მთავარი,სიახლეები

ამ ტემპით თუ გააგრძელეს, 3-5 წელი დასჭირდებათ რუსებს დონბასის დასაკავებლად – ინტერვიუ გენერალთან

05.12.2025
ამ ტემპით თუ გააგრძელეს, 3-5 წელი დასჭირდებათ რუსებს დონბასის დასაკავებლად – ინტერვიუ გენერალთან

„დღეს რუსები ოთხჯერ ნაკლებ ტექნიკას კარგავენ ბრძოლის ველზე, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა არა იმის გამო, რომ რუსები უფრო კარგად ომობენ. ეს არის უბრალოდ იმის გამო, რომ ტექნიკას აღარ იყენებენ. ვირიდან დაწყებული გადაჭრილი „მარშრუტკით“ დამთავრებული, ყველაფერს ნახავთ ბრძოლის ველზე, “ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე.

გენერალი გვიყვება, სანდო პირებისგან მაქვს ინფორმაცია, დონბასის დაჯგუფების მეთაურები, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ბოლომდე აპირებენ ბრძოლას, უკრაინელების ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელიაო.

გადამდგარი გენერლის მოსაზრებით, რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლოა მნიშვნელოვანი მოთამაშე ჩინეთი გახდეს.

„თუ ადრე იყო რუსეთი ჩინეთის უფროსი ძმა, შემდეგ პარტნიორი, დღეს რუსეთი არის ჩინეთის უმცროსი ძმა და სატელიტი. ჩინეთს ძალიან დიდი ბერკეტები გააჩნია რუსეთზე ზემოქმედების,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა ხდება პოკროვსკიში? რუსეთი აცხადებს, რომ „პოკროვსკი გაათავისუფლა“, გენერალი სირსკი კი ამბობს, რომ უკრაინული ქვედანაყოფები ინარჩუნებენ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს.

ზოგადად თუ ვისაუბრებთ, შეიძლება ითქვას, რომ რუსები აკონტროლებენ პოკროვსკის. დარჩენილია რამდენიმე უბანი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც არის უკრაინელების კონტროლქვეშ.

უკრაინელები ცდილობენ, არ მისცენ საშუალება პოკროვსკიდან მომავალ ძალებს, შეიკრას ალყა, რის შემდეგადაც ალყაში მოჰყვება მირნოგრადი. პოკროვსკში მყოფი ჯარებს შეუძლიათ უკან გასვლა თავისუფლად, მაგრამ ალყაში მოხვედრის შემთხვევაში – ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან ალყის რკალი – მირნოგრადის დაჯგუფება შეიძლება მოჰყვეს ალყაში. ამიტომაც, გადაწყვეტილება მისაღებია ძალიან მალე: ორგანიზებულად გამოვიდნენ, ვიდრე ეს შესაძლებელია, თუმცა გარკვეული სირთულეები ექნებათ, ვინაიდან დაახლოებით 1 კილომეტრამდეა თითქმის ალყის ყელი მისული ერთმანეთთან, ან შემდეგ მოუწევთ მცირე ჯგუფებად, ცალკე გამოსვლა არაორგანიზებულად.

თუ არადა, მოუწევთ ალყაში ბრძოლის გაგრძელება. ეს გადაწყვეტილება დროზეა მისაღები. მიუხედავად იმისა, რომ პოკროვსკის აკონტროლებენ რუსები და ლოგისტიკას ახორციელებენ ფაქტობრივად შეფერხების გარეშე, მაინც ახერხებენ უკრაინელები ქალაქის ცენტრში შეღწევას და იქ ხდება ხოლმე ცალკეული, მცირე ზომის ჯგუფების საცეცხლე კონტაქტები.

პოკროვსკი და მირნოგრადი ერთად აღებული, მოსახლეობის რაოდენობით იმხელაა, როგორც ქუთაისი. ამისთვის დასჭირდა რუსეთს წელიწადზე მეტი დრო, ანუ „მსოფლიოში მეორე არმიას“.

  • რას ცვლის პოკროვსკის ოკუპაცია რუსეთ-უკრაინის ომში, როგორია მისი სამხედრო მნიშვნელობა?

უნდა განვიხილოთ პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაცია, ვინაიდან ეს ორი ქალაქი ერთად იყო თავდაცვითი ზღუდე.

ჩემი აზრით, დიდი ოპერატიული გარღვევა რუსებს ამით არ ჰქონიათ. ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის გასუფთავებული პოკროვსკი, ვინაიდან უკრაინელები, როგორც მოგახსენეთ, ჩრდილოეთ რაიონებში კვლავ აწარმოებენ ბრძოლას. ეს იქნება ფრონტის ხაზის გასწორება რუსების მხრიდან, ვინაიდან ჯიბედ შეჭრილი იყო ეს ტერიტორია რუსების განლაგებაში.

ამის შემდგომ რუსებს აქვთ შესაძლებლობა, ჩრდილო-სამხრეთი მიმართულებით შეუტიონ და დაიძრან დონბასის მთავარი თავდაცვითი რაიონის – კრამატორსკი-სლავიანსკის მიმართულებაზე. ამისთვის კი, რუსებმა ჯერ სხვა დასახლებული პუნქტები უნდა გაიარონ, რასაც რუსები ძალიან ძნელად ახერხებენ. ამ ტემპით თუ გააგრძელეს რუსებმა მოქმედება, სადღაც 3 – 5 წელი დასჭირდებათ დონბასის დაკავებისთვის.

უფრო საფრთხილო იქნება უკრაინელებისთვის, თუ დონბასის მაგივრად რუსები შეტრიალდებიან და შეტევას განავითარებენ უკვე სამხრეთ-დასავლეთით -კახოვკის წყალსაცავის მიმართულებით რომ წავიდნენ და ზაპოროჟიეში კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაიკავონ.

დონბასი მაინც არის ინდუსტრიული რაიონი – ძალიან ბევრია მაღარო, დასახლებული პუნქტი, ან მიტოვებული ფაბრიკა-ქარხანა, რაც საშუალებას აძლევს უკრაინელებს, მოეჭიდონ თავდაცვისთვის. ზაპოროჟიეს რაიონი  ძირითადად მაინც სტეპია, ღია ტერიტორიაა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ვინაიდან ასე შეაყოვნეს რუსები უკრაინელებმა ამ რაიონში, მათ უკვე მოახერხეს დამატებითი ზღუდეების აღმართვა.

  • დონბასზე საუბრობდა პუტინი ინდოეთშიც. სააგენტო „ტასს“ მოჰყავს ინდუტელეკომპანიასთან პუტინის ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც პუტინი ამბობს, რომ რუსეთი დონბასს ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს, ან სამხედრო გზით, ან უკრაინის ჯარები ამ ტერიტორიებს დატოვებენ და იქ ომს შეწყვეტენ. რატომ არჩია პუტინმა აქცენტი დონბასზე?

ეს აჩვენებს პუტინის სურვილებს: რაღაც ხომ მაინც უნდა შესთავაზოს თავის მოსახლეობას, რომ წარმატებას მიაღწია?

პუტინი ფაქტობრივად თანახმაა, მაგალითად, ხარკოვის რეგიონიდან ჯარების გაყვანაზე, მაგრამ უნდა დონბასის ტერიტორია. იტყვის, რომ აი, დონბასი შემოვიერთეთ მთლიანადო.

უკრაინაშიც ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან თითო გოჯ მიწისთვის კარგად ხედავთ, როგორც იბრძვიან უკრაინელები – საკმაოდ ჯიუტად. მაქვს ინფორმაცია ძალიან სანდო პირებისგან, რომ იმ დაჯგუფების მეთაურებმა, რომლებიც ახლა იბრძვიან დონბასში, განაცხადეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ დავტოვებთ ჩვენ პოზიციებსო.

  • ეს შესაძლებელია პრაქტიკულად?

უკრაინელების ხასიათიდან გამომდინარე – შესაძლებელია. შესაძლებელია, რომ მათ გააგრძელონ ბრძოლა დამოუკიდებლად. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება.

  • რა გამოჩნდა თქვენთვის კრემლში გამართული შეხვედრით ამერიკის წარმომადგენლებთან? ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ვენსმა, რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის ჩაშლა, მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ყველაზე დიდ იმედგაცრუებად შეაფასა. თქვენი დაკვირვებით, რა რესურსი რჩება ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტისთვის?

ძალიან გამიჭირდება საუბარი. ჯერჯერობით მხარეები წითელ ზოლებს კი საზღვრავენ, მაგრამ არ თმობენ. პუტინი რომ ჟონგლიორობს ამ შეხვედრებით, ფაქტია ხომ? ერთადერთი ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება სამშვიდობო და ცეცხლის შეწყვეტაზე სამშვიდობო ხელშეკრულებას, ეს არის პუტინი. პუტინს შეუძლია დღესვე შეწყვიტოს ეს დაპირისპირება.

მოლაპარაკებების ველი უკვე შეიქმნა და აი, ამ ველის გარშემო მიმდინარეობს ახლა ყველაფერი. ამიტომაც, არ თმობენ უკრაინელები მარტივად პოკროვსკის და მირნოგრადს, რომ არ მისცენ რუსებს სალაპარაკო. პუტინი ცდილობს, მაქსიმალურად აჩვენოს ტრამპს, როგორ მიიწევს წინ.

ჩემი აზრით, პუტინი იმყოფება „ვარდისფერ აკვარიუმში“ – მას აწვდიან იმ ინფორმაციას, რაც ესიამოვნება. მაგალითად, სატელევიზიო ეთერიდან სამჯერ მოახსენა პუტინს გერასიმოვმა კუპიანსკის აღებაზე, როცა ნახევარიც კი არ აქვთ აღებული რუსებს. ცენტრში არიან შესრულები, თუმცა მდინარე ყოფს ამ ქალაქს. მდინარის მეორე ნაპირი აბსოლუტურად უკრაინელების კონტროლქვეშ არის.

კონსტანტინოვკაზე თქვეს ასევე, რომ აღებულიაო, გულიაი-პოლეზე განაცხადეს იგივე, რომ აღებულია, რაც არ არის სწორი.

  • პუტინი თავს იტყუებს, თქვენი დაკვირვებით, თუ მართლაც ატყუებენ?

ვერ გეტყვით, ამას რა ჰქვია. ორი აზრი არ არსებობს და ამაზე არავინ კამათობს, რომ რუსებს გააჩნიათ ოპერატიული ინიციატივა. ისინი ახორციელებენ შეტევებს. ნოემბერში რუსებმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. გაითვალისწინეთ, რომ 2000 კილომეტრამდეა ფრონტის გადაჭიმვის მანძილი. 500 კვადრატული კილომეტრი არც ბევრია და არც ცოტა, მაგრამ ეს არის საშუალო მონაცემები სხვა თვეებთან შედარებით. ეს არ არის რუსების რეკორდული წინსვლა, მაგრამ რეკორდულია შეტევების რაოდენობა ნოემბრის თვეში.

გამოდის, რომ შეტევები მეტია, მაგრამ წინსვლა უფრო ნელია.

  • მნიშვნელოვანია ალბათ დანაკარგებიც, ის ფასად აქვთ ეს წინსვლა რუსებს. რამდენად ხდება დანაკარგები და სანქციები იმის წინაპირობა, რომ პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება მოუხდება?

რა თქმა უნდა, რუსებს კოლოსალური დანაკარგები აქვთ. არ დაგავიწყდეთ, რომ 20 ათასი მარტო ვაგნერელი დაიღუპა ბახმუტის აღების დროს. თავად „ვაგნერის“ მეთაურის განცხადების თანახმად.

რუსები ტექნიკას პრაქტიკულად არ იყენებენ, ძირითადად იყენებენ ცოცხალ ძალას, საზარბაზნე ხორცს რასაც ეძახიან.

ამ ინტენსივობით, რუსეთს შეუძლია ომი გააგრძელოს დაახლოებით 5 წელი, მაგრამ ეს უფრო და უფრო გამომფიტავი იქნება რუსეთისთვის. მაგალითად, „როსნეფტის“ მოგება შემცირდა 70%-ით. ეს თვითონ რუსების ოფიციალური განცხადებით.

დღეს რუსები ოთხჯერ ნაკლებ ტექნიკას კარგავენ ბრძოლის ველზე, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა არა იმის გამო, რომ რუსები უფრო კარგად ომობენ. ეს არის იმის გამო, რომ ტექნიკას აღარ იყენებენ. ვირიდან დაწყებული გადაჭრილი „მარშრუტკით“ დამთავრებული, ყველაფერს ნახავთ ბრძოლის ველზე.

  • თუმცა რუსეთი ცდილობს ჩინეთის და ინდოეთის მიმხრობას. რამდენად მოახერხებს პუტინი სანქციებს გვერდი აუვლის, თუ, მაგალითად, რუსული გაზი და ნავთობი გაიყიდება ინდოეთში?

დიდი რაოდენობით კი შეისყიდის შეიძლება ინდოეთი და ჩინეთი, მაგრამ დემპინგურ ფასად.

ტრამპმა რაც განაცხადა, ის თუ განხორციელდა, ანუ ნებისმიერი კომპანია, რომელიც დაკავშირებული იქნება რუსეთთან, რუსეთთან ვაჭრობაში, იქნება დასანქცირებული, ეს მნიშვნელოვან შეაფერხებს რუსეთის ეკონომიკას.

  • მინდა გკითხოთ ირლანდიაში დაწყებულ გამოძიებაზე – დრონებით აედევნენ ზელენსკის თვითმფრინავს. ეს რაზე მიანიშნებს?

ზელენსკი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნე რუსებისთვის ისევე, როგორც პუტინი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნე უკრაინელებისთვის. ასე რომ, ამაში განსაკუთრებული არაფერია.

  • თქვენი აზრით, როგორ მოახერხეს უკრაინელების რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების ჩაძირვა შავ ზღვაში? პუტინმა განაცხადა, რომ თუ დარტყმები ტანკერებზე გაგრძელდება, განვიხილავთ საპასუხო ზომების შესაძლებლობას უკრაინის დამხმარე ქვეყნების გემების მიმართო.

ეს დრონებით მოხერხდა. ეს იყო დარტყმა სანქცირებულ გემებზე, რომელსაც გადააქვთ რუსული საწვავი.

აი, თურქეთის მახლობლად როცა მოხდა აფეთქება ტანკერზე – არაფერი ზარალი არ მოსვლია, წყალზეა ისევ და ცურვას აგრძელებს – შევა მალე ეს ტანკერი თურქეთის პორტში. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ამბავი მოწყობილი იყო რუსების მიერ, რომ აი, მოხდა დარტყმა ტანკერზე და აი, სავაჭრო გემებზე ხდება დარტყმები, მეც მაქვს უფლება და დავესხმები თავს ხორბლით დატვირთულ გემებსო.

წინა ორი შემთხვევა კი, ნამდვილად უკრაინელების გაკეთებული იყო, კადრებიც არის გადაღებული, ბოლო აფეთქება კი, ჩემი აზრით, იყო ინსცენირება რუსების მხრიდან.

ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინელებმა დასავლეთიდან საყვედური მიიღეს ამასთან დაკავშირებით. არა მგონია, რომ უკრაინელებმა გააგრძელონ დარტყმები.

  • პუტინი ასევე დაემუქრა ევროპას ირიბად ამავე განცხადებაში…

ეს ბაქიბუქი რამდენჯერ მოგვისმენია. მანამდე ნაბახუსევზე მედვედევი გამოდიოდა და ის ბაქიბუქობდა. ვის რას ემუქრება პუტინი? ერთადერთი, რაც შეუძლია გააკეთოს რუსეთს ევროპაში, ეს არის ჰიბრიდული მეთოდების გამოყენება. 800-ათასიანი დაჯგუფება ჰყავს უკრაინაში რუსეთს, მოხსნის ახლა ამ დაჯგუფებას და ევროპისკენ გადაისვრის?

არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა რაღაც პროვოცირება მოაწყონ და, მაგალითად, სუვოლის დერეფანზე განახორციელონ დარტყმა, დაიკავონ მცირე ტერიტორია და დაიწყოს ვაჭრობა იგივე უკრაინასთან დაკავშირებით. პუტინს უნდა, რომ ევროპის ქვეყნები გახლიჩოს, აიძულოს ისინი უარი თქვან უკრაინის დახმარებაზე.

პუტინი ამას ცდილობს, მაგრამ შედეგს იღებს საწინააღმდეგოს: ბოლო მონაცემებით, დანიამ ნება მისცა უკრაინას, სამხედრო საწარმო გახსნას თავის ტერიტორიაზე. ეს საწარმო უშვებს „ფლამინგოებს“. დანიის ტერიტორიაზე ამ საწარმოში დაიწყება მყარი საწვავის წარმოება უკრაინული საფრენი აპარატებისა და რაკეტებისთვის.

გეგმის მიხედვით, ბალტიის ქვეყნებში უნდა განთავსებულიყო 82 ბრიგადა. ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დამატებით კიდევ 49 ბრიგადა განთავსდეს.

შვედეთი იწყებს თავისი შესაძლებლობების გაძლიერებაზე საუბარს. შორს მოქმედი რაკეტების შეძენაზეა საუბარი. უნდა, რომ ისეთი რაკეტები შეიძინოს, მიწვდნენ მოსკოვს. სტოკჰოლმიდან მოსკოვამდე არის 1500 კილომეტრი.

რუსეთი აშინებს ევროპას და ევროპა იარაღდება – კიდევ უფრო ძლიერი ხდება. ევროპამ საუბარი დაიწყო სამხედრო შენგენზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯარების გადაადგილება მაქსიმალურად გაადვილდეს ევროპის ტერიტორიაზე, რათა არ იყოს ეს ბიუროკრატიული საჭიროებები.

