მთავარი,სიახლეები

რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთების პროექტი

14.09.2025 •
რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთების პროექტი

ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის დაფინანსების, სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადა და სხვა დეტალები ამ დრომდე კვლავ უცნობია.

არ არსებობს [ან ოფიციალურად არ ასაჯაროებენ] ასევე ინფორმაცია საპროექტო არეალში მოქცეული კერძო უძრავი ქონებისა და საკომპენსაციო თანხის ოდენობის შესახებ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან 2025 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ქობულეთის შემოვლით გზაზე 105 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 35 და დაშავდა სულ ცოტა 221 ადამიანი [მარტო 2025 წლის ზაფხულში ამ გზაზე ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 15-მდე დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც].

ქობულეთის შემოვლით გზაზე 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი მონაცემები არ გვაქვს.

რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი – დაფინანსების წყარო[ები], არის თუ არა ცნობილი დონორი და პროექტის მთლიანი ღირებულება [მშენებლობის ჩათვლით]. როდის გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს პირველ სექტემბერს მიმართა.

„დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარეობს E-70 საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები და ამ ეტაპისთვის არ არის დასრულებული საპროექტო სამუშაოები. შესაბამისად, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებელობას, მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან 11 სექტემბერს.

დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ „ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის გამო რამდენი კერძო ნაკვეთი და რამდენი საცხოვრებელი სახლი მოხვდა აღებაში? რა თანხაა გათვალისწინებული მათ საკომპენსაციოდ? დაწყებულია თუ არა გამოსყიდვა?“

„ამასთან, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადების პროცესშია მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნულ ეტაპზე ხდება არსებული სიტუაციის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საკონსულტაციო კომპანიის მიერ. შესაბამისად, დეპარტამენტისთვის დღეისათვის უცნობია განთვისების ზოლში მოქცეული უძრავი ქონების რაოდენობა და საკომპენსაციო ღირებულებები.“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზებაზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო.

ინფორმაციისთვის:

  • 4-ზოლიანად გადაკეთების შემდეგ, ქობულეთის ავტობანი, შეკვეთილიდან, გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანის გაგრძელება იქნება, რომელიც ასევე 4-ზოლიანია და რომლის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის.
  • ქობულეთის ავტობანი ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან შეუერთდება ბათუმის შემოვლით გზას, რომელიც ასევე 2-ზოლიანია.
  • ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი მაგისტრალი უნდა იყოს. ამ გზის პროექტირების დასრულება 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, მშენებლობის კი – 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, ჯერ მშენებლობაზე ტენდერიც არ არის გამოცხადებული. ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, როგორც დეპარტამენტიდან მოგვწერეს „ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.“

ჩვენს ხელთ არსებული სკოპინგის დასკვნის მიხედვით:

პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს [ასაშენებელი გზა მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.]

ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელური ახალი გზის სიგრძე 30.37 კილომეტრი იქნება.

გათვალისწინებულია ორი დამატებითი კვანძის მოწყობა და არსებული გვირაბების პარალელურად 2 ახალი, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბები აშენდება სოფ. ქვედა აჭყვასთან და დაბა ჩაქვთან. პირველი გვირაბის [ქვედა აჭყვასთან] სიგრძე შეადგენს 250 მეტრს, ხოლო მეორე გვირაბის [ჩაქვთან] – 164 მეტრს.

საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ.

პროექტის შერჩეული ვარიანტით ახალი გზის ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 581 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით – 10 031 191 კვ.მ. აქედან კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობაა – 193; მთლიანი ფართობი – 2 491 944 კვ.მ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთების რაოდენობა [სკოპინგის ანგარიშის მიხედვით] იყო – 246. სულ სავარაუდო განსახლების ღირებულება კი შეადგენდა – 19 252 485 ლარს.

ამ თემაზე:

როდის სრულდება ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთების პროექტი – 27 დაღუპული და 212 დაშავებული

გადაბეჭდვის წესი


ასევე: