანაშაულზე, მერე იწყებ სხვადასხვა ვერსიების შეთხზვას, იმისთვის რომ სიმართლე მიჩქმალო. ურთიერთგამომრიცხავი მესიჯები ჰქონდათ, აიხლართნენ საკუთარ ტყუილში. როცა სიმართლეს ამბობ, ერთი ვერსია გაქვს და ვერ აიხლართები, როცა ტყუილს ამბობ და რაღაც დიდს მალავ, მაშინ გემართება ეს.

მათი მიზანი იყო საზოგადოების დასჯა, პროტესტანტების დასჯა, რაც არის აბსოლუტურად უკანონო და დანაშაულებრივი. ამოცანა არის ის, რომ როგორმე დაიძვრინონ თავი სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობისგან, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.

„გასაჯაროვდეს Eagle Hills-თან დადებული ყველა ხელშეკრულება“ – ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება

14 დეკემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნებისგან“ ითხოვენ მიიღონ სრული და ამომწურავი ინფორმაცია არაბულ კომპანია Eagle Hills-თან კრწანისსა და გონიოში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების შესახებ.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს ეროვნული, დემოგრაფიული, ეკონომიკური, და ეკოლოგიური ინტერესებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნებისგან“ მოვითხოვთ:

  • გასაჯაროვდეს კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში დაგეგმილი დასახლებების პროექტებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება და დანართი.
  • გაიმართოს საჯარო განხილვები მოსახლეობის ფართო ჩართულობით.
  • არ განხორციელდეს პროექტთან დაკავშირებული არცერთი მოქმდება, სანამ არ იქნება მიღებული საქართველოს მოსახლეობის თანხმობა აღნიშნულ პროექტებზე,“ – ნათქვამია საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები არიან ორგანიზაციები – „ქართული რესპუბლიკა“, „სართული – ახალი თაობის ძალა“ და „ეროვნული თანხმობა“.

საპროტესტო აქცია 14 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან დაიწყება, შემდეგ კი გაიმართება მსვლელობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლისკენ.

აქციაზე შეგროვდება ხელმოწერები პეტიციისთვის, რომელიც საპროტესტო აქციის მოთხოვნებს მოიცავს.

არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

„ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი არ აქვს, ხელშეკრულების გასაიდუმლოება კი სტანდარტული პრაქტიკაა.

ამავე თემაზე:

ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს და დაცვის გარეშე დარჩენილი არქეოლოგიური ძეგლები

 

„ადვოკატთა ასოციაცია არაერთი წელია სრულ ჰარმონიაშია ხელისუფლებასთან“ – რის შეცვლას გეგმავს მაია მწარიაშვილი

„ჩვენი პროფესია დღეს არსებობის საფრთხის წინაშე დგას.

ადვოკატები არსებობენ ყველაზე ავტოკრატიულ რეჟიმებშიც, მაგრამ მთავარია – რა უფლებები, რა გარანტიები აქვთ? რა საფრთხეების წინაშე არიან? შეუძლიათ კი რეალური დაცვის განხორციელება?

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უკვე არაერთი წელია სრულ ჰარმონიაშია ხელისუფლებასთან. არასოდეს ისმის ან ისმოდა მისი ხმა უსამართლო, კაბალურ და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა შემზღუდავი სამართლის ნორმების, ადვოკატის უფლებების წინააღმდეგ მიმართული სამართლის ნორმების, მართლმსაჯულების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ყოველდღიური გაუარესების და საერთოდ ადამიანის უფლებათა დარღვევების საკითხზე,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი, იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი პარტნიორი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი.

მაია მწარიაშვილი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის – სიფას გუნდს წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციაში დაგეგმილ არჩევნებში.

ის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატია.  

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება 13 -14 დეკემბერს გაიმართება თბილისში. საერთო კრებაზე ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ასევე უნდა აირჩეს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 11 ათასზე მეტ ადვოკატს აერთიანებს, აქედან 5 500 ადვოკატს აქვს მოქმედი სტატუსი.

„დღეს ადვოკატები დგანან უამრავი გამოწვევის წინაშე, ჩემი კოლეგები ყოველდღიურად ერკინებიან არათანაბარ, ხშირად შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ მოპყრობას და პირობებს. სისტემა მათ პრაქტიკულად არაფრად აგდებს, როგორც ყოველდღიურ ყოფაში, ისე ინსტიტუციურ დონეზე.

მზია ამაღლობელის საქმეზე პირადად გამოვცადე სისტემის დაპირისპირება არა მხოლოდ ადამიანთან, არამედ ადვოკატებთან, ვინაიდან ჩვენ მზიას მსგავს ადამიანებს ვიცავთ. სასამართლოს შენობებში ადვოკატებს ისევე გვაკონტროლებენ, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სასამართლოს ეზოში შესვლამდე პოლიცია და მანდატურის სამსახური ადვოკატების ორდერის წარდგენას სთხოვდნენ, ხოლო შენობაში ჩვენი კონტროლის მიზნით ყოველ ჩვენ გადაადგილებას რაციით გადასცემდნენ ერთმანეთს.

უნდა იყოს თუ არა ეს ასოციაციისათვის განგაშის ზარი? ცხადია, უნდა იყოს.

ეს მაგალითად მოვიტანე, თორემ ადვოკატებისთვის შექმნილი არც ხელოვნური და არც სამართლებრივი პრობლემები არასოდეს ყოფილა ამ ასოციაციისთვის განგაშისა და ყურადღების საგანი, სწორედ იმიტომ, რომ ასოციაცია ირჩევს ე.წ. „პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს“ სისტემასთან, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ჩემი ყველა კეთილსინდისიერი კოლეგა.

აღმასრულებელ საბჭოში ჩვენი ყოფნის ერთ-ერთი ამოცანა ადვოკატის ყოველდღიური პრობლემების აღნუსხვა/იდენტიფიცირება და რეაგირების სწრაფი და ეფექტური მექანიზმის შეთავაზებაა.

ხმამაღლა საუბარი და არა სიჩუმე,“ – ხსნის მაია მწარიაშვილი საკუთარ მოტივაციას, თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა.

მაია მწარიაშვილს იურიდიული საქმიანობის 35-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, როგორც აღმასრულებელ, ისე სასამართლო ხელისუფლებასა და კერძო პრაქტიკაში.

ის წარმოადგენდა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ნონა გაფრინდაშვილს „ნეთფლიქსის“ წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე. ამჟამად კი იცავს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ინტერესებს.

„ჩემი პროფესიული კარიერის უდიდესი ჯილდოა მზია ამაღლობელის განცხადება სასამართლო პროცესზე, სადაც მან მადლობა გადაგვიხადა და თქვა, რომ მისი ადვოკატების დამსახურებაა ის, რომ მან  ადამიანებისადმი ნდობა შეინარჩუნა.

მერე რა რომ სისტემა ისევ უსამართლოა, მერე რა რომ სისტემა ჩვენზე უფრო ძლიერია, ჩვენ მაინც გვაქვს მისია და ჩვენი პროფესიის ღირსებას განაპირობებს არა მხოლოდ ის, თუ რა ვიცით, არა მხოლოდ ის, თუ რა პროცესუალური ვალდებულებები გვაქვს, არამედ ის, თუ როგორ, რის ფასად ვასრულებთ ამ მისიას,“ – უთხრა მაია მწარიაშვილმა „ბათუმელებს“.

მაია მწარიაშვილი საუბრობს ადვოკატის, როგორც პროფესიის მნიშვნელობაზე და ამბობს, რომ ადვოკატის ფუნქცია მხოლოდ იურიდიული ცოდნა არ არის, რადგან ადვოკატი საზოგადოებრივი ნდობის მატარებელი ადამიანია.

„საზოგადოებაში ბალანსის შენარჩუნების და სამართლიანობის უდიადესი იდეის არსებობისადმი ნდობის გაჩენის პროცესში ჩვენ იმაზე დიდი როლი გვაქვს, ვიდრე თავად წარმოგვიდგენია. ჩვენ ყველაზე რთულ მომენტში გვიწვდიან ადამიანები ხელს იმ იმედით, რომ ვიბრძოლებთ მათთვის, მათი ოჯახების, მათი შვილების რწმენისათვის, სამართლიანობისა ან სამართლიანი ბალანსისათვის.

ადვოკატი არის ის ხაზი, ის ფარი, რომელიც მოქალაქეს იცავს, მაშინაც კი, როდესაც ყველა სხვა ბერკეტს ძალაუფლება ფლობს და აკონტროლებს. როგორ წარმოუდგენია ეს ვინმეს სიჩუმეში, ხმის ამოღების და ბრძოლის გარეშე, ე.წ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან, დევნის ორგანოებთან პირადი კომფორტის  უზრუნველყოფის პირობებში?

ვინც ამას ამბობს, საერთოდ არ ესმის ადვოკატის როლი და ფუნქცია ან ესმის იმგვარად, რომ ჩვენი როლი სიჩუმე და კონფორმიზმია, ხოლო ადვოკატის პროფესია ჩვენი კეთილდღეობის საშუალება. ღრმად მწამს, რომ ჩვენი პროფესიული ღირებულებები არ გაიცვლება ვინმეს პირად კომფორტსა და კეთილდღეობაში,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

მაია მწარიაშვილს აქვს წლების განმავლობაში  საგამოძიებო, საპროკურორო და მოსამართლედ მუშაობის პროფესიული გამოცდილება. იყო მრჩეველი საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოში. მონაწილეობდა არაერთ სამთავრობო და უწყებათაშორის მოლაპარაკებებში. თუმცა პირველად იღებს მონაწილეობას ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში.

მაია მწარიაშვილი საუბრობს მიზეზებზე, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა.

„მავანს ჰგონია, რომ ადვოკატს აქვს პოლიტიკური მიკერძოება ან მონაწილეობს პოლიტიკაში მაშინ, როდესაც საუბრობს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, სისტემის ძალადობასა და მართლმსაჯულების კლანურობაზე, მოსამართლის დამოუკიდებლობის არარსებობაზე, სასამართლო გადაწყვეტილებების უკანონობასა და ტოტალურ დაუსაბუთებლობაზე, გამოძიების მიკერძოებასა და უსამართლობაზე, სამართლიანი პროცესის არარსებობაზე.

ასეთი კანდიდატები იძლევიან პირობას, რომ იქნებიან „პოლიტიკურად ნეიტრალურები“ და ამავდროულად უზრუნველყოფენ ამ კორპორაციის სიჩუმეს, რასაც „ნეიტრალურობას“ უწოდებენ.

მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდო, რომ ეს დანაპირები მათ გასაგონად კეთდება, ვისთანაც აქვთ აფილაცია და/ან ანგარიშვალდებულება.

ადვოკატთა კორპორაცია სინამდვილეში არის ყველაზე დამოუკიდებელი და მებრძოლი პროფესიის მქონე ადამიანების პროფესიული, თვითმმართველი გაერთიანება. ჩვენი პროფესიული თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენი საქმიანობის პრინციპი და კონსტიტუციური მოვალეობაა.

ამის ნაცვლად უნდათ შემოგვაჩეჩონ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტისადმი“ ერთგულება, რასაც კანონიც კი არ გვავალდებულებს. ასოციაციის საქმიანობის პრინციპად ვერავინ მიუთითებს „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ დაცვას, ვინაიდან კანონი ჩვენ ამას არ გვთხოვს.

ეს შემოჩეჩებული ე.წ „პოზიცია“ ჩვენ მიმართ წამოყენებული კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნაა და  სინამდვილეში ჩვენს „სიჩუმეს“ და „უხმო მორჩილების“ პირობას ნიშნავს.

დღეს პროფესიის გადარჩენაზე ვსაუბრობთ და ეს არაა მეტაფორა.

საქართველოში ყველა მოქალაქე გრძნობს, ხედავს, რომ ყოველდღიურად მისი უფლება ირღვევა სასამართლო დარბაზში, პოლიციის შენობაში, ქუჩაში, სამსახურში, ონლაინ სივრცეში. ამ ყველაფერში კი ერთადერთი მყარი კედელი არის ადვოკატი, რომელიც მარტოა ამ ბრძოლის ხაზზე. მას ზურგს არ უმაგრებს პროფესიული ასოციაცია.

თუ ჩვენ გვინდა ძლიერი პროფესია, უნდა გვქონდეს ძლიერი ასოციაცია, რომელიც არ იმართება ერთპიროვნულად და სწორებას არ აკეთებს ე.წ „ლიდერებზე“. ჩვენ გვინდა ასოციაცია, რომელიც იმართება დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი კოლეგებისაგან შემდგარი კოლეგიური ორგანოს, აღმასრულებელი საბჭოს მიერ. ასოციაცია არ შეიძლება დაემსგავსოს სამინისტროს, ადვოკატების მმართველობის ეგ ეტაპი ბევრი წლის წინ უკან ჩამოიტოვა ამ პროფესიამ.

მე და ჩემი კოლეგები „სიფადან“, რომლებიც ვმონაწილეობთ ასოციაციის ორგანოების (აღმასრულებელი და ეთიკის საბჭო და სარევიზიო კომისია) არჩევნებში, ვთანხმდებით ამ მთავარ ღირებულებებზე. ასოციაცია რეალურად უნდა იმართებოდეს არც ერთპიროვნულად და არც ერთი გუნდის მიერ.

ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ასოციაციის მართვა ეფუძნებოდეს ქვეყნის კონსტიტუციის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, ადვოკატის უფლებების განუხრელი და უპირობო დაცვის ღირებულებებს. შესაბამისი ვალდებულებები, პროფესიული თავისუფლება და ანგარიშვალდებულება ჰქონდეს მხოლოდ კოლეგა ადვოკატებთან და არა ე.წ “ხელმძღვანელებთან” ან მით უფრო უარესი – ხელისუფლების რომელიმე შტოსთან.

ამიტომ ადვოკატთა ასოციაციის აღმსრულებელ საბჭოში ჩემი კანდიდატურის შეთავაზება ჩემი კოლეგებისთვის არის ჩემი პროფესიული და სამოქალაქო ვალი.

მწამს, რომ ამ კორპორაციის წარმომადგენლებმა იციან ადამიანის დარღვეული უფლებების  დაცვის მიზნით ბრძოლაც და ამ ბრძოლის ფასიც. „ნეიტრალიტეტის“ ცრუ ღირებულებას არაფერი აქვს საერთო ჩვენს პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებთან, რომელთა შესრულება დღითი დღე რთულდება და შესაძლოა, ერთ დღეს, შეუძლებელიც გახდეს.

ადვოკატთა ასოციაციის ძალა პროფესიულ თავისუფლებაში და არა „პოლიტიკურ ნეიტრალიტეტშია,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

„სახელმძღვანელოს ავტორები გააკეთებენ იმას, რასაც პარტია დაუკვეთს“- მასწავლებელი

„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმა ითვალისწინებს ერთი სახელმძღვანელოს დანერგვას ერთ საგანში. აქამდე კი სკოლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან რომელიც მოეწონებოდათ, ის აერჩიათ.

„ოცნების“ რეფორმის შემდეგ სკოლებს არჩევანის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. სამინისტრო თავად გადაწყვეტს, რომელ საგანში რომელი სახელმძღვანელო შეიტანოს.

რამდენად დიდი პრობლემაა, არჩევანის გარეშე დატოვებული სკოლები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნათია მანიას ესაუბრა.

  • ქალბატონო ნათია, ერთი სახელმძღვანელო ერთ საგანში დამახასიათებელი იყო საბჭოთა სკოლისთვის. როგორც პედაგოგი, ხედავთ თუ არა ამაში პრობლემას?

დავიწყოთ იმით, რომ მანამდეც ვხედავდი პრობლემას, რადგან სახელმძღვანელო ზოგჯერ შეიძლებოდა ორი ან სამიც კი ყოფილიყო ერთ საგანში, მაგრამ მაინც არ იყო კარგი.

ეს სახელმძღვანელოები აგებული იყო ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, რომელიც ყველასთვის ერთია, მაგრამ ძალიან მეეჭვებოდა და ახლაც მეპარება ეჭვი, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ადეკვატური იყოს მოსწავლისთვის. როცა შენ ქმნი რაღაც გეგმას, უნდა ხედავდე, რეალურად გააკეთებენ ბავშვები ამ ყველაფერს თუ ვერა. ანუ მე რომ გეგმას დავწერ, ეს გეგმა შესრულდება? იქნებ საერთოდაც შეუძლებელია ამის შესრულება. მოკლედ, ეს პრობლემა გეგმის დონეზეც იყო და სახელმძღვანელოების დონეზეც.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს – ეს სახელმძღვანელოები აგებული იყო ადამიანების ვიწრო წრის შეხედულებებზე, თუ რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. როგორც წესი, ვიღებდით ცუდ შედეგებს, რადგან ადამიანები, ზოგადად, ცდებიან და ეს შეცდომებიც ბუნებრივი ამბავია. ამიტომ, სახელმძღვანელოს შექმნა, ვფიქრობ, კვლევას უნდა ეფუძნებოდეს.

თუმცა აქამდე უფრო მეტი თავისუფლება იყო და რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით იწყებოდა გრიფირება. ეს იყო ღია კონკურსი და ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება.

ბევრი ავტორი იკრიბებოდა, ავტორთა ჯგუფები უკავშირდებოდნენ გამომცემლობებს და იწყებდნენ სახელმძღვანელოების წერას. შემდეგ, ბუნებრივია, ეს სახელმძღვანელოები გადიოდა გრიფირების კომისიაზე. ვერ ვიტყვი, რომ საბოლოო ჯამში იდეალური სახელმძღვანელოები იქმნებოდა, მაგრამ კონკურსი არის იმის წინაპირობა, რომ ყოველ შემდეგ ჯერზე ჩვენ მივიღოთ უკეთესი შედეგი.

ერთ-ერთი სახელმძღვანელოს ავტორი მეც ვარ, რომელიც გამოიყენება მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასებში. ქართული ენის სახელმძღვანელო შევქმენით არაქართული სკოლებისთვის და ეს იყო ძალიან შრომატევადი საქმე. მაშინაც უკმაყოფილო ვიყავით ბევრი რამით, მათ შორის იმით, რომ ძალიან ცოტა დროს გვაძლევდნენ სახელმძღვანელოს შესაქმნელად.

  • ბევრი სპეციალისტისგან მსმენია, რომ მინიმუმ სამი წელი მაინც სჭირდება ერთ წიგნზე მუშაობას. საქართველოს შემთხვევაში კი რამდენიმე თვეში უნდა მოასწრო ეს ყველაფერი.

ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ვარიანტია, როდესაც სახელმძღვანელო შექმნის პროცესში გადის პილოტირებას შერჩეულ სკოლებში. ჩვენ გვქონდა ამის პრაქტიკა თუ არ ვცდები, 2006-2007 წლებში და შემდეგ, მსგავსი არაფერი მომხდარა. პილოტირების პროცესში მასწავლებლები აწვდიდნენ უკუკავშირს და ამის მიხედვით ეძლეოდა სახელმძღვანელოს საბოლოო სახე.

  • ახლა „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, როგორი სახელმძღვანელო შემოვა და რით ასწავლით. ამაში თუ ხედავთ პრობლემას?

ერთი სახელმძღვანელო იმდენად დიდი პრობლემა არ არის, რამდენადაც ის, თუ როგორ შექმნიან ამ სახელმძღვანელოს და როგორი ჯგუფი იმუშავებს მასზე. ახლა თავად თქვეს, რომ ამას დაწერს სამინისტრო.

სამინისტრო შეარჩევს ავტორს? თუ ავტორთა ჯგუფი იქნება? რა ნიშნით შეარჩევენ ამ ადამიანებს, რამდენ დროს მოანდომებენ ამ ყველაფერს?

ზოგადად, ხელისუფლება, სამინისტროები ბოლო დროს ცდილობენ, მეტი კონტროლი აიღონ ხელში. ვხედავთ, რომ ნელ-ნელა თითქმის ყველა სფეროში და არა მარტო განათლებაში, იცილებენ არასასურველ კადრებს. უნდა იყო ჩუმად, თუ არადა მოგიშორებენ. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ სახელმძღვანელოების ავტორებიც უნდა იყვნენ მათი იდეოლოგიური მომხრეები.

აშკარაა, რომ შეამცირებენ ავტორების რაოდენობას, რაც ეჭვქვეშ აყენებს სახელმძღვანელოს ხარისხს.

რატომ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მაინცადამაინც მთავრობის იდეოლოგიური მომხრეები არიან განსაკუთრებულად კარგი პედაგოგები და მეთოდისტები? მით უმეტეს, ადრეც მინახავს ერთი ავტორის სახელმძღვანელო, რომელიც სამინისტროს მიერ იყო დაწერილი და ყველა კლასში ამ ერთი ავტორის წიგნით ისწავლებოდა.

ჯერ წარმოვიდგინოთ რამხელა შრომაა, გენიოსი უნდა იყოს ავტორი, რომ ყველა კლასს დაუწეროს სახელმძღვანელო და ეს გააკეთო მარტომ.

  • ამ დღეებში რაც მოვისმინეთ, ყველაზე მეტად სკეპტიციზმს იწვევს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და მათი განცხადებები იმაზე, რომ აპირებენ დაცალონ ლიბერალიზმისგან ეროვნული სასწავლო გეგმა. გვახსოვს, როგორ გააქრეს გასულ წელს გამოცდების საკითხებიდან რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებები. თქვენ ელით, რომ ისინი აპირებენ გააქრონ სახელმძღვანელოებიდან რუსული იმპერიალიზმის კვალი?

არაფერი არ არის გამორიცხული. თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ სამინისტრო აარჩევს საკუთარ მომხრეებს, მაშინ მათი მომხრეები გააკეთებენ იმას, რასაც პარტია დაუკვეთს. მაშინ შესაძლოა, რომ ყველაფერი ეს, – აგიტაცია-პროპაგანდა, რაც აქვთ ევროპის წინააღმდეგ და უფრო ლოიალურები არიან რუსეთის მიმართ, ესეც აისახება. უახლესი ისტორია ხომ უნდა შევიდეს სახელმძღვანელოებში, ეს საკითხები როგორ იქნება განმარტებული, როგორ ახსნიან ამ ყველაფერს?

  • თუ სკოლის სახელმძღვანელოებში შეინარჩუნებენ იმავე რიტორიკას ევროპასთან მიმართებაში, სიძულვილის ენას, როცა სამოქალაქო საზოგადოებას მოიხსენიებენ უცხო ქვეყნების აგენტურად და ასე შემდეგ, როგორ გამოიყენებენ ამ წიგნებს სკოლები, ეს ხომ იქნება ისტორიის დამახინჯება?

არ არის გამორიცხული, თუმცა ჯერ სანამ არ დაწერენ ამ წიგნებს და არ ვნახავთ რას გააკეთებენ, ვერაფერს დავამტკიცებთ.

არც ის არის გამორიცხული, რომ საერთოდ გააუქმონ სამოქალაქო განათლება ან შეიტანონ ჰომოფობიური, ქსენოფობიური ტექსტებიც. თუმცა ჯერ ვერაფერს ვიტყვით გადაჭრით.

უბრალოდ, ფაქტია, რომ ამას გააკეთებს ვიწრო წრე, რომელიც შეივსება მათი მომხრეებისგან და სხვა ადამიანებს – მეცნიერებს, პედაგოგებს და სპეციალისტებს, სახელმძღვანელოების შექმნაში მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

დღეს მასწავლებელთა საზოგადოებაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, არის ძლიერი პოლარიზაცია. ერთია, რომელიც არაფერში არ ენდობა მთავრობას, არც განათლების სამინისტროს და სულ ელოდება უარესობას, მეორე ნაწილი კი ემხრობა მთავრობას.

  • თქვენ, როგორც პედაგოგს, რა მოლოდინი გაქვთ, როგორი სახელმძღვანელო შეიძლება დაგხვდეთ კლასში?

დავიწყოთ იმით, რომ მე ველოდები გათავისუფლებას. არაქართულენოვან სკოლაში პროგრამით ვარ დასაქმებული, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი მასწავლებელი ვარ და უკვე გვაცნობეს რეორგანიზაციის შესახებ. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ გამათავისუფლონ.

 გათავისუფლებას ელოდებით პოლიტიკური ნიშნით?

ჩვენი უფროსი გვარწმუნებს, რომ არაფერი არ იქნება, დამშვიდდით, დაწყნარდითო გვეუბნება, მაგრამ ფაქტია, რომ გამოგვიგზავნეს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადება და მეცნობა, რომ შესაძლოა მე გამათავისუფლონ.

  • გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 40 ადამიანი გაუშვეს რეორგანიზაციის მოტივით და რატომღაც შეარჩიეს ის ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დადიოდნენ, იგივე შეიძლება განმეორდეს თქვენ შემთხვევაშიც? – საკმაოდ კრიტიკული ხართ სისტემის მიმართ.

ზოგი ამბობს, რომ პროგრამა დაიხურება. მაგრამ მე ვფიქრობ, არ დახურავენ პროგრამას, რადგან დაახლოებით 150 პროგრამელი ასწავლის ქართულს საქართველოს აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში და ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია. თუმცა არ გამოვრიცხავ, მასწავლებლების ნაწილი გაუშვან.

თუ ადამიანის გაშვება გინდა, ათასნაირ საფუძველს მოიგონებ.

  • დავუშვათ, დაგტოვეს სისტემაში, თუმცა შემოიტანეს ფსევდოღირებულებებით გაჯერებული სასწავლო პროგრამა. რამდენად რთული იქნება მსგავს ვითარებაში თქვენთვის სკოლაში მუშაობა? 

მე. როგორც მასწავლებელს, შემიძლია ხმის ამოღება და ამას ყოველთვის ვაკეთებდი, როცა წინააღმდეგი ვიყავი რაიმე სისტემური ნაბიჯის. მაგრამ ის, რომ ჩემი ხმაურით ავიყოლებ სხვებს და ერთმანეთის მხარდაჭერით გამოგვივა რაიმეს შეცვლა, ამის იმედი არ მაქვს. ჩვენ ეს გვიჭირს – ერთად შეკრება და ერთმანეთის მხარდაჭერა მასწავლებლებს. ალბათ ისევ ცალკეული ადამიანები თუ იტყვიან რამეს.

პროპაგანდას რაც შეეხება, თუ ჩინეთად ან რუსეთად არ გვაქციეს და ცენზურას არ დაუქვემდებარეს ინტერნეტიც, დღეს თუ ადამიანს ობიექტური ინფორმაციის მიღება უნდა, მას აქვს არჩევანი და შეუძლია მოიძიოს ეს ინფორმაცია. ამიტომ, ვფიქრობ, უფრო მეტად გაჭირდება ახალი, იდეოლოგიზებული თაობის გაზრდა. ამ მხრივ უფრო მაქვს იმედი, რომ გაუჭირდებათ ამის გაკეთება, რადგან სხვა დროა. ენები იციან ბავშვებმა და იციან ინფორმაციის მოძიება – ასე იოლად ყველანაირ პროპაგანდას არ წამოეგებიან.

ახალი თაობის  გარკვეულ ნაწილზე პროპაგანდამ შესაძლოა იმოქმედოს და ახალი მომხრეებიც გამოზარდონ (ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნეში არსებობენ ახალგაზრდები, რომლებზეც გარკვეულმა ჯგუფებმა მოახდინეს ზეგავლენა და სტალინისტებად ჩამოყალიბდნენ),  მაგრამ მთელ მასაზე პროპაგანდა ვერ გაჭრის.

„ქარველი მეგობრები თავიდან გვასწავლით, როგორ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის“ – EU-ს დეპუტატი

„ჩართული ვიყავი, უმრავლესობა რომ დაგვერწმუნებინა პრემია მზიასთვის [მზია ამაღლობელი] მიგვეცა. ეს არის ჯილდო მისი პირადი სიმამაცისთვის, ასევე პრემია ქართველი ხალხისთვის, მათთვის, ვისაც სჯერა ევროპული მომავლის.

მიუხედავად რეპრესიებისა, საფრთხეებისა, ამ დრომდე ქართველების 80 %-ს სჯერა, ისევ სურს, იყოს ევროპული პროექტის ნაწილი. ეს არის ნიშანი, სიმბოლო ბევრი მამაცი ადამიანის,“ – განაცხადა „ევროსკოპის“ ეთერში ევროპარლამენტის წევრმა, სერგეი ლაგოდისნკიმ. მას შეკითხვა მზია ამაღლობელის სახაროვის პრემიით დაჯილდოების შესახებ დაუსვეს.

ჟურნალისტს, გამოცემების –  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია 2025 წლის 22 ოქტომბერს გადასცეს.

„რაც მოხდა რუსეთში, ბელარუსში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში არ მოხდება და ეს მოქმედი ხელისუფლება ქვეყანას ავტორიტარიზმისკენ არ წაიყვანს ისე, როგორც სხვა ქვეყნებმა ქნეს. ჩვენ უკვე ვხედავთ გმირებს ქართველებს შორის და ეს პრემია მათთვისაა,“ – აღნიშნა სერგეი ლაგოდინსკიმ.

ევროპარლამენტარმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია წელს არ მონაწილეობდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში.

სერგეი ლაგოდისკის თქმით, ერევანში ესაუბრა ადამიანებს საქართველოდან. „ისინი უშიშრად საუბრობენ. ევროპაში ადამიანებს უკვე დაავიწყდათ, რა ფასი აქვს თავისუფლებას. ჩვენო ქართველო მეგობრებო, თავიდან გვასწავლით, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ თავისუფლების ფასი, ვიბრძოლოთ და ვიდგეთ თავისუფლებისთვის,“ – განაცხადა სერგეი ლაგოდისკიმ.

___

ამ თემაზე:

მზია ამაღლობელი ყველასთვის მაგალითია – სერგეი ლაგოდინსკი

საია: ციხის ადმინისტრაცია გეგმავს მზია ამაღლობელისათვის თვალზე კვლევების ჩატარებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში მზია ამაღლობელს თვალზე კვლევები მის მიერ შერჩეულ კლინიკაში ჩაუტარდება.

„საიასთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირაში ციხის ადმინისტრაცია გეგმავს მზია ამაღლობელისათვის თვალზე კვლევების ჩატარებას იმ კლინიკაში, რომელიც მზიამ შეარჩია“ – წერს საია.

ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს – სახაროვის პრემიის მფლობელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ მზია ამაღლობელს მნიშვნელოვნად დაუქვეითდა მხედველობა.

მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა და ადვოკატის არაერთი მოთხოვნისა, მას დღემდე არ უტარდება მდგომარეობის გამოსაკვლევად აუცილებელი მაღალტექნოლოგიური კვლევები.

დღეს საიამ გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებული სამედიცინო ისტორია, რომელიც აჩვენებს, რომ პატიმრობაში მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა

მზია ამაღლობელმა და მისმა ადვოკატმა არაერთხელ მოითხოვეს სრულფასოვანი კვლევების ჩატარება სპეციალიზებულ კლინიკებში: „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“, სადაც პაციენტის წინა კვლევების ისტორია ინახება და შესაძლებელია ტოპოგრაფიული მონაცემების შედარება, ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრში“.

ამონარიდი მზია ამაღლობელის მიერ ციხის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილი წერილიდან:

„…თქვენი დაწესებულების პროვაიდერ კლინიკა „მზერას“ არ გააჩნია თანამედროვე/საჭირო აპარატურა და მისი ჩატარებული კვლევები ვერ აჩვენებდა სრულყოფილ სურათს. გარდა ამისა, მე არ გამსაუბრებია კლინიკა „მზერას“ ის ექიმი, რომელმაც გასცა რეკომენდაცია.

