განათლება,მთავარი,სიახლეები

„ყვარყვარეები გვაზიან თავზე“ – რა ნაწარმოებები ამოიღო გამოცდების სასწავლო პროგრამიდან „ოცნებამ“

26.11.2024 •
„ყვარყვარეები გვაზიან თავზე“ – რა ნაწარმოებები ამოიღო გამოცდების სასწავლო პროგრამიდან „ოცნებამ“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბას და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები ამოიღო, სადაც ყველაზე აქტიურადაა განხილული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, აჯანყება, ნათლადაა ასახული ქართველი ერის იდენტობა და მისი ბრძოლა თავისუფლებისთვის.

ამოღებული ნაწარმოებების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: ილიას „ბედნიერი ერი“, „ჩემო კალამო“, „განდეგილი“, „აჩრდილი“, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ და სხვა.

„ძალიან თავხედურად და უტიფრად, პირველი ცვლილება უკვე განხორციელებულია“ – ამბობს სოფო გოგოხია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი პედაგოგი, რომელსაც „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა.

როდის გადაწყდა ამ ნაწარმოებების ამოღება ეროვნული გამოცდების პროგრამიდან და რაზე მეტყველებს ამ ნაწარმოებების ამოღება, როგორ შეიძლება აისახოს ის მომავალი თაობის ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე? – ვკითხეთ მასწავლებელს.

მისი თქმით, აღნიშნული ნაწარმოებების ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოღების შესახებ დღეს, 26 ნოემბერს გახდა მისთვის ცნობილი.

„რამდენიმე ადამიანმა დაპოსტა დღეს ფეისბუქში ამის შესახებ, შემდეგ შევედი ეროვნული გამოცდების გვერდზე და ვნახე ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდებისთვის განკუთვნილი პროგრამა.

როდის გადაწყდა? – ცხადია ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან დარწმუნებული ვარ, ჯერ რუსული კანონის მიღებით და ახლა კიდევ არჩევნების მიტაცებით წაქეზებული გადაწყვეტილებაა.

ბოლო 250 წელი რითაც გვებრძოდა ჯერ მეფის რუსეთი და შემდეგ საბჭოთა რუსეთი, ესეც იგივე მეთოდებია. ზუსტად ამის გვეშინოდა, როცა ვამბობდით, რომ განათლება საფრთხეშია. ამიტომ არ გვინდოდა ეს რუსული კანონები, ამიტომ უნდა მოეგო არჩევნები პროდასავლურ ძალებს და ეს არის ამ ყველაფრის შედეგი. წარმოიდგინეთ, აწი რა გველოდება“ – ამბობს სოფო გოგოხია.

მისი აზრით, ეს არის მიზანმიმართული ქმედება.

„გასული საუკუნის 20-30-იანი წლებიდან, ერთი ერთზე, ზუსტად, კოპირებულად იმეორებენ ყველაფერს.

დასანანი ის არის, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ ესენი გააკეთებდნენ ამას, მაგრამ იმ ადამიანების სიჩუმე, ვინც ამ ყველაფერზე წამოეგნენ და არ აპროტესტებენ, ვინც ჩუმად არის, მათი ქმედება, უფრო შემზარავია.

ესენი ამისთვის მოვიდნენ, 2012 წელი იყო ამისთვის. ჩუმად, შემოტყუებით, თეატრების რემონტებით და ვითომ ეკლესიების შენებით მოვიდა რუსეთი, რუსული ცნობიერება, რუსული აზროვნება, ყველაფერი რუსული და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი რუსიფიკაციის გზაზე.

ეს არის წვეთი და ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ გზადაგზა ასეთი შემზარავი ცვლილება განახორციელონ“ – ამბობს სოფო გოგოხია.

მისი თქმით, ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოღებული ყველა ტექსტი მნიშვნელოვანია თავისი ღირებულებით, თუმცა განსაკუთრებით მტკივნეულია ილიას ტექსტების ამოღება.

„ძალიან ნიშანდობლივია ასევე კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის ამოღება. „ბახტრიონი“ მე-19 საუკუნეში დაიწერა, ზუსტად იმისთვის, ერს დაეჯერებინა, რომ გამარჯვება შეუძლია, ამ რწმენით შეიქმნა ეს ტექსტი, იმისთვის, რომ ბრძოლის გაგრძელების მოტივაცია ჰქონოდა ქართველს და ზუსტად ეს ტექსტია ამოღებული.

„ყვარყვარე თუთაბერია“ საერთოდ ამოღებული, რადგან ეს ყვარყვარეები, რომლებიც თავზე გვაზიან, არც ვიცოდეთ, რომ ყვარყვარეები არიან, რომ თაობებმა ვერც აღიქვან მათი ყვარყვარეობა. ჯერ ნაწარმოებს ამოიღებენ, მერე ფილმს აკრძალავენ და ყველაფერს დააცენზურებენ ნელ-ნელა.

რიგში ალბათ „ჯაყოს ხიზნებია“, მაგრამ ადამიანებს, რომელთაც შეთქმულების თეორიების სჯერათ, ალბათ ადვილად დააჯერებენ და ბოლოს ალბათ თალაკვაძის ლექსები გველოდება“ – ამბობს სოფო გოგოხია.

მას ვკითხეთ, ამ ნაწარმოებების ამოღება ეროვნული გამოცდების პროგრამიდან როგორ შეიძლება აისახოს ეროვნულ სასწავლო პროგრამაზე და რა ტიპის გავლენას მოახდენს ეს სასკოლო პროგრამაზე?

პედაგოგის თქმით, სასკოლო პროგრამიდან ეს ნაწარმოებები ამოღებული არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი სწორედ იმ ნაწარმოებებს და პროგრამას ანიჭებს უპირატესობას, რაც ეროვნული გამოცდების პროგრამაში შესული, ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს მოსწავლეების მოტივაციაზე.

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ სკოლაში ბოლო სამი წელი მოსწავლეები ძირითადად იმაზე აკეთებენ აქცენტს, რასაც აბარებენ ეროვნულ გამოცდაზე და რეპეტიტორებთანაც ამ ტექსტებზეა აქცენტი.

ამიტომ, ყველა შემთხვევაში, ძალიან ვერაგული და საშიშია, რადგან აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდებს აბარებენ და რამდენიმე თვეში ამომრჩევლები ხდებიან, რას ვეუბნებით, რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი არ არის საჭირო?!“ – ამბობს მასწავლებელი.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი გაგრძელებაა იმის, რაც „ქართული ოცნების“ უკვე ანტიკონსტიტუციურმა ხელისუფლებამ ჩაიდინა:

„გავრილოვის დასმა პარლამენტში, რუსული კანონი, მიტაცებული არჩევნები – ამ ყველაფრის გაგრძელებაა ესეც, გადაჯაჭვულია ყველაფერი.

ეს ყველაფერი კრემლში დაგეგმილი, კარგად განხორციელებული რუსული პროექტია. „გრაფი მონე კრისტოს“ იმიჯით, ვიღაც იდუმალი ადამიანი, რომელიც „ბევრ სიკეთეს აკეთებს“, მერე უცებ იხსნის ნიღაბს, მაგრამ ჩვენ არც უნიღბობის დროს გვეშველა არაფერი და არც ნიღაბმოხსნილი ჯაყოს გვეშინია.

ძალიან თავხედურად და უტიფრად, პირველი ცვლილება უკვე განხორციელებულია“ – ამბობს სოფო გოგოხია.

დღეს, 26 ნოემბერს, ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებით გამოეხმაურა  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და საუბარია ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამაზე:

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში“ – წერს სამინისტრო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: