„ჩვენი პროფესია დღეს არსებობის საფრთხის წინაშე დგას.
ადვოკატები არსებობენ ყველაზე ავტოკრატიულ რეჟიმებშიც, მაგრამ მთავარია – რა უფლებები, რა გარანტიები აქვთ? რა საფრთხეების წინაშე არიან? შეუძლიათ კი რეალური დაცვის განხორციელება?
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უკვე არაერთი წელია სრულ ჰარმონიაშია ხელისუფლებასთან. არასოდეს ისმის ან ისმოდა მისი ხმა უსამართლო, კაბალურ და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა შემზღუდავი სამართლის ნორმების, ადვოკატის უფლებების წინააღმდეგ მიმართული სამართლის ნორმების, მართლმსაჯულების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ყოველდღიური გაუარესების და საერთოდ ადამიანის უფლებათა დარღვევების საკითხზე,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი, იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი პარტნიორი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი.
მაია მწარიაშვილი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის – სიფას გუნდს წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციაში დაგეგმილ არჩევნებში.
ის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატია.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება 13 -14 დეკემბერს გაიმართება თბილისში. საერთო კრებაზე ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ასევე უნდა აირჩეს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის და სარევიზიო კომისიის წევრები.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 11 ათასზე მეტ ადვოკატს აერთიანებს, აქედან 5 500 ადვოკატს აქვს მოქმედი სტატუსი.
„დღეს ადვოკატები დგანან უამრავი გამოწვევის წინაშე, ჩემი კოლეგები ყოველდღიურად ერკინებიან არათანაბარ, ხშირად შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ მოპყრობას და პირობებს. სისტემა მათ პრაქტიკულად არაფრად აგდებს, როგორც ყოველდღიურ ყოფაში, ისე ინსტიტუციურ დონეზე.
მზია ამაღლობელის საქმეზე პირადად გამოვცადე სისტემის დაპირისპირება არა მხოლოდ ადამიანთან, არამედ ადვოკატებთან, ვინაიდან ჩვენ მზიას მსგავს ადამიანებს ვიცავთ. სასამართლოს შენობებში ადვოკატებს ისევე გვაკონტროლებენ, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
სასამართლოს ეზოში შესვლამდე პოლიცია და მანდატურის სამსახური ადვოკატების ორდერის წარდგენას სთხოვდნენ, ხოლო შენობაში ჩვენი კონტროლის მიზნით ყოველ ჩვენ გადაადგილებას რაციით გადასცემდნენ ერთმანეთს.
უნდა იყოს თუ არა ეს ასოციაციისათვის განგაშის ზარი? ცხადია, უნდა იყოს.
ეს მაგალითად მოვიტანე, თორემ ადვოკატებისთვის შექმნილი არც ხელოვნური და არც სამართლებრივი პრობლემები არასოდეს ყოფილა ამ ასოციაციისთვის განგაშისა და ყურადღების საგანი, სწორედ იმიტომ, რომ ასოციაცია ირჩევს ე.წ. „პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს“ სისტემასთან, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ჩემი ყველა კეთილსინდისიერი კოლეგა.
აღმასრულებელ საბჭოში ჩვენი ყოფნის ერთ-ერთი ამოცანა ადვოკატის ყოველდღიური პრობლემების აღნუსხვა/იდენტიფიცირება და რეაგირების სწრაფი და ეფექტური მექანიზმის შეთავაზებაა.
ხმამაღლა საუბარი და არა სიჩუმე,“ – ხსნის მაია მწარიაშვილი საკუთარ მოტივაციას, თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა.
მაია მწარიაშვილს იურიდიული საქმიანობის 35-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, როგორც აღმასრულებელ, ისე სასამართლო ხელისუფლებასა და კერძო პრაქტიკაში.
ის წარმოადგენდა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ნონა გაფრინდაშვილს „ნეთფლიქსის“ წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე. ამჟამად კი იცავს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ინტერესებს.
„ჩემი პროფესიული კარიერის უდიდესი ჯილდოა მზია ამაღლობელის განცხადება სასამართლო პროცესზე, სადაც მან მადლობა გადაგვიხადა და თქვა, რომ მისი ადვოკატების დამსახურებაა ის, რომ მან ადამიანებისადმი ნდობა შეინარჩუნა.
მერე რა რომ სისტემა ისევ უსამართლოა, მერე რა რომ სისტემა ჩვენზე უფრო ძლიერია, ჩვენ მაინც გვაქვს მისია და ჩვენი პროფესიის ღირსებას განაპირობებს არა მხოლოდ ის, თუ რა ვიცით, არა მხოლოდ ის, თუ რა პროცესუალური ვალდებულებები გვაქვს, არამედ ის, თუ როგორ, რის ფასად ვასრულებთ ამ მისიას,“ – უთხრა მაია მწარიაშვილმა „ბათუმელებს“.
მაია მწარიაშვილი საუბრობს ადვოკატის, როგორც პროფესიის მნიშვნელობაზე და ამბობს, რომ ადვოკატის ფუნქცია მხოლოდ იურიდიული ცოდნა არ არის, რადგან ადვოკატი საზოგადოებრივი ნდობის მატარებელი ადამიანია.
„საზოგადოებაში ბალანსის შენარჩუნების და სამართლიანობის უდიადესი იდეის არსებობისადმი ნდობის გაჩენის პროცესში ჩვენ იმაზე დიდი როლი გვაქვს, ვიდრე თავად წარმოგვიდგენია. ჩვენ ყველაზე რთულ მომენტში გვიწვდიან ადამიანები ხელს იმ იმედით, რომ ვიბრძოლებთ მათთვის, მათი ოჯახების, მათი შვილების რწმენისათვის, სამართლიანობისა ან სამართლიანი ბალანსისათვის.
ადვოკატი არის ის ხაზი, ის ფარი, რომელიც მოქალაქეს იცავს, მაშინაც კი, როდესაც ყველა სხვა ბერკეტს ძალაუფლება ფლობს და აკონტროლებს. როგორ წარმოუდგენია ეს ვინმეს სიჩუმეში, ხმის ამოღების და ბრძოლის გარეშე, ე.წ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან, დევნის ორგანოებთან პირადი კომფორტის უზრუნველყოფის პირობებში?
ვინც ამას ამბობს, საერთოდ არ ესმის ადვოკატის როლი და ფუნქცია ან ესმის იმგვარად, რომ ჩვენი როლი სიჩუმე და კონფორმიზმია, ხოლო ადვოკატის პროფესია ჩვენი კეთილდღეობის საშუალება. ღრმად მწამს, რომ ჩვენი პროფესიული ღირებულებები არ გაიცვლება ვინმეს პირად კომფორტსა და კეთილდღეობაში,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.
მაია მწარიაშვილს აქვს წლების განმავლობაში საგამოძიებო, საპროკურორო და მოსამართლედ მუშაობის პროფესიული გამოცდილება. იყო მრჩეველი საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოში. მონაწილეობდა არაერთ სამთავრობო და უწყებათაშორის მოლაპარაკებებში. თუმცა პირველად იღებს მონაწილეობას ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში.
მაია მწარიაშვილი საუბრობს მიზეზებზე, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა.
„მავანს ჰგონია, რომ ადვოკატს აქვს პოლიტიკური მიკერძოება ან მონაწილეობს პოლიტიკაში მაშინ, როდესაც საუბრობს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, სისტემის ძალადობასა და მართლმსაჯულების კლანურობაზე, მოსამართლის დამოუკიდებლობის არარსებობაზე, სასამართლო გადაწყვეტილებების უკანონობასა და ტოტალურ დაუსაბუთებლობაზე, გამოძიების მიკერძოებასა და უსამართლობაზე, სამართლიანი პროცესის არარსებობაზე.
ასეთი კანდიდატები იძლევიან პირობას, რომ იქნებიან „პოლიტიკურად ნეიტრალურები“ და ამავდროულად უზრუნველყოფენ ამ კორპორაციის სიჩუმეს, რასაც „ნეიტრალურობას“ უწოდებენ.
მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდო, რომ ეს დანაპირები მათ გასაგონად კეთდება, ვისთანაც აქვთ აფილაცია და/ან ანგარიშვალდებულება.
ადვოკატთა კორპორაცია სინამდვილეში არის ყველაზე დამოუკიდებელი და მებრძოლი პროფესიის მქონე ადამიანების პროფესიული, თვითმმართველი გაერთიანება. ჩვენი პროფესიული თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენი საქმიანობის პრინციპი და კონსტიტუციური მოვალეობაა.
ამის ნაცვლად უნდათ შემოგვაჩეჩონ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტისადმი“ ერთგულება, რასაც კანონიც კი არ გვავალდებულებს. ასოციაციის საქმიანობის პრინციპად ვერავინ მიუთითებს „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ დაცვას, ვინაიდან კანონი ჩვენ ამას არ გვთხოვს.
ეს შემოჩეჩებული ე.წ „პოზიცია“ ჩვენ მიმართ წამოყენებული კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნაა და სინამდვილეში ჩვენს „სიჩუმეს“ და „უხმო მორჩილების“ პირობას ნიშნავს.
დღეს პროფესიის გადარჩენაზე ვსაუბრობთ და ეს არაა მეტაფორა.
საქართველოში ყველა მოქალაქე გრძნობს, ხედავს, რომ ყოველდღიურად მისი უფლება ირღვევა სასამართლო დარბაზში, პოლიციის შენობაში, ქუჩაში, სამსახურში, ონლაინ სივრცეში. ამ ყველაფერში კი ერთადერთი მყარი კედელი არის ადვოკატი, რომელიც მარტოა ამ ბრძოლის ხაზზე. მას ზურგს არ უმაგრებს პროფესიული ასოციაცია.
თუ ჩვენ გვინდა ძლიერი პროფესია, უნდა გვქონდეს ძლიერი ასოციაცია, რომელიც არ იმართება ერთპიროვნულად და სწორებას არ აკეთებს ე.წ „ლიდერებზე“. ჩვენ გვინდა ასოციაცია, რომელიც იმართება დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი კოლეგებისაგან შემდგარი კოლეგიური ორგანოს, აღმასრულებელი საბჭოს მიერ. ასოციაცია არ შეიძლება დაემსგავსოს სამინისტროს, ადვოკატების მმართველობის ეგ ეტაპი ბევრი წლის წინ უკან ჩამოიტოვა ამ პროფესიამ.
მე და ჩემი კოლეგები „სიფადან“, რომლებიც ვმონაწილეობთ ასოციაციის ორგანოების (აღმასრულებელი და ეთიკის საბჭო და სარევიზიო კომისია) არჩევნებში, ვთანხმდებით ამ მთავარ ღირებულებებზე. ასოციაცია რეალურად უნდა იმართებოდეს არც ერთპიროვნულად და არც ერთი გუნდის მიერ.
ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ასოციაციის მართვა ეფუძნებოდეს ქვეყნის კონსტიტუციის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, ადვოკატის უფლებების განუხრელი და უპირობო დაცვის ღირებულებებს. შესაბამისი ვალდებულებები, პროფესიული თავისუფლება და ანგარიშვალდებულება ჰქონდეს მხოლოდ კოლეგა ადვოკატებთან და არა ე.წ “ხელმძღვანელებთან” ან მით უფრო უარესი – ხელისუფლების რომელიმე შტოსთან.
ამიტომ ადვოკატთა ასოციაციის აღმსრულებელ საბჭოში ჩემი კანდიდატურის შეთავაზება ჩემი კოლეგებისთვის არის ჩემი პროფესიული და სამოქალაქო ვალი.
მწამს, რომ ამ კორპორაციის წარმომადგენლებმა იციან ადამიანის დარღვეული უფლებების დაცვის მიზნით ბრძოლაც და ამ ბრძოლის ფასიც. „ნეიტრალიტეტის“ ცრუ ღირებულებას არაფერი აქვს საერთო ჩვენს პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებთან, რომელთა შესრულება დღითი დღე რთულდება და შესაძლოა, ერთ დღეს, შეუძლებელიც გახდეს.
ადვოკატთა ასოციაციის ძალა პროფესიულ თავისუფლებაში და არა „პოლიტიკურ ნეიტრალიტეტშია,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.