ჩემთვის პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები — რა რისკები გააჩნია ან რა შედეგის შემცველი იქნებოდა ის მანიპულაცია თვალზე, რის რეკომენდაციაც მივიღე.

ვიცი, მედიცინაში გარანტიები არ არსებობს, შესაბამისად, არც გაიცემა და არც ველოდები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ერთ თვალში (მარჯვენა) შემომრჩა მხედველობის ის ხარისხი, რითაც ძირითადად სათვალის გამოყენებით ვახერხებ კითხვას, ვალდებული ვარ, გადაწყვეტილებებში ვიყო უფრო ფრთხილი.

ჩემი მხედველობის შენარჩუნება ან/ და გაზრდა შესაძლებლად მიმაჩნია ჩემს სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში, სადაც ექიმებს აქვთ კერატოკონუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება“.

ორი მცირეწლოვანი შვილის მამას საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის ვეფხია მამულაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ვეფხიას 24 ნოემბერს თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარეს და ახლა რეაბილიტაციაა საჭირო.

ვეფხიას მეუღლემ, მედეა გოგსაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვეფხია, რომელსაც პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი აქვს, ბავშვობიდან ერთი თირკმლით ცხოვრობდა, ბოლო წელია დიალიზზე იმყოფებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და საბოლოოდ, ოპერაცია გახდა საჭირო.

ახლა ოჯახი ცდილობს საჭირო თანხა შეაგროვოს ანალიზებისა და მედიკამენტებისთვის, მაშინ, როცა ვერ მუშაობს ვერც ვეფხია და ვერც მისი მეუღლე. ცოლ-ქმარს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს.

„აქამდე ვმუშაობდი, მაგრამ ვეღარ ვახერხებ, ვეფხიას და ბავშვებს ყურადღება სჭირდებათ და საკუთარი ძალებით ვეღარ ვახერხებთ მკურნალობის გაგრძელებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვას.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ სამწუხაროდ, შემდეგი ეტაპის მკურნალობა და მუდმივი მედიკამენტები საკმაოდ ძვირი ჯდება. ამ ყველაფერმა ჩვენი ოჯახის ფინანსური რესურსები მთლიანად ამოიწურა.

ნებისმიერი დახმარება – თუნდაც ყველაზე მცირე – ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. თითოეული ადამიანის მხარდაჭერა ჩვენი ოჯახის იმედია,“ – ამბობს მედეა გორგაძე.

ვეფხია მამულაძის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

თბს ბანკი: GE34TB7812645064300023

საქართველოს ბანკი: GE29BG0000000528305550

მიმღები: მედეა გორგაძე

დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითეთ: ვეფხიასთვის

„ისტორიის გაკვეთილი“ – ბათუმში „ინდიგო“ ვორქშოპი გაიმართება

13 დეკემბერს ბათუმში შეხვედრა გაიმართება თემაზე – „ისტორიის გაკვეთილი“.  მონაწილეობა თავისუფალია და შეუძლია ყველას, ვისაც უახლესი წარსული და საქართველოში 1990-2008 წლების ომების ისტორია აინტერესებს.

შეხვედრას გაუძღვებიან მკვლევარი ზურა წურწუმია და გამოცემა „ინდიგოს“ რედაქტორი ნინო ლომაძე.

„ჩვენ ერთ დღეში მოვყვებით, მოვისმენთ და განვიხილავთ ისტორიას სამ ომზე, რომლებიც XX და XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოში მოხდა: 1991-1992 ცხინვალის ომი, 1992-1993 აფხაზეთის ომი და 2008 რუსეთ-საქართველოს ომი.

ისტორიას მოვყვებით ადამიანების პერსპექტივიდან, რომ ყური დავუგდოთ მათ, ვინც ომში საყვარელი ადამიანები, საკუთარი ყოველდღიურობა, სახლები და სოფლები დაკარგა. განვიხილავთ ისტორიულ დოკუმენტებს და ფაქტებს ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კონტექსტის აღსადგენად. რომ გავიხსენოთ გზა, რამაც დღევანდელ გეოპოლიტიკურ გამოწვევებამდე მოგვიყვანა, რომ დიდ რეგიონში საკუთარი თავის აღქმა და მეზობლებთან ისტორიული კონტექსტით განპირობებული დამოკიდებულების გაგება შევძლოთ.

ვორქშოპში მონაწილეები კონფლიქტებს დაინახავენ პროცესებში ჩართული ოთხი მხარის პერსპექტივიდან და მათ მოტივებზე იმსჯელებენ. ყოველი მხარის გადაწყვეტილებებს ერთმანეთთან მიმართებაში დაინახავენ და მათი გადაწყვეტილებების შედეგებს გაანალიზებენ. ვორქშოპის მონაწილეები დაამუშავებენ მოვლენათა მთელ ფაქტობრივ ქრონიკას, ხოლო კონფლიქტის ხელშესახებ, რეალურ შედეგებს ადამიანების ისტორიების გაზიარებით შეძლებენ“ – ნათქვამია ღონისძიების ანონსში, რომელსაც „ინდიგო“ აქვეყნებს.

შეხვედრა გაიმართება 2025 წლის 13 დეკემბერს ბათუმში, კაფე „1905“-ში [მის: ზ. გამსახურდიას 14]. დასაწყისი – 11:00 საათზე,  დასასრული – 17:00 საათზე.

მონაწილეობა უფასოა.

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

შოპინგის სახალისო ნაწილი ყველას უყვარს, იქნება ეს ნივთების ყიდვა ახალი ჰობისთვის, საჩუქრების არჩევა საყვარელი ადამიანებისთვის, თუ გარდერობის ან ტექნიკის განახლება. თუმცა ხშირ შემთხვევაში,  ჩვენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი არა სახალისო, არამედ რუტინულ შოპინგზე იხარჯება.

სურსათი, საწმენდი საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები და წვრილმანები, რაც თვის განმავლობაში შეუმჩნევლად გროვდება – ეს აუცილებელი ხარჯები ჩვენი ფინანსური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იმ შემთხვევაშიც, როცა მათგან ვერავითარ სარგებელს ვიღებთ.

თუმცა თიბისის ერგული საკრედიტო ბარათის დახმარებით შეგიძლია, შეიმსუბუქო ყოველდღიური ხარჯების ტვირთი და რუტინული შოპინგი უფრო სახალისო გახადო.

ამისთვის საყიდლების სიის შეცვლა საერთოდ არ დაგჭირდება. საკმარისია, გადაიხადო თიბისის ერთგული ბარათით იქ, სადაც ისედაც იხდი, და უფრო მეტი ქეშბექი ავტომატურად დაგიბრუნდება ერთგულის საფულეში.

მნიშვნელობა არ აქვს, ყველაზე მეტ ფულს სურსათზე ხარჯავ, მედიკამენტებზე თუ თავის მოვლის საშუალებებზე, რადგან 12%-მდე ქეშბექს ერთგულის 4 000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში დაიბრუნებ. თანაც ეს ყველაფერი მრავალჯერადად. გარდა ამისა, შერჩეულ ობიექტებში 50%-მდე ქეშბექ შეთავაზებებსაც რეგულარულად მიიღებ.

ამასთან, ერთგული ბარათის დაფარვის მოქნილი პირობები საშუალებას გაძლევს, საკრედიტო ბარათი შენი საჭიროებისა და სურვილისამებრ გამოიყენო. დავალიანების სრულად დაფარვა კი მაქსიმუმ 55 დღეში შეგიძლია ისე, რომ წლიური პროცენტი არ დაგერიცხება.

რაც მთავარია, ლიმიტის დამტკიცება და ბარათის აღება 1-2 წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. ერთგული ბარათის ციფრულ საფულეში გადატანას და ლიმიტით სარგებლობას კი მომენტალურად შეძლებ.

რუტინული შოპინგი გარდაუვალია, თუმცა ის ტვირთად არ უნდა იქცეს. თუ სადებეტო ბარათს ყოველკვირეულად ათობით მაღაზიაში ისედაც ატარებ, შეცვალე ის ერთგული საკრედიტო ბარათით, და აქციე თითოეული გადახადა უფრო მეტ სარგებლად.

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი პოლიციელებმა ბათუმში დააკავეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებებით და იარაღით ვაჭრობას, ასევე ქონების დაზიანებას ედავებიან.

დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. შსს-ს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 181 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 403 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 689 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 34 917 ერთეული [+10]
  • MLRS – 1 562 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 88 457 ერთეული [+530]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 058 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 69 182 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 4 018 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 101 131 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 445 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 627 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 788 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 590 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის ასაშენებლად 480 მილიონია საჭირო

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობისთვის, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯამში 480 მილიონი ლარია საჭირო.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეს თანხა 4 წელზეა გადანაწილებული შემდეგი ოდენობით:

  • 2026 წელი – 15 მილიონი ლარი
  • 2027 წელი – 85 მილიონი ლარი
  • 2028 წელი – 160 მილიონი ლარი
  • 2029 წელი – 220 მილიონი ლარი

„ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლის მშენებლობის პროექტის მოსალოდნელი შუალედური შედეგია: მიწების გამოსყიდვასთან დაკავშირებით დაწყებული პროცედურები.

საბოლოო შედეგი კი – აშენებული 31 კმ-იანი საავტომობილო გზაა, რითაც გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტით მგზავრთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება, შემცირდება მგზავრობის დრო და ა.შ.

ასევე საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა სატრანსპორტო გადაზიდვების საერთაშორისო კორიდორებში, ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობის უზრულველყოფა“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.

გზის პროექტის დონორად კი აზიის განვითარების ბანკია [ADB] მითითებული.

რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი – დაფინანსების წყარო[ები], არის თუ არა ცნობილი დონორი და პროექტის მთლიანი ღირებულება [მშენებლობის ჩათვლით]. როდის გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2025 წლის პირველ სექტემბერს მიმართა.

„დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარეობს ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები და ამ ეტაპისთვის არ არის დასრულებული საპროექტო სამუშაოები. შესაბამისად, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებელობას, მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან 11 სექტემბერს.

დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ „ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის გამო რამდენი კერძო ნაკვეთი და რამდენი საცხოვრებელი სახლი მოხვდა აღებაში? რა თანხაა გათვალისწინებული მათ საკომპენსაციოდ? დაწყებულია თუ არა გამოსყიდვა?“

„მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადების პროცესშია მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნულ ეტაპზე ხდება არსებული სიტუაციის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საკონსულტაციო კომპანიის მიერ. შესაბამისად, დეპარტამენტისთვის დღეისათვის უცნობია განთვისების ზოლში მოქცეული უძრავი ქონების რაოდენობა და საკომპენსაციო ღირებულებები.“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

როდის გამოცხადდება ტენდერი გზის მშენებლობაზე, ამ დროისთვისაც უცნობია.

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.

პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს [ასაშენებელი გზა მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.]

გათვალისწინებულია ორი დამატებითი კვანძის მოწყობა და არსებული გვირაბების პარალელურად 2 ახალი, ორზოლიანი გვირაბის აშენება. გვირაბები აშენდება სოფ. ქვედა აჭყვასთან და დაბა ჩაქვთან. პირველი გვირაბის [ქვედა აჭყვასთან] სიგრძე შეადგენს 250 მეტრს, ხოლო მეორე გვირაბის [ჩაქვთან] – 164 მეტრს.

საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.

ამჯერად კი ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდეა შემცირებული.

ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანია, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად უსაფრთხო არ არის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან 2025 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ქობულეთის შემოვლით გზაზე 105 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 35 და დაშავდა სულ ცოტა 221 ადამიანი [მხოლოდ 2025 წლის ზაფხულში ამ გზაზე ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 15-მდე დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანებიც]. ამ გზაზე 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი მონაცემები არ გვაქვს.

ეს გზა, ისევე როგორც ბათუმის შემოვლითი გზა, არ არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი [ავტობანი]. არის ორზოლიანი და სავალ ზოლებს შორის არ აქვს გამყოფი ბარიერი.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ასევე დაზიანებულია სადეფორმაციო ნაკერიც.

ამ თემაზე ვრცლად

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

პარლამენტის აპარატში ფულადი ჯილდოები და დანამატები უკანონოდ გაიცა – აუდიტი

საქართველოს პარლამენტის აპარატში, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში კანონდარღვევით გაიცა ფულადი ჯილდოები და სახელფასო დანამატები. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტი წერს თავის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, ჯამში, 100 ათას ლარზე მეტი ჯილდო და დანამატია გაცემული 2022 წელს.

აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის“ ანგარიში 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ამ ანგარიშის მიხედვით:

„მოხელეს ფულადი ჯილდო ეძლევა ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე მისი შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ამასთანავე, ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს მოლოდ იმ მოხელეს, რომელმაც შეფასების შედეგად მიიღო შეფასება − „საუკეთესო“ ან „კარგი“.

პარლამენტის აპარატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები რამდენიმე შემთხვევაში არ მოიცავდა შეფასების შედეგებს. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 10 მოხელეზე გაცემულია ჯილდო [18 407 ლარი], მათი შეფასების გარეშე.

კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისთვის სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს განსაზღვრის უფლებამოსილება ხორციელდება ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით.

2022 წელს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელზე ფულადი ჯილდო და სახელფასო დანამატი [ჯამში 8 360 ლარი] გაცემულია საკუთარი ბრძანებების საფუძველზე, ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე.

მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე სახელფასო დანამატის გაცემას, რომლის მიცემის უფლებამოსილება უნდა გამომდინარეობდეს ხელშეკრულების პირობებიდან.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში 2022 წელს გაიცა სახელფასო დანამატი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ 5 პირზე [თანხით 6 400 ლარი], რომლის გაცემის უფლებამოსილება ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე, არ არსებობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელეს ფულადი ჯილდო ეძლევა შეფასების შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

2022 წელს პარლამენტში 26 მოხელეზე 10 400 ლარის ჯილდო გაიცა, 2021 წლის შედეგების საფუძველზე. ანალოგიურად, ბიბლიოთეკაში 2021 წლის შედეგების გათვალისწინებით, 2022 წელს გაცემულია 72 467 ლარის ფულადი ჯილდო“.

ამ და სხვა დარღვევებისა თუ შეუსაბამობების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტს სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა.

„აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების საპასუხოდ, წარმოგიდგენთ ჩვენს რეკომენდაციებს და ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვან სხვა ინფორმაციას“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურიდან შალვა პაპუაშვილისთვის 2025 წლის აპრილში გაგზავნილ წერილში.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 დეკემბრის 21 საათიდან 8 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 9 და 10 დეკემბერს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია წვიმა.

 

ჩარიცხვის აპარატების ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც დიდი ოდენობით ფულად თანხას დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაზიანებულ ჩარიცხვის აპარატებს მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნო.“ – წერს შსს.

შსს-ს ინფორმაციით, „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დაკავებულნი არიან, წარსულში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული: 2008 წელს დაბადებული ა.ა., 2006 წელს დაბადებული შ.ო., 2008 წელს დაბადებული მ.ა. და 2009 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ნოემბერში, მარნეულში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზიაც გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს“ – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 180 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 401 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 23 688 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 34 907 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 562 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 87 927 ერთეული [+540]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 054 ერთეული [+30]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 69 135 ერთეული [+98]
  • სპეცტექნიკა – 4 015 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 100 960 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 428 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 627 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 769 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 520 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბა, გაითიშა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიც

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ახალ საბავშვო ბაღებს ბათუმის მერია 2026 წელს არ ააშენებს

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. მომავალ წელს მერია ორი ბაღის შენობის, სამი ბაღის ეზოს კეთილმოწყობას და ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას გეგმავს „ოცნების ქალაქში“.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მუნიციპალური საბავშვო ბაღების ნაკლებობაა და ამას მერიაც აღიარებს, ახალი ბაღის მშენებლობისთვის თანხა მაინც არ გაითვალისწინეს. მიზეზს მერიაში არ განმარტავენ. თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტში მერია ხელფასებისთვის 6,7 მილიონ ლარს დაამატებს, ხოლო მთლიანად ხელფასებში 62 750 600 ლარს დახარჯავს.

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში კი, ბათუმის მერია წერს, რომ „ქალაქის განვითარებასთან ერთად მოთხოვნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე დღითიდღე იზრდება. არსებული მუნიციპალური საბავშვო ბაღები რთულად უმკლავდებიან მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, რაც ქმნის ახალი ბაღების მშენებლობის აუცილებლობას.“

„2025 წლის ზაფხულში დაიწყო და 2026 წელს დასრულდება N6, N10, N16 საჯარო საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2026 წელს დაიწყება სამუშაოების პროცესი N9 და N15 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით და დასრულდება 2026 წელს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს განახლებადი ენერგიის გამოყენების ტექნოლოგიების დანერგვას შენობების გათბობა-გაგრილების სისტემებში [მათ შორის წყლის გამათბობლები], შენობის ენერგოეფექტურად დათბუნების ღონისძიებებს: კარ-ფანჯრების სრულად ჩანაცვლებას შესაბამისი სტანდარტების დაცვით, შენობის კედლების/ჭერის შეფუთვა/იზოლაციას. შენობის სრულ რემონტს“, – წერია ბიუჯეტის პროექტში.

ბათუმში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის [ენერგოეფექტიანობა – KFW ბანკი] პროექტისთვის 3 500 000 ლარი, ხოლო დამატებითი თანადაფინანსებისთვის 2 080 700 ლარია გათვალისწინებული.

„საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობით მიმდინარეობს პროექტი „ენერგოეფექტური ღონისძიებები და ევროკავშირის ენერგოეფექტურ სტანდარტებთან დაახლოება საქართველოში“, რომელიც ითვალისწინებს ბათუმის საჯარო საბავშვო ბაღების სრულ რეაბილიტაციას [ენერგოეფექტურობის, სტრუქტურული, კომფორტის და უსაფრთხოების ღონისძიებები [მათ შორის სახანძრო].

პროექტს 7 522 000 ევროს ოდენობით გრანტის სახით დახმარებას უწევს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი [KfW]. საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, ბათუმის მუნიციპალიტეტის დამატებითი საპარტნიორო თანამონაწილეობა შეადგენს 10%-ს, რაც ფარავს, მაგალითად, შერჩეული საბავშვო ბაღების ეზოების რეაბილიტაციის ხარჯებს. ამავდროულად, ბათუმის მუნიციპალიტეტი ვალდებულია თავად გადაიხადოს ყველა გადასახადი [მათ შორის დღგ], სხვა სახელმწიფო მოსაკრებელი და ბაჟი პროექტისთვის“, – აღნიშნულია ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ამავე პროექტში აღნიშნულია ასევე, რომ „ბათუმში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის [ენერგოეფექტიანობა – KFW ბანკი] პროექტის დამატებითი თანადაფინანსება მრავალწლიანი პროექტია, სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2021-2026 წ.წ.] შეადგენს 29 847 296ლარს [საგრანტო თანხა, დღგ, თანამონაწილეობა. მოცემული თანხა ლარში მიღებულია – 9 628 160 ევროს გამრავლებით ევროს გაცვლით კურსზე“.

2026 წელს ბათუმში ასევე დაგეგმილია:

  • შ. ინასარიძის ქუჩა N21ა-ში მდებარე N6 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. გამოყოფილია 1 079 854 ლარი
  • დ. აღმაშენებლის ქუჩა N14-ში მდებარე N10 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა – 1 259 234 ლარი
  • ა. პუშკინის ქუჩა N113-ში მდებარე N16 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა  – 1 165 626 ლარი

რაც შეეხება ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, 2025 წლის ბიუჯეტში 1 573 000 ლარია გაწერილი, სოლო 2026 წლისთვის – 5 700 132 ლარი.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 6 630 952 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა საბავშვო ბაღი გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის მხარეს შენდება – „ოცნების ქალაქის“ ახალაშენებული კორპუსების გვერდით.

ამ ტენდერში, რომელიც 14 ნოემბერს დასრულდა, 4 კომპანია მონაწილეობდა. მერიის სამმართველომ გამარჯვებულად შპს „დს კონსტრაქშენი“ გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება საერთო ღირებულებით 6 321 598 ლარზე გააფორმა 2025 წლის 2 დეკემბერს.

პროექტის მიხედვით, 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება. მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, 2026 წლის 16 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ამ და ბათუმის მერიის მიერ ბაღების მშენებლობის თემაზე ნახეთ ამ ბმულზე:

„ოცნების ქალაქში“ საბავშვო ბაღის აშენებას ბათუმის მერია გეგმავს – დაიხარჯება 6,6 მილიონი

 

 

რა ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში? – სუს-მა გამოძიება დაასრულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნივთიერება, რომელიც შსს-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროევროპული აქციების დარბევისას გამოიყენა არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი. სუს-ის უფროსის მოადგილის, ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერება შსს-მ ორჯერ – 2007 და 2009 წლებში იყიდა ებრაული კომპანიისგან.ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, ქიმიური ექსპერტიზა ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.რაც შეეხება ბრომობენზილ ციანიდს, იგივე კამიტს, უწყებაში აცხადებენ, რომ “ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია”.

“ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შსს-ისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. შსს-ის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 1-ელი და მე-2 სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა. ხსენებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი.

აღნიშნული ნივთიერება შსს-ის მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 17 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ქლოროტრიქლორეთილენთან ერთად. მას, ტრანსპორტირებისას, მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს გადაზიდვის კოდი – UN1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის, გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც.

ნიმუშის სახით ამოღებულია 17,5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება – ქოლობენზინიდილ მალონონიტრილი, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439

[…] გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისთვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება ქლორობენზინიდილ მალონონიტრილი, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება პრომილენ გლიკოლის ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერებების კატეგორიას”, – განაცხადა მაღრაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოიღეს შემდეგი ნივთიერებები:

  1. ქლორობენზილიდინ მალონოლიტრინი;
  2. ტრიქლორეთილები (ამ შემთხვევაში  საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე – 880 ლიტრის ოდენობით);
  3. პრომილენ გლიკოლი.

გარდა ამისა, ლაშა მაღრაძის თქმით, BBC-ის გამოძიებაში ნახსენები კოდების ქვეშ არსებული ნივთიერებები, ბოლო 20 წლის განმავლობაში, შსს-ის გარდა სხვა ქართულ ორგანიზაციებსაც აქვთ შემოტანილი. მათ შორის, “ავერსი რაციონალს”, “ჯიპისი”, “რუსთავის აზოტს” და ა.შ.

“ტრანსპორტირების ტვირთი UN3439 – 507-ჯერ და ტრანსპორტირების კოდი UN1710 – 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომლებზეც გამოძიება 5 დღის წინ, 1-ელ დეკემბერს დაიწყო, “ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები”.

“საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება კამიტს.

ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ კამიტის გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ.

გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიც. ასევე, ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად, შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება ბრომობენზილციანიდის, ე.წ. კამიტის გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

მისი თქმით, სუს-მა ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეებში, სასწრაფოს ბრიგადებმა სტაციონარში გადაიყვანეს 54 ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ 5-ს აღენიშნებოდა მსუბუქი ინტოქსიკაცია. მაღრაძის თქმით, 5-ვე მათგანი მეორე დღესვე გაწერეს საავადმყოფოდან.

მაღრაძის თქმით, გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთი მათგანის, შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა. უწყებაში ამბობენ, რომ შერგელაშვილის მიმართ მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები “ახლო წარსულში [მომხდარ] ერთ-ერთ რეზონანსულ, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, მათ შორის, ასაფეთქებელი ნივთიერების, ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს”. მაღრაძის თქმით, საქმე ეხება სავარაუდოდ, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ ამბავს.

“გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს აღნიშნული საბრძოლო მასალის ასაფეთქებელი ნივთიერებსა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში.

ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი კამიტის მომიტინგეთა წინააღმდეგ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად, მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად.

შესაბამისად, ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთად დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ, წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ კამიტის გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. სახელ,წიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც სსკ-ის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს”, – განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილემ.

ამავე თემაზე:

ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა – დეპარტამენტი განსახლებისა და სხვა სკითხებში კონსულტანტებს იწვევს

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონსულტანტებს იწვევს. გარკვეულ სფეროებში სპეციალისტების მიერ ინტერესების გამოსახატად დეპარტამენტმა განცხადებები უკვე გამოაქვეყნა – განსახლების გარე მონიტორინგის, გარემოს დაცვისა და პროექტის განხორციელების ადგილობრივი სპეციალისტების მომსახურებაზე.

უშუალოდ ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში კი, წინადადებების წარდგენის ვადა არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრის 16:00 საათია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამჯერად იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატავად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად:

  • განსახლების გარე მონიტორინგის ადგილობრივი კონსულტანტი. დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 2 წელი. საკონსულტაციო მომსახურების ბიუჯეტი კი 18 ათასი აშშ დოლარია.

განსახლების გარე მონიტორინგის ადგილობრივ კონსულტანტს ევალება მონიტორინგი განახორციელოს მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შიდა მონიტორინგის პარალელურად. გარე მონიტორინგის მთავარი მიზანია პროცესების შესაბამისობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და გავლენის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი კორექტირების ზომების შეთავაზება. დავალება ასევე მოიცავს ადგილმდებარეობის პირობების ანალიზს, კომპენსაციის გაცემას და საჩივრების განხილვის პროცედურებს.

კონსულტანტმა უნდა გადახედოს კომპენსაციის ანგარიშებს და დაადასტუროს, რომ კომპენსაცია გაცემულია ყველა ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირისთვის და ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა კონტრაქტებში განსაზღვრული ოდენობით; გადახედოს და შეაფასოს ამ პირებისთვის გაცემული კომპენსაციის ადეკვატურობა, ასევე მათი საარსებო წყაროს შესაძლებლობები, შემოსავლები და ცხოვრების ხარისხი;

შეაფასოს ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებთან, განსაკუთრებით დაუცველ პირებთან, კონსულტაციის პროცესის ადეკვატურობა და ეფექტურობა, მათ შორის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირებისთვის ხელმისაწვდომი საჩივრების პროცედურებისა და სამართლებრივი დაცვის საშუალებების ადეკვატურობა და ეფექტურობა, ასევე ამ ინფორმაციის გავრცელება და სხვა.

  • გარემოს დაცვის ადგილობრივი სპეციალისტი. დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 წელი, ხოლო საკონსულტაციო მომსახურების ბიუჯეტი 143 ათასი აშშ დოლარია.

ამ კუთხით კონსულტანტს ევალება თვალყური ადევნოს გარემოსდაცვითი მონიტორინგის ანგარიშების დროულ მიღებას სამშენებლო ზედამხედველობის საკონსულტაციო ფირმისგან, შეაფასოს ეს ანგარიშები და საჭიროებისამებრ გასცეს რეკომენდაციები მათი გაუმჯობესებისთვის; თვალყური ადევნოს დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირებას და დადგენილი კორექტირების ზომების გამოყენებას.

მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი დამატებითი გარემოსდაცვითი კვლევის ჩატარებაში, ადგილმდებარეობის გარემოსდაცვითი მართვის გეგმების შემუშავებაში და სხვა.

  • პროექტის განხორციელების ადგილობრივი სპეციალისტი. დავალების სავარაუდო ხანგრძლივობაა 4 წელი. საკონსულტაციო მომსახურების ბიუჯეტი კი ამ შემთხვევაში 178 ათასი აშშ დოლარია.

კონსულტანტი პასუხისმგებელი იქნება უცხოური პროექტების/საერთაშორისო შესყიდვების განყოფილების დახმარებაზე საქონლის, სამუშაოების და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, კონტრაქტების მართვაში, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებში და პროექტის მართვასთან დაკავშირებულ სხვა ასპექტებში.

კერძოდ, კონსულტანტმა რეგულარულად უნდა შეაგროვოს ზედამხედველობის ინჟინრის მიერ წარდგენილი ანგარიშები და ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაცია; შეგროვებული ინფორმაციის [ინჟინრის, ზედამხედველობის ინჟინრის და კონტრაქტორის] შეჯამება და ანალიზი დამსაქმებლის მიერ განსახილველად…

მასვე ევალება კონტრაქტში ცვლილებების მომზადება; დახმარება კონტრაქტებთან და შესყიდვებთან დაკავშირებული პრეტენზიების, სატენდერო წინადადებების გასაჩივრებისა და სასამართლო დავების განხილვაში. ასევე მას ექნება გარკვეული მოვალეობები პროექტის ფარგლებში უშუალოდ შესყიდვებთან დაკავშირებით,  ანგარიშების წარდგენის და სხვა.

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის [თურქეთის საზღვარი] გზის მშენებლობის პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა. ამავე სამინისტროს 2025-2028 წლების საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის 620 მილიონი ლარი იყო გათვლილი.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, ბათუმი[ჭოროხი]-სარფის მონაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტისთვის ჯამში 895 მილიონი ლარია გაწერილი [აქდან 2025 წელს – 35 მილიონი, 2026 წელს – 160 მილიონი, 2027 წელს – 200 მილიონი, 2028 წელს -250 მილიონი და 2029 წელს – 250 მილიონი ლარი].

ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის, მათ შორის 7.6 კმ სიგრძის გვირაბის და 3 ხიდის, აქედან 1.47 კმ სიგრძის ვიადუკისა და 500 მ სიგრძის ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.

სამშენებლო სამუშაოების ვადა 48 თვეა.

ამავე თემაზე

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

 

 

„ადამიანის უფლებები და ფილოსოფია“ – საჯარო ლექცია ბათუმში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსის ორგანიზებით ბათუმში, 6 დეკემბერს, გაიმართება ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექცია –  „ადამიანის უფლებები და ფილოსოფია“.

ლექცია ჩატარედება შშმ ქალთა ალიანსის ოფისში, მისამართზე: ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N49, შაბათს, 6 დეკემბერს, 15:00 საათზე.

„ლექციის დასასრულს დაგეგმილია თანასწორობის კუთხის გახსნა – ქართული და მსოფლიო მხატვრული, დოკუმენტური და ფილოსოფიური ლიტერატურა ხელმისაწვდომი იქნება კუთხის ყველა მკითხველისთვის.“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 179 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 398 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 688 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 34 874 ერთეული [+31]
  • MLRS – 1 560ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 431 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 87 387 ერთეული [+487]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 024 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 69 037 ერთეული [+130]
  • სპეცტექნიკა – 4 015 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 100 788 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 638 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 412 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 627 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 740 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 48 468 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„დღეს უკვე რუსეთია ჩინეთის უმცროსი ძმა“ – ინტერვიუ გენერალთან რუსეთ-უკრაინის ომზე

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ამ ტემპით თუ გააგრძელეს, 3-5 წელი დასჭირდებათ რუსებს დონბასის დასაკავებლად – ინტერვიუ გენერალთან

„დღეს რუსები ოთხჯერ ნაკლებ ტექნიკას კარგავენ ბრძოლის ველზე, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა არა იმის გამო, რომ რუსები უფრო კარგად ომობენ. ეს არის უბრალოდ იმის გამო, რომ ტექნიკას აღარ იყენებენ. ვირიდან დაწყებული გადაჭრილი „მარშრუტკით“ დამთავრებული, ყველაფერს ნახავთ ბრძოლის ველზე, “ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.

გენერალი გვიყვება, სანდო პირებისგან მაქვს ინფორმაცია, დონბასის დაჯგუფების მეთაურები, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ბოლომდე აპირებენ ბრძოლას, უკრაინელების ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელიაო.