  • ბრიტანეთის მთავრობა მზად არის 8 მილიარდი ფუნტი სტერლინგის გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცეს. რა შესაძლებლობა შეიძლება გაუჩნდეს უკრაინას უახლოეს პერიოდში დასავლეთის მხარდაჭერით?

დასავლეთი აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში ბელგია გამოვიდა წინააღმდეგი რუსული აქტივების გადაცემაზე. ბელგიასთან არის მოლაპარაკებები ამ აქტივებთან დაკავშირებით.

ბრიტანეთმა ასევე გამოუყო უკრაინას 10 მილიონი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ნორვეგიამ 500 მილიონი აშშ-დან იარაღის შეძენისთვის, ამდენივე – გერმანიამ. საფრანგეთის პრეზიდენტი ჩავიდა ჩინეთში მოლაპარაკებებზე. დარწმუნებული ვარ, თუკი ჩინეთი ჩაერევა ამ მოლაპარაკებებში და თავის ზეგავლენას მოახდენს რუსეთზე, სწრაფად მოგვარდება ეს საკითხი.

  • გაჩნდა ეს მოლოდინი, რომ ჩინეთი შეიძლება ჩაერიოს რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებულ მოლაპარაკებებში?

იმედი გაჩნდა, მოლოდინი – არა. თუ ადრე იყო რუსეთი ჩინეთის უფროსი ძმა, შემდეგ პარტნიორი, დღეს რუსეთი არის ჩინეთის უმცროსი ძმა და სატელიტი. ჩინეთს ძალიან დიდი ბერკეტები გააჩნია რუსეთზე ზემოქმედების.

  • უკრაინას რა შესაძლებლობა შეიძლება გაუჩნდეს ახლო მომავალში?

ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ნებისმიერი გოჯი მიწა უძვიურფასესია უკრაინისთვის, სისხლით დაცულია, მაგრამ ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტისთვის თუ დონბასის დათმობა მოუწია უკრაინას, ეს ლოგიკური იქნება. ეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიყვანს ხარკოვიდან და სუმიდან თავის დანაყოფებს და ცეცხლის შეწყვეტის ხაზი გაივლის დღევანდელი დაპირისპირების ზოლზე – ზაპოროჟიესა და ხერსონში.

ამასთან, გარანტიები უნდა იყოს ძალიან მყარი. არა ისე, რომ  აშშ განიხილავს ზემოქმედების საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი 28 პუნქტზე შეთანხმების მიუხედავად, გააგრძელებს თავის აგრესიას. თუ არ განიხილავს? ამიტომაც საჭიროა კონკრეტული გარანტიები.

საინტერესოა, ზალუჟნის გამოჩენაც უკრაინაში. ეს შეიძლება აჩვენებს იმას, რომ შიდა გადაწყობა იწყება, ან შიდა პოლიტიკური თამაშებია? – ვერ გეტყვით ზუსტად, აქედან მიჭირს საუბარი.

ზალუჟნიმ განაცხადა, მაგალითად, რომ ან ნატოში გაწევრიანება უნდა მოხდეს, ან ნატოს კონტინგენტი უნდა განლაგდეს, ან ევროპის რომელიღაც დიდი, ძლიერი სახელმწიფოების კონტინგენტები უნდა განლაგდეს უკრაინაში, ან ბირთვული იარაღი უნდა განთავსდეს უკრაინაში. ეს არის, ზალუჟნის თვალსაზრისით, ყველაზე მყარი გარანტიები.

ყველაზე მყარი გარანტია არის უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე. იგივე ბირთვულ იარაღს უკრაინაში არავინ განათავსებს, ეს ფაქტია.

  • გარანტიების აუცილებლობა უკრაინისთვის დასავლეთშიც ყველას კარგად ესმის ხომ?

ამერიკაში ვერ გეტყვით, მაგრამ ევროპაში ნამდვილად კარგად ესმით, ევროპა ძალიან მყარად უდგას გვერდით უკრაინას ამ მოლაპარაკებებში.

მე არც ის მგონია, ტრამპმა გაწიროს უკრაინა, ვინაიდან ეს მისი ავტორიტეტისა და სტატუსისთვის ამერიკაში ძალიან ცუდი იქნება. ისედაც შერყეული აქვს ტრამპს პოზიციები.

სამწუხარო ის არის, რომ, ზოგადად, სტრატეგია არ გააჩნია ტრამპს, მხოლოდ ბიზნეს მოლაპარაკებების კუთხით უდგება ყველაფერს. ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას. ამერიკას ეს შეუძლია გააკეთოს, დაწყებული იარაღის მიწოდებით, დამთავრებული სანქციების გაძლიერებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: