ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდე შეამცირეს.
რატომ შემცირდა სიჩქარის მაქსიმუმი ქობულეთის შემოვლით გზაზე? – ამ ერთადერთი კითხვით „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ ოფიციალურად, წერილობით უნდა მივმართოთ.
დასაშვები სიჩქარის შემცირების მიზეზი, ჩვენი ვარაუდით, შეიძლება იყოს ამ გზაზე გახშირებული ავარია და/ან დაზიანებული ადგილები სავალ ნაწილზე.

ქობულეთის შემოვლით გზაზე დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 90-დან 70 კმ/საათამდეა შემცირებული / 1.11.2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე, მაგალითად, დაზიანებულია სადეფორმაციო ნაკერი, რაც ავტომობილების მოძრაობისთვის საფრთხის შემცველია.
გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ დაახლოებით ერთი თვის წინ უთხრეს, რომ დაზიანებული კონსტრუქციის შესახებ ინფორმირებულნი არიან და ის მთლიანად უნდა შეიცვალოს, მანამდე კი, გზის მოვლის სამუშაოები ტარდება, ამასთან, ეს ადგილიც ზედამხედველობის ქვეშაა.
მოვლას რაც შეეხება, რკინის კონსტრუქციის დაზიანებულ ნაწილებს პერიოდულად ერთმანეთთან ადუღებდნენ, ამ დროისთვის კი, სადეფორმაციო ნაკერზე ლითონის სქელი ფურცელია მთელ სიგრძეზე დამაგრებული.

სადეფორმაციო ნაკერი ადრე[ზემოთ] და ახლა [ქვემოთ] – ქობულეთის შემოვლით გზაზე
სადეფორმაციო ნაკერი არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხიდის/ესტაკადის ცალკეულ სექციებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამით მის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს. ასეთი ლითონის ელემენტები იცავს ბეტონის კონსტრუქციას დაბზარვისგან და ხიდს აძლევს მოქნილობას ტემპერატურის ან დატვირთვის ცვლილების დროს.
ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანია, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად უსაფრთხო არ არის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან 2025 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ქობულეთის შემოვლით გზაზე 105 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 35 და დაშავდა სულ ცოტა 221 ადამიანი [მხოლოდ 2025 წლის ზაფხულში ამ გზაზე ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 15-მდე დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანებიც]. ამ გზაზე 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი მონაცემები არ გვაქვს.
ეს გზა, ისევე როგორც ბათუმის შემოვლითი გზა, არ არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი [ავტობანი]. არის ორზოლიანი და სავალ ზოლებს შორის არ აქვს გამყოფი ბარიერი.
ქობულეთის შემოვლითი გზის საერთო სიგრძე დაახლოებით 31,3 კმ-ია. ამ გზის პირველი მონაკვეთი [ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან – ქობულეთის სოფელ გვარამდე] 2013 წელს გაიხსნა, ხოლო მეორე მონაკვეთი [ქობულეთის სოფელ გვარადან – მახინჯაურის გვირაბამდე] – 2018 წელს.
თავის მხრივ ქობულეთის შემოვლითი გზა გრიგოლეთი-ქობულეთის 4-ზოლიანი ავტობანის გაგრძელებაა. ეს ავტობანი, სადაც მაქსიმალური დაშვებული სიჩქარე 110 კმ/საათია, სოფელ შეკვეთილთან უერთდება ორზოლიან ქობულეთის გზას, სადაც ახლა უკვე დაშვებულია მაქსიმუმ 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა.

გრიგოლეთი-ქობულეთის[ჩოლოქი] ავტობანი
პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს [ასაშენებელი გზა მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს, მრუდების გაუმჯობესების მიზნით.]
ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელური ახალი გზის სიგრძე 30.37 კილომეტრი იქნება.
გათვალისწინებულია ორი დამატებითი კვანძის მოწყობა და არსებული გვირაბების პარალელურად 2 ახალი, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბები აშენდება სოფ. ქვედა აჭყვასთან და დაბა ჩაქვთან. პირველი გვირაბის [ქვედა აჭყვასთან] სიგრძე შეადგენს 250 მეტრს, ხოლო მეორე გვირაბის [ჩაქვთან] – 164 მეტრს.
საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე კი 120 კმ/სთ იქნება.
ამ თემაზე ვრცლად:
რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთების პროექტი