გადამდგარი გენერლის მოსაზრებით, რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლოა მნიშვნელოვანი მოთამაშე ჩინეთი გახდეს.

„თუ ადრე იყო რუსეთი ჩინეთის უფროსი ძმა, შემდეგ პარტნიორი, დღეს რუსეთი არის ჩინეთის უმცროსი ძმა და სატელიტი. ჩინეთს ძალიან დიდი ბერკეტები გააჩნია რუსეთზე ზემოქმედების,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება პოკროვსკიში? რუსეთი აცხადებს, რომ „პოკროვსკი გაათავისუფლა“, გენერალი სირსკი კი ამბობს, რომ უკრაინული ქვედანაყოფები ინარჩუნებენ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს.

ზოგადად თუ ვისაუბრებთ, შეიძლება ითქვას, რომ რუსები აკონტროლებენ პოკროვსკის. დარჩენილია რამდენიმე უბანი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც არის უკრაინელების კონტროლქვეშ.

უკრაინელები ცდილობენ, არ მისცენ საშუალება პოკროვსკიდან მომავალ ძალებს, შეიკრას ალყა, რის შემდეგადაც ალყაში მოჰყვება მირნოგრადი. პოკროვსკში მყოფი ჯარებს შეუძლიათ უკან გასვლა თავისუფლად, მაგრამ ალყაში მოხვედრის შემთხვევაში – ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან ალყის რკალი – მირნოგრადის დაჯგუფება შეიძლება მოჰყვეს ალყაში. ამიტომაც, გადაწყვეტილება მისაღებია ძალიან მალე: ორგანიზებულად გამოვიდნენ, ვიდრე ეს შესაძლებელია, თუმცა გარკვეული სირთულეები ექნებათ, ვინაიდან დაახლოებით 1 კილომეტრამდეა თითქმის ალყის ყელი მისული ერთმანეთთან, ან შემდეგ მოუწევთ მცირე ჯგუფებად, ცალკე გამოსვლა არაორგანიზებულად.

თუ არადა, მოუწევთ ალყაში ბრძოლის გაგრძელება. ეს გადაწყვეტილება დროზეა მისაღები. მიუხედავად იმისა, რომ პოკროვსკის აკონტროლებენ რუსები და ლოგისტიკას ახორციელებენ ფაქტობრივად შეფერხების გარეშე, მაინც ახერხებენ უკრაინელები ქალაქის ცენტრში შეღწევას და იქ ხდება ხოლმე ცალკეული, მცირე ზომის ჯგუფების საცეცხლე კონტაქტები.

პოკროვსკი და მირნოგრადი ერთად აღებული, მოსახლეობის რაოდენობით იმხელაა, როგორც ქუთაისი. ამისთვის დასჭირდა რუსეთს წელიწადზე მეტი დრო, ანუ „მსოფლიოში მეორე არმიას“.

  • რას ცვლის პოკროვსკის ოკუპაცია რუსეთ-უკრაინის ომში, როგორია მისი სამხედრო მნიშვნელობა?

უნდა განვიხილოთ პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაცია, ვინაიდან ეს ორი ქალაქი ერთად იყო თავდაცვითი ზღუდე.

ჩემი აზრით, დიდი ოპერატიული გარღვევა რუსებს ამით არ ჰქონიათ. ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის გასუფთავებული პოკროვსკი, ვინაიდან უკრაინელები, როგორც მოგახსენეთ, ჩრდილოეთ რაიონებში კვლავ აწარმოებენ ბრძოლას. ეს იქნება ფრონტის ხაზის გასწორება რუსების მხრიდან, ვინაიდან ჯიბედ შეჭრილი იყო ეს ტერიტორია რუსების განლაგებაში.

ამის შემდგომ რუსებს აქვთ შესაძლებლობა, ჩრდილო-სამხრეთი მიმართულებით შეუტიონ და დაიძრან დონბასის მთავარი თავდაცვითი რაიონის – კრამატორსკი-სლავიანსკის მიმართულებაზე. ამისთვის კი, რუსებმა ჯერ სხვა დასახლებული პუნქტები უნდა გაიარონ, რასაც რუსები ძალიან ძნელად ახერხებენ. ამ ტემპით თუ გააგრძელეს რუსებმა მოქმედება, სადღაც 3 – 5 წელი დასჭირდებათ დონბასის დაკავებისთვის.

უფრო საფრთხილო იქნება უკრაინელებისთვის, თუ დონბასის მაგივრად რუსები შეტრიალდებიან და შეტევას განავითარებენ უკვე სამხრეთ-დასავლეთით -კახოვკის წყალსაცავის მიმართულებით რომ წავიდნენ და ზაპოროჟიეში კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაიკავონ.

დონბასი მაინც არის ინდუსტრიული რაიონი – ძალიან ბევრია მაღარო, დასახლებული პუნქტი, ან მიტოვებული ფაბრიკა-ქარხანა, რაც საშუალებას აძლევს უკრაინელებს, მოეჭიდონ თავდაცვისთვის. ზაპოროჟიეს რაიონი  ძირითადად მაინც სტეპია, ღია ტერიტორიაა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ვინაიდან ასე შეაყოვნეს რუსები უკრაინელებმა ამ რაიონში, მათ უკვე მოახერხეს დამატებითი ზღუდეების აღმართვა.

  • დონბასზე საუბრობდა პუტინი ინდოეთშიც. სააგენტო „ტასს“ მოჰყავს ინდუტელეკომპანიასთან პუტინის ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც პუტინი ამბობს, რომ რუსეთი დონბასს ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს, ან სამხედრო გზით, ან უკრაინის ჯარები ამ ტერიტორიებს დატოვებენ და იქ ომს შეწყვეტენ. რატომ არჩია პუტინმა აქცენტი დონბასზე?

ეს აჩვენებს პუტინის სურვილებს: რაღაც ხომ მაინც უნდა შესთავაზოს თავის მოსახლეობას, რომ წარმატებას მიაღწია?

პუტინი ფაქტობრივად თანახმაა, მაგალითად, ხარკოვის რეგიონიდან ჯარების გაყვანაზე, მაგრამ უნდა დონბასის ტერიტორია. იტყვის, რომ აი, დონბასი შემოვიერთეთ მთლიანადო.

უკრაინაშიც ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან თითო გოჯ მიწისთვის კარგად ხედავთ, როგორც იბრძვიან უკრაინელები – საკმაოდ ჯიუტად. მაქვს ინფორმაცია ძალიან სანდო პირებისგან, რომ იმ დაჯგუფების მეთაურებმა, რომლებიც ახლა იბრძვიან დონბასში, განაცხადეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ დავტოვებთ ჩვენ პოზიციებსო.

  • ეს შესაძლებელია პრაქტიკულად?

უკრაინელების ხასიათიდან გამომდინარე – შესაძლებელია. შესაძლებელია, რომ მათ გააგრძელონ ბრძოლა დამოუკიდებლად. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება.

  • რა გამოჩნდა თქვენთვის კრემლში გამართული შეხვედრით ამერიკის წარმომადგენლებთან? ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ვენსმა, რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის ჩაშლა, მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ყველაზე დიდ იმედგაცრუებად შეაფასა. თქვენი დაკვირვებით, რა რესურსი რჩება ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტისთვის?

ძალიან გამიჭირდება საუბარი. ჯერჯერობით მხარეები წითელ ზოლებს კი საზღვრავენ, მაგრამ არ თმობენ. პუტინი რომ ჟონგლიორობს ამ შეხვედრებით, ფაქტია ხომ? ერთადერთი ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება სამშვიდობო და ცეცხლის შეწყვეტაზე სამშვიდობო ხელშეკრულებას, ეს არის პუტინი. პუტინს შეუძლია დღესვე შეწყვიტოს ეს დაპირისპირება.

მოლაპარაკებების ველი უკვე შეიქმნა და აი, ამ ველის გარშემო მიმდინარეობს ახლა ყველაფერი. ამიტომაც, არ თმობენ უკრაინელები მარტივად პოკროვსკის და მირნოგრადს, რომ არ მისცენ რუსებს სალაპარაკო. პუტინი ცდილობს, მაქსიმალურად აჩვენოს ტრამპს, როგორ მიიწევს წინ.

ჩემი აზრით, პუტინი იმყოფება „ვარდისფერ აკვარიუმში“ – მას აწვდიან იმ ინფორმაციას, რაც ესიამოვნება. მაგალითად, სატელევიზიო ეთერიდან სამჯერ მოახსენა პუტინს გერასიმოვმა კუპიანსკის აღებაზე, როცა ნახევარიც კი არ აქვთ აღებული რუსებს. ცენტრში არიან შესრულები, თუმცა მდინარე ყოფს ამ ქალაქს. მდინარის მეორე ნაპირი აბსოლუტურად უკრაინელების კონტროლქვეშ არის.

კონსტანტინოვკაზე თქვეს ასევე, რომ აღებულიაო, გულიაი-პოლეზე განაცხადეს იგივე, რომ აღებულია, რაც არ არის სწორი.

  • პუტინი თავს იტყუებს, თქვენი დაკვირვებით, თუ მართლაც ატყუებენ?

ვერ გეტყვით, ამას რა ჰქვია. ორი აზრი არ არსებობს და ამაზე არავინ კამათობს, რომ რუსებს გააჩნიათ ოპერატიული ინიციატივა. ისინი ახორციელებენ შეტევებს. ნოემბერში რუსებმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. გაითვალისწინეთ, რომ 2000 კილომეტრამდეა ფრონტის გადაჭიმვის მანძილი. 500 კვადრატული კილომეტრი არც ბევრია და არც ცოტა, მაგრამ ეს არის საშუალო მონაცემები სხვა თვეებთან შედარებით. ეს არ არის რუსების რეკორდული წინსვლა, მაგრამ რეკორდულია შეტევების რაოდენობა ნოემბრის თვეში.

გამოდის, რომ შეტევები მეტია, მაგრამ წინსვლა უფრო ნელია.

  • მნიშვნელოვანია ალბათ დანაკარგებიც, ის ფასად აქვთ ეს წინსვლა რუსებს. რამდენად ხდება დანაკარგები და სანქციები იმის წინაპირობა, რომ პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება მოუხდება?

რა თქმა უნდა, რუსებს კოლოსალური დანაკარგები აქვთ. არ დაგავიწყდეთ, რომ 20 ათასი მარტო ვაგნერელი დაიღუპა ბახმუტის აღების დროს. თავად „ვაგნერის“ მეთაურის განცხადების თანახმად.

რუსები ტექნიკას პრაქტიკულად არ იყენებენ, ძირითადად იყენებენ ცოცხალ ძალას, საზარბაზნე ხორცს რასაც ეძახიან.

ამ ინტენსივობით, რუსეთს შეუძლია ომი გააგრძელოს დაახლოებით 5 წელი, მაგრამ ეს უფრო და უფრო გამომფიტავი იქნება რუსეთისთვის. მაგალითად, „როსნეფტის“ მოგება შემცირდა 70%-ით. ეს თვითონ რუსების ოფიციალური განცხადებით.

დღეს რუსები ოთხჯერ ნაკლებ ტექნიკას კარგავენ ბრძოლის ველზე, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა არა იმის გამო, რომ რუსები უფრო კარგად ომობენ. ეს არის იმის გამო, რომ ტექნიკას აღარ იყენებენ. ვირიდან დაწყებული გადაჭრილი „მარშრუტკით“ დამთავრებული, ყველაფერს ნახავთ ბრძოლის ველზე.

  • თუმცა რუსეთი ცდილობს ჩინეთის და ინდოეთის მიმხრობას. რამდენად მოახერხებს პუტინი სანქციებს გვერდი აუვლის, თუ, მაგალითად, რუსული გაზი და ნავთობი გაიყიდება ინდოეთში?

დიდი რაოდენობით კი შეისყიდის შეიძლება ინდოეთი და ჩინეთი, მაგრამ დემპინგურ ფასად.

ტრამპმა რაც განაცხადა, ის თუ განხორციელდა, ანუ ნებისმიერი კომპანია, რომელიც დაკავშირებული იქნება რუსეთთან, რუსეთთან ვაჭრობაში, იქნება დასანქცირებული, ეს მნიშვნელოვან შეაფერხებს რუსეთის ეკონომიკას.

  • მინდა გკითხოთ ირლანდიაში დაწყებულ გამოძიებაზე – დრონებით აედევნენ ზელენსკის თვითმფრინავს. ეს რაზე მიანიშნებს?

ზელენსკი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნე რუსებისთვის ისევე, როგორც პუტინი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნე უკრაინელებისთვის. ასე რომ, ამაში განსაკუთრებული არაფერია.

  • თქვენი აზრით, როგორ მოახერხეს უკრაინელების რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების ჩაძირვა შავ ზღვაში? პუტინმა განაცხადა, რომ თუ დარტყმები ტანკერებზე გაგრძელდება, განვიხილავთ საპასუხო ზომების შესაძლებლობას უკრაინის დამხმარე ქვეყნების გემების მიმართო.

ეს დრონებით მოხერხდა. ეს იყო დარტყმა სანქცირებულ გემებზე, რომელსაც გადააქვთ რუსული საწვავი.

აი, თურქეთის მახლობლად როცა მოხდა აფეთქება ტანკერზე – არაფერი ზარალი არ მოსვლია, წყალზეა ისევ და ცურვას აგრძელებს – შევა მალე ეს ტანკერი თურქეთის პორტში. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ამბავი მოწყობილი იყო რუსების მიერ, რომ აი, მოხდა დარტყმა ტანკერზე და აი, სავაჭრო გემებზე ხდება დარტყმები, მეც მაქვს უფლება და დავესხმები თავს ხორბლით დატვირთულ გემებსო.

წინა ორი შემთხვევა კი, ნამდვილად უკრაინელების გაკეთებული იყო, კადრებიც არის გადაღებული, ბოლო აფეთქება კი, ჩემი აზრით, იყო ინსცენირება რუსების მხრიდან.

ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინელებმა დასავლეთიდან საყვედური მიიღეს ამასთან დაკავშირებით. არა მგონია, რომ უკრაინელებმა გააგრძელონ დარტყმები.

  • პუტინი ასევე დაემუქრა ევროპას ირიბად ამავე განცხადებაში…

ეს ბაქიბუქი რამდენჯერ მოგვისმენია. მანამდე ნაბახუსევზე მედვედევი გამოდიოდა და ის ბაქიბუქობდა. ვის რას ემუქრება პუტინი? ერთადერთი, რაც შეუძლია გააკეთოს რუსეთს ევროპაში, ეს არის ჰიბრიდული მეთოდების გამოყენება. 800-ათასიანი დაჯგუფება ჰყავს უკრაინაში რუსეთს, მოხსნის ახლა ამ დაჯგუფებას და ევროპისკენ გადაისვრის?

არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა რაღაც პროვოცირება მოაწყონ და, მაგალითად, სუვოლის დერეფანზე განახორციელონ დარტყმა, დაიკავონ მცირე ტერიტორია და დაიწყოს ვაჭრობა იგივე უკრაინასთან დაკავშირებით. პუტინს უნდა, რომ ევროპის ქვეყნები გახლიჩოს, აიძულოს ისინი უარი თქვან უკრაინის დახმარებაზე.

პუტინი ამას ცდილობს, მაგრამ შედეგს იღებს საწინააღმდეგოს: ბოლო მონაცემებით, დანიამ ნება მისცა უკრაინას, სამხედრო საწარმო გახსნას თავის ტერიტორიაზე. ეს საწარმო უშვებს „ფლამინგოებს“. დანიის ტერიტორიაზე ამ საწარმოში დაიწყება მყარი საწვავის წარმოება უკრაინული საფრენი აპარატებისა და რაკეტებისთვის.

გეგმის მიხედვით, ბალტიის ქვეყნებში უნდა განთავსებულიყო 82 ბრიგადა. ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დამატებით კიდევ 49 ბრიგადა განთავსდეს.

შვედეთი იწყებს თავისი შესაძლებლობების გაძლიერებაზე საუბარს. შორს მოქმედი რაკეტების შეძენაზეა საუბარი. უნდა, რომ ისეთი რაკეტები შეიძინოს, მიწვდნენ მოსკოვს. სტოკჰოლმიდან მოსკოვამდე არის 1500 კილომეტრი.

რუსეთი აშინებს ევროპას და ევროპა იარაღდება – კიდევ უფრო ძლიერი ხდება. ევროპამ საუბარი დაიწყო სამხედრო შენგენზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯარების გადაადგილება მაქსიმალურად გაადვილდეს ევროპის ტერიტორიაზე, რათა არ იყოს ეს ბიუროკრატიული საჭიროებები.

  • ბრიტანეთის მთავრობა მზად არის 8 მილიარდი ფუნტი სტერლინგის გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცეს. რა შესაძლებლობა შეიძლება გაუჩნდეს უკრაინას უახლოეს პერიოდში დასავლეთის მხარდაჭერით?

დასავლეთი აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში ბელგია გამოვიდა წინააღმდეგი რუსული აქტივების გადაცემაზე. ბელგიასთან არის მოლაპარაკებები ამ აქტივებთან დაკავშირებით.

ბრიტანეთმა ასევე გამოუყო უკრაინას 10 მილიონი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ნორვეგიამ 500 მილიონი აშშ-დან იარაღის შეძენისთვის, ამდენივე – გერმანიამ. საფრანგეთის პრეზიდენტი ჩავიდა ჩინეთში მოლაპარაკებებზე. დარწმუნებული ვარ, თუკი ჩინეთი ჩაერევა ამ მოლაპარაკებებში და თავის ზეგავლენას მოახდენს რუსეთზე, სწრაფად მოგვარდება ეს საკითხი.

  • გაჩნდა ეს მოლოდინი, რომ ჩინეთი შეიძლება ჩაერიოს რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებულ მოლაპარაკებებში?

იმედი გაჩნდა, მოლოდინი – არა. თუ ადრე იყო რუსეთი ჩინეთის უფროსი ძმა, შემდეგ პარტნიორი, დღეს რუსეთი არის ჩინეთის უმცროსი ძმა და სატელიტი. ჩინეთს ძალიან დიდი ბერკეტები გააჩნია რუსეთზე ზემოქმედების.

  • უკრაინას რა შესაძლებლობა შეიძლება გაუჩნდეს ახლო მომავალში?

ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ნებისმიერი გოჯი მიწა უძვიურფასესია უკრაინისთვის, სისხლით დაცულია, მაგრამ ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტისთვის თუ დონბასის დათმობა მოუწია უკრაინას, ეს ლოგიკური იქნება. ეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიყვანს ხარკოვიდან და სუმიდან თავის დანაყოფებს და ცეცხლის შეწყვეტის ხაზი გაივლის დღევანდელი დაპირისპირების ზოლზე – ზაპოროჟიესა და ხერსონში.

ამასთან, გარანტიები უნდა იყოს ძალიან მყარი. არა ისე, რომ  აშშ განიხილავს ზემოქმედების საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი 28 პუნქტზე შეთანხმების მიუხედავად, გააგრძელებს თავის აგრესიას. თუ არ განიხილავს? ამიტომაც საჭიროა კონკრეტული გარანტიები.

საინტერესოა, ზალუჟნის გამოჩენაც უკრაინაში. ეს შეიძლება აჩვენებს იმას, რომ შიდა გადაწყობა იწყება, ან შიდა პოლიტიკური თამაშებია? – ვერ გეტყვით ზუსტად, აქედან მიჭირს საუბარი.

ზალუჟნიმ განაცხადა, მაგალითად, რომ ან ნატოში გაწევრიანება უნდა მოხდეს, ან ნატოს კონტინგენტი უნდა განლაგდეს, ან ევროპის რომელიღაც დიდი, ძლიერი სახელმწიფოების კონტინგენტები უნდა განლაგდეს უკრაინაში, ან ბირთვული იარაღი უნდა განთავსდეს უკრაინაში. ეს არის, ზალუჟნის თვალსაზრისით, ყველაზე მყარი გარანტიები.

ყველაზე მყარი გარანტია არის უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე. იგივე ბირთვულ იარაღს უკრაინაში არავინ განათავსებს, ეს ფაქტია.

  • გარანტიების აუცილებლობა უკრაინისთვის დასავლეთშიც ყველას კარგად ესმის ხომ?

ამერიკაში ვერ გეტყვით, მაგრამ ევროპაში ნამდვილად კარგად ესმით, ევროპა ძალიან მყარად უდგას გვერდით უკრაინას ამ მოლაპარაკებებში.

მე არც ის მგონია, ტრამპმა გაწიროს უკრაინა, ვინაიდან ეს მისი ავტორიტეტისა და სტატუსისთვის ამერიკაში ძალიან ცუდი იქნება. ისედაც შერყეული აქვს ტრამპს პოზიციები.

სამწუხარო ის არის, რომ, ზოგადად, სტრატეგია არ გააჩნია ტრამპს, მხოლოდ ბიზნეს მოლაპარაკებების კუთხით უდგება ყველაფერს. ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას. ამერიკას ეს შეუძლია გააკეთოს, დაწყებული იარაღის მიწოდებით, დამთავრებული სანქციების გაძლიერებით.

Exit mobile version