ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. მომავალ წელს მერია ორი ბაღის შენობის, სამი ბაღის ეზოს კეთილმოწყობას და ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას გეგმავს „ოცნების ქალაქში“.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მუნიციპალური საბავშვო ბაღების ნაკლებობაა და ამას მერიაც აღიარებს, ახალი ბაღის მშენებლობისთვის თანხა მაინც არ გაითვალისწინეს. მიზეზს მერიაში არ განმარტავენ. თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტში მერია ხელფასებისთვის 6,7 მილიონ ლარს დაამატებს, ხოლო მთლიანად ხელფასებში 62 750 600 ლარს დახარჯავს.
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში კი, ბათუმის მერია წერს, რომ „ქალაქის განვითარებასთან ერთად მოთხოვნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე დღითიდღე იზრდება. არსებული მუნიციპალური საბავშვო ბაღები რთულად უმკლავდებიან მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, რაც ქმნის ახალი ბაღების მშენებლობის აუცილებლობას.“
„2025 წლის ზაფხულში დაიწყო და 2026 წელს დასრულდება N6, N10, N16 საჯარო საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2026 წელს დაიწყება სამუშაოების პროცესი N9 და N15 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით და დასრულდება 2026 წელს.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს განახლებადი ენერგიის გამოყენების ტექნოლოგიების დანერგვას შენობების გათბობა-გაგრილების სისტემებში [მათ შორის წყლის გამათბობლები], შენობის ენერგოეფექტურად დათბუნების ღონისძიებებს: კარ-ფანჯრების სრულად ჩანაცვლებას შესაბამისი სტანდარტების დაცვით, შენობის კედლების/ჭერის შეფუთვა/იზოლაციას. შენობის სრულ რემონტს“, – წერია ბიუჯეტის პროექტში.
ბათუმში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის [ენერგოეფექტიანობა – KFW ბანკი] პროექტისთვის 3 500 000 ლარი, ხოლო დამატებითი თანადაფინანსებისთვის 2 080 700 ლარია გათვალისწინებული.
„საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობით მიმდინარეობს პროექტი „ენერგოეფექტური ღონისძიებები და ევროკავშირის ენერგოეფექტურ სტანდარტებთან დაახლოება საქართველოში“, რომელიც ითვალისწინებს ბათუმის საჯარო საბავშვო ბაღების სრულ რეაბილიტაციას [ენერგოეფექტურობის, სტრუქტურული, კომფორტის და უსაფრთხოების ღონისძიებები [მათ შორის სახანძრო].
პროექტს 7 522 000 ევროს ოდენობით გრანტის სახით დახმარებას უწევს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი [KfW]. საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, ბათუმის მუნიციპალიტეტის დამატებითი საპარტნიორო თანამონაწილეობა შეადგენს 10%-ს, რაც ფარავს, მაგალითად, შერჩეული საბავშვო ბაღების ეზოების რეაბილიტაციის ხარჯებს. ამავდროულად, ბათუმის მუნიციპალიტეტი ვალდებულია თავად გადაიხადოს ყველა გადასახადი [მათ შორის დღგ], სხვა სახელმწიფო მოსაკრებელი და ბაჟი პროექტისთვის“, – აღნიშნულია ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.
ამავე პროექტში აღნიშნულია ასევე, რომ „ბათუმში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის [ენერგოეფექტიანობა – KFW ბანკი] პროექტის დამატებითი თანადაფინანსება მრავალწლიანი პროექტია, სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2021-2026 წ.წ.] შეადგენს 29 847 296ლარს [საგრანტო თანხა, დღგ, თანამონაწილეობა. მოცემული თანხა ლარში მიღებულია – 9 628 160 ევროს გამრავლებით ევროს გაცვლით კურსზე“.
2026 წელს ბათუმში ასევე დაგეგმილია:
- შ. ინასარიძის ქუჩა N21ა-ში მდებარე N6 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. გამოყოფილია 1 079 854 ლარი
- დ. აღმაშენებლის ქუჩა N14-ში მდებარე N10 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა – 1 259 234 ლარი
- ა. პუშკინის ქუჩა N113-ში მდებარე N16 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა – 1 165 626 ლარი
რაც შეეხება ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, 2025 წლის ბიუჯეტში 1 573 000 ლარია გაწერილი, სოლო 2026 წლისთვის – 5 700 132 ლარი.
ფრიდონ ხალვაშის გამზირი N188-ში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 6 630 952 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა საბავშვო ბაღი გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩის მხარეს შენდება – „ოცნების ქალაქის“ ახალაშენებული კორპუსების გვერდით.
ამ ტენდერში, რომელიც 14 ნოემბერს დასრულდა, 4 კომპანია მონაწილეობდა. მერიის სამმართველომ გამარჯვებულად შპს „დს კონსტრაქშენი“ გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება საერთო ღირებულებით 6 321 598 ლარზე გააფორმა 2025 წლის 2 დეკემბერს.
პროექტის მიხედვით, 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება. მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, 2026 წლის 16 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
ამ და ბათუმის მერიის მიერ ბაღების მშენებლობის თემაზე ნახეთ ამ ბმულზე:
„ოცნების ქალაქში“ საბავშვო ბაღის აშენებას ბათუმის მერია გეგმავს – დაიხარჯება 6,6 მილიონი






