„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმა ითვალისწინებს ერთი სახელმძღვანელოს დანერგვას ერთ საგანში. აქამდე კი სკოლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან რომელიც მოეწონებოდათ, ის აერჩიათ.
„ოცნების“ რეფორმის შემდეგ სკოლებს არჩევანის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. სამინისტრო თავად გადაწყვეტს, რომელ საგანში რომელი სახელმძღვანელო შეიტანოს.
რამდენად დიდი პრობლემაა, არჩევანის გარეშე დატოვებული სკოლები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნათია მანიას ესაუბრა.
- ქალბატონო ნათია, ერთი სახელმძღვანელო ერთ საგანში დამახასიათებელი იყო საბჭოთა სკოლისთვის. როგორც პედაგოგი, ხედავთ თუ არა ამაში პრობლემას?
დავიწყოთ იმით, რომ მანამდეც ვხედავდი პრობლემას, რადგან სახელმძღვანელო ზოგჯერ შეიძლებოდა ორი ან სამიც კი ყოფილიყო ერთ საგანში, მაგრამ მაინც არ იყო კარგი.
ეს სახელმძღვანელოები აგებული იყო ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, რომელიც ყველასთვის ერთია, მაგრამ ძალიან მეეჭვებოდა და ახლაც მეპარება ეჭვი, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ადეკვატური იყოს მოსწავლისთვის. როცა შენ ქმნი რაღაც გეგმას, უნდა ხედავდე, რეალურად გააკეთებენ ბავშვები ამ ყველაფერს თუ ვერა. ანუ მე რომ გეგმას დავწერ, ეს გეგმა შესრულდება? იქნებ საერთოდაც შეუძლებელია ამის შესრულება. მოკლედ, ეს პრობლემა გეგმის დონეზეც იყო და სახელმძღვანელოების დონეზეც.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს – ეს სახელმძღვანელოები აგებული იყო ადამიანების ვიწრო წრის შეხედულებებზე, თუ რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. როგორც წესი, ვიღებდით ცუდ შედეგებს, რადგან ადამიანები, ზოგადად, ცდებიან და ეს შეცდომებიც ბუნებრივი ამბავია. ამიტომ, სახელმძღვანელოს შექმნა, ვფიქრობ, კვლევას უნდა ეფუძნებოდეს.
თუმცა აქამდე უფრო მეტი თავისუფლება იყო და რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით იწყებოდა გრიფირება. ეს იყო ღია კონკურსი და ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება.
ბევრი ავტორი იკრიბებოდა, ავტორთა ჯგუფები უკავშირდებოდნენ გამომცემლობებს და იწყებდნენ სახელმძღვანელოების წერას. შემდეგ, ბუნებრივია, ეს სახელმძღვანელოები გადიოდა გრიფირების კომისიაზე. ვერ ვიტყვი, რომ საბოლოო ჯამში იდეალური სახელმძღვანელოები იქმნებოდა, მაგრამ კონკურსი არის იმის წინაპირობა, რომ ყოველ შემდეგ ჯერზე ჩვენ მივიღოთ უკეთესი შედეგი.
ერთ-ერთი სახელმძღვანელოს ავტორი მეც ვარ, რომელიც გამოიყენება მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასებში. ქართული ენის სახელმძღვანელო შევქმენით არაქართული სკოლებისთვის და ეს იყო ძალიან შრომატევადი საქმე. მაშინაც უკმაყოფილო ვიყავით ბევრი რამით, მათ შორის იმით, რომ ძალიან ცოტა დროს გვაძლევდნენ სახელმძღვანელოს შესაქმნელად.
- ბევრი სპეციალისტისგან მსმენია, რომ მინიმუმ სამი წელი მაინც სჭირდება ერთ წიგნზე მუშაობას. საქართველოს შემთხვევაში კი რამდენიმე თვეში უნდა მოასწრო ეს ყველაფერი.
ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ვარიანტია, როდესაც სახელმძღვანელო შექმნის პროცესში გადის პილოტირებას შერჩეულ სკოლებში. ჩვენ გვქონდა ამის პრაქტიკა თუ არ ვცდები, 2006-2007 წლებში და შემდეგ, მსგავსი არაფერი მომხდარა. პილოტირების პროცესში მასწავლებლები აწვდიდნენ უკუკავშირს და ამის მიხედვით ეძლეოდა სახელმძღვანელოს საბოლოო სახე.
- ახლა „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, როგორი სახელმძღვანელო შემოვა და რით ასწავლით. ამაში თუ ხედავთ პრობლემას?
ერთი სახელმძღვანელო იმდენად დიდი პრობლემა არ არის, რამდენადაც ის, თუ როგორ შექმნიან ამ სახელმძღვანელოს და როგორი ჯგუფი იმუშავებს მასზე. ახლა თავად თქვეს, რომ ამას დაწერს სამინისტრო.
სამინისტრო შეარჩევს ავტორს? თუ ავტორთა ჯგუფი იქნება? რა ნიშნით შეარჩევენ ამ ადამიანებს, რამდენ დროს მოანდომებენ ამ ყველაფერს?
ზოგადად, ხელისუფლება, სამინისტროები ბოლო დროს ცდილობენ, მეტი კონტროლი აიღონ ხელში. ვხედავთ, რომ ნელ-ნელა თითქმის ყველა სფეროში და არა მარტო განათლებაში, იცილებენ არასასურველ კადრებს. უნდა იყო ჩუმად, თუ არადა მოგიშორებენ. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ სახელმძღვანელოების ავტორებიც უნდა იყვნენ მათი იდეოლოგიური მომხრეები.
აშკარაა, რომ შეამცირებენ ავტორების რაოდენობას, რაც ეჭვქვეშ აყენებს სახელმძღვანელოს ხარისხს.
რატომ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მაინცადამაინც მთავრობის იდეოლოგიური მომხრეები არიან განსაკუთრებულად კარგი პედაგოგები და მეთოდისტები? მით უმეტეს, ადრეც მინახავს ერთი ავტორის სახელმძღვანელო, რომელიც სამინისტროს მიერ იყო დაწერილი და ყველა კლასში ამ ერთი ავტორის წიგნით ისწავლებოდა.
ჯერ წარმოვიდგინოთ რამხელა შრომაა, გენიოსი უნდა იყოს ავტორი, რომ ყველა კლასს დაუწეროს სახელმძღვანელო და ეს გააკეთო მარტომ.
- ამ დღეებში რაც მოვისმინეთ, ყველაზე მეტად სკეპტიციზმს იწვევს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და მათი განცხადებები იმაზე, რომ აპირებენ დაცალონ ლიბერალიზმისგან ეროვნული სასწავლო გეგმა. გვახსოვს, როგორ გააქრეს გასულ წელს გამოცდების საკითხებიდან რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებები. თქვენ ელით, რომ ისინი აპირებენ გააქრონ სახელმძღვანელოებიდან რუსული იმპერიალიზმის კვალი?
არაფერი არ არის გამორიცხული. თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ სამინისტრო აარჩევს საკუთარ მომხრეებს, მაშინ მათი მომხრეები გააკეთებენ იმას, რასაც პარტია დაუკვეთს. მაშინ შესაძლოა, რომ ყველაფერი ეს, – აგიტაცია-პროპაგანდა, რაც აქვთ ევროპის წინააღმდეგ და უფრო ლოიალურები არიან რუსეთის მიმართ, ესეც აისახება. უახლესი ისტორია ხომ უნდა შევიდეს სახელმძღვანელოებში, ეს საკითხები როგორ იქნება განმარტებული, როგორ ახსნიან ამ ყველაფერს?
- თუ სკოლის სახელმძღვანელოებში შეინარჩუნებენ იმავე რიტორიკას ევროპასთან მიმართებაში, სიძულვილის ენას, როცა სამოქალაქო საზოგადოებას მოიხსენიებენ უცხო ქვეყნების აგენტურად და ასე შემდეგ, როგორ გამოიყენებენ ამ წიგნებს სკოლები, ეს ხომ იქნება ისტორიის დამახინჯება?
არ არის გამორიცხული, თუმცა ჯერ სანამ არ დაწერენ ამ წიგნებს და არ ვნახავთ რას გააკეთებენ, ვერაფერს დავამტკიცებთ.
არც ის არის გამორიცხული, რომ საერთოდ გააუქმონ სამოქალაქო განათლება ან შეიტანონ ჰომოფობიური, ქსენოფობიური ტექსტებიც. თუმცა ჯერ ვერაფერს ვიტყვით გადაჭრით.
უბრალოდ, ფაქტია, რომ ამას გააკეთებს ვიწრო წრე, რომელიც შეივსება მათი მომხრეებისგან და სხვა ადამიანებს – მეცნიერებს, პედაგოგებს და სპეციალისტებს, სახელმძღვანელოების შექმნაში მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
დღეს მასწავლებელთა საზოგადოებაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, არის ძლიერი პოლარიზაცია. ერთია, რომელიც არაფერში არ ენდობა მთავრობას, არც განათლების სამინისტროს და სულ ელოდება უარესობას, მეორე ნაწილი კი ემხრობა მთავრობას.
- თქვენ, როგორც პედაგოგს, რა მოლოდინი გაქვთ, როგორი სახელმძღვანელო შეიძლება დაგხვდეთ კლასში?
დავიწყოთ იმით, რომ მე ველოდები გათავისუფლებას. არაქართულენოვან სკოლაში პროგრამით ვარ დასაქმებული, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი მასწავლებელი ვარ და უკვე გვაცნობეს რეორგანიზაციის შესახებ. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ გამათავისუფლონ.
გათავისუფლებას ელოდებით პოლიტიკური ნიშნით?
ჩვენი უფროსი გვარწმუნებს, რომ არაფერი არ იქნება, დამშვიდდით, დაწყნარდითო გვეუბნება, მაგრამ ფაქტია, რომ გამოგვიგზავნეს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადება და მეცნობა, რომ შესაძლოა მე გამათავისუფლონ.
- გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 40 ადამიანი გაუშვეს რეორგანიზაციის მოტივით და რატომღაც შეარჩიეს ის ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დადიოდნენ, იგივე შეიძლება განმეორდეს თქვენ შემთხვევაშიც? – საკმაოდ კრიტიკული ხართ სისტემის მიმართ.
ზოგი ამბობს, რომ პროგრამა დაიხურება. მაგრამ მე ვფიქრობ, არ დახურავენ პროგრამას, რადგან დაახლოებით 150 პროგრამელი ასწავლის ქართულს საქართველოს აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში და ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია. თუმცა არ გამოვრიცხავ, მასწავლებლების ნაწილი გაუშვან.
თუ ადამიანის გაშვება გინდა, ათასნაირ საფუძველს მოიგონებ.
- დავუშვათ, დაგტოვეს სისტემაში, თუმცა შემოიტანეს ფსევდოღირებულებებით გაჯერებული სასწავლო პროგრამა. რამდენად რთული იქნება მსგავს ვითარებაში თქვენთვის სკოლაში მუშაობა?
მე. როგორც მასწავლებელს, შემიძლია ხმის ამოღება და ამას ყოველთვის ვაკეთებდი, როცა წინააღმდეგი ვიყავი რაიმე სისტემური ნაბიჯის. მაგრამ ის, რომ ჩემი ხმაურით ავიყოლებ სხვებს და ერთმანეთის მხარდაჭერით გამოგვივა რაიმეს შეცვლა, ამის იმედი არ მაქვს. ჩვენ ეს გვიჭირს – ერთად შეკრება და ერთმანეთის მხარდაჭერა მასწავლებლებს. ალბათ ისევ ცალკეული ადამიანები თუ იტყვიან რამეს.
პროპაგანდას რაც შეეხება, თუ ჩინეთად ან რუსეთად არ გვაქციეს და ცენზურას არ დაუქვემდებარეს ინტერნეტიც, დღეს თუ ადამიანს ობიექტური ინფორმაციის მიღება უნდა, მას აქვს არჩევანი და შეუძლია მოიძიოს ეს ინფორმაცია. ამიტომ, ვფიქრობ, უფრო მეტად გაჭირდება ახალი, იდეოლოგიზებული თაობის გაზრდა. ამ მხრივ უფრო მაქვს იმედი, რომ გაუჭირდებათ ამის გაკეთება, რადგან სხვა დროა. ენები იციან ბავშვებმა და იციან ინფორმაციის მოძიება – ასე იოლად ყველანაირ პროპაგანდას არ წამოეგებიან.
ახალი თაობის გარკვეულ ნაწილზე პროპაგანდამ შესაძლოა იმოქმედოს და ახალი მომხრეებიც გამოზარდონ (ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნეში არსებობენ ახალგაზრდები, რომლებზეც გარკვეულმა ჯგუფებმა მოახდინეს ზეგავლენა და სტალინისტებად ჩამოყალიბდნენ), მაგრამ მთელ მასაზე პროპაგანდა ვერ გაჭრის.






