მთავარი,სიახლეები

იგეგმება თუ არა ბათუმის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთება – დეპარტამენტის პასუხი

13.09.2025
იგეგმება თუ არა ბათუმის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთება – დეპარტამენტის პასუხი

საქართველოს გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პროექტს მოამზადებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერიც გამოაცხადა.

ავტობანის მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საერთაშორისო ტენდერი ისეა გამოცხადებული, რომ მითითებული არ არის თანხა – თუ რამდენს გადაიხდიან ბიუჯეტიდან ამ დოკუმენტების მომზადებაში.

პროექტი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი და ერთ-ერთი მოიცავს ბათუმის შემოვლით გზასაც.

ბათუმის შემოვლითი გზა

„საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში შესრულდება კვლევები და მოხდება იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელია ლანდშაფტის აღდგენა და გაუმჯობესება. შემდეგ ეტაპზე მომზადდება დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;

კონსულტანტის ვალდებულებები მოიცავს: ფუნქციური, ესთეტიური და ეკოლოგიურად მდგრადი ლანდშაფტური დიზაინის შემუშავებას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; გზების მიმდებარე გარემოს ვიზუალური ხაზის გაუმჯობესებასა და ეკოსისტემის ინტეგრაციას; უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ნორმების დაცვას; ხმაურის დონის შემცირების, ფერდობების სტაბილიზაციის, ქარსაფარი ზოლების მოწყობისა და წყალამრიდების სისტემების გაუმჯობესების უზრუნველყოფას“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ბათუმის შემოვლით გზასთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ დეპარტამენტს წერილობით მიმართა და ჰკითხა:

„საერთაშორისო ავტომაგისტრალების მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენისა და გაუმჯობესების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოიცავს ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთსაც. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება არ იგეგმება? ანუ, ბათუმის შემოვლითი გზა დარჩება 2-ზოლიანი?

თუ ამ გზის მოდერნიზება იგეგმება, მაშინ რა საჭიროა 2-ზოლიანი გზის მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პროექტი?“

„თქვენს წერილში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ბათუმის შემოვლით საავტომობილო გზას, გაცნობებთ, რომ ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე არ იგეგმება,“ – მხოლოდ ეს მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან.

ბათუმის შემოვლითი გზა

ბათუმის შემოვლითი 2-ზოლიანი გზა – ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებიდან – ქობულეთის შემოვლითი გზის გაგრძელებაა, რომელიც ასევე 2-ზოლიანია. თუმცა, დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად მოდერნიზებას გეგმავს. შესაბამისად, ქობულეთის შემოვლითი გზისთვის ლანდშაფტის აღდგენის პროექტს არ მოამზადებენ [ვინაიდან ჯერ პარალელური გზა უნდა აშენდეს].

ბათუმის შემოვლითი გზა ფრიდონ ხალვაშის გამზირთან ბათუმი[ჭოროხი]-სარფის დაგეგმილ გზას უნდა შეუერთდეს.

ჭოროხი-სარფის გზის პროექტი კი, როგორც დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს – „ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.“

რატომ არ დაპროექტდა თავიდანვე 4-ზოლიან მაგისტრალად ქობულეთის, ასევე ბათუმის შემოვლითი გზები და რატომ არ დაიწყო თავიდანვე მათი მშენებლობა? ან რატომ არ იგეგმება ჭოროხი-სარფის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის დაწყება? – აღნიშნულ კითხვებზე „ბათუმელებს“ ოფიციალური უწყებებიდან ამ ეტაპზე პასუხები არ აქვს.

გზების დეპარტამენტის პასუხიდან კი ისიც არ ირკვევა ბათუმის შემოვლითი გზა დარჩება 2-ზოლიანი [მითუმეტეს თუ გზის გასწვრივ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების სამუშაოები ჩატარდება], თუ იძულებული გახდება მთავრობა, რომ ეს გზაც 4-ზოლიანად გადააკეთოს, როგორც ეს მოხდა ქუთაისის შემოვლითი გზის და შემდეგ ქობულეთის შემოვლითი გზის შემთხვევაში.

ბათუმის შემოვლითი გზა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: