ბათუმში საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს

დღეს, 13 დეკემბერს, აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციაზე პოლიციამ კიდევ 6 პირი დააკავა – ყველა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. აჭარის პოლიციის უფროსის, კოტე ანანიაშვილის ინფორმაციით, ინციდენტის დროს ერთი პოლიციელი შეუძლოდ გახდა.

ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ბოლო დღეებში პოლიცია ბევრად აგრესიული გახდა, ვიდრე აქამდე იყო. „ანანიაშვილის [აჭარის პოლიციის უფროსი] მიღმა, ვიღაც სხვა პოლიციელები გამოჩნდნენ, რომლებიც აგრესიულები არიან. მათაც ფორმა აცვიათ“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

მისივე ინფორმაციით, დაკავებული პირები რამდენიმე დღის წინ პოლიციამ 2000-2000 ლარით დააჯარიმა. „მაღაზიაში გავიდნენ, იქვე ახლოს. ბიჭებმა იცოდნენ, რომ მაგ ტერიტორიაზე გასვლის გამო არ აჯარიმებდნენ. იმ ღამეს დააჯარიმეს საკარანტინო რეჟიმის დარღვევის მოტივით. დღეს დაკავებულთაგან ოთხი ახალგაზრდა – ირაკლი და თორნიკე ჭელიძეები, მუხრან ბერიძე და მინდია მელაძე სწორედ იმ ღამეს დააჯარიმეს 2000 ლარით“, – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები – სულ 6 პირი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. დღემდე არსებული პრაქტიკით, პოლიციის მიერ ამ მოტივით დაკავებულ აქციის მონაწილეებს სასამართლოც აჯარიმებს – ზოგ შემთხვევაში 500 ლარით, ზოგ შემთხვევაში კი 1000 ლარით.

___

უკვე ერთ თვეზე მეტია აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციას მართავს ოპოზიცია. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა.

351 000 ლარი უპატრონო შინაური ცხოველების მოსავლელად ბათუმში – მერიის ტენდერი

ბათუმის მერიამ „უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. 2021 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში აღნიშნული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო /სატენდერო ღირებულება 351 ათას 680 ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 21 დეკემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, გამარჯვებულს ძირითადად ევალება:

[checklist]

  • „ქალაქის ტერიტორიიდან უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთნ დაკავშირებული პროცედურები (ვაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება), ტრავმირებული ცხოველების მკურნალობა: მათ შორის, ოპერაციული მკურნალობა [რაოდენობა წლის განმავლობაში – 2 600];
  • ბუნებრივ არეალში გაშვებული დაბირკული გასტერილებული ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება რევაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურებისთვის (რევაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება). ქალაქის ტერიტორიიდან ცხოველების ლეშის (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილით) დროული გამოყვანა სპეციალური ტრანსპორტით, კრემაცია ან/და „ბიოთერმულ“ ორმოში დამარხვა, მოზარდი ცხოველების (ლეკვი, კნუტი) დაჭერა, ტრანსპორტირება და თავშესაფარში (ვეტერინარული კლინიკა) გადაყვანა მოვლა-პატრონობის მიზნით [რაოდენობა წლის განმავლობაში – 2 000]“.

[/checklist]

ამასთან, ამავე ტენდერის პირობების მიხედვით:

  • „თავშესაფარში (ვეტერინარულ კლინიკაში) შეყვანილი ცხოველები (ძაღლი, კატა) ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას საჭდით ან ტატუირებით ნუმერაციის შესაბამისად და შემდეგში ხდება მათი გაშვება ექიმი ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე იმავე არეალებში, საიდანაც იქნა ცხოველი აყვანილი;
  • ცხოველების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სპეციალური აღჭურვილობით მოწყობილი ავტომანქანით (ავტომანქანაზე დამონტაჟებული უნდა იყოს ლითონის კონსტრუქციის გალია, აერაციით);
  • ჩატარებული პროცედურების შესაბამისად წარმოებული უნდა იქნეს ელექტრონული ბაზა (აყვანილი და გაშვებული ცხოველის ადგილმდებარეობის, ფერის, სქესის, კლიპის ნომრის შესაბამისად);
  • მუშების უზრუნველყოფა სპეცტანსაცმელით და ძაღლსაჭერი სპეციალური ინვენტარით (საკი, ბადე და სხვა), აგრესიული ცხოველების დაჭერის დროს შესაძლებელია კანონით დაშვებული (სპეციალური დასაძინებელი) პრეპარატების გამოყენება;
  • ვოლიერების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, დასუფთავება სველი წესით დღის განმავლობაში 2-ჯერ მათ შორის ერთჯერ სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით დილით და საღამოს;
  • ნაოპერაციები ცხოველების მოთავსება დროებითი დაყოვნების (საკარანტინო) ვოლიერში მორიგე პერსონალის დაკვირვების პირობებში;
  • ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ: ა) იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს: აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას; ბ) ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებებს, ასევე პათოლოგიები, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან; გ) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;
  • ვეტერინარულ კლინიკაში უნდა ფუნქციონირებდეს ცხელი ხაზი (დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე) კვირისა და დასვენების დღეების გარდა. ამასთან, მიმწოდებელმა ზემოაღნიშნული მომსახურება უნდა განახორციელოს საქართველოში მოქმედი კანომდებლობის მოთხოვნების შესაბამისად“.

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2022 წლისთვის უნდა დასრულდეს ჩაქვის დასახლებაში სარეკრეაციო სივრცის და ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ამ პროექტის ფარგლებში 13 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა.

ვრცლად ნახეთ ბმულზე:

„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში

ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებმა ქუჩა გადაკეტეს – აქცია ბათუმში

ბათუმში, ბონის დასახლებაში, მოსახლეობამ დღეს, 13 დეკემბერს, შავშეთის ქუჩა [ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება] გადაკეტა. მოსახლეობა, რომელიც იქვე, ავარიულ კორპუსში ცხოვრობს, ამბობს, რომ ისინი მერიას ამ დრომდე უნდა დაეკმაყოფილებინა ბინებით, თუმცა პროცესი გაჭიანურდა.

მაიაკოვსკის ქუჩა N 55/24-ში მდებარე ავარიულ ხუთსართულიან კორპუსში 45 ოჯახი ცხოვრობს.

„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია. ხუთსართულიანი კორპუსი ტრაილერების გავლისას ზანზარებს, იბზარება… ახალი კორპუსი კი შენდება, თუმცა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ დრომდე არ დასრულდა. ვითხოვთ, უმოკლეს ვადაში დაასრულონ მშენებლობა. წლებია შიშის ქვეშ ვცხოვრობთ,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

აქციის მონაწილის თქმით, მათთან მივიდნენ მერიის წარმომადგენლები და დაჰპირდნენ, რომ კონკრეტულ პასუხს სამშაბათს ეტყვიან: „რამდენიმე პირი წაიყვანეს, განცხადება დაგვიწერეთო, აქციაც შევწყვიტეთ“.

გზა ამ დროისთვის [15:20 სთ] უკვე გახსნილია.

„ბათუმელები“ მერიისგან კომენტარს ელოდება და მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

აღნიშნული კორპუსი რომ ავარიულია, 7 წლის წინ მომზადებულ დასკვნაშიც ეწერა. მაშინ მერია შენობის გამაგრებას გეგმავდა, რასაც მოსახლეობა არ ეთანხმებოდა.

2013 წლის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით – „შენობა ავარიულია, გასამაგრებელია მისი საძირკვლები, მზიდი კედლების რიგი ადგილები, ჩასატარებელია საბათქაშე და სამღებრო სამუშაოები“.

ამ თემაზე:

45 ოჯახი ავარიულ კორპუსში

ბათუმის რომელ ქუჩებზე გახდება მოძრაობა ცალმხრივი 15 დეკემბრიდან – ახალი სქემა

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები 15 დეკემბრიდან შეიცვლება, რის შემდეგაც ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ქუჩებზე მონიშნულია მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლიც [ე.წ. Bus lane]. ამ ზოლში ავტობუსების გარდა დაშვებულია ველოსიპედების მოძრაობაც.

რა იცვლება კონკრეტულად 15 დეკემბრიდან:

  • გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით;
  • ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში [ავტომანქანები იმოძრავებენ ამავე მიმართულებით];
  • ცალმხრივი უნდა გახდეს მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით;

თუმცა, მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 15 დეკემბრიდან სატესტო რეჟიმში პუშკინის ქუჩა გაცალმხრივდება არა 26 მაისის ქუჩამდე, არამედ ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე [ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმართულებით];

  • გრიბოედოვის ქუჩა კი, ცალმხრივი უნდა გახდეს ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში და მოძრაობა მხოლოდ ამ მიმართულებით უნდა იყოს – ეს ახალი სქემით. თუმცა, მერიაში გვითხრეს, რომ გრიბოედოვის ქუჩაზე, ამ მონაკვეთში, 15 დეკემბრიდან მოძრაობა დროებით დარჩება ორმხრივი, ვიდრე არ დასრულდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები [ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის].
  • გრიბოედოვისა და რუსთაველის კვეთაში გაიხსნება გზაგამყოფი  და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ, იმოძრაონ რუსთაველის ქუჩაზე, როგორც მარჯვნივ – დელფინარიუმის მიმართულებით, ასევე მარცხნივ – ახალი ბულვარის მიმართულებით [მერიის ინფორმაციით, ეს კვეთა უკვე გახსნილია];
  • ბარათაშვილის ქუჩაზე გორგილაძიდან ზუბალაშვილამდე ტროტუარის გასწვრივ მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს. მეორე ზოლში კი, იმავე მიმართულებით სხვა ტრანსპორტიც.
  • გორგასლის ქუჩაზე უკვე შეიცვალა მოძრაობის მიმართულება და ტრანსპორტი გადაადგილდება გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით [მოძრაობა ცალმხრივია].

ჭავჭავაძის ქუჩაზე, გზაგამყოფზე დაიდგმება 2 მოსაცდელი, რისთვისაც სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ვინაიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ჯერჯერობით არ მოძრაობს, მერიის ინფორმაციით, მოსაცდელების მონტაჟი შეზღუდვის მოხსნამდე მოესწრება.

ჭავჭავაძის ქუჩაზე [26 მაისის ქუჩის კვეთასთან ახლოს] ამ ადგილზე მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება მოეწყობა / 12.12.2020
ჭავჭავაძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაშიც მოსაცდელი დამონტაჟდება / 12.12.2020

„მართალია, მუნიციპალური ავტობუსები არ მოძრაობენ, მაგრამ ახალ სქემას ავამოქმედებთ, მძღოლებიც შეეჩვევიან და პარალელურად, გამოჩნდება, თუ იქნება რაიმე ხარვეზი,“ – გვითხრეს მერიაში.

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შეცვლა 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ვადამ ჯერ 20 ნოემბრამდე, საბოლოოდ კი 15 დეკემბრამდე გადაიწია.

მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? – მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში:

მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? [გამოკითხვა]

 

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პოლიციამ 11 853 პირი დააჯარიმა – 15 დღეში

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 30 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში პოლიციამ სულ 11 853 პირი დააჯარიმა, – აქედან 801 ბოლო 24 საათში. მოქმედი რეგულაციებით პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ასევე ღია საჯარო სივრცეში.

აღნიშნულ პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის სულ 12 966 ფაქტი გამოვლინდა.

აქედან 1 113 ფაქტი უკავშირდება იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევას [ამ შემთხვევაში დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს], ხოლო 11 853 ფაქტი უკავშირდება პირბადის ტარების წესის დარღვევას.

შსს-ს ინფორმაციით, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით;

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი, იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

 

მთავარი ფოტო: შსს

აჭარაში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 497 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათში 6 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

13 ოქტომბრის დილის მონაცემებით აჭარაში: კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) 49 პაციენტი; კლინიკაში მკურნალობს – 855 , კოვიდსასტუმროში – 1 400, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 3 078 პაციენტი.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი, მათ შორის აჭარაში – 9 190.

კოვიდის 2 720 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 46 პაციენტი – 13 დეკემბრის მონაცემები

 

 

კოვიდის 2 720 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 46 პაციენტი – 13 დეკემბრის მონაცემები

13 დეკემბრის დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის ოფიციალური მონაცემებით,  ამავე პერიოდში გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 942.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში სულ კორონავირუსის 189 726 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 158 183 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 790 გარდაიცვალა.

თბილისი -1 240 ; იმერეთი – 362 | კორონავირუსის განაწილება 13 დეკემბერს

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში ორშაბათიდან – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 დეკემბრის 21 საათიდან 14 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი, ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო;

მაღალმთიანეთში კი:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო, ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +11,5 გრადუსი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 15-16 დეკემბერს, სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

 

გავყიდე ყველაფერი, რაც შემეძლო გამეყიდა, სახელმწიფო კი ისევ ბიზნესს ეხმარება – მოქალაქე

„ისეთ მდგომარეობამდე მივედი, როცა სახლიდან ყველაფერი გაგაქვს და ყიდი – ველოსიპედი, მოტოციკლი მყავდა ესენიც გავყიდე, სახელმწიფო კი ისევ ბიზნესს ეხმარება. ჩვენი ვალი, ვალი არ არის?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე გიორგი გორგილაძე.

კორონავირუსის პანდემიამდე გიორგი სამორინეში მუშაობდა და საკმაოდ კარგი შემოსავალიც ჰქონდა. სამორინე პირველი შეზღუდვების, ანუ გაზაფხულის შემდეგ ქვეყანაში არ გახსნილა და ამ ხნის განმავლობაში მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო კომპენსაცია – ჯამში 1200 ლარი, რომელიც პანდემიის პირველი ტალღის დრო გასცა სახელმწიფომ.

ვიშიმშილე კიდევ მთავრობასთან, ბანკის სესხების გადავადებით მივმართე ეროვნულ ბანკს და კერძო ბანკებსაც, თუმცა ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ბანკის სამთვიანმა გადავადებამ ის შედეგი გამოიღო, რომ 5 წლიანი სესხი 10 წელზე გაგვიწერეს და მოკლების ნაცვლად პროცენტი გაგვეზარდა“, – გვიყვება თავის გასაჭირზე გიორგი გორგილაძე.

მისი აზრით, სახელმწიფომ ეკონომიკის სტაბილურობის მიზეზით გაწირა საკუთარი მოქალაქეები.

„ეხმარება მხოლოდ ცალკეულ ბიზნესებს და არ გვესმის რა ნიშნით. ბიუჯეტი არის საერთო ფული, ჩვენი მოქალაქეების ფულიც, ამიტომ მხოლოდ კონკრეტული ბიზნესის მხარდაჭერა რატომ ხდება. ჩემი ბანკის ვალი, ვალი არ არის? ვფიქრობ, ეს ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილებაა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან სახელმწიფომ ბანკების და ცალკეული ბიზნესების გადარჩენა მოქალაქეების დაზარალების ხარჯზე დაიწყო“, – ამბობს გიორგი.

მისი თქმით, სამართლიანი იქნებოდა სახელმწიფო მიდგომა მაშინ, თუკი ბანკებთან მიმართებაში სახელმწიფო აღიარებდა ფორსმაჟორულ მდგომარეობას. ეს მევალეებს შესაძლებლობას მისცემდა, რომ ბანკს შეღავათი გაეკეთებინა ძირ ფულზე და პროცენტთან ერთად მისი დაფარვაც არ მოეთხოვა.

„როგორც ვიცი, ევროპაში ფორსმაჟორი გაითვალისწინეს. ჩვენ კი, საქართველოს მოქალაქეებს გამოგვეცალა ამის საფუძველი, რადგან ჩვენთან მიმართებაში ბანკი ფორსმაჟორს არ აღიარებს.

ოქტომბერში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ სახელმწიფო კომპენსაციას მხოლოდ იმ პირებზე იძლევა, ვინც 28 ოქტომბრის შემდეგ დაკარგა სამუშაო. ჩვენ ვინც გაზაფხულზე დავკარგეთ და ერთჯერადი კომპენსაციის მეტი არ მიგვიღია, სამუშაო აღარ გვაქვს, რა გავაკეთოთ? უკვე ყველაფერს ვყიდი, რაც მეყიდება“, – ამბობს გიორგი.

მისი თქმით, სამუშაო რომც იშოვოს, ახალი დაანგარიშების მიხედვით, თვეში 1000 ლარზე მეტი გამოსდის ბანკში შესატანი თანხა, რაც მას ისედაც მოწყვლადს ხდის.

„1000-ლარიანი სამსახურის შოვნა ამ სიტუაციაში თითქმის შეუძლებელია. რომც ვიშოვო, ყველაფერს ბანკი წაიღებს, რადგან ყოველდღე მინუსებში მივდივარ და ვალი იზრდება. ვფიქრობდი, რომ 1 200 ლარიანი კომპენსაცია მეორე ტალღის შემთხვევაშიც შეგვეხებოდა, ვინც გაზაფხულზე დავკარგეთ სამუშაო და ისევ დახურულები ვართ. ამაზე მთავრობის პასუხი არ ისმის“.

გიორგი ამბობს, რომ ერთ ბანკში იპოთეკური სესხი აქვს აღებული, მეორეში კი სამომხმარებლო.

„ახლა განაცხადეს, რომ კერძო საბავშვო ბაღების მეპატრონეებს დაეხმარებიან, სამშენებლო სექტორს დაეხმარნენ, ცალკეულ ბიზნესებს აძლევენ კომპენსაციას, რითი წყვეტენ, ვინ უფრო მეტად დაზარალდა და ვინ ნაკლებად.

მთავრობამ ჩვენ დაგვავალდებულა, რომ სახლში ვიჯდეთ, ხელფასი აღარ ავიღოთ და ათი თვე თავი 200 ლარით გავიტანოთ. ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება“, – ამბობს გიორგი გორგილაძე.

საქართველოში დამატებითი შეზღუდვები 28 ოქტომბრიდან ამოქმედდა. მთავრობამ ხელმეორედ განსაზღვრა იმ პირთა წრე, ვინც  შეზღუდვების მეორე ეტაპზე 200 ლარიან სახელმწიფო კომპენსაციაც მიიღებს. ამ ჯგუფში არ მოიაზრებიან ის პირები, ვინც სამუშაო ადგილი პანდემიის პირველ ეტაპზე დაკარგა და უკვე მიღებული აქვს 1 200 ლარიანი დახმარება.

ფრანგულის მასწავლებელმა ბელგიაში ყველაფერი დატოვა და ბათუმში საცხოვრებლად გადმოვიდა

ბელგიელი მაქსიმ ფინამორი ბათუმში მცხოვრები ერთადერთი მასწავლებელია, ვისთვისაც ფრანგული მშობლიური ენაა და სხვებსაც ასწავლის. მეტიც: მაქსიმმა ბელგიაში ყველაფერი გაყიდა, რაც ებადა. მხოლოდ სამოსი და ხმისჩამწერი სტუდიის აპარატურა ჩააბარგა ჩანთებში და განუსაზღვრელი ვადით ბათუმში ჩამოვიდა საცხოვრებლად.

მაქსიმ ფინამორი / მარიამ ქიქავას ფოტო

მშობლიურ ენას, ფრანგულს ახლა ბათუმში სხვებს ასწავლის, თვითონ კი ქართულს სწავლობს.

მაქსიმ ფინამორი ბათუმში ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის იანვარში ჩამოვიდა გაცვლითი პროგრამა „ევროოდისეას“ ფარგლებში.

„ბელგიაში ანთროპოლოგიას ვსწავლობდი უნივერსიტეტში. ფრანგული ენის მასწავლებელიც ვარ პროფესიით. პარალელურად მუსიკას ვწერ. ძირითადად ელექტრონულ მუსიკას, ჰიპ-ჰოპს. ბელგიაში არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია: ახალგაზრდების ეროვნული ასოციაცია, საიდანაც პროგრამა ევროოდისეას შესახებ გავიგე, რომელიც ახალგაზრდებს სტაჟირებას სთავაზობს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩამონათვალში იყო საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და ა.შ. მაგრამ მე ევროპის მიღმა ცხოვრება მაინტერესებდა.

კავკასიის ქვეყნებზე ბევრი არაფერი ვიცოდი.

აჭარის განათლების სამინისტროში ვმუშაობდი ევროოდისეას ფარგლებში. სამინისტროს მუშაობის პრინციპებს ვეცნობოდი, უცხოური პროგრამების მოძიებაში ვიღებდი მონაწილეობას, კორესპონდენციების მომზადებაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ა.შ. ჩემი სტაჟირების კონტრაქტი აჭარის განათლების სამინისტროსთან მარტში დასრულდა პანდემიის გამო“, – ამბობს მაქსიმ ფინამორი.

მაქსიმ ფინამორი – ფრანგული ენის ბელგიელი მასწავლებელი ბათუმში.

სტაჟირების დასასრულს ბელგიაში დაბრუნდა. რაც ებადა ბათუმში ჩამოიტანა და აქ დასახლდა. ახლა ბათუმის ორ სკოლაში მუშაობს ფრანგულის მასწავლებლად და პარალელურად მოსწავლეებსაც ამზადებს.

როგორც თავად ამბობს, მაქსიმის გაკვეთილები არაორდინალურია: ფრანგულს მოსწავლეებს ძირითადად ინტერაქტიული მეთოდით ასწავლის: საუბრებით და სავარჯიშოებით ღია ცისქვეშ, ზღვის პირას, სახლშიც და ქუჩაშიც. მისი თქმით, ბავშვებსა თუ მოზრდილებს სწავლების ეს ფორმა ძალიან მოსწონთ და საკომუნიკაციო უნარებიც მარტივად უვითარდებათ.

მისი თქმით, ფრანგული ენის შესწავლის მსურველი ბათუმში არც ისე ცოტაა. ბავშვებიც და მოზრდილებიც.

მაქსიმ ფინამორი მსურველებს ამზადებს ასევე ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო გამოცდებისთვისაც DELF და DALF.

„ყოველთვის ვცდილობ დავინტერესდე მოსწავლეების ინტერესებით, უნარებით, ჰობით. ეს იმისთვის მჭირდება, რომ სასწავლო თემები ინდივიდუალურად შევურჩიო თითოეულ მათგანს.

უამრავი აქტივობა გვაქვს. ყველასთვის მორგებული და საინტერესო გარემოს შექმნა – აუცილებლად უნდა მოარგო ყველაფერი მოსწავლეების ინდივიდუალურ ინტერესებს. ენის სწავლის პროცესი ფიზიკურ აქტივობებსაც გულისხმობს ხშირად. ევროპული ხელოვნება, მუსიკა, კულტურა, ყველაფერს ვეცნობით და ვსწავლობთ ენასთან ერთად.

ბევრი მოსწავლე მყავს და დრო ძალიან ცოტა მაქვს. პანდემიის პირობებში დისტანციურ სწავლებაზე გადავედით და ეს ჩემთვის მოსახერხებელია“, – ამბობს ფრანგული ენის ბელგიელი მასწავლებელი.

გაზაფხულზე, სანამ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდოდა, მოსწავლეებთან ერთად ფრანგულის გაკვეთილების ამსახველი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღო, რომელიც მალე გამოვა.

მაქსიმ ფინამორი ბელგიის გარდა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მექსიკასა და სენეგალში ცხოვრობდა. სენეგალში რეგიონული რადიოც გახსნა და მიჰყავდა გადაცემა ურბანულ კულტურასა და მუსიკაზე. რადიო სენეგალში ადგილობრივი არტისტების გასაძლიერებლად და პოპულარიზაციისთვის შეიქმნა.

მაქსიმ ფინამორი. ფრანგული ენის ბელგიელი მასწავლებელი ბათუმში

მაქსიმი სენეგალში უწევდა ორგანიზებას ალტერნატიული და ტრადიციული მუსიკის კონცერტებსა და ფესტივალებს. ბელგიაში მუსიკალური ბენდიც ჰყავდა სახელწოდებით Lord and Hardy, ჯგუფს youtube არხი და ჩანაწერებიც აქვს. დაუკრავთ ალტერნატიული მუსიკის არაერთ ფესტივალზე ჰოლანდიასა და ბელგიაში.

ფრანგული ენის ბელგიელი მასწავლებელი ცხოვრების გაგრძელებას ბათუმში გეგმავს. სკოლაში მუშაობის გაგრძელება სურს მას შემდეგაც, რაც პანდემია დამთავრდება და სწავლა კლასებში აღდგება.

15 მუშა, რომლებიც კომპანიას ხელფასს სთხოვენ, გონიოს პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს

15 მუშა, რომლებიც ერთი თვის კუთვნილ ხელფასს ითხოვენ, დღეს, 12 დეკემბერს, მორიგი საპროტესტო აქციის გამართვის დროს, პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.

მუშები კომპანია „ლაბაუ გონიოს“ ჰყავდა დაქირავებული – გონიოში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე. როგორც მუშები ამბობენ, კომპანიას ერთი თვის ხელფასის ანუ 27 ათასი ლარის დავალიანება აქვს.

„აქცია გავმართეთ ისევ, რადგან კომპანიის წარმომადგენელი ამ დრომდე არ შეგვეხმიანა და არც ხელფასი გადაუხდია. როცა აქციაზე შევიკრიბეთ, მოვიდა პოლიცია და ყველა განყოფილებაში წაგვიყვანეს. წერილობით დაგვაწერინეს, თუ რატომ ვიყავით შეკრებილი და რას ვითხოვდით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის მონაწილე გია კილაძე.

მისი თქმით, პოლიციამ მათ უთხრა, რომ შეკრების უფლება არ ჰქონდათ. „15 ადამიანი ვიყავით და როგორც ვიცი, ამის უფლება გვაქვს. განცხადება დავწერეთ, რომ ვითხოვთ ჩვენს 27 ათას ლარს, რომელიც კომპანიამ უნდა გადაგვიხადოს“, – ამბობს კილაძე.

მუშებმა კუთვნილი ხელფასების მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია 30 ნოემბერსაც გამართეს, ამის მიუხედავად, კომპანიის მხრიდან მათ არავინ გამოხმაურებია.

მუშები საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებენ.

„ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში, რომ ჩვენი კუთვნილი ხელფასი მივიღოთ,“ – აცხადებენ მშენებლობაზე დასაქმებული მუშები.

კომპანია „ლაბაუ გონიოს“ მესაკუთრე დავით ცერცვაძეა და სასტუმრო „მგზავრებსაც“ ფლობს, რომლის გვერდითაც მიმდინარეობს ახალი მშენებლობა. ცერცვაძე, ერთ-ერთ კომპანიაში პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან ერთად აქციების მფლობრლიცაა.

პოლიციამ ღამის კლუბი 10 -10 ათასი ლარით დააჯარიმა და დალუქა

შსს ინფორმაციით, თბილისში შპს „ინ და ჰაუსი“ 10 ათას – 10 ათასი ლარით დააჯარიმა. პოლიციის ინფორმაციით, იურიდიული პირი ღამის კლუბად მუშაობდა.

„დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ნოემბრის თვეში 2-ჯერ, 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა.

ასევე დადგინდა, რომ ჯარიმის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და ღამის კლუბმა კვლავ განაგრძო მუშაობა. ,,ინ და ჰაუსი“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ“-აცხადებს შსს.

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ,,ინ და ჰაუსის“ მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.

„გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე შპს ,,ინ და ჰაუსში“ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს“-ამბობს შსს.

ამავე წყაროს ცნობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.

„სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

ბათუმში კოვიდი დაამარცხა 92 წლის კაცმა, რომელსაც ერთი ფილტვი აქვს

შუახევში, სოფელ ფურტიოში მცხოვრებმა 92 წლის აკაკი მჟავანაძემ კორონავირუსი დაამარცხა. მას ერთი ფილტვი აქვს, თუმცა ახალ ვირუსთან გამკლავება მაინც შეძლო.

აკაკი მჟავანაძე კლინიკაში პნევმონიისა და ესენციური ჰიპერტენზიის დიაგნოზით შემოიყვანეს და ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა ბათუმში. კლინიკა „ბაუდან“ კი გუშინ, 11 დეკემბერს გაწერეს.

როგორც აკაკი მჟავანაძის შვილი, ბიჭიკო მჟავანაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, 92 წლის მამას ერთი ფილტვი ახალგაზრდობაში, ჯარში ყოფნის პერიოდში დაუზიანდა, თუმცა ის მხნედ გრძნობდა თავს.

„ცალი ფილტვი ჰქონდა და ასე ცხოვრობდა, დაამარცხა ვირუსიც. მადლობა ღმერთს და ექიმებს, რომლებიც ჯარისკაცებივით ბრძოლის ველზე იყვნენ, თავზე ადგნენ და გამომიჯანმრთელეს მამა.

ამბობენ, რომ ასაკოვან ადამიანებს უფრო ებრძვის ვირუსი და შიშის გრძნობა ჰქონდა, თუმცა მაინც შეძლო თავის გამხნევება და გამოჯანმრთელება“, – ამბობს ბიჭიკო მჟავანაძე.

მისი თქმით, აკაკი მჟავანაძე ამ დროისთვის სოფელშია და თავს მხნედ გრძნობს.

ბიჭიკო მჟავანაძის თქმით, მის ოჯახში თითქმის ყველამ გადაიტანა ვირუსი, კლინიკაში კი მხოლოდ აკაკი მჟავანაძე მკურნალობდა.

„სოფელში თითქმის ყველა ადამიანი გრძნობს ვირუსის სიმპტომებს და უჩივის ამ დაავადებას, თუმცა ტესტი ყველას არც გაუკეთებია. როგორც ჩანს, მსუბუქი შემთხვევებია, საბედნიეროდ“, – ამბობს ბიჭიკო მჟავანაძე.

პანდემიის განმავლობაში საქართველოში კოვიდისგან 1 744 ადამიანი გარდაიცვალა, 154 241-მდე ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

კოვიდისგან გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 დეკემბრის მონაცემებით აჭარაში კოვიდისგან სამი ადამიანი გარდაიცვალა. 180 იმყოფება ამ დროისთვის კლინიკებში, აქედან 53 პაციენტი რეანიმაციაშია, 13 მართვით სუნთქვაზე, 35 კი სიპაპით სარგებლობს.

ბოლო 24 საათის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 556 პაციენტი.

კოვიდ სასტუმროში  1 534 ადამიანი იმყოფება, ონლაინ კლინიკაში კი  3 100 ადამიანი.

ოფიციალური წყაროს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში კოვიდისგან 50 ადამიანი გარდაიცვალა

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან 50 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს მთლიანობაში 1 744 პირი ემსხვერპლა.

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევა. აქედან ყველაზე მეტი – 1 588 შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი, იმერეთში 599, აჭარაში 333. შემთხვევათა რაოდენობა 100-ს აღემატება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 190 ადამიანი, მათ შორის თბილისში-20 098 პირი, აჭარაში-9 912, იმერეთში – 5 828.

ოფიციალური ინფორმაციით, „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით“-აცხადებენ მთავრობაში.

ბათუმში პატრულის მანქანა ავარიაში მოჰყვა

ბათუმში, დაახლოებით დილის 08:00 საათზე, საპატრულო პოლიციის მანქანა ავტოავარიაში მოჰყვა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

შემთხვევა დღეს 12 დეკემბერს, გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

2021 წელს ბათუმში არც ერთი საბავშვო ბაღი არ აშენდება – ბიუჯეტის პროექტი

ვერც მომავალ სასწავლო წელს შეძლებს ბათუმის მერია საბავშვო ბაღებში ყველა მსურველი ბავშვის მიღებას, ეს საკითხი ისევ მწვავე პრობლემების ჩამონათვალში რჩება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება მილიონი ლარით მცირდება, თუმცა თანხა არ აკლდება ბათუმის ბაღების გაერთიანების ბიუჯეტს.

2021 წლის ბიუჯეტში არც ერთი ახალი ბაღის მშენებლობა დაფინანსებული არ არის. თუმცა განმარტებების მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს შენიშვნების პასუხად გადაუგზავნა, განიხილება ერთი ბაღის აშენება ჩაქვში.

თუმცა, მერიის განმარტებით, ჩაქვში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ფართობი არ იძლევა ახალი სტანდარტით დადგენილი ზომის ბაღის აშენების საშუალებას, რომელშიც 180 აღსაზრდელი მოთავსდება. შესაბამისად, მერიის ქონების მართვის სამსახური ალტერნატიული მიწის ნაკვეთის მოძიებაზე მუშაობს.

ნაკვეთის მოძიების შემთხვევაში სად იშოვის თანხას მერია ჩაქვში ბაღის ასაშენებლად, ეს ჯერ არ ვიცით. შესაძლოა გათვლა დაგეგმილი ტენდერების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ თანხაზე ჰქონდეს, თუმცა ამის გარკვევას სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.

2020-2021 სასწავლო წელს ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე 1 659 ბავშვი დარჩა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბაღებში მოხვედრას წინა სეზონზეც ცდილობდნენ, თუმცა ადგილის არარსებობის გამო ისევ ბაღის მიღმა დარჩნენ.

ამ დროისთვის ბათუმში 33 მოქმედი ბაღია, ამ ბაღებში აღსაზრდელების საერთო ლიმიტი კი – 8080. ჯერ არ დასრულდა გასულ წელს ლერმონტოვის ქუჩაზე დაწყებული საბავშვო ბაღის მშენებლობა.  ამ ბაღის მშენებლობისთვის მერიის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გამოყო. მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს, შემდეგ კი ინვენტარის შესყიდვა იქნება საჭირო.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება 15 მილიონ 055 200 ლარია. საერთო ჯამში გაერთიანებას დაფინანსება არ ეზრდება, თუმცა თანხა გაზრდილია შრომის ანაზღაურების ნაწილში, ასევე გაზრდილია გაერთიანებაში დასაქმებულთა ოდენობა. გასულ წელს ბაღების გაერთიანება 1338 იყო, 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით ეს ციფრი 1375 – მდე იზრდება. ხელფასების ნაწილში ასახული თანხა კი თითქმის 480 000 ლარით იზრდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 37 ახალი თანამშრომლის დამატებას მერია ლერმონტოვის ქუჩაზე ჯერ კიდევ მშენებარე ბაღისთვის გეგმავს. უკვე დასაქმებულებისთვის კი შრომის ანაზღაურების ნაწილში, თანხა გაზრდილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია საბავშვო ბაღში დასაქმებულებს ხელფასების 100 ლარით გაზრდას დაჰპირდა.

ბათუმის ბაღებში ხელფასები 100 ლარით არ იზრდება – გახარიას შეუსრულებელი დაპირება

 

„კომუნიზმი დასრულდა“ – ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა გახსნა

„კომუნიზმი დასრულდა“ – თქვა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმის მიუხედავად, რომ დღეს, 11 დეკემბერს პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია შეუდგა მუშაობას. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში 8 ოპოზიციურ პოლიტიკური ძალას შეხვდა ადგილი, თუმცა ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში  მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 60 მანდატი, „გაერთიანებული ოპოზიცია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4, „ლელო“ – 4, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4, „ევროპული საქართველო“ – 5, „გირჩი“ – 4, „მოქალაქეები“ – 2, „ლეიბორისტული პარტია“ – 1. პარლამენტში 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი „ქართული ოცნებისაა“.

არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. პარლამენტში ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ 90 დეპუტატი ჰყავს, ოპოზიციას – 60.

ოპოზიციის ნაცვლად დღეს პარლამენტში შესვლას „ზებრა აქტივისტი“ ითხოვდა.  ეს ერთ-ერთი აქტივისტი იყო, რომელიც პარლამენტთან ზებრის ფორმაში გადაცმული გამოჩნდა.

იმის გამო, რომ პარლამენტი ერთპარტიულია, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციები საერთო განცხადება გაავრცელეს და წუხილი გამოთქვეს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ შეკრებამდე ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. პარლამენტის პირველ სხდომას დღეს ელჩებიც ესწრებოდენ.

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც საპარლამენტო მანდატები ერგოთ, მანდატებზე უარი საჯაროდ კიდევ ერთხელ თქვეს. მათ ეს პოზიცია ხელმოწერებით დააფიქსირეს. ხელმოწერით ბოიკოტი ამ ეტაპზე არ დააფიქსირეს „გირჩმა“და „მოქალაქეებმა“.

არც ოპოზიციასთან და არც მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არ გამოჩენილა ალეკო ელისაშვილი. ის პარტია „მოქალაქეების“ ლიდერია და იმის მიუხედავად, რომ შეთანხმება მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციას შორის ამ დრომდე ვერ შედგა, ამბობს, რომ შესაძლოა პარლამენტში შევიდეს, თუკი „ქართული ოცნება“ საარჩევნო კანონმდებლობას შეცვლის. მან დღეს “უისტორიულესი“ უწოდა მოლაპარაკებებს, რომლებიც ელჩების მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომაზე

პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. „დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ  მანდატზე და მრავალპარტიულ პარლამენტზე!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

___

მთავარი ფოტო: 11 დეკემბერი. მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს

ამ თემაზე:

უმრავლესობას შეუძლია, კენჭი არ უყაროს ოპოზიციის გასვლას პარლამენტიდან – კობახიძე

რატომ მოხსნეს სპექტაკლი „საშვილოსნო“ აჭარის ტელევიზიის საეთერო ბადიდან

თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ქეთევან სამხარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი სპექტაკლი – „საშვილოსნო“, რომელიც ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალისთვის შეიქმნა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა გასულიყო, დაბლოკეს. სპექტაკლი ქალთა უფლებებზეა.

„სპექტაკლი უკვე ჩასმული იყო საეთერო ბადეში და ამის შესახებ ანონსიც განთავსებული  ჰქონდა ტელევიზიას. თუმცა გუშინ, 10 დეკემბერს, ვიგებ, რომ სპექტაკლი მოხსნეს“, – ამბობს ქეთევან სამხარაძე.

აჭარის მაუწყებელში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და სპექტაკლის ეთერიდან ამოღების მიზეზად, ტექნიკურ საკითხს ასახელებენ.

ქეთევან სამხარაძის თქმით, სპექტაკლის მოხსნაზე ტელევიზიის ოფიციალური განმარტება არ მოუსმენია, თუმცა შიდა საუბრებში ითქვა იმაზე, რომ თითქოს სპექტაკლის შინაარსი წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონთან, რომელიც 12+ ქვემოთ მაყურებლისთვის გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს მედიას.

„გადავხედე ამ კანონსაც, სადაც საუბარია იმაზე, რომ პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს ძალადობის ამსახველ და ეროტიკული შინაარსის კადრებს, რაც ამ სპექტაკლში ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, ამ ტიპის პროდუქცია არ უნდა განთავსდეს 21:00 საათამდე ეთერში, ჩემი სპექტაკლი კი 21:30 საათზე იყო ჩასმული საეთერო ბადეში.

მით უმეტეს, რომ ჩემი სპექტაკლი არ შეიცავს ძალადობრივ კადრებს, არც უცენზურო სიტყვებს და არც ეროტიკას. ამიტომ მათი არგუმენტი არის ფუჭი.

ვფიქრობ, ამის მიზეზი სიტყვა „საშვილოსნოა“, რომელიც ალბათ უხეშად აღიქმება  ტელევიზიის ბორდისთვის ან ვინმესთვის, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – ამბობს ქეთევან სამხარაძე.

კადრი მონოპიესიდან „საშვილოსნო“.

რეჟისორის თქმით, სპექტაკლი ფემინისტური შინაარსისაა, რადგან ქალზეა, ჩაგრულ ქალზე. „სპექტაკლი ეხება ქალის სხეულის ავტონომიურობას, ეფუძნება სოლიდარობის იდეას ქალების მიმართ. მთავარი გმირიც ქალია, რომელიც გაიზარდა ბავშვთა სახლში და ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. ჯამბაზი ქალი, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ ცირკის მსახიობი გახდა და ამით ირჩენს თავს, დადგა რთული არჩევანის წინაშე – დაიტოვოს თუ არა ნაყოფი.

შესაბამისად, სცენარი გვაჩვენებს იმ პროცესს, თუ რას გადის ქალი ემოციურად ამ დროს. ქალის ფსიქოლოგიური და შინაგანი ბრძოლების ჩვენება უნდა იყოს ხელოვნების საგანი და ეს თუ შეიძლება გახდეს მისი დაბლოკვის საფუძველი, ცხადია ეს სალაპარაკო თემაა“, – ამბობს ქეთევანი.

მისი აზრით, მედიის და მით უმეტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა უნდა იყოს ქალთა უფლებები და იმ პრობლემებზე საუბარი, როცა მსგავს შემთხვევებში საზოგადოება მხოლოდ ქალში ხედავს დამნაშავეს და არ დგას მის მხარეს.

„ქალი ყოველთვის მაშინ დგება არჩევანის წინაშე, გააჩინოს თუ არა შვილი, როცა ის დაუცველია და ვერ გრძნობს საზოგადოების მხარდაჭერას. ვფიქრობ, ნამუშევარიც ამაზეა და არა აბორტის პროპაგანდაზე. მით უმეტეს, რომ ფინალი არის ღია და არ ჩანს, რომ მაინცადამაინც მოიშორა ქალმა ნაყოფი. ეს სპექტაკლი ბაქოს თეატრშიც დაიდგა და მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, აზერბაიჯანი უფრო პატრიარქალური კულტურის ქვეყანაა, ვიდრე საქართველო, იქაც კი არ ყოფილა ასეთი  წნეხი“, – ამბობს ქეთევანი.

სპექტაკლი სათაურის ან გენდერული თემატიკის გამო რომ შეიძლება დაბლოკილიყო, ქეთევანს აფიქრებინეს ის ფაქტიც, რომ მანამდე ისეთი სპექტაკლი გავიდა ეთერში, სადაც ძალადობის კადრებიც იყო და ეროტიკაც.

„სპექტაკლი იყო ჰიტლერზე, სადაც ეროტიკის შემცველი კადრებიც არის და ტექსტიც. ფაშისტური იდეის გამართლებას ვუსმენთ ფაქტობრივად. ამიტომ, თუ ამის გაშვება იმ კონკრეტულ საეთერო დროში და ბადეში არ იყო პრობლემა, რატომ გახდა ქალის უფლებების თემატიკა პრობლემა“, – გვეუბნება ქეთევანი.

სპექტაკლი კვირას, 13 დეკემბერს, უნდა გასულიყო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. სპექტაკლი – „საშვილოსნო“, ქეთევან სამხარაძის პირველი ნამუშევარია მონოპიესაზე. პიესის ავტორი აზერბაიჯანელი მწერალი, ქალთა უფლებადამცველი ულვია ჰეიდაროვაა. სპექტაკლი წელს „მონოდრამების საერთაშორისო ფესტივალისთვის“ შეიქმნა, თუმცა პანდემიის გამო ფესტივალი ვერ გაიმართა. შერჩეული პიესები კი ფესტივალის ორგანიზატორებისა და ტელევიზიის შეთანხმებით ეთერში უნდა განთავსებულიყო.

„ბათუმელები“ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ „ტექნიკური დეტალები იყო გასარკვევი და სპექტაკლი მომავალ კვირას აუცილებლად გავა ეთერში“. ამის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ფირუზ ბოლვაძემ მოგვაწოდა და დასძინა, რომ ეს იცის ქეთევან სამხარაძემ და მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორმა ოთარ ქათამაძემაც.

„ბათუმელები“ ოთარ ქათამაძესაც ესაუბრა, რომელიც ასევე ამბობს, რომ სპექტაკლი ეთერში გავა, ოღონდ მომდევნო შაბათს. „გადავიდა სხვა კვირაში და გავა უფრო გვიან, ღამის 12 საათზე, რადგან შინაარსობრივად, თემა +12-ს არ შეესაბამება“, – ამბობს ის.

შენიშვნა: ქეთევან სამხარაძის თქმით, „ბათუმელებთან“ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ დაუკავშირდნენ და ცვლილების შესახებ დაახლოებით 15:00 საათზე აცნობეს. თუმცა, ის დარწმუნებული არ არის, რომ „ტექნიკური გაუგებრობა“ ისევ არ გახდება სპექტაკლის მოხსნის მიზეზი.

ბათუმელი ექიმის 42-დღიანი ბრძოლა კოვიდინფიცირებული მამის გადასარჩენად

2020 წლის 28 ოქტომბერს ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკის, ბაუს ექიმმა – ტრავმატოლოგმა დარინა ცეცხლაძემ აღჭურვილობა ჩაიცვა, ნიღაბი მოირგო და კორონავირუსით ინფიცირებულ მამას, 56 წლის რომან ცეცხლაძეს შეჰყვა ბაუს კოვიდგანყოფილებაში. რომან ცეცხლაძეს კოვიდს თან დართული ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და ფილტვის მაქსიმალური, 24-ქულიანი დაზიანება.

დარინამ მამასთან კლინიკაში 42 დღე გაატარა. აქედან 25 დღე მას ხელით ეჭირა სუნთქვის აპარატი, რომ მამისთვის ჰერმეტულად მიეწოდებინა ჟანგბადი.

9 დეკემბერს, 42 დღის შემდეგ, დარინას მამა საავადმყოფოდან გაწერეს. რომან ცეცხლაძემ კოვიდი დაამარცხა.

დარინა ცეცხლაძე ექიმი და სპორტსმენია. იგი საქართველოს 11-გზის ჩემპიონია მკლავჭიდში, თუმცა ეს იყო ყველაზე რთული ბრძოლა მის ცხოვრებაში, დარინას „უხილავი მტერი“ უნდა დაემარცხებინა მამის გადასარჩენად.

  • სპორტსმენი ექიმის ბრძოლა „უხილავ მტერთან“ 

„მამას კოვიდი დაუდასტურდა 28 ნოემბერს. დაიწყო სიცხეებით და შევნიშნე, რომ სუნთქვა უჭირდა. სატურაციით ვნახე, რომ ჟანგბადი თანდათან დაბლა იწევდა. გამოვიძახეთ სასწრაფო და წამოვედით ბაუში.

ტრავმატოლოგი ვარ, მაგრამ ვთხოვე კოლეგებს, რომ შევიდოდი მასთან ერთად, მადლობელი ვარ მათი, რომ ამის შესაძლებლობა მომცეს.

მდგომარეობა მძიმე იყო, ფილტვების მაქსიმალური დაზიანება, მაღალი ტემპერატურა, შეშუპება, სატურაცია 75-65-ზე ჩამოდიოდა, რაც უკვე ინტუბაციის წინაპირობა იყო. D დიმერი სამ დღეში 8900-ზე ავიდა, მონაცემები ყოველ საათში იცვლებოდა და პაციენტი მძიმდებოდა. მალევე საჭირო გახდა „სიპაპი“ [სუნთქვის აპარატი CPAP] და რეანიმაციაში გადაყვანა.

მასთან ვიყავი ყოველ წუთს. ვაკვირდებოდი, რა ნიშნულზე როგორ სუნთქავდა, ვაძლევდი წყალს, საკვებს.

მეშვიდე-მერვე დღეს დაიწყო პიკი, რომელიც კვლავ განმეორდა მე-14 დღიდან, როცა უკვე მამას დამამშვიდებლებზე ჰალუცინაციები დაეწყო. არ იჩერებდა აპარატს, ამიტომ იძულებული ვიყავი მასთან ვმდგარიყავი და აპარატი ხელით დამეჭირა. დაახლოებით 25 დღე მეჭირა ხელით „სიპაპი“. ეს აპარატი მაგრდება, მაგრამ პაციენტი იშორებდა, „ნუ მახრჩობთო“ – ამბობდა, ამიტომ საჭირო იყო ხელით დაჭერა, რომ ჰაერის მიწოდება არ შეფერხებულიყო.

საუბარი იყო მის ინტუბაციაზეც, ამ დროს ვერ მელაპარაკებოდა, ისე ცუდად იყო, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. ჩავძახე ყურში, მამა, სუნთქვის ვარჯიშები გააკეთე, გვაჩვენე, ნახონ ექიმებმა, რომ  სუნთქვის აწევას შეძლებ, რამდენიმე წამი გაქვს! და მამამ გაიგო, შეძლო ეს და ინტუბაცია არ დასჭირვებია“, – გვიყვება დარინა ცეცხლაძე.

28-ე დღის შემდეგ სიტუაცია მცირედით უკეთესობისკენ შეიცვალა და დარინამ, ნელ-ნელა და თანმიმდევრულად დაიწყო მასთან ბრძოლის ახალი ეტაპი – გამოჯანმრთელებამდე.

დარინა ცეცხლაძე. ფოტო: FB

დარინა ამბობს, რომ რადგან მას მრავალწლიანი სპორტული გამოცდილება აქვს და იცის, როგორ მუშაობს გარკვეული სპორტული ვიტამინები, ეს შესაძლებლობა გამოიყენა.

„სპორტსმენი ვარ და ვთქვი, არ ვავნებ. ეს ომია და ყველა ახლა ვსწავლობთ ამ ვირუსთან ბრძოლას, უნდა ვიბრძოლო ბოლომდე და გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომელიც მუშაობს. მამას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, რაღაც უნდა მომხდარიყო, რაც მას დაეხმარებოდა და ჩავრთე სპორტული ვიტამინები, ჟანგბადის გამააქტიურებელი, რომელსაც სპორტსმენები ვიყენებთ. ვიცი, როგორ მუშაობს ეს პრეპარატები და რამდენიმე დღეში იყო შედეგიც – პაციენტი უკვე დამჯდარიც იჭერდა სუნთქვას, სატურაცია ავიდა 92-ზე.

მერე უკვე თანდათან დავაწყებინე ვარჯიშები. ეს მისთვის ახალი არ არის, რადგან სპორტული ცხოვრების გამოცდილება აქვს, ფიზკულტურის მასწავლებელია. ვაკვირდებოდი, რამდენი ნაბიჯის გადადგმას შეძლებდა ჯერ 3 წუთში, შემდეგ 5 წუთში; ვთხოვდი ჩაესუნთქა, რომ გვენახა, დაიწყებოდა თუ არა ხველა, შეგვემოწმებინა, რამდენ წამს დაიჭერდა სუნთქვას. 5 წამი, 7, 8 წამი… ვაკვირდებოდი, ვინიშნავდი ყველაფერს და ნელ-ნელა მივდიოდით წინ.

რთული იყო ჭამის პროცესი, რადგან როცა „სიპაპზეა“ დამოკიდებული პაციენტი, თუ აპარატს მოხსნი, უკვე გადაყლაპვისას შეიძლება დავარდეს ჟანგბადი, არადა დახურულ „სიპაპში“ ვერ გადაყლაპავს პაციენტი, შეიძლება დაიხრჩოს. ამიტომ ნიკაპიდან ვუწევდი აპარატის ნიღაბს, ვეუბნებოდი, რომ სამ დათვლაში უნდა გადაეყლაპა და ისე ვაძლევდი ლუკმას. სამ დათვლაში ყლაპავდა და ისევ ვუწევდი ნიღაბს. ასეთ დროს სატურაცია მაქსიმუმ 3-4 ნიშნულით ვარდება და კარგად ჭამს პაციენტი, რადგან აღარ ეშინია, რომ ვერ ისუნთქავს.

  • სხვა პაციენტები: „მეც მნახოს დარინა ექიმმა“

დარინას ბრძოლას მამის გადასარჩენად პალატაში სხვა პაციენტებიც ხედავდნენ და რადგან დარინა მათთან იყო, მათაც სჭირდებოდათ დარინას დახმარება. დარინა ამბობს, რომ რაც შეეძლო, ყველანაირად ეხმარებოდა სხვა პაციენტებს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იყო.

„პერსონალს, ექიმებს, ექთნებს, იქ წამით არ აქვთ მოსვენება, ძალიან რთული სიტუაციაა. მძიმე, დიდი დატვირთვის პირობებში უწევთ მუშაობა. როცა იქ ხარ და შეგიძლია დახმარება, თუნდაც მცირე, როგორ არ უნდა ჩაერიო, როცა ექიმი ხარ.

„შვილო, ჩემთანაც გადმოდი, მეც მნახეო“ – მეუბნებოდნენ პაციენტები. ვცდილობდი ამეხსნა, როგორ მუშაობს სუნთქვის აპარატი. ერთი მოხუცი კაცი იყო, ვუთხარი, ბაბუ, შეიძლება ყველასთან ვერ მივიდეს ექიმი ყველა წამს, მაგრამ ეს ნიშნული რომ ჩამოვა, დააკაკუნე, ხელი აწიე, გვანიშნე, რომ მოვიდეთ. როცა სატურაცია უვარდებოდა, ვასწავლიდი სუნთქვას, ისუნთქე და ნახე, წამოვა სატურაცია, აი, წამოვიდა… ეს მცირეა, მაგრამ ძალიან ეხმარება პაციენტებს, მათ იმედი ეძლევათ.

თავიდან სკამიც არ იყო, მერე ბორბლებიან სკამზე ვიჯექი, მამას თავი ხელზე მედო, რომ ჩამძინებოდა, მეგრძნო მისი მოძრაობა. ეს არ იყო ძილი. ვერ დაიძინებდი, მამა როცა შედარებით უკეთ იყო, პალატაში იყვნენ სხვა მძიმე პაციენტები, შეუძლებელი იყო დაძინება.

მცირე ჩაძინების დროსაც გესმის, როგორ ვარდება ჟანგბადი და აპარატი სხვაგვარად იწყებს მუშაობას, ეს შეცვლილი ხმა გატყობინებს რომელიღაც პაციენტის მონაცემები შეიცვალა, ეს ხმა გაფხიზლებს“.

რომან ცეცხლაძე კლინიკიდან გაწერის დღეს. ფოტო: FB
  • „პაციენტი უნდა გენდოს და ნახევარი ბრძოლა მოგებულია“

დარინა ამბობს, რომ კოვიდპაციენტების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამისთვის ექიმებს, რომელთაც ერთდროულად ბევრ მძიმე პაციენტთან უწევთ მუშაობა, დრო ფიზიკურად ვერ დარჩებათ.

„პირველ დღეებში, როცა ძალიან ცუდად იყო მამა, ცუდი აურა შეიქმნა პალატაში, პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო. ვუთხარი თანამშრომლებს: გოგოებო, რამე ძველებული სიმღერა არ ვიცით?! მოდით, დავიწყოთ სიმღერა, პაციენტმა იფიქროს, რომ აქ მღერიან, ესე იგი, არ მიდის ჩვენი საქმე ცუდად, გადავრჩებით.

ხან ვიძახდი, დღეს რა კარგი ანალიზებია ჩვენთან, უნდა აღვნიშნოთ-მეთქი. ცუდი ანალიზები იყო ძალიან… გაამართლა. შიშისგან ვკანკალებდი, ისე ვმღეროდი, მაგრამ სჯობდა არ ეგრძნოთ ჩვენი შიში პაციენტებს. ეს მოქმედებს, პაციენტი გენდობა, შენი სჯერა, იმედი ეძლევა.

მამას გარდა, მათაც ვეხმარებოდი ჭამისას, ვხუმრობდი, მოდი მაგიდები გადავაერთოთ, გავცვალოთ საჭმელები-მეთქი. ვეუბნებოდი – ოჰ, რა კარგად ხარ! ხვალ გაღიმებული დამხვდი აუცილებლად!

მინდოდა რაღაცით დამესაქმებინა ის პაციენტები, ვისთანაც შეხება მქონდა. ვეუბნებოდი, ხომ ხედავთ, ძალიან იღლებიან ექიმები, ცოტა ვართ, დაგვეხმარეთ, რომ რამე არ შეგვეშალოს.

ერთს მივეცი რვეული, ვუთხარი, ბაბუ, ვერ მოვა ექიმი ყველა წუთს, ვერ აკონტროლებს რამდენ სითხეს იღებ, შენ აკონტროლე. დააკვირდი იმასაც, კათეტერით რამდენს გადიხარ, შეხედე ნიშნულებს და ჩაიწერე. ვერ დავთვლიო, ჯერ მითხრა. მივეცი 60-გრამიანი შპრიცი, აი, ამით მიიღე წყალი და გაზომე-მეთქი.

უნდა იგრძნოს პაციენტმა, რომ ამ ბრძოლაში თვითონაც ჩართულია, თვითონაც ეხმარება ექიმს. მივუწერე რვეულზე – „ბრძოლა ღირს“. რომ კითხულობდნენ პაციენტის ახლობლები, რვეული და პასტა რაში სჭირდებაო, ვეუბნებოდი, აი, ბაბუამ უნდა დაწეროს, ჩაინიშნოს. გარეთაც უფრო მშვიდდებოდნენ მისი ოჯახის წევრები, ხვდებოდნენ, რომ პაციენტი ჩართულია, პაციენტი იბრძვის.

მერე სხვა პაციენტებიც დაინტერესდნენ: ბაბუ, მაგ ექიმმა რა გითხრა, რას იწერო. მერე მეორე პაციენტმა წამოსწია თავი, „მეც მინდა, მეც ჩავიწერო“.

დარინა ცეცხლაძე. ფოტო: FB
  • „ნიღაბი რომ მოვიხსენი, საკუთარი თავის შემეშინდა“

დარინამ კოვიდგანყოფილების კომბინეზონი 9 დეკემბერს, კლინიკაში ყოფნის 42 დღის შემდეგ გაიხადა. ამ პერიოდში მან 12 კილოგრამი დაიკლო. „სახიდან კანი გადამძვრა, ნიღაბი რომ მოვიხსენი, საკუთარი თავის შემეშინდა“, – ამბობს დარინა.

42 დღის განმავლობაში მას არ უნახავს დედა, შვილი და ქმარი.

ახლა რომან ცეცხლაძე უკეთაა. დარინა ამბობს, რომ კოვიდს ასე იოლად ვერ დააღწევ თავს, მაგრამ კრიზისი დაძლეულია და ბრძოლა ისევ გრძელდება. რომან ცეცხლაძე დარინას ზედამხეველობის ქვეშ სახლშიც აგრძელებს მსუბუქად ვარჯიშს. კოვიდთან ბრძოლისას მან 35 კილოგრამი დაიკლო.

„ნელ-ნელა ძალა უბრუნდება. ვაძლევ ცილებს, ქათმის ფილეს, ხაჭოს, ხბოს ხორცს, კვერცხის ცილას გულის გარეშე. ახლა კარგი კვება აუცილებელია. ახლა, როცა წევს, სატურაცია 97-98 აქვს, როცა დგება და ზის – 94“, – ამბობს დარინა.

ამჟამად დარინას დედაც კოვიდინფიცირებულია, თუმცა იგი სახლში მკურნალობს. „მამას ვეუბნებოდი, შენ რომ რამე მოგივიდეს, დედა ვერ გადაიტანს, ამიტომ შენ უნდა ისუნთქო და ამყვე-თქო. დედას ვაფრთხილებდი, ახლა შენ რომ ცუდად გახდე, მამა ვერ გადარჩება-თქო. ერთმანეთს ვუსახავდი მაგალითად,“ – ჰყვება დარინა.

  • „სტუდენტებს ახლა აქვთ საშუალება, ისწავლონ ძალიან ბევრი“

დარინა ამბობს, რომ ძალიან უნდა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებიც ახლა კოვიდკლინიკებში მუშაობენ სხვადასხვა პოზიციაზე, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენონ.

„ახლა აქვთ სტუდენტებს საშუალება, ისწავლონ ძალიან ბევრი რამ. იკვლიეთ, იმუშავეთ, დააკვირდით დანიშნულებას, პაციენტებს. მერა რა, რომ სტუდენტი ხარ, მერე რა, რომ დამხმარედ და თუნდაც სანიტრად მუშაობ, გამოიყენე ყველა შესაძლებლობა სწავლისთვის.

კი,  არ არის ომში იმის დრო, რომ ყველა წუთს გიხსნას ექიმმა ყველაფერი, მაგრამ უნდა იმუშაო, დააკვირდე, ჩაინიშნო. ზოგს უჭირს. არ მიკვირს, ძნელია, მაგრამ ეს არის ექიმის პროფესია“, – ამბობს დარინა ცეცხლაძე.

PHR: სახალხო დამცველმა სამუშაო ადგილზე შშმ ქალის დისკრიმინაცია დაადგინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აცხადებს, რომ უფლებების დასაცავად  თეკლე ორთოიძემ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ კომპანია „მეღვინეობა ხარებამ“ მისი უფლება მხოლოდ იმიტომ დაარღვია, რომ ის შშმ პირია.

როგორც PHR-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, კომპანიამ თეკლე ორთოიძე კონკურსის წესით აიყვანა სამსახურში ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე, თუმცა ის მეორე დღესვე გაუშვეს. „როგორც ვიცით, შშმ პირები სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით და როცა ამაზე დაუსვა თეკლემ კითხვა დამსაქმებელს, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგო, რომ თეკლე შშმ პირი იყო. მას ხელს არ უშლის მისი სტატუსი იმ კონკრეტული საქმის შესრულებაში, თუმცა მაინც გაუშვეს სამსახურიდან. თეკლემ ეს ფაქტი დისკრიმინაციულად მიიჩნია და იურიდიული დახმარებისთვის მოგვმართა. რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველის აპარატს ღვინის კომპანიის მხრიდან, შშმ ნიშნით, ქალის დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის მიზნით მიმართა“, – გვეუბნებიან PHR-ში.

ორგანიზაცია აქვეყნებს თეკლეს კომენტარსაც, სადაც ის ამბობს, რომ მისი სურვილი იყო „მეღვინეობა ხარებად“ და მათ თანამშრომლებს დაენახათ, რომ არასწორად მოიქცნენ, კანონი დაარღვიეს და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემდეგ თუ ისინი ამას დაინახავენ, ეს იქნება გამარჯვება. „მინდა, რომ დაინახონ და ასე არასდროს მოექცნენ სხვას“, – ამბობს თეკლე.

როგორც PHR წერს, კომპანიის განმარტებით, თეკლეს დასაქმება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირობებში, კომპანიის მხრიდან იქნებოდა უპასუხისმგებლო მოქმედება.

„მეღვინეობა ხარებამ” არც კი შეაფასა, რეალურად შეუშლიდა თუ არა ხელს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დასაქმებულს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.

საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ განმცხადებლის უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მისი შეზღუდული შესაძლებლობა, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის. კომპანიამ ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს დაარწმუნებდა, რომ დისკრიმინაცია არ მომხდარა“, – წერს PHR.

PHR-ის განცხადებით, სახალხო დამცველმა თეკლე ორთოიძის მისამართით შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა 2020 წლის 17 ნოემბერს და რეკომენდაციით მიმართა კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ დირექტორს, რათა კომპანიამ საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

„…მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება შპს „მეღვინეობა ხარებას“ შიდა სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მომავალში საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.

_________________________

მთავარი ფოტო: თეკლე ორთოიძე/PHR-ის გვერდიდან

„მალე ალბათ აუქციონზე გაგვყიდიან“ – რისი ეშინიათ სარიტუალო დარბაზების მფლობელებს

„მაინც აქ მოვდივარ ყოველდღე, კარებს ვაღებ, განიავდეს მაინც, ხანდახან სხვებიც მოდიან, 5 – 6 კაცი ვიკრიბებით და ჯოკერს ვთამაშობთ,“ – გვითხრა სელიმ არძენაძემ, რომელმაც ამჯერადაც გააღო აპრილიდან დახურული სარიტუალო დარბაზი „დავითი“. პანდემიის პირობებში ქორწილების გაუქმების შემდეგ დარბაზების მესაკუთრეებიც და აქ დასაქმებული ადამიანებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„დაძირული ვართ, ასე თუ გაგრძელდა, ჩვენს დარბაზებს მალე აუქციონებზე გაიტანენ,“ – ამბობენ „ბათუმელებთან“ სარიტუალო დარბაზის მესაკუთრეები.

ბათუმში სულ 28 დიდი სარიტუალო დარბაზია. პანდემიის დროს დაიხურა ათობით პატარა დარბაზიც, სადაც ქორწილი ან ქელეხის სუფრა იმართებოდა. სარიტუალო დარბაზების დიდი ნაწილი ბათუმში, ხელვაჩაურის გზატკეცილზეა. სელიმ არძენაძე ერთ-ერთი ასეთი დარბაზის „დავითის“ ავტოპარკინგზე მუშაობდა. გვიყვება, რომ დარბაზთან ავტომანქანების მიმოსვლას აწესრიგებდა და ანაზღაურებას ქორწილების მიხედვით იღებდა – თითო ქორწილზე 25 ლარს უხდიდნენ.

„აქვე ახლოს ვცხოვრობ და კარგი სამუშაო მქონდა, ყველადღე ადამიანების ბედნიერებას ვუყურებდი, ახლა რაა, ცარიელი დარბაზი, ჩაჩუმებული… ახლა მხოლოდ პენსიას ვიღებ, მხედველობის გამო მეორე კატეგორია მაქვს და 120 ლარს ვიღებ, სულ ესაა ჩემი შემოსავალი. ამ ფულს შვილიშვილს ვუხდი, ინგლისურს სწავლობს… ჩემი ცოლი მუშაობს გამწვანებაში, შვილებიც მუშაობენ, ვირჩენთ თავს,“ – ამბობს სელიმი.

სელიმ არძენაძე

სელიმის თქმით, „დავითში“ დაახლოებით 40 ადამიანი მუშაობდა. მათი უმრავლესობა ახლა უმუშევარია და არსებობა უჭირს.

„აღარც დამირეკავს, რა უნდა მითხრან? გაჭირვებაა, ყველას უჭირს… გავიგე, რომ ზოგი თურქეთში გადასულა ჩაის საკრეფად, ასე ირჩენენ თავს,“ – გვიყვება სელიმი და დაცარიელებულ სარიტუალო დარბაზში შევყავართ. დარბაზში ყველა მაგიდა ისევ მორთულია თეთრი სუფრით და ყვავილებით, ნეფე-პატარძლის მაგიდისთვისაც არავის უხლია ხელი, მუსიკოსებს ყველა ტექნიკა გაუთიშიათ და ერთმანეთზე შემოუწყვიათ ინსტრუმენტები, დარბაზში შემოსული ჰაერის ნაკადი ინერციით ატრიალებს ტორტის სადგამს, ჭერიდან რომ ჩამოუშვიათ ყვავილებით მორთული თოკებით.

 

სელიმი ერთ-ერთ მაგიდასთან ჩერდება, აქ ერთ-ერთი ქორწილის მოსაწვევი დარჩენილა, კიდევ რაღაც დოკუმენტები და კალკულატორი. აქვეა მენიუს ჩამონათვალი, სადაც წერია რა ღირს ესა თუ ის კერძი.

„ნანასა და დათოს ქორწილში“, – დამარცვლით კითხულობს სელიმი და მოსაწვევს, როგორც რაღაც უცხო ნივთს, ისე ათვალიერებს. ესეც გადაიღეთო მერე გვანიშნებს და მოშორებით დგება: „ეს ქორწილი ჩანიშნული იყო სექტემბერში, 15-ში უნდა გამართულიყო, 6 საათზე, მაგრამ ვეღარ ჩატარდა…“ – ჩაილაპარაკა მან.

სარიტუალო დარბაზი „დავითი“

უადამიანებო დარბაზში, დაცარიელებულ მაგიდებს შორის სიარულის დროს სელიმი გვიყვება, რომ ქორწილი აქ თითქმის ყველა დღე იმართებოდა. ზოგჯერ მსურველი იყო და დარბაზი სულ დაკავებული იყოო, ამბობს. აქ კი არა, ამ ხელვაჩაურის გზაზე რაც დარბაზებია, ყველგანო.

ცარიელ სამზარეულოსაც გვათვალიერებინებს სელიმი: თეფშები, ჭიქები, სამზარეულოს ნივთები ყველაფერი დაურეცხავთ და თაროებზე შემოუწყვიათ.

 

 

 

„როდის დასრულდება ეს პანდემია?“- გვკითხა სელიმ არძენაძემ, ვიდრე დარბაზიდან გამოვიდოდით. სელიმი საინფორმაციო საშუალებებს გამუდმებით ადევნებს თვალს და რაც არ უნდა გამოცხადდეს, მაინც იმედი აქვს, რომ საქორწინო დარბაზები მალე ახმაურდება.

პოზიტიური მოლოდინი აღარ აქვთ თავად დარბაზების მესაკუთრეებს. მაგალითად, სარიტუალო დარბაზი „ალექსანდრიას“ ხელმძღვანელმა, დავით ჯაფარიძემ გვითხრა, რომ შესაძლოა მისი დარბაზი ბანკმა მალე აუქციონზე გაიტანოს და არათუ ბიზნესი, უძრავი ქონებაც კი დაკარგოს.

„გაზაფხულზე გადაგვივადეს სესხი, ახლა უარი მითხრეს და არ ვიცი, რა იქნება, არ აუხსნიათ, რატომაა შეუძლებელი ისევ გადავადება. ასე თუ გაგრძელდა, ბიზნესს კი არა, ქონებასაც დავკარგავთ, რომელიც იპოთეკით დატვირთულია. სარიტუალო დარბაზს ბანკი აუქციონზე გაიტანს… ჩემს ოჯახს ასევე ჰქონდა საბავშვო ცენტრის ბიზნესი, ისიც დაიხურა. არ მკითხოთ, როგორ ვირჩენთ თავს, ვერ გიპასუხებთ… დასაქმებული ჩემთან 80-მდე ადამიანი იყო ჯამში, მირეკავენ სულ, როდის ვიხსნებითო, მაგრამ ვერაფერს ვპასუხობ, მათი უმრავლესობა უმუშევარია, მხოლოდ კომპენსაცია მიიღეს და ეს იყო,“ – გვიყვება დავით ჯაფარიძე.

დავით ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ რეგულაციების და სოციალური დისტანციის დაცვით შესაძლებელი უნდა იყოს ქორწილის გადახდა.

„შეგვეძლო, რომ დაგვეშორებია მაგიდები, სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების გაკეთება, მაგრამ ამის საშუალებას ვინ მოგვცემს?“ – კითხულობს ის.

ბიზნესმენს ვკითხეთ, მოჰყვა თუ არა გამოხმაურება საპროტესტო აქციას, რომელიც საქორწინო დარბაზის მესაკუთრეებმა ბათუმში 2020 წლის ივლისში გამართეს.

„არაფერი. ერთხელ დაგვიბარეს მერიაში და მხოლოდ ის გვითხრეს, რომ თუ ვინმემ მუშაობა განაგრძო, სასწრაფოდ შეწყვიტეთ, თორემ დაგაჯარიმებთო, არადა ყველას ბანკის ვალი აქვს,“ – აღნიშნა დავით ჯაფარიძემ „ბათუმელებთან“.

„გამორიცხულია მაგი, დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება 5-6 ჭიქის მერე განსაკუთრებით, ხომ იცით, ქართული სუფრა როგორია?“ – ამბობს სარიტუალო დარბაზი „ლიდერის“ მესაკუთრე ნუგზარ რიჟვაძე. მასაც ბანკის ვალი აქვს, თუმცა იმედი აქვს, რომ გადაუვადებენ.

„პროცენტები დაგვემატება, მაგრამ რას ვიზამთ… დაძირული ვართ, მშიერ-მწყურვალია ხალხი, ვინც ჩემთან მუშაობდა და ახლა შემოსავალი არაფერი აქვს, 30-ზე მეტი კაცი მუშაობდა ჩემთან,“ – გვითხრა ნუგზარ რიჟვაძემ.

სარიტუალო დარბაზი „ლიდერი“

სარიტუალო დარბაზებს შორის რამდენიმეა ისეთი, რომელიც ზაფხულში ამუშავების გამო დააჯარიმეს. 10 ათასი ლარით დაუჯარიმებიათ სარიტუალო დარბაზი „კახაბერიც“.

„როგორი სიტუაცია იყო იცით, რომ გამაფრთხილეს მუშაობა შეწყვიტეო, მეორე დღის ქორწილის პროდუქტები უკვე ნაყიდი მქონდა, რა უნდა მექნა? ჩვენ 25 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე ვიმუშავეთ…“ – გვიპასუხა „კახაბრის“ მესაკუთრე როლანდ რიჟვაძემ. მასაც იმედი აქვს, რომ ბანკის ვალს ამჯერადაც გადაუვადებენ, ხოლო მასთან დასაქმებული ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

„დაძირული  ვართ, რა გითხრათ… ჯერჯერობით დანაზოგებით ვირჩენთ თავს. იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულზე მაინც გაიხსნება სარიტუალო დარბაზები,“ – გვიყვება სარიტუალო დარბაზი „Voice“-ის მესაკუთრე მამუკა ქართველიშვილი. მისი თქმით, სარიტუალო დარბაზის მოწყობა დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაუჯდა და ბანკის ვალი აქვს.

„მთავრობამ შეღავათი გაგვიკეთა იმ კუთხით, რომ სესხის პროცენტის 70 პროცენტი დაიფარება, ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ დოკუმენტაცია ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს… ეს მნიშვნელოვანი შეღავათია, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, შეუძლებელი იქნება არსებობა. ჩემთან დაახლოებით 50 ადამიანი მუშაობდა, 200 ლარს კომპენსაციას იღებდნენ, მაგრამ ეს რისთვისაა საკმარისი?… ახლა არ ვიცი, მისცემენ კიდევ თუ არა კომპენსაციას, ზოგიერთს ისევ მე ვეხმარები. მეც 7-სულიანი ოჯახი მაქვს, ოჯახის სხვა წევრებიც ჩემთან, სარიტუალო დარბაზში მუშაობდნენ, ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო ეს იყო,“ – ამბობს მამუკა ქართველიშვილი.

სარიტუალო დარბაზი Voice

 

სარიტუალო დარბაზი „ლიდერი“

მთავარი ფოტო: სარიტუალო დარბაზი „დავითი“

ფინკა ბანკში ზამთრის აქცია დაიწყო-აიღეთ სესხი დღეს, ხოლო გადახდა აპრილში დაიწყეთ

ფინკა ბანკი მომხმარებლებს ზამთრის კომფორტულად გასატარებლად დეკემბერში სპეციალურ აქციას სთავაზობს: აიღეთ სესხი, დაისვენეთ გადასახადისგან მთელი ზამთრის განმავლობაში და გადახდა გაზაფხულიდან დაიწყეთ.

იმისთვის, რათა თავი მაქსიმალურად მშვიდად იგრძნოთ შესაძლებლობა გაქვთ თავად აირჩიოთ: საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სრულ ფინანსურ არდადეგებს მოიწყობთ თუ მხოლოდ პროცენტს გადაიხდით.

დასახეთ გეგმები და აისრულეთ სურვილები. დეკემბრის აქციის შესახებ დეტალური პირობების გასაგებად ან სესხის ასაღებად დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე *4949, გვეწვიეთ სერვის ცენტრებში ან შეავსეთ ონლაინ განაცხადი.

ფინკა ბანკი-მეტი სარგებელი თქვენი მიზნებისთვის

მდიდარი ქვეყნები ყიდულობენ კოვიდის ვაქცინის ზედმეტ დოზას, მაგრამ რა ელით ღარიბ ქვეყნებს?

მდიდარმა ქვეყნებმა იყიდეს კორონავირუსის  ვაქცინის იმ რაოდენობის დოზა, რომ შეუძლიათ საკუთარი მოსახლეობა სამჯერ აცრან – აცხადებს „სახალხო ვაქცინების ალიანსი“, რომელიც ვაქცინების თანაბრად გადანაწილების ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციაა და წარმოადგენს ისეთი ორგანიზაციების კოალიციას, როგორიცაა: Oxfam, Amnesty International, UNAIDS და სხვ.

67 ღარიბ ქვეყანაში ყოველი 10 ადამიანიდან ერთს აქვს იმედი, რომ მიიღებს ვაქცინას მომავალი წლის ბოლოსთვის – „სახალხო ვაქცინების ალიანსის” ამ განცხადების შესახებ წერს CNN-ი.

ამავდროულად, განვითარებულ სამყაროში, სადაც პანდემიის პირველი კვირებისა და თვეების განმავლობაში დაიწყეს ზრუნვა ვაქცინის მარაგების უზრუნველყოფაზე,  მოხდა ჭარბი შეკვეთა; ერები, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 14% -ს წარმოადგენენ, ფლობენ ყველაზე პერსპექტიული ვაქცინების მარაგის ნახევარზე მეტს.

UNAIDS: მდიდარმა ქვეყნებმა, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 14% -ს, იყიდეს ყველაზე პერსპექტიული ვაქცინების 53%. 

ალიანსმა მოუწოდა ფარმაცევტულ კომპანიებს, თავიანთი ტექნოლოგია და ინტელექტუალური საკუთრება გაუზიარონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და მოუწოდა მთავრობებს, ხელი შეუწყონ ვაქცინების მიწოდებას განვითარებადი ქვეყნებისთვის, რათა დასრულდეს ეკონომიკური უთანასწორობა ერებს შორის, რომლებიც ცდილობენ გაუმკლავდნენ კოვიდ19-ის დამანგრეველ კრიზისს. 

„არავის უნდა დაებლოკოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინის მიღება იმის გამო, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ცხოვრობს ან ჯიბეში არსებული ფულის რაოდენობის გამო“, – თქვა ანა მარიოტმა, საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის ჯანდაცვის პოლიტიკის მენეჯერმა.

„მაგრამ, თუ რამე მკვეთრად არ შეიცვლება, მილიარდობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ვერ მიიღებს Covid19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინას წლების განმავლობაში,“ – დასძინა მან.

სამშაბათს, 8 დეკემბერს, გაერთიანებული სამეფო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო მოქალაქეების კორონავირუსის ავტორიზებული ვაქცინით.

Pfizer / BioNTech ვაქცინის დოზების 96% იყიდეს მდიდარმა ქვეყნებმა – განაცხადა „სახალხო ვაქცინის ალიანსმა“; ანალოგიურად, „მოდერნას“ ვაქცინის ყველა დოზა ასევე შეიძინეს მდიდარმა ქვეყნებმა. 

ალიანსის განცხადებით, მაგალითად, კანადამ ვაქცინის იმდენი დოზა შეიძინა, რომ თუ ყველა წამყვანი ვაქცინა დამტკიცდება, კანადა შეძლებს მისი ყველა მოქალაქე ხუთჯერ აცრას.

 ალიანსმა დაადგინა 67 ქვეყანა, რომელთაც ყველაზე მაღალი რისკი აქვთ პანდემიისგან თავის დაღწევის ბრძოლას გამოეთიშონ. მათგან ხუთში – კენიაში, მიანმარში, ნიგერიაში, პაკისტანსა და უკრაინაში დაფიქსირებულია ჯამში 1.5 მილიონზე მეტი  შემთხვევა.

სულ ცოტა 172 ქვეყანა განიხილავს ჯანმო-ს ორგანიზებით შექმნილ ინიციატივაში, „კოვაქსში” ჩართვას, რომლის მიზანიც არის უზრუნველყოს კოვიდ19-ის ვაქცინაზე წვდომა მსოფლიო მასშტაბით.

თუმცა ჯანმო-ის ორგანიზებით შექმნილი ინიციატივის, COVAX-ის სქემის ქვეშ მხოლოდ 250 მილიონი დოზის შეძენაა დადასტურებული.

ვინ [ვერ]მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერია კრიტერიუმებს ცვლის

ბათუმის მერიას „იაფი სახლის“ პროგრამაში ცვლილებები შეაქვს. მერია კრიტერიუმებს იმ დროს ცვლის, როცა 245 ოჯახის განაცხადი უკვე შესულია და მათი შესწავლა დაწყებული. მერიას გასანაწილებელი მხოლოდ 40 ბინა აქვს. „დაზუსტდა წესი, რომელმა ოჯახმა რამდენოთახიანი ბინა უნდა მიიღოს“ – გვითხრეს მერიაში.

განაცხადების შეტანის ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. დოკუმენტების შესწავლა/ოჯახების შერჩევა კი, მერიის ინფორმაციით, გრძელდება.

პროგრამაში ერთ-ერთი ცვლილებით, რომელიც დღეს, 11 დეკემბერს, საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, ბინის გაცემის წესი განისაზღვრა. საკრებულოს 2019 წლის შესაბამის განკარგულებას ემეტება შემდეგი შინაარსის პუნქტი:

შერჩეული ოჯახებისათვის ბინების გადაცემა მოხდეს შემდეგი წესით:

  • 1 და 2-სულიანი ოჯახისათვის – ერთოთახიანი ბინა
  • 3 და 4-სულიანი ოჯახისათვის – ოროთახიანი ბინა
  • 5 და მეტსულიანი ოჯახისათვის – სამოთახიანი ბინა
  • შერჩეულ ოჯახს ბინა გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ იგი სხვა კრიტერიუმენთან ერთად აკმაყოფილებს კონკრეტული ბინისთვის ყოველთვიური შენატანის კუთხით დადგენილ კრიტერიუმს
  • ოჯახს შესაძლებელია გადაეცეს სხვა სულადობისთვის განსაზღვრული ბინა იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი საცხოვრისის საბოლოო განაწილების შედეგად დარჩება გაუნაწილებელი ბინა და ოჯახი სრულად აკმაყოფილებს სხვა სულადობისათვის განსაზღვრულ დადგენილ მოთხოვნებს/კრიტერიუმებს, გარდა ოჯახების სულადობისა“.

პროგრამას აქვს რამდენიმე კომპონენტი და რთული ფორმულები, რომლითაც სარეიტინგო ქულები გამოჰყავთ. არის, მაგალითად, ერთ-ერთი გამფილტრავი კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს ათი თანამამრავლის ნამრავლს. ამ ათიდან კი, ერთ-ერთი თუ არის ნულის ტოლი, მაშინ გამფილტრავი კომპონენტი და შესაბამისად სარეიტინგო ქულაც ხდება ნული. შესაბამისად, ოჯახი კარგავს უფლებას გახდეს პროგრამის ბენეფიციარი [ანუ იყიდოს ბინა პროგრამის ფარგლებში].

პროგრამაში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, როდესაც თითოეული ეს თანამამრავლი ხდება ნულის ტოლი.

მაგალითად, „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №15 განკარგულების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში ოჯახი ვერ იყიდის ბინას:

[crosslist]

  • თუ ოჯახის წევრების ჯამური შემოსავალი თვეში ნაკლებია ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის ყოველთვიური გადასახადის ორმაგ ოდენობაზე;
  • თუ ოჯახს დაქირავებული აქვს ბინა, რომლის ყოველთვიური გადასახადიც მეტია ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის ყოველთვიური გადასახადის ორმაგ ოდენობაზე;

[/crosslist]

აღნიშნულ განკარგულებაშიც შედის ცვლილება და ორმაგი ოდენობა იზრდება სამმაგ ოდენობამდე.

გარკვეული ოჯახები, რომლებსაც ორმაგი ოდენობის შემთხვევაში შანსი ექნებოდათ შეესყიდათ ბინა, ამ შანსს დაკარგავენ. შევეცდებით უფრო მარტივად ავხსნათ.

მაგალითად, პროგრამის ფარგლებში ერთოთახიანი ბინის ყველაზე დაბალი ფასი-ყოველთვიური შენატანი არის 207 ლარი და 88 თეთრი.

ოჯახს, რომლის საერთო შემოსავალი თვეში არის მაგალითად 500 ლარი, ცვლილებამდე [„ორმაგი ოდენობის“ შემთხვევაში] შეეძლო პროგრამის ფარგლებში შეეტანა განაცხადი ბინის შეძენაზე, ვინაიდან მისი შემოსავალი არ არის ნაკლები ბინის ყოველთვიური შენატანის ორმაგ ოდენობაზე, ანუ 415,76 ლარზე.

თუმცა, როცა პროგრამაში ორმაგის ნაცვლად სამმაგი ოდენობა ჩაიწერება, ეს ოჯახი ბინის ყიდვის შანსს დაკარგავს, ვინაიდან ოჯახის შემოსავალი [500 ლარი] უკვე ნაკლები იქნება ბინის ყოველთვიური შენატანის სამმაგ ოდენობაზე, ანუ 623,64 ლარზე. შესაბამისად, ოჯახი ვეღარ მიიღებს პროგრამაში მონაწილეობას.

„ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და შეგვაქვს შესწორება. სხვა დოკუმენტებში ეწერა სამმაგი ოდენობა. მოსახლეობაც ასე იყო ინფორმირებული“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კოპინაძემ.

ორმაგი ოდენობაა მითითებული საკრებულოს სხვა განკარგულებაშიც. „სწორედ მაგ განკარგულებებში შეგვაქვს ცვლილებები“, – გვითხრა დავით კოპინაძემ.

ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ ერთი დოკუმენტი იძებნება, რომელშიც ორმაგი ოდენობა შეცვლილია სამმაგი ოდენობით. ამ დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება საკრებულოს 2020 წლის 30 იანვარს დაუმტკიცებია.

წყარო: ბათუმის მერია

პროგრამის ფარგლებში, ბინის ფასს მომავალი მესაკუთრე 15 წლის განმავლობაში გადაიხდის. ღირებულების დაფარვის შემდეგ კი, ბინა საკუთრებაში გადაეცემა.

ბინის ფასები და ყოველთვიური შენატანის ოდენობის სანახავად გადადით ბმულზე:
რა ღირს ბინა „იაფ სახლში“

ზოგადად, პროგრამის კრიტერიუმების მიხედვით, იმ ოჯახის საერთო შემოსავალი – რომელსაც პროგრამის ფარგლებში სურს ბინის შეძენა – არ უნდა აღემატებოდეს:

  • 1-სულიანი ოჯახებისთვის – 1200 ლარს,
  • 2-სულიანისთვის – 1800 ლარს,
  • 3-სულიანისთვის – 2400 ლარს,
  • 4 და მეტსულიანისთვის – 3000 ლარს.

პროგრამის კრიტერიუმები სრულად ნახეთ ქვემოთ:

[toggle title=”ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ კრიტერიუმები“]

1. ზოგიერთი ცნების განმარტება

ა) ხელმისაწვდომი საცხოვრისი – იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინა მრავალსართულიან კორპუსში ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, რომელსაც ქ. ბათუმის მერია გადასცემს შერჩეულ ოჯახებს, 15 წლის განმავლობაში ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით;

ბ) აპლიკანტი ოჯახი – უფლებამოსილი პირი, მისი მეუღლე და მშობლებთან მუდმივად მცხოვრები შვილი/შვილები (მათი მეუღლეები) ან უფლებამოსილი პირის მშობლები და ბებია/ბაბუები, რომლებიც ცხოვრობენ ერთად, სხვა ოჯახისგან განცალკევებულ ფართზე.

შენიშვნა: ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:
– პირ(ებ)ი, რომელიც ოჯახთან ერთად ფაქტობრივად არ ცხოვრობს დასაქმების ან სხვა რაიმე მიზეზთა გამო, გარდა იმ პირებისა, რომლებიც დასაქმებულნი არიან საქართველოს სხვა რეგიონში ან უცხოეთში და მათი დასაქმებიდან მიღებული შემოსავლები ირიცხება აპლიკანტი ოჯახის რომელიმე წევრის საბანკო ანგარიშზე;
– სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი, გარდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული (5 წლამდე თავისუფლება აღკვეთილი) პირისა;
– ქვეყნის ფარგლებს გარეთ 12 თვეზე მეტი ხნით მყოფი პირი, გარდა იმ პირისა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება სასწავლებლად;
– სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი.

გ) აპლიკანტი ოჯახის უფლებამოსილი პირი – ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოჯახის დანარჩენი წევრები მიანიჭებენ უფლებამოსილებას წარმოადგინოს ოჯახი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან (პროგრამაში ჩართულ სხვა უფლებამოსილ ორგანიზაციასთან/პირთან) ურთიერთობაში ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობასთან დაკავშირებით;

დ) სტაბილური სამუშაო – დასაქმების ადგილი, საიდანაც პირი გარანტირებულად იღებს ფულად შემოსავალს, ხელფასის ან გამომუშავების სახით;

ე) ძირითადი სამუშაო – სამუშაო, რომელიც სტაბილურია, ხოლო რამდენიმე სტაბილური სამუშაოს არსებობის შემთხვევაში – ის, საიდანაც უფრო მეტი ანაზღაურება მიიღება;

ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება (ან/და რომლის გამოყენებაც შესაძლებელია) მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული საცხოვრებელი, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე;

ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საჯარო რეესტრში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა;

2. შერჩევის კრიტერიუმები

ხელმისაწვდომი საცხოვრისის აპლიკანტი ოჯახები ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ოჯახის წევრების მოქალაქეობა;
ბ) ოჯახის წევრების რეგისტრაცია ბათუმში;
გ) ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის (ბინა/სახლი) სტატუსი – ბინა/სახლი საკუთრებაში აქვს, ბინას/სახლს ქირაობს, ბინას/სახლს გირაობს, ცხოვრობს სხვა პირის (ნათესავის, არანათესავის, სახელმწიფოს) მიერ უსასყიდლოდ დათმობილ ბინაში/სახლში, ცხოვრობს არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართში;
დ) ოჯახის სხვა უძრავი ქონება – არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობა; კომერციული ფართის ფლობა;
ე) ოჯახის ზომა (სულადობა);
ვ) ოჯახის წევრების დასაქმების სტატუსი/სამუშაოს სტაბილურობა;
ზ) ოჯახის შემოსავლები და შემოსავლის წყაროები;
თ) ოჯახის (მისი წევრების) საბანკო ვალდებულებები;
ი) ოჯახის წევრების სპეციალური სტატუსი – მრავალშვილიანი ოჯახი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ოჯახში, ახალდაქორწინებული წყვილი, მარჩენალდაკარგული, ომის ვეტერანი და სხვა;
კ) საცხოვრებელი ბინის/სახლის მდგომარეობა;
ლ) სუბიექტური ლოიალობა პროგრამის მოთხოვნების მიმართ;

პროგრამით სარგებლობის მინიმალური მოთხოვნები (თუ აპლიკანტი ოჯახი რომელიმე ერთ
მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, მისთვის ბინის გადაცემის შანსი ნულდება):

ა) ოჯახის ყველა წევრი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ბ) ოჯახის ერთ სრულწლოვან წევრს მაინც უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია ბათუმში, სულ მცირე ერთი წელი მაინც;
გ) ოჯახი არ უნდა ცხოვრობდეს ოჯახის უფლებამოსილი პირის ბებია–ბაბუის /მშობლის/შვილის/შვილიშვილის კუთვნილ ბინაში/სახლში;
დ) ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა/სახლი, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა ან კომერციული ფართი (რომლის ფართობი აღემატება 10 კვადრატულ მეტრს);
ე) ოჯახი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველთა (მოწყვლადი) ჯგუფს, რომელთა მიმართაც სახელმწიფო იღებს ძირითადი დონორის ვალდებულებას;
ვ) ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილური სამუშაო;
ზ) ოჯახი, რომელიც ბინას გირაობს, გირაო არ უნდა შეადგენდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისის საერთო ღირებულების ნახევარზე მეტს;
თ) ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისისათვის ყოველთვიური შენატანის მინიმუმ ორმაგ ოდენობას [ეს შეიცვლება სამმაგი ოდენობით – ავტ.];
ი) ოჯახის საერთო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1 სულიანი ოჯახებისთვის 1200 ლარს, 2 სულიანისთვის – 1800 ლარს, 3 სულიანისთვის – 2400 ლარს, ხოლო 4 და მეტ სულიანისთვის – 3000 ლარს.

3. ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის „იდეალური ტიპი“:

– ოჯახის ერთი წევრის რეგისტრაცია ქ. ბათუმში 25 და მეტი წლის განმავლობაში;
– სპეციალური სტატუსის მქონე შემდეგი პირების არსებობა ოჯახში: შშმ პირი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი, მარტოხელა დედა, ახალდაქორწინებული, ომის ვეტერანი;
– ოჯახში სტაბილურად ანაზღაურებადი სამუშაოს მქონე წევრების ყოფნა, როდესაც სტაბილური სამუშაო გრძელდება ორი და მეტი წლის განმავლობაში;
– ხელმისაწვდომი საცხოვრისის ყოველთვიური შენატანის მინიმუმისა და დადგენილი მაქსიმუმის საშუალო არითმეტიკულის ტოლფასი შემოსავალი ოჯახისთვის;
– ოჯახის მიერ საკუთარი ბიუჯეტიდან კომუნალური გადასახადების გადახდა;
– ქირით მცხოვრები ოჯახებისათვის, ქირის ოდენობა ხელმისაწვდომი საცხოვრისის ყოველთვიურ შენატანთან მიახლოვებული ფასით და ქირის გადახდა შეფერხებების გარეშე;
– ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ სახლში, რომელიც დაზიანებულია.

4. ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის ადეკვატურ კანდიდატად ჩაითვლება ბათუმში დამკვიდრებული მრავალსულიანი ოჯახი, რომელსაც აქვს ძლიერი საჭიროება, თუმცა არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი (არც სხვა უძრავი ქონება – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ან კომერციული ფართი), მისი წევრების სტაბილური სამსახურის შესაბამისად, სტაბილური, თუმცა საშუალო შემოსავლის წყალობით ზომიერ ფასად შეუძლია იქირაოს საცხოვრებელი, შეუფერხებლად გადაიხადოს ქირა და კომუნალური (ან სხვა) გადასახადები, არ გააჩნია საბანკო დავალიანება და ოჯახში ჰყავს სპეციალური სტატუსის მქონე პირი/პირები (შშმ პირი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი, ახალდაქორწინებული, ომის ვეტერანი და სხვა). ამასთან, ოჯახისთვის მისაღებია „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ გათვალისწინებული პირობები.

[/toggle]

ამავე თემაზე:

ბათუმში 3 სოციალურ სახლს ააშენებენ – მერია ამჯერად კორპუსების პროექტებს შეისყიდის

 

 

აჭარაში კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 530 პაციენტი, კლინიკა დატოვა 91-მა პაციენტმა, მართვით სუნთქვაზეა 52 პაციენტი. ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობს 931 პაციენტი, კოვიდსასტუმროებშია 1548, ხოლო ონლაინკლინიკაში – 3127.

დღეს, 11 დეკემბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 4146 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 11 დეკემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4146 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 37, გამოჯანმრთელდა – 2129.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 146 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 708 შემთხვევა, აჭარაში-313, იმერეთში-636, ქვემო ქართლში-281, შიდა ქართლში-268, გურიაში-82, სამეგრელო-ზემო სვანეთში-397, კახეთში-252, მცხეთა-მთიანეთში-116, სამცხე-ჯავახეთში-69, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-24.

„მაყურებლების“ შიშით პატიმრები საჩივარსაც ვეღარ წერენ“ – ინტერვიუ ომბუდსმენის მოადგილესთან

რამდენად გაუმჯობესდა ან გაუარესდა ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები 2020 წელს? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც დღეს ომბუდსმენის მოადგილეს დავუსვით. „მდგომარეობა გაუარესდა,“ – გვითხრა გიორგი ბურჯანაძემ, როცა ის სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ გვესაუბრა. გიორგი ბურჯანაძესთან ინტერვიუ წლის რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ჩავწერეთ. დღეს 10 დეკემბერია, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე.

  • ბატონო გიორგი, დღეს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საარჩევნო დავებზე სასამართლოების მხრიდან უდიდესი ნაწილის განხილვის გარეშე დატოვებამ, ასევე საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმამ „საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა“. ფიქრობთ, რომ გაუარესდა საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით მდგომარეობა? 

ფაქტია, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ჩატარებულა. ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იყო პანდემია და ეს იყო დამატებითი ტვირთი, მაგრამ ის დარღვევები, რომელიც იყო და არაერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი, ვიდეოები გავრცელდა, როგორ ხდებოდა პირდაპირ ბიულეტენების ჩაყრა. არაერთ შემთხვევაზე იყო საუბარი, როდესაც იყო ჟურნალისტებზე თავდასხმა, მობილიზებული იყვნენ კოორდინატორები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ზეწოლადაც შეფასდეს, კონკრეტული პირების მოწყვლადობის თვალსაზრისით. ძალიან ბევრ უბანში ე.წ. დისბალანსი დაჯდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მეტობა იყო, ანუ ბიულეტენები უფრო მეტი იყო, ვიდრე არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის რაოდენობა. ეს, ჩვენი აზრით, საკმაოდ მძიმე დარღვევაა. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით 2020 წელი სერიოზული ხარვეზებით და დარღვევებით გამოირჩეოდა.

  • არჩევნების შემდეგ ამ დრომდე იმართება აქციები თბილისსა და ბათუმში. თბილისის შემთხვევაში შეშა გახდა პრობლემა, ბათუმში კი პოლიციელებმა ბუშტები დახეთქეს. სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია და 500 ლარით დააჯარიმა ბათუმში აქციის ის მონაწილეები, რომლებიც საოლქო კომისიის წინ ყვიროდნენ: „მონები“. ამის გათვალისწინებით, რამდენად გაუარესდა სიტუაცია გამოხატვის თავისუფლების კუთხით? 

ეს მაგალითები აჩვენებს, რომ მანიფესტანტების მიმართ ხდება გარკვეული, ბლანკეტური შეზღუდვების გამოყენება. ზოგადად შეიძლება აიკრძალოს ბლაგვი საგნის შეტანა აქციაზე, მაგრამ ბლანკეტურად მე და თქვენ შეშის შეტანის უფლება არ მოგვცეს პოლიციამ, ეს დარღვევაა. თუკი მე და თქვენ რომელიმე აქციაზე თავში შეშას ჩავარტყამთ, ძალადობით გამორჩეული პირები ვართ, შესაძლოა ნებისმიერი მახვილი იარაღი საშიში იყოს ჩვენთან მიმართებით. ამ შემთხვევაში გამართლებულია, რომ რაღაც აგვიკრძალონ, მაგრამ როდესაც ინდივიდუალური მახასიათებელი ნიშანი არ გვაქვს და მაინც ხდება შეკრების და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა, ეს უფლების დარღვევაა.

შეშის შემთხვევაში პოლიცია უთითებდა, რომ რაღაც აბსტრაქტული შიში არსებობს, რომ შეშა შესაძლოა ვიღაცას ესროლონ. ეს, ჩვენი აზრით, დაუსაბუთებელი შეზღუდვაა შეკრება-მანიფესტაციის.

ამ შემთხვევის მსგავსად შეგვიძლია ვისაუბროთ ბუშტთან დაკავშირებითაც. ამ საკითხზე აპარატს დაწყებული აქვს შესაბამისი შესწავლა, თუმცა პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუშტი, ისევე როგორც სხვა ატრიბუტი, შესაძლოა მანიფესტანტებმა გამოიყენონ თავისუფლად, რომ მოხდეს გამოხატვა. ეს არის პროტესტის ფორმა, ისევე, როგორც გარკვეული შეძახილი.

გამოხატვის თავისუფლება არის კანონით გარანტირებული უფლება. ალბათ არც თქვენ და არც მე შესაძლოა არ გვესიამოვნოს, როცა ვინმემ დაგვიძახოს „მონა“, ან სხვა ეპითეტი, მაგრამ არსებობს გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებით საჯარო პირის მიმართ… ეს დემოკრატიული პროცესის თანმდევი ნაწილია და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ხულიგნობა და ასე შემდეგ.

  • წელს არაერთი სისხლის სამართლის საქმე დაგროვდა, რომელზეც არსებობს მოსაზრება, რომ არის პოლიტიკური ინტერესი. თქვენ ეცნობოდით, მაგალითად „ნიკა გვარამიას საქმეს“, ან „ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმეს“. რა შთაბეჭდილება შეგექმნათ? 

2020 წელს ჩვენ ორივე საქმეზე წარვადგინეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. „ნიკა გვარამიას საქმეში“ პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრალდებაში არ იკვეთება საერთოდ დანაშაულის ნიშნები და ეს წარმოადგენს კორპორაციული სამართლის შემადგენელ ნაწილს. თუ ნიკა გვარამიას ეს დარღვეული ექნებოდა, ამას ნებისმიერ შემთხვევაში სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოეწვია.

ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მოხმობილი გვაქვს სხვა ქვეყნების პრაქტიკაც, რომელიც ანალოგიურია და ამ კუთხით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიგვაჩნია, რომ გაუმართლებელია.

რაც შეეხება „ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმეს“, ჩვენმა თანამშრომლებმა დეტალურად შეისწავლეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, გავეცანით იმ სტანდარტებს და მიდგომებს, რომელიც არსებობს ზოგადად ფულის გათეთრებასთან მიმართებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ბრალდება, რომელიც ამ შემთხვევაში წარდგენილ იქნა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, არ იკვეთება ფულის გათეთრების ნიშნები.

  • რაც შეეხება „კარტოგრაფების საქმეს“? საბოლოო შეფასება ჯერ არ გაქვთ, თუმცა რა კითხვები გაგიჩინათ საქმემ, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გააქტიურდა? 

ამ საქმეზე ჩვენ მასალები მოგვაწოდა დაცვის მხარემ. ამ ეტაპზე ვიცნობთ ოქტომბრის ბოლომდე მოპოვებულ მტკიცებულებებს. ამ მტკიცებულებების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული შეფასებები გვაქვს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მიღებულია გადაწყვეტილება გაგრძელდეს საგამოძიებო ვადა, ასევე პროკურატურამ, როგორც საჯარო განცხადებების დროს, ისე ჩვენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზა და მოსაპოვებელია მტკიცებულებები, ჩვენ არ გვინდა, რომ წინმსწრებად რაღაც შეფასება გვქონდეს.

ჩვენი კონცენტრაციის საგანია: რამდენად შეეძლო ილიჩოვას და მელაშვილს ამ დანაშაულის ჩადენა, რასაც მათ პროკურატურა ედავება? ისინი ოპერირებდნენ და გადაწყვეტილებას იღებდნენ კოლექტიური ორგანოს ფორმატში, არსებობდა სადემარკაციო კომისია, ასევე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თანხმდებოდა სხვადასხვა უწყებასთან, ეს იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ზოგიერთ შემთხვევაში პარლამენტი.

ამ პირობებში ჩვენი მთავარი შესაფასებელი საკითხია, რამდენად არის ეს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე ჩვენი ინტერესია შევაფასოთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე -18 მუხლის დარღვევის საფუძველი რამდენად არსებობს. ეს მუხლი გულისხმობს ნებისმიერი უფლების შეზღუდვას პოლიტიკური, ან სხვა მოტივაციით.

  • „მაჩალიკაშვილის საქმეზე“ რა გაირკვა მას შემდეგ, როცა თქვენ გამოძიების გაგრძელება მოითხოვეთ წლის დასაწყისში? მანამდე, წინასაახალწლოდ მას კარავი დაუშალეს სკვერის მოწყობის მოტივით. 

გამოძიების შეწყვეტის შემდეგ ჩვენ ბოლომდე გავეცანით ამ საქმის მასალებს. ჩვენთვის ისევ ამოსავალი წერტილია იმის გაგება, თუ რა კონკრეტული ბრძანებები იქნა უშუალოდ გაცემული ოპერაციის მიმდინარეობისას, მოთხოვნილი გვაქვს და ჩვენი წინადადებაა, რომ მოხდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იმ რაციის ჩანაწერების მოსაპოვებლად, რომლითაც შესაბამისი თანამშრომლები იმ დროს სარგებლობდნენ. ეს დაგვეხმარება იმის გარკვევაში, იმ დროს რა ბრძანება იყო გაცემული. ეს საკითხი სისხლის სამართლის ამ საქმეში შეუფასებელია. ჩვენ ამ წინადადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, თუმცა, სამწუხაროდ, ის არ გაიზიარეს.

  • ხშირად გვესმის შემთხვევებზე, როცა კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი შესაძლოა იყოს სამართალდამცველი. თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტურად მუშაობს ამ კუთხით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელსაც, მაგალითად, ამ დრომდე არ გამოუძიებია ამ წლის დასაწყისში, კომენდანტის საათის დროს მომხდარი შემთხვევა, როცა მოქალაქემ თქვა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს. 

ჩვენი განსაკუთრებული ფოკუსის საგანია პოლიციელთა საქმიანობის შეფასება… ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, ყველა საგამოძიებო მოქმედება ბათუმის შემთხვევასთან დაკავშირებით ჩატარებულია. იყო შემთხვევა, როცა ვიღაც არ თანამშრომლობდა. მიგვაჩნია, რომ ინსპექტორის მცდელობები ძალიან კარგია, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ უფრო დეტალურ ანალიზს. პანდემიის გამო ხელი შეგვეშალა, რადგან ფიზიკურად შეხვედრები ვერ მოვახერხეთ. მარტში როცა გვექნება საპარლამენტო ანგარიში, გვექნება გარკვეული მიგნებები.

  • რა შეიცვალა ციხეებში? გასულ წელსაც საუბრობდით კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებაზე.

ვინმე თუ დღეს გვეკითხება, ციხეებში რა პრობლემა არისო, ვპასუხობ, რომ კრიმინალური სუბკულტურის პრობლემა არის ნომერი პირველი. დაახლოებით ციხის პოპულაციის ნახევარი იმყოფება ე.წ. ზონებში, ანუ ესაა ნახევრად ღია დაწესებულებები: გეგუთი, ქსანი, რუსთავი. ეს ის სამი ციხეა, რომელსაც ე. წ. მაყურებლები აკონტროლებენ. იქედან ფაქტობრივად არც საჩივარი გამოდის „მაყურებლის“ შიშით. ეს არის იმდენად მწყობრად აწყობილი სისტემა, რომ შესაძლოა სახელმწიფო უწყებასაც კი შეშურდეს. ჩვენ როცა იქ დავდივართ მონიტორინგის განხორციელების დროს, ისინი აკონტროლებენ იმასაც, რომ ვინმემ რამე არ თქვას. ძალიან უცნაურია, რომ ისინი გამოირჩევიან იმითაც, რომ სულ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, 2012 წლამდე რა ხდებოდა და ახლა რა ხდება. ზოგჯერ არის ხოლმე მცდელობა, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ აი, 2012 წლამდე რას აკეთებდით?

  • გეუბნებიან ამას პირდაპირ, რომ წარმოადგენენ ქურდულ სამყაროს?

ამას არავინ ამბობს მაყურებელი ვარო, თუმცა ჩვენ ნებისმიერ ციხეში როცა შევდივართ, წინასწარ ვიცით, იქ ვინ ვინ არის. ამაზე გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან. ადგილზე, როცა ვხდებით ამ ხალხს, ხვდები, რომ ისინი პრივილეგირებული არიან, ისინი უკეთ ჩაცმულები არიან… ეს იმდენად ცხადია, რომ შეუძლებელია ამას ადმინისტრაცია ვერ ამჩნევდეს, თუმცა ადმინისტრაციას სჭირდება ეს იმის საჩვენებლად, რომ აი, როგორი წესრიგია დაწესებულებაში.

პატიმრებს დღეს აქვთ უამრავი პრობლემა. დაწყებული ჯანმრთელობიდან, განსაკუთრებით პანდემიის დროს, რადგან რეფერალიც შეჩერებულია სხვადასხვა მიმართულებით, აქვთ სხვადსხვა პრობლემა, რაც უკავშირდება ციხის ადმინისტრირებას და რეჟიმს, მაგრამ კრიმინალური სუბკულტურა ეს იმდენად ენდემური პრობლემაა და მოდებულია, რომ ბევრ პატიმარზე ახდენს გავლენას.

ეს ძალიან ხელს გვიშლის იმაში, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ჩვენი მანდატი განვახორციელოთ და მაქსიმალურად ბევრი პირის უფლებების დაცვა მოვახდინოთ.

  • ადმინისტრაცია რას გპასუხობთ? 

ისინი უარყოფენ ამას, მაგრამ მერწმუნეთ, თქვენ რომ ნახევრად ღია დაწესებულებაში შეხვიდეთ, სულ რაღაც 2 საათში მიხვდებით, იქ რა მდგომარეობაა, ვინ ვინ არის, რა გავლენები აქვს და ასე შემდეგ. პატიმარი იქ როდესაც ხვდება, მას დასაწყისშივე შეხება აქვს ე.წ. მაყურებელთან, „მაყურებლები“ იღებენ გადაწყვეტილებას პატიმრის განთავსებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციას თუ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მინიმუმ ის თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს და მინიმუმ ის თვალდახუჭული უყურებს ამ პრობლემას.

  • ფიქრობთ, რომ ეს სჭირდება მხოლოდ პენიტენციურ სისტემას წესრიგის ილუზიის შესაქმნელად, თუ უფრო მასშტაბურია ეს პრობლემა და მათ მოიპოვეს გავლენები ციხის გარეთაც? 

ჩვენ ასე ღრმად არ ვაფასებთ საკითხს. ეს ინფორმაცია პროკურატურასაც მივაწოდეთ. თუ ამას უფრო ღრმა ფესვები აქვს და გავლენები, ამას სახალხო დამცველი ვერ შეაფასებს. ჩვენთვის ეს საკითხი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი არის იმდენად, რამდენადაც ის ეხება პატიმრების უფლებებს და ამ ჭრილში ვუყურებთ ამ საკითხს. ამის იქეთ, ჯერჯერობით, ეს საკითხი არ გვაქვს შეფასებული.

  • რა პასუხი მიიღეთ პროკურატურისგან, რომელსაც თქვენ მიმართეთ „აჭარის ტელევიზიის საქმეზე“? 

აჭარის ტელევიზიაში სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი დარღვევის ფაქტი დაადგინა შრომითი უფლებების დაცვის ნაწილში, რომელიც თანამშრომლებს შეეხებოდა. ამ დარღვევების მასშტაბიდან გამომდინარე ჩვენ ეს საკითხი გადავუგზავნეთ პროკურატურას და ვუთხარით, რომ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები თანამშრომელთა დევნის კუთხით. სამწუხაროდ, პროკურატურამ ეს საკითხი გადაამისამართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც გვითხრეს, რომ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავდნენ.

ჩვენ ამ საკითხზე ასევე მიმართული გვაქვს გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის, რომელიც გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მუშაობს, ასევე ეუთოს სპეციალური მომხსენებლისთვის გამოხატვის თავისუფლების დარგში. ჩვენ მათაც ვთხოვეთ, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით მოახდინონ ამ საკითხზე რეაგირება.

  • აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის იმპიჩმენტის საქმის განხილვაც არ დაუწყია სასამართლოს. ამ მოცემულობაში რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი ბერკეტი – სასამართლო ხელისუფლება კიდევ უფრო დასუსტდა? 

რა თქმა უნდა, როცა მეკითხებიან, თუ რა არის ადამიანის უფლებების მთავარი გამოწვევა საქართველოში, ვპასუხობ, რომ ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა. ნებისმიერი უფლების დასაცავად  სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ ნებისმიერ პირს ჰქონდეს საშუალება უფლება დაიცვას. ეს არის ინსტრუმენტი, ეს არის დაცვის მექანიზმი. სამწუხაროდ, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული პრობლემები გვაქვს და ეს არის საფუძველი იმისა, რომ ბევრი ადამიანის უფლებების დაცვა ჯეროვნად არ ხდება. ამის უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება.

ჩვენ ამ საკითხს ვაფასებთ არა მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევების სახით, არამედ ვუყურებთ ინსტიტუციურადაც… მოსამართლეთა შერჩევა ხდება საქართველოში სრულიად გაუმჭვირვალედ, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის უკანაც არავითარი დასაბუთება არ არის. არსებობს სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი მოსამართლეებს ნიშნავენ, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული, გავლენიანი ჯგუფისთვის არის მისაღები. მოსამართლეთა შერჩევის ეს სისტემა არანაირად არ არის დაფუძნებული კანდიდატების სრულფასოვნად შეფასებაზე. ის, ვინც საუკეთესო კანდიდატია, ის არ არის შერჩეული.

ყველაზე პარადოქსული ამ პროცესში  არის ის, რომ როცა ეს ნორმები ჩვენ გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლომ იგი არ დააკმაყოფილა და ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო შეფასება გააკეთა თავისი არსებობის მანძილზე. მან თქვა, რომ კონსტიტუციით არ არის დაცული ის, რომ საუკეთესო კანდიდატის არჩევა მოხდეს, ანუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს იმის უფლებაო, რომ არასაუკეთესო კანდიდატი წარადგინოს პარლამენტშიო. ეს კონსტიტუციის ალბათ ყველაზე თვითნებური, არასწორი და ცუდი განმარტებაა.

  • ანუ მდგომარეობა ამ კუთხით კიდევ უფრო დამძიმდა?

დიახ, მდგომარეობა ამ კუთხით უარესდება, არანაირი პროგრესი არ გვაქვს, ჩვენ უკან და უკან მივდივართ, არაფერი ხელშესახები და კარგი ამ კუთხით არ გვაქვს. ის გამოწვევები, რომელიც არსებობდა, ისევ არის და არის.

გადათხრილი ქუჩები და საცობები ბათუმში ისევ იქნება – მერიის მომავალი წლის გეგმები

თითქმის ნახევარი წელია ე.წ. სტეფანოვკის დასახლება ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიამდე ერთგვარი ჩიხია ავტომობილით გადაადგილების დროს. პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების პირობებშიც კი, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, ამ ადგილზე საცობში ყოფნა მძღოლებს ხშირად 20-25 წუთზე მეტ ხანსაც უწევთ.

სარემონტო სამუშაოების მიზეზით აქ ავტომანქანებს მხოლოდ გზის ნახევარზე შეეძლოთ გადაადგილება მთელი ზაფხულის განმავლობაში. სექტემბრის დასაწყისში კი აქაურობა მომუშავე ჯგუფმა ისე დატოვა, რომ გზის გადათხრილი ნაწილი არ მოუწესრიგებია, გარკვეული დროით ადგილზე დატოვეს სამშენებლო მასალები და მძიმე ტექნიკა, რაც დამატებითი ბარიერი იყო გადაადგილებისთვის.

აქ არსებული შეფერხების მიზეზებზე სექტემბრის დასაწყისში ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ადგილზე კომუნიკაციები გაჰყავდათ, შემდეგ კი სპეციალისტებმა ტერიტორია 2 თვით სატესტო რეჟიმში დატოვეს:

„უნდა დაიტესტოს რამდენად ნორმალურად გაკეთდა დაერთებები, ორი თვის შემდეგ თუ ყველაფერი კარგად იქნება, ამ ადგილს მოაწესრიგებენ და სრულად გახსნიან, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – გვითხრეს მერიაში.

დღეს აქ გადაადგილება ისევ შეზღუდული და პრობლემურია, პარალელურად ქალაქში სარემონტო სამუშაოების გამო კიდევ რამდენიმე ქუჩაზეა დიდხნიანი შეფერხება.

ბათუმის სხვადასხვა ქუჩაზე დაწყებული სამუშაოები, რომ განუსაზღვრელი ვადით იწელება, ამაზე მოსახლეობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროიდან მოყოლებული წუწუნებს, ჩივის ან პრეტენზიას უფრო აგრესიულადაც გამოხატავს, თუმცა ამ ყველაფერს შედეგი არც მაშინ ჰქონია და არც ახლა აქვს, გარდა იმ განსხვავებისა, რომ თუ გასულ წლებში ვადების გახანგრძლივებას უამინდობას აბრალებდნენ, ახლა მიზეზი პანდემიაა.

ბათუმში ახსოვთ ამ საკითხზე კითხვებით შეწუხებული მერიის წარმომადგენლის განმარტებაც: „სახლში რემონტს როცა აკეთებთ, არ წუხდებით? – დიახ ეს დამღლელია, მაგრამ შემდეგ გესიამოვნებათ“. ამ განმარტების შემდეგ დიდი დრო გავიდა, ქუჩები ისევ გადათხრილია.

2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და ამის პარალელურად 2021 წლების ბათუმის ბიუჯეტის პროექტს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადათხრილი ქუჩებით გამოწვეული დისკომფორტი არც მომავალ წელს მოგვაკლდება. გარდა ამისა, 2021-ში უკვე რეაბილიტირებულ ქუჩაზე ძველი შეცდომების გამოსწორების სამუშაოებიც არის დაგეგმილი, როგორიცაა, მაგალითად, ბორდიურების ნულოვან ნიშნულზე დაყვანა იმისათვის, რომ შშმ პირებს გადაადგილება არ გაუჭირდეთ.

საბოლოო ჯამში მომავალ წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 69 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, აქედან 37 მილიონ 805 000 ლარი გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 2021 წელს დაგეგმილია:

  • ლერმონტოვის ქუჩის გაგრძელება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩამდე.
  • ანგისის ქუჩის კეთილმოწყობა.
  • მესხეთის ქუჩის რეაბილიტაცია.
  • სულაბერიძის ქუჩის მონაკვეთის [ბაგრატიონის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე] მიმართულებით [I ეტაპი] სამუშაოები.

დაგეგმილია ასევე პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგება რამდენიმე ქუჩაზე, კერძოდ:

  • ნ. გოგოლის ქუჩის მონაკვეთის [წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის ქუჩიდან ი. ნონეშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობა.
  •  გაგარინის ქუჩის გაგრძელება კეთილმოწყობა.
  • სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები – ანა კალანდაძის ქუჩა N92; ქ. ბათუმი, თოდოგაურის დასახლება N17.
  • ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი N52,  ბათუმგორის ქუჩა N29, ურეხის დასახლება N6, ურეხის დასახლება N12,  მახვილაურის დასახლება N65, თოდოგაურის დასახლება N79, თოდოგაურის დასახლება N67, ზედაღელეს დასახლება N34-ის მიმდებარედ რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა. კვიპაროსის N43-ის მიმდებარედ რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა, ზედაღელეს დასახლება N69; თოდოგაურის დასახლება N38;  წმინდა ნინოს I-ჩიხი N1, პეტრე იბერის ქუჩა N6, ი. ჯინჭარაძის ქუჩა N17, ხახულისა და კახაბრის ქუჩების კვეთაში N1 საავტომობილო ხიდის მოწყობა, ხახულისა და კახაბრის ქუჩების კვეთაში N2 საავტომობილო ხიდის მოწყობა; იოანე ლაზის ქუჩის ხიდბოგირის მოწყობის სამუშაოები, ბეთლემის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები, ბედიას ქუჩის კეთილმოწყობა.

მხედველობადაქვეითებულთათვის განკუთვნილი ბილიკის მოწყობა

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გორგილაძის ქუჩის მონაკვეთებში მხედველობა დაქვეითებულთათვის განკუთვნილი ბილიკის მოწყობა და გადასასვლელებზე ტროტუარის ბორდიურის სიმაღლის ნულოვან ნიშნულზე დაყვანა იგეგმება. იგივე სამუშაოები ჩატარდება ჭავჭავაძის ქუჩაზეც.

დაფინანსდება ასევე რამდენიმე ქუჩაზე ან კონკრეტულ მონაკვეთებზე კეთილმოწყობის სამუშაოები:

  • ბაღის ქუჩის პირველი შესახვევის კეთილმოწყობა;
  • ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვ. ფშაველას ქუჩამდე) რეაბილიტაციის სამუშაოები;
  • სამრეწველო ზონის მიმდებარედ (ადგილობრივი მნიშვნელობის გზის “მახოს ხიდი-გონიოს ხიდისა” და “გეზის მიმდებარედ)
    მთავარი და მეორე ხარისხოვანი გზის მშენებლობა – მოწყობის სამუშაოები;
  • მ. ვარშანიძის VI ჩიხის კეთილმოწყობა;
  • მამია ვარშანიძის მეორე შესახვევის კეთილმოწყობა;
  • ჯავახიშვილის I და II შესახვევის რეაბილიტაცია;
  •  ოძელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია;
  • სარაჯიშვილის ქუჩის (სანიაღვრეთი) კეთილმოწყობა;
  • დ. სვიშევსკის ქუჩის კეთილმოწყობა; დ. სვიშევსკის I შესახვევის, I და II ჩიხის
    კეთილმოწყობა;
  •  ე.წ. „ბარცხანის“ ხიდის რეაბილიტაცია;
  • ი. გრიშაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები;
  • ი. გრიშაშვილის ჩიხის კეთილმოწყობის სამუშაოები;
  • გ. ჩოხელის ქუჩის I ჩიხის კეთილმოწყობა;
  • გ. ჩოხელის ქუჩის კეთილმოწყობა;
  •  მაჭახლის ქ.N41-დან N59-დე მონაკვეთის კეთილმოწყობა;
  •  ფრ. ხალვაშის VII ჩიხის კეთილმოწყობა;
  •  ფრიდონ ხალვაშის III ჩიხის კეთილმოწყობა;
  • ზედაღელეს ქ. N2-დან N20-მდე მონაკვეთში ფეხით მოსიარულეთა სავალი ბილიკის მოწყობა;
  • ბათუმი, ფრ. ხალვაშის გამზირის მე-9 შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები;

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები:

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები დაფინანსდება

2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე ბათუმის საკრებულომ მორიგ სხდომაზე უნდა იმსჯელოს.

კავშირი ევროპასთან „აბრეშუმის რკინიგზით“ – რა სარგებელს მიიღებს საქართველო

რკინიგზას, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის გავლით აკავშირებს, „აბრეშუმის რკინიგზად“ მოიხსენიებენ.

4 დეკემბერს თურქეთიდან, ქალაქ სტამბოლიდან  ჩინეთის ქალაქ სიანის მიმართულებით გავიდა პირველი საკონტეინერო მატარებელი, რომელიც საექსპორტო საქონლით იყო დატვირთული. მატარებელმა სიანში 1 400 ერთეული სამაცივრე დანადგარი უნდა  ჩაიტანოს, რომელიც  42 კონტეინერშია გადანაწილებული.

მატარებელი სტამბოლიდან, ჰალკალის სადგურიდან დაიძრა. გაიარა მარმარაის გვირაბი (13,6 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზი ბოსფორის სრუტის ქვეშ), ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი და ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური დერეფნის გავლით ჩინეთისკენ მიდის. ამ გზის გავლას 12 დღე უნდა დასჭირდეს.

10 დეკემბრის მონაცემებით, მატარებელმა თურქეთიდან ბაქოში ჩასვლას, ჯამში 6 დღე მოანდომა.

„აბრეშუმის რკინიგზა“ – სტამბოლიდან ბაქომდე სატვირთო მატარებელი ლიანდაგს გაუყვება, ბაქოში მატარებელი სპეციალურ ბორანზე ავა, გადაცურავს კასპიის ზღვას და აქთაუს პორტში ისევ ლიანდაგზე დაბრუნდება, გაივლის შუა აზიას და სარკინიგზო გზით შევა ჩინეთის ქალაქ სიანში. ფოტო: dailysabah.com

სატრანსპორტო დერეფნის 8 693 კილომეტრიდან 2 323 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე  გადის, 220 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე, 430 კილომეტრი აზერბაიჯანის, 420 კილომეტრი კასპიის ზღვაზე (მატარებელს ბორანზე გადატვირთავენ და კასპიის ზღვის  გადაცურვით ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს პორტში შევა), 3 200 კილომეტრი ყაზახეთის და 2 100 კილომეტრი ჩინეთის ტერიტორიაზე საბოლოო დანიშნულების სადგურამდე.

„ამ პროექტს აქვს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სატრანზიტო მნიშვნელობა. პოლიტიკური იმიტომ, რომ საქართველო ამით ახდენს გეოპოლიტიკური მდებარეობის განსაზღვრას. ხდება ქვეყანა, რომელიც არის მოთხოვნადი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. შედეგად იზრდება ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი და რეპუტაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში. მათ შორის ჩვენს ორ სტრატეგიულ პარტნიორთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.

ეკონომიკურ სარგებელზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ მთავარი სარგებელი არის სატრანზიტო  საფასური, რომელსაც ქვეყანა მიიღებს.

„სატრანზიტო საფასური, სამუშაო ადგილები და ჩვენი მწარმოებლებისთვის, ჩვენი ბიზნესმენებისთვის, შესაბამისი წვდომის ხარისხის ამაღლება პერსპექტიულ ბაზრებთან. მაგალითად ევროკავშირის ბაზართან – იქნება ეკონომიკური სარგებელი. წარმოიდგინეთ, დღეს ჩვენ სარკინიგზო გზით ვართ დაკავშირებული ევროპასთან – ლონდონთან, სტოკჰოლმთან, პარიზთან… ამიტომ აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობას უხსნის მთელს ბიზნესს – როგორც ექსპორტიორებს, ისე იმპორტიორებს. ასე შეიძლება შემცირდეს სატრანსპორტო დანახარჯები. შესაბამისად, ჩვენი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა მაღლდება და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება ევროპის ძირითად ბაზარზე. რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვთქვი, პირველადი ხელშესახები შედეგები ეს არის  სატრანზიტო შემოსავალი და სამუშაო ადგილები,“ – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში.

როდის და როგორ დაიწყო მშენებლობა

თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის იდეა 1993 წელს გაჩნდა. მას შემდეგ, რაც თურქეთმა ყარაბაღში განვითარებული  მოვლენების გამო სარკინიგზო ხაზი – ყარსი-გიუმრი-თბილისი ჩაკეტა.

თურქეთი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი და საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე – 1993 წელი

2005 წელს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ. 2007 წლის ნოემბერში კი მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა ათ წელს გაგრძელდა და 2017 წლის 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონია ბაქოში გაიმართა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი „აბრეშუმის რკინიგზის“, ანუ იმ დერეფნის ლოჯისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს.

საკუთრივ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი 826 კილომეტრია და მისი მშენებლობა მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. აქედან 775 მილიონი დოლარი საქართველომ დახარჯა, რომელიც აზერბაიჯანმა სესხის სახით  გამოუყო. პროექტის მთავარი დამფინანსებელი სწორედ აზერბაიჯანი იყო. თურქეთმა სარკინიგზო პროექტისთვის კი 345 მილიონი დახარჯა.

„ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზი სატრანსპორტო რუკაზე ევრაზიას მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. ეს გზა განავითარებს ტურიზმს, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ორმხრივი ინვესტიციების რაოდენობას გაზრდის და ჩვენი ქვეყნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გააძლიერებს,” – თქვა 2017  წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, პროექტის მთავარი ღირებულებებზე საუბრისას.

ილჰამ ალიევი, მიხეილ სააკაშვილი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი – 2007 წელი

დღეისათვის ჩინეთიდან ევროპისკენ ტვირთების გადაზიდვის სამი ძირითადი მარშრუტია. სამხრეთის მარშრუტი, რომელიც გადის ავღანეთი, ირანი, თურქეთის მიმართულებით, ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც გადის რუსეთზე და ცენტრალური მარშრუტი, რომელიც გადის სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაზე და რომელიც არის ჩინური ტვირთებისთვის ყველაზე მოკლე და იაფი გზა ევროპისკენ.

„ამ სატრანზიტო ნაკადებთან დაკავშირებით არის მძაფრი კონკურენცია. ვსაუბრობ სატრანსპორტო ნაკადებზე, რომელიც აერთიანებს ჩინეთს ევროკავშირის ბაზართან. რუსეთს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს ის, რომ ეს სატრანსპორტო ნაკადები გადიოდეს მისი ტერიტორიის მეშვეობით. ჩვენ ვართ ძალიან მძაფრ კონკურენციაში და, შესაბამისად, რუსეთს არ აძლევს ხელს ამ მარშრუტის წარმატება,“-  ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

პირველი საექსპორტო მატარებელი, რომელიც თურქეთიდან ჩინეთისკენ მიემართება საქართველოში 8 დეკემბერს შემოვიდა
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

კითხვაზე, რაში შეიძლება გამოიხატოს რუსეთის ჩარევა და როგორ შეიძლება ქვეყანამ თავი დაიცვას, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ამბობს:

„ქვეყანამ უნდა მოახდინოს თავისი ყველა რესურსის მობილიზება – უნდა იყოს  ძლიერი, უნდა იყოს საზოგადოება შეკრული. უნდა ავარიდოთ თავი პოლიტიკურ კრიზისს, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი მყარი ურთიერთობები უნდა გავაძლიეროთ სტრატეგიულ პარტნიორებთან. სამწუხაროდ, ყველა ამ კომპონენტში დღეს ჩვენ მოვიკოჭლებთ. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სიძნელეები აღმოვფხვრათ. შესაბამისად, გავხადოთ ქვეყანა მეტად მიმზიდველი. მათ შორის საერთაშორისო ინვესტიციებისთვის და მეტად მოთხოვნადი ამ ურთიერთობათა სისტემაში“.

სატვირთო  მატარებელთან ერთად გათვალისწინებულია მგზავრთა გადაყვანაც. ვარაუდობენ, რომ ამოქმედების შემთხვევაში სამგზავრო რკინიგზა წელიწადში 2 მილიონ მგზავრს გადაიყვანს.

პირველი საექსპორტო  მატარებელი გეგმის მიხედვით ჩინეთში, ქალაქ სიანის სადგურში, 16 დეკემბერს უნდა შევიდეს.

მწვანე კონცხის პროექტში „ბოტანიკო“ გაყიდვები იწყება

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება. პროექტის სრულ დაფინანსებას საქართველოს ბანკი უზრუნველყჰოფს. 1.5 ჰექტარზე განაწილებული კომპლექსი სრულფასოვანი დასვენების და განტვირთვისთვის აუცილებელ ყველა ელემენტს მოიცავს. კომპლექსის მთავარი ხიბლი აპარტამენტებიდან გაშლილი განუმეორებელი ზღვის პეიზაჟები და მშვიდი, კენჭებიანი სანაპიროს სიახლოვეა. საცხოვრებელი ფართები ისეა დაპროექტებული, რომ ყველა ბინიდან  ზღვაზე 180-გრადუსიანი ხედი იშლება.

მწვანე კონცხი ბოტანიკო
მწვანე კონცხი ბოტანიკო

თანამედროვე არქიტექტურის გარემოსთან ჰარმონიული შერწყმა დეველოპერებისთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა. ისევე, როგორც მწვანე კონცხის – აჭრის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილის – ბუნებრივი გამწვანების მაქსიმალურად შენარჩუნება და დაცვა. სუბტროპიკული მიკროკლიმატისა და საუკუნოვანი, უნიკალური კოლექციით განთქმული, ბოტანიკური ბაღის სიახლოვის გამო, „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ შემოგარენი მრავალფეროვანი მცენარეული სამყაროთი გამოირჩევა.

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ შედგება ორი დამოუკიდებელი 6 -სართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან, რომელშიც განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული 81 აპარტამენტი. ფართის დაახლოებით 30% უჭირავს ტერასებს, რაც მფლობელს ზღვასთან, მზესთან და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას გაუჩენს. „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ იდეალურია ოჯახური, მშვიდი, კომფორტული დასვენებისთვის, რასაც ადგილმდებარეობა და სანაპიროს სიახლოვე განაპირობებს.“ – გიორგი მარრი, სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების დირექტორი.

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ მაქსიმალურდ არის მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე. დიდი სარეკრეაციო ზონით გარშემორტყმულ კომპლექსში მაცხოვრებლებს შეეძლებათ ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებით, სავარჯიშო და სარელაქსაციო დარბაზებით, საბავშვო ღია აუზებით, რესტორნითა და (მიწისქვეშა) ავტოსადგომით. აქვე აღმოაჩენთ საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკებს, სადაც შეძლებთ სეირნობას და ტროპიკული სიმწვანით დატკბობას. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემით, სამზარეულოს ავეჯით, ტექნიკითა და სრულად მოწყობილი სველი წერტილებით. ბინების ფართის არჩევანი 36-იდან 146-მდე კვადრატულ მეტრს შეადგენს.

კომპლექსის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ დამატებით ისარგებლონ ექსკლუზიური მაღალი ხარისხის მომსახურებით. 24-საათიანი დაცვა, ტექნიკური დახმარება, „ჭკვიანი სახლის“ სისტემებით აღჭურვილი ბინები და დასუფთავების მომსახურება ყველა ბინადარისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია და 2022 წლის დეკემბერში მობინადრეებს სრულად გარემონტებული აპარტამენტები ჩაბარდება.

ვებგვერდი: www.botanico.ge

გაყიდვების სამსახური: 032 2 250 250

ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე – სოფელი ხულოში, საიდანაც წყალი გაქრა

იატაკი უნდა მოწმინდოს. სარეცხი დარეცხოს. საუზმე და სადილ-ვახშამი უნდა მოამზადოს. ჭურჭელი დარეცხოს. ბოსელი დაასუფთაოს. დღეში ხუთჯერ ლოცვისას ხუთჯერვე უნდა განიბანოს –  მეზობლისგან მოტანილი წყლით, რომელიც მეზობელსაც აღარ ჰყოფნის.

სარეცხი მანქანა ახლა გასარეცხი ტანსაცმლის მხოლოდ შესაგროვებლად დგას ოთახის კუთხეში. რამდენიმე წელია, რაც 50 წლის მაყვალა სოლომონიძე წყალს მეზობლისგან ეზიდება: ვედროები, ქვაბები, ბოთლები, კასრები, ტოლჩები – დილიდანვე ყველაფერი უნდა აავსოს მთელი დღის სამყოფი წყალი რომ ჰქონდეს – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სითხე, რომელიც ზოგიერთთან უპრობლემოდ მოჩხრიალებს, ზოგან კი ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ ქრება, თან ისე, რომ ახლომახლო ,,ახალი წყლის“, სხვა წყაროს პოვნაც შეუძლებელია, მილებით სხვა სიცოცხლე მაინც რომ შემოიყვანონ სახლში.

კი, შემოიყვანონ და არა გამოიყვანონ – სოფელ დიაკონიძეებში წყალზე ცოცხალ არსებასავით საუბრობენ: ,,ჩემი წყალი სხვამ წაიყვანა“, ,,ჩემს სახლში წყალმა მოკდა“. მაყვალა სოლომონიძე გვიყვება, რომ ყველაფერი ერთი დიდი აფეთქებით დაიწყო. აფეთქებით ზუსტად მათი სახლის ქვეშ.

მაყვალა სოლომონიძე საკუთარ ეზოში. ამ ფერდობის ქვეშ ახლა შუახევი ჰესის გვირაბი გადის.
  • „დასრულდა ეს გვირაბი და წყალი მაინც არ მოგვიყვანეს”                           

„ჰესის გვირაბის მშენებლობა რომ დაიწყო მთაში ვიყავი. ბაღანამ დამირეკა: მთაში უნდა ამოვიდეთ, გვირაბი რომ ფეთქდება სახლი ზანზარებს და გვეშინიაო. მერე ჩამოვედი. შვილმა მითხრა, დედუ არ შეშინდე, ახლა აფეთქდებაო. სახლი მართლა ეეზანზარა.

ასე არ შეიძლება, მივმართოთ გამგეობას-მეთქი. მოვიდნენ და თქვეს – ეს არაფერი არ არისო.

ვნახეთ და წყალი აღარ გვქონდა. მეთქი, სად წავიდა წყალი?! ჩვენ წყალი გვინდა, პირუტყვს წყალი უნდა, გარეცხვა გვინდა, რაღაცა…

მერე კიდევ მოვიდნენ და აქო, არ გაიჩერებაო, წადითო. სადნა წეხვიდე?

მოვალთო, წყალს მოგიყვანთო მეუბნებოდნენ. მოდიოდნენ, ამოწმებდნენ რამდენ წუთში შეიმსობოდა ბოთლი.

აუცილებლად მოგიყვანთ წყალს, ნუ ღელდებიო, მეუბნებოდნენ. ანზორ ბოლქვაძეც [პარლამენტარი] იყო და გვითხრა მოგიყვანთ წყალსო, მაგრამ დასრულდა ეს გვირაბი და წყალი მაინც არ მოგვიყვანეს.

ახლა შლანგებით მოგვყავს საიდანაც გადმოდინდება, ზევიდან. იმით ჭურჭელსაც ვერ დარეცხავ, სარეცხს და „პოლებს“ თუ მორეცხავ. სასმელი წყალი მეზობლიდან მოგვაქვს ჭურჭლით“, – ამბობს მაყვალა სოლომონიძე.

მაყვალა სოლომონიძის ოჯახს 15 სკა ფუტკარი ჰყავდა. ფუტკრები მთელ სოფელს დაეხოცა. მტვერი სოფლის და ამ ოჯახის მრავალწლოვანი პრობლემაა. ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარე, ერთი შეხედვით მწვანეში ჩაფლულ სოფელთან ახლა ხულო-ზარზმის გზა კეთდება, რომელიც ზუსტად მაყვალა სოლომონიძის ყანის ბოლოში გადის და, მისი თქმით, როცა აქ სამუშაოებისას მტვერი დგება, ის და მისი ოჯახის წევრები სახლში იკეტებიან – გარეთ გასვლა და სუნთქვა შეუძლებელია.

მაყვალა სოლომონიძის ოჯახს 15 სკა ფუტკარი ჰყავდა. ფუტკრები მთელ სოფელს დაეხოცა.

2014 წლის მონაცემებით, დიაკონიძეებში 253 კაცი ცხოვრობს. სოფელი უბნებადაა დაყოფილი – 4, 5 კომლია ქურთოღლების უბანში, სადაც მაყვალა სოლომონიძე ცხოვრობს.

„მეუბნებიან წამოდი ქალაქშიო. ზოგმა წევიდნენ სოფლიდან, ზოგმა დავრჩით, არ მინდა ქალაქი. მირჩევნია სოფლად ვიყო. მაინც აქაური ცხოვრება მირჩევნია“, – ამბობს სოფელ დიაკონიძეების მკვიდრი.

  • ,,კაცი წევა მის საქმეზე, ქალი მისზე, მაგრამ ქალს მაინც მეტი სამუშაო აქვს”

„ჩემს სახლთან იმდენი წყალი გამოდიოდა, ორ მოსახლეს ეყოფოდა. ჩვენგან შორსაც ვეღარ ვპოულობთ წყალს სახლამდე რომ მოვიყვანოთ. წყალი რომ მოიყვანო, ჯერ უნდა მოძებნო.  მეზობლების წყლებიც დაშრა, მაგრამ ჩემი უფრო – გვირაბის თავზე ვარ. ზოგმა იპოვა წყარო და მიიყვანა, მაგრამ ძლივს ყოფნით, ვერ გვიყოფენ. მთაში რომ დავდივარ ჩამოსვლა აღარ მინდა.

წყალი სიმდიდრეა, წყლის გარეშე საქმე არ გაკეთდება, გექნება წყალი, ყველაფერი კარგად იქნება ცხოვრებაში, არ გექნება და იქნები წვალებით. წყალზე მეტი სიმდიდრე რამე არაა.

პირუტყვს ბევრი წყალი უნდა, უნდა ჩამობანო, ჭურჭელი მოურეცხო, ბინძურ ვედროს ხომ არ მუუტან. სარეცხს ხელით ვრეცხავ. ადრე მანქანით ვრეცხავდი, ახლა წყალი არ ყოფნის, ტყულაი დგას.

დილას რომ ავდგებით „ფეჩს“ ვანთობთ, მერე მთელი ოჯახი წყალზე წავდივართ. ჩავალთ ბოსელში, საქონელს მუუართ, ვსაუზმობთ, მერე შევხედავთ საიდან დევწყოთ მუშაობა. წევალთ ერთად, ვიმუშავებთ, კაცი წევა მის სამუშაოზე, ქალი მისზე, მაგრამ ქალს მაინც მეტი სამუშაო აქვს.

საუზმეა, დალაგებაა, დასუფთავებაა, დარეცხვაა, რა ვიცი, ყველაფერი ქალია. კაცი ყანაში, ჭალაში წადის, შეშას მოიტანს, გვეხმარებიან ყველაფერში, ყანაში რომ მივდივართ სიმინდის აღება არი, ჩალის მოჭრა თუ გასუფთავება, ერთად ვსაქმობთ.

სისუფთავე გვინდა და წყალი არ გვაქ, ასეთი ცხოვრებაა.

 

  • „ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე”

მოხუცები იმას ამბობდნენ, რომე, ისე მომკალი უწყლო ნუ წევდე ღმერთოო. ჩვენც ასე ვამბობთ, რომე, უწყლო ნუ მოვკდებით. მთავარი ეს არის.

წყალი უნდა ლოცვასაც. დღეში ხუთი ლოცვა, ხუთი „ნამაზია“. რომ ილოცო ყველაფერი მოწესრიგებული უნდა გქონდეს.

აბდესი უნდა აიღო ყოველი ლოცვის წინ [აბდესი – განბანვის სავალდებულო რიტუალი ისლამში ლოცვის დაწყების წინ].

ხელები, ფეხები უნდა დეიბანო, პირსახე უნდა დეიბანო, თავზეც უნდა წეისვა სუფთა წყალი და სალოცავზე დადგე.

„წყალი უნდა ლოცვასაც. დღეში ხუთი ლოცვა, ხუთი „ნამაზია“. რომ ილოცო ყველაფერი მოწესრიგებული უნდა გქონდეს”.

საბახნამაზზე [დილის ლოცვაზე]  წყალი გინდა, ევლაზე [შუადღემდე ლოცვა] წყალი გინდა, იქინდზე [შუადღისშემდგომი ლოცვა], ახშანამაზზე [საღამოს ლოცვაზე], იასზეც [ძილისწინა ლოცვა] წყალი გინდა. ყველაფერზე წყალია საჭირო.

ლოცვის დროს განსაბანი წყალი სუფთა, სასმელი უნდა იყოს.

წყალი არის ცხოვრება. ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე. ადამიანი სულს რომ აძლევს, წყალს ალევიებენ, იმხელა ძვირფასი რაღაცა არის.


წინამდებარე მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, SRHR საკითხების ადვოკატირება და ქვიარ აქტივიზმის ხელშეწყობა“.
პროექტს ასრულებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მხარდაჭერით.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC) და სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) შეხედულებებს

მატარებელი 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით იმოძრავებს, ბილეთები უკვე იყიდება

საქართველოს რკინიგზის ცნობით, საახალწლო დღეებში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, რკინიგზა მგზავრთა გადაყვანებს განაახლებს.

საქართვერლოს რკინიგზა აცხადებს, რომ ბილეთების შეძენა ონლაინ დღეიდან არის შესაძლებელი რკინიგზის ვებგვერდის ან რკინიგზის პარტნიორი ვებგვერდების მეშვეობით, სალაროები კი ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნება.

მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.

პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

მატარებლების მოძრაობის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ გრაფიკში.

წყარო: საქართველოს რკინიგზა
წყარო: საქართველოს რკინიგზა

კირთაძე: ასეთ პარლამენტში შესვლით კონკრეტული ადამიანები თავს გაინადგურებენ

დღეს, 10 დეკემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუკი ხელისუფლებისგან საარჩევნო რეფორმის მყარ გარანტიას მიიღებს. კირთაძის თქმით, ეს საპროტესტო მუხტს ვერაფერს დააკლებს, „თუმცა კონკრეტული ადამიანები თავს გაინადგურებენ“.

„[ალეკო] ელისაშვილმა თქვა, პარლამენტში რომ შევალ, გამოვიძიებ და თუ დადგინდა, რომ 1 პროცენტით მაინც გაზრდილია „ოცნების“ ხმები, ჩავატარებ არჩევნებსო… ეს 1 პროცენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ამბებზეც ხომ უნდა გავრცელდეს, სადაც 1781 ხმა საერთოდ დაკარგულია. ოქმებში ჩანს, რომ ბიულეტენები მოიპარეს. ვინმეს სჯერა, რომ ეს ბიულეტინი „ქართულ ოცნებას“ მოპარეს? ყველამ კარგად ვიცით, რომ ოპოზიციისთვის მოპარული ხმებია და ამან გაზარდა მათი ხმები“, – ამბობს კირთაძე.

გიორგი კირთაძის თქმით, უსკოს გვერდზე დღესაც დევს იმ 21 უბნის ოქმები, სადაც მოსული ამომრჩევლის რაოდენობა არის უფრო ნაკლები, ვიდრე ყუთში აღმოჩენილ ბიულეტენთა რაოდენობა. „ამითია შეჯამებული უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თუ ამ 21 უბანს გავაუქმებთ, აღმოვაჩენთ, რომ 1 პროცენტზე ბევრად მეტი აკლდება „ქართულ ოცნებას“, – ამბობს კირთაძე.

მისი თქმით, აჭარაში, ამომრჩევლის ხმები 373 უბნიდან 211 უბანზე დაკარგულია. „მე-5 კლასის მათემატიკის საშუალო დონეზე ცოდნა არის სრულიად საკმარისი მიხვდე, რომ „ქართულ ოცნებას“ 1 პროცენტზე მეტი აქვს მიწერილი. ასეთ პარლამენტში შესვლა საპროტესტო მუხტს ვერაფერს დააკლებს, კონკრეტული ადამიანები კი თავს გაინადგურებენ“, – ამბობს კირთაძე.

კირთაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, ვერ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას. კირთაძის აზრით, ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლება დიქტატურისკენ მიემართება.

„რეგისტრაციას აგიკრძალავთ, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებთ – ამით კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ რუსეთში კი არ მივდივართ, არამედ პირდაპირ ჩრდილოეთ კორეაში გაგვიშვა. მართლა ორი გზა დაგვრჩა, ან ჩრდილოეთ კორეა, ან ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვატარებთ სამართლიან არჩევნებს“, – ამბობს კირთაძე.

კირთაძის თქმით, პარლამენტში არ შესვლა არ ნიშნავს, რომ საბიუჯეტო დაფინანსებას ტყუილად მიიღებენ. „თუ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი და გაგრძელდება საპროტესტო მუხტი, მაშინ დაფინანსების მიღება სწორია“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

___

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი. საპროტესტო აქციები ბათუმში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ამ დრომდე გრძელდება.

არის ადგილები რეანიმაციებში არაკოვიდპაციენტებისთვის? – რა ხდება ბათუმის კლინიკებში

პირადი საუბრისას თუ სოციალურ ქსელებში ხშირად მოისმენთ ისტორიებს, რომ გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე, არაკოვიდინფიცირებულ პაციენტს სჭირდებოდა კლინიკაში, რეანიმაციაში მოთავსება, მაგრამ მისთვის ადგილი არსად აღმოჩნდა.

„ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის ახლობელს. ის გვიყვება, რომ ბათუმის სამ კლინიკაში ცდილობდნენ არაკოვიდინფიცირებული პაციენტის გადაყვანას, თუმცა ვერ შეძლეს, რადგან თავისუფალი ადგილი რეანიმაციაში არსად აღმოჩნდა.

„ჯერ გვითხრეს, რომ კლინიკაში კოვიდტესტის გარეშე ვერ მიგვიღებდნენ… მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ არ იყო კოვიდით ინფიცირებული, თვითდინებით მივიყვანეთ ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ასევე ვერ შეიყვანეს რეანიმაციაში ადგილების არარსებობის გამო”, – ჰყვება გარდაცვლილის ნათესავი „ბათუმელებთან”.

იგი ამბობს, რომ მთელი დღე ელოდნენ კლინიკის რეანიმაციაში პაციენტისთვის ადგილის გამოთავისუფლებას, თუმცა მათ უთხრეს, რომ ლოდინს აზრი არ ჰქონდა, რადგან ადგილი არ იყო და პაციენტს გადარჩენის ნაკლები შანსიც ჰქონდა.

ოჯახი იძულებული გახდა, პაციენტი სახლში დაებრუნებინა. იგი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

რატომ ფერხდება გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე, არაკოვიდინფიცირებული პაციენტების მომსახურება? – ვკითხეთ ბათუმში ჰიბრიდული წესით მომუშავე კლინიკის ექიმებსა და მათ ხელმძღვანელებს.

„მედცენტრის“ გულ-სისძარღვთა დაავადებებისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სოსო სიხარულიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ სტაციონარში ინარჩუნებენ თითო-ოროლა ადგილს მწვავე ინფარქტით, იშემიური ინსულტით და სხვა მწვავე, გადაუდებელი საჭიროების მქონე, არაინფიცირებული პაციენტებისთვის.

„ეს ადგილებიც თუ კოვიდპაციენტებს დასჭირდათ, სიტუაცია მართლაც დრამატული იქნება, რადგან არ გვექნება საშუალება ვუმკურნალოთ მწვავე პაციენტებს. ვცდილობთ, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ თუ ინფიცირების მატება იქნება არანორმალურ ციფრებში, ეს პრობლემა შეგვექმნება.

დიახ, ამის საფრთხე არსებობს. განგაშის ზარებს ვრეკავთ, რომ ეს უბედურება არ მოხდეს.

თუ სასწრაფოდაა საჭირო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებული მდგომარეობის მკურნალობა, „მედცენტრში“ ამის შეზღუდვა არ გვაქვს, ვინარჩუნებთ საწოლებს და პაციენტი იღებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ამბულატორიის დონეზე ამის მართვა შესაძლებელია.

პრობლემა ყველგან დგას უკვე. პასუხისმგებლობა უნდა გავინაწილოთ ყველამ: პაციენტებმა, მოქალაქეებმა, ექიმებმა და სახელმწიფომ“, – ამბობს სოსო სიხარულიძე.

ბაუს კლინიკური დირექტორი მიშა მჟავანაძე კი ამბობს, რომ ადგილების არქონის საკითხი „ბაუში“ ჯერჯერობით მწვავედ არ დგას, მაგრამ „ამაზე დაფიქრება მაინც საჭიროა“.

„ინსულტიანებს, ტრავმიანებს, გადაუდებელი ოპერაცია ვისაც სჭირდება – არ ვუშვებთ უკან, პაციენტს ქუჩაში არ ვტოვებთ. გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონეთათვის ჯერჯერობით ვნახულობთ გამოსავალს.

ბაუში ჩვენი საწოლფონდი კოვიდინფიცირებულებისათვის არის 150. ამ მომენტისთვის 130-დან 135 საწოლამდეა მუდმივად დაკავებული.

არაკოვიდგანყოფილებაში კი, შესაბამისად, არაინფიცირებულ პაციენტებს ვმკურნალობთ.

პრობლემის წინაშე რომ ვდგავართ და ამ ტემპით თუ წავედით, კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნება, ეს ნათელია.

ახლანდელი მდგომარეობა ჩვენს კლინიკაში მართვადია, მაგრამ თუ ამ ტემპით გაგრძელდა პროცესი, საწოლფონდი ვერ გაუძლებს“, – ამბობს ბაუს კლინიკური დირექტორი.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რეანიმაციული განყოფილება არაკოვიდპაციენტებისათვის ძველ კლინიკას ამ ეტაპზე არ აქვს, რადგან ექიმები კოვიდკლინიკაში გადავიდნენ.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, გია კიკაბიძის განმარტებით, მძიმე პათოლოგიებისა და ტრავმების მქონეებს, მათ, ვისაც რეანიმაცია სჭირდება, კლინიკის ძველ შენობაში ვერ იღებენ. 

კლინიკა „მედინაში“ კი გვითხრეს, რომ ჯერჯერობით აქვთ ადგილები არაკოვიდინფიცირებული, გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის.

„ვერ ვიტყვით, რომ ადგილი არ გვაქვს „მედინაში“. ყოველდღიური ბრუნვაა პაციენტების, შემოდიან და გადიან, მაგრამ ადგილების განუსაზღვრელი რაოდენობა არ გვაქვს. თუ წინასწარ იქნება შეთანხმებული პაციენტი, ადგილი, რა თქმა უნდა, გვაქვს“, – ამბობს „მედინას“ კლინიკური დირექტორი, ნინო ქაჯაია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან” ამბობს, რომ სამინისტროში იციან პრობლემის შესახებ და თავადაც ინფორმირებულია სამედიცინო დაწესებულებების, მოქალაქეების, სოციალური ქსელების საშუალებით.

მინისტრის თქმით, არაკოვიდპაციენტებისთვის ბათუმის რეანიმაციებში დაახლოებით 40-მდე საწოლია გათვლილი.  

„ზოგადად, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა ბათუმში იყო 150 და ახლა 250 გვაქვს, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე არაკოვიდინფიცირებულებისთვის. დაახლოებით 40 სარეანიმაციო საწოლია გამოყოფილი არაკოვიდინფიცირებულებისთვის.

7 დეკემბრის დილის 11 საათის მდგომარეობით ნებისმიერ წუთს, ინტენსიური თერაპიის საწოლის მოპოვება შესაძლებელია – როგორც კოვიდ ასევე არაკოვიდპაციენტებისთვის. ჩვენ საშუალება გვაქვს პაციენტი არ დარჩეს კლინიკის მიღმა. უბრალოდ, ინტენსიური თერაპიის საწოლები თავისუფალ მდგომარეობაში და მოცდის რეჟიმში ვერ იქნება, მუდმივად ხდება პაციენტების ბრუნვა.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ბათუმში გვქონდა 150 ადგილი, ახლა დამატებით 150 მობილიზდა. რესპუბლიკური საავადმყოფო 170 ადგილით გავხსენით, ახლა იქ 212 ინტენსიური თერაპიის საწოლია, 50 – რეანიმაციული. რესურსი, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს 1 წელიწადში უნდა მოეხმარა, 1 თვეში დასჭირდა. ძალიან დაგვეხმარა კლინიკა „ბიემსი“, რომელმაც უმოკლეს დროში მოამზადა თერაპიულ განყოფილებაში 50 საწოლი”, – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

კითხვაზე,  რამდენად საკმარისია ადგილები ბათუმში არაკოვიდპაციენტების შეუფერხებელი ჰოსპიტალური მომსახურებისთვის, მინისტრი გვპასუხობს, რომ საწოლების უკმარისობის პრობლემა უდგას მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებსაც.

„ინტენსიური საწოლები რომ უნდა დაემატოს საავადმყოფოებს, ამაზე არავინ დავობს, ყოველდღიურ რეჟიმში ამას განვიხილავთ და ვზრუნავთ, როგორმე რესურსის გაზრდაზე.

ეს არ არის ადვილი”, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ალბანელი დემონსტრანტები ნაძვის ხეებს წვავენ პოლიციის მიერ მოკლული მოქალაქის გამო

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ოთხშაბათ ასობით მომიტინგე გამოვიდა ქუჩაში მას შემდეგ, რაც პოლიციამ სავარაუდოდ მოკლა კაცი კორონავირუსის გამო დაწესებული კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ სპეცრაზმთან, მათ დაანგრიეს ნაძვის ხეები და ქალაქში განთავსებული სხვა დეკორაციები.

BBC-ის ცნობით, 25 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული ოფიცერი დააკავეს და გამოძიება დაიწყო.

Exit mobile version