მთავარი,სიახლეები

პარლამენტის აპარატში ფულადი ჯილდოები და დანამატები უკანონოდ გაიცა – აუდიტი

07.12.2025 •
პარლამენტის აპარატში ფულადი ჯილდოები და დანამატები უკანონოდ გაიცა – აუდიტი

საქართველოს პარლამენტის აპარატში, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში კანონდარღვევით გაიცა ფულადი ჯილდოები და სახელფასო დანამატები. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტი წერს თავის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, ჯამში, 100 ათას ლარზე მეტი ჯილდო და დანამატია გაცემული 2022 წელს.

აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის“ ანგარიში 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ამ ანგარიშის მიხედვით:

„მოხელეს ფულადი ჯილდო ეძლევა ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე მისი შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ამასთანავე, ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს მოლოდ იმ მოხელეს, რომელმაც შეფასების შედეგად მიიღო შეფასება − „საუკეთესო“ ან „კარგი“.

პარლამენტის აპარატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები რამდენიმე შემთხვევაში არ მოიცავდა შეფასების შედეგებს. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 10 მოხელეზე გაცემულია ჯილდო [18 407 ლარი], მათი შეფასების გარეშე.

კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისთვის სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს განსაზღვრის უფლებამოსილება ხორციელდება ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით.

2022 წელს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელზე ფულადი ჯილდო და სახელფასო დანამატი [ჯამში 8 360 ლარი] გაცემულია საკუთარი ბრძანებების საფუძველზე, ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე.

მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე სახელფასო დანამატის გაცემას, რომლის მიცემის უფლებამოსილება უნდა გამომდინარეობდეს ხელშეკრულების პირობებიდან.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში 2022 წელს გაიცა სახელფასო დანამატი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ 5 პირზე [თანხით 6 400 ლარი], რომლის გაცემის უფლებამოსილება ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე, არ არსებობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელეს ფულადი ჯილდო ეძლევა შეფასების შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

2022 წელს პარლამენტში 26 მოხელეზე 10 400 ლარის ჯილდო გაიცა, 2021 წლის შედეგების საფუძველზე. ანალოგიურად, ბიბლიოთეკაში 2021 წლის შედეგების გათვალისწინებით, 2022 წელს გაცემულია 72 467 ლარის ფულადი ჯილდო“.

ამ და სხვა დარღვევებისა თუ შეუსაბამობების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტს სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა.

„აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების საპასუხოდ, წარმოგიდგენთ ჩვენს რეკომენდაციებს და ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვან სხვა ინფორმაციას“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურიდან შალვა პაპუაშვილისთვის 2025 წლის აპრილში გაგზავნილ წერილში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: