მთავარი,სიახლეები

საია: ციხის ადმინისტრაცია გეგმავს მზია ამაღლობელისათვის თვალზე კვლევების ჩატარებას

08.12.2025
საია: ციხის ადმინისტრაცია გეგმავს მზია ამაღლობელისათვის თვალზე კვლევების ჩატარებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში მზია ამაღლობელს თვალზე კვლევები მის მიერ შერჩეულ კლინიკაში ჩაუტარდება.

„საიასთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირაში ციხის ადმინისტრაცია გეგმავს მზია ამაღლობელისათვის თვალზე კვლევების ჩატარებას იმ კლინიკაში, რომელიც მზიამ შეარჩია“ – წერს საია.

ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს – სახაროვის პრემიის მფლობელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ მზია ამაღლობელს მნიშვნელოვნად დაუქვეითდა მხედველობა.

მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა და ადვოკატის არაერთი მოთხოვნისა, მას დღემდე არ უტარდება მდგომარეობის გამოსაკვლევად აუცილებელი მაღალტექნოლოგიური კვლევები.

დღეს საიამ გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებული სამედიცინო ისტორია, რომელიც აჩვენებს, რომ პატიმრობაში მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა

მზია ამაღლობელმა და მისმა ადვოკატმა არაერთხელ მოითხოვეს სრულფასოვანი კვლევების ჩატარება სპეციალიზებულ კლინიკებში: „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“, სადაც პაციენტის წინა კვლევების ისტორია ინახება და შესაძლებელია ტოპოგრაფიული მონაცემების შედარება, ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრში“.

ამონარიდი მზია ამაღლობელის მიერ ციხის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილი წერილიდან:

„…თქვენი დაწესებულების პროვაიდერ კლინიკა „მზერას“ არ გააჩნია თანამედროვე/საჭირო აპარატურა და მისი ჩატარებული კვლევები ვერ აჩვენებდა სრულყოფილ სურათს. გარდა ამისა, მე არ გამსაუბრებია კლინიკა „მზერას“ ის ექიმი, რომელმაც გასცა რეკომენდაცია.

ჩემთვის პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები — რა რისკები გააჩნია ან რა შედეგის შემცველი იქნებოდა ის მანიპულაცია თვალზე, რის რეკომენდაციაც მივიღე.

ვიცი, მედიცინაში გარანტიები არ არსებობს, შესაბამისად, არც გაიცემა და არც ველოდები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ერთ თვალში (მარჯვენა) შემომრჩა მხედველობის ის ხარისხი, რითაც ძირითადად სათვალის გამოყენებით ვახერხებ კითხვას, ვალდებული ვარ, გადაწყვეტილებებში ვიყო უფრო ფრთხილი.

ჩემი მხედველობის შენარჩუნება ან/ და გაზრდა შესაძლებლად მიმაჩნია ჩემს სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში, სადაც ექიმებს აქვთ კერატოკონუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: