მთავარი,სიახლეები

„მაყურებლების“ შიშით პატიმრები საჩივარსაც ვეღარ წერენ“ – ინტერვიუ ომბუდსმენის მოადგილესთან

10.12.2020 • 1718
„მაყურებლების“ შიშით პატიმრები საჩივარსაც ვეღარ წერენ“ – ინტერვიუ ომბუდსმენის მოადგილესთან

რამდენად გაუმჯობესდა ან გაუარესდა ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები 2020 წელს? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც დღეს ომბუდსმენის მოადგილეს დავუსვით. „მდგომარეობა გაუარესდა,“ – გვითხრა გიორგი ბურჯანაძემ, როცა ის სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ გვესაუბრა. გიორგი ბურჯანაძესთან ინტერვიუ წლის რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ჩავწერეთ. დღეს 10 დეკემბერია, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე.

  • ბატონო გიორგი, დღეს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საარჩევნო დავებზე სასამართლოების მხრიდან უდიდესი ნაწილის განხილვის გარეშე დატოვებამ, ასევე საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმამ „საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა“. ფიქრობთ, რომ გაუარესდა საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით მდგომარეობა? 

ფაქტია, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ჩატარებულა. ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იყო პანდემია და ეს იყო დამატებითი ტვირთი, მაგრამ ის დარღვევები, რომელიც იყო და არაერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი, ვიდეოები გავრცელდა, როგორ ხდებოდა პირდაპირ ბიულეტენების ჩაყრა. არაერთ შემთხვევაზე იყო საუბარი, როდესაც იყო ჟურნალისტებზე თავდასხმა, მობილიზებული იყვნენ კოორდინატორები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ზეწოლადაც შეფასდეს, კონკრეტული პირების მოწყვლადობის თვალსაზრისით. ძალიან ბევრ უბანში ე.წ. დისბალანსი დაჯდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მეტობა იყო, ანუ ბიულეტენები უფრო მეტი იყო, ვიდრე არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის რაოდენობა. ეს, ჩვენი აზრით, საკმაოდ მძიმე დარღვევაა. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით 2020 წელი სერიოზული ხარვეზებით და დარღვევებით გამოირჩეოდა.

  • არჩევნების შემდეგ ამ დრომდე იმართება აქციები თბილისსა და ბათუმში. თბილისის შემთხვევაში შეშა გახდა პრობლემა, ბათუმში კი პოლიციელებმა ბუშტები დახეთქეს. სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია და 500 ლარით დააჯარიმა ბათუმში აქციის ის მონაწილეები, რომლებიც საოლქო კომისიის წინ ყვიროდნენ: „მონები“. ამის გათვალისწინებით, რამდენად გაუარესდა სიტუაცია გამოხატვის თავისუფლების კუთხით? 

ეს მაგალითები აჩვენებს, რომ მანიფესტანტების მიმართ ხდება გარკვეული, ბლანკეტური შეზღუდვების გამოყენება. ზოგადად შეიძლება აიკრძალოს ბლაგვი საგნის შეტანა აქციაზე, მაგრამ ბლანკეტურად მე და თქვენ შეშის შეტანის უფლება არ მოგვცეს პოლიციამ, ეს დარღვევაა. თუკი მე და თქვენ რომელიმე აქციაზე თავში შეშას ჩავარტყამთ, ძალადობით გამორჩეული პირები ვართ, შესაძლოა ნებისმიერი მახვილი იარაღი საშიში იყოს ჩვენთან მიმართებით. ამ შემთხვევაში გამართლებულია, რომ რაღაც აგვიკრძალონ, მაგრამ როდესაც ინდივიდუალური მახასიათებელი ნიშანი არ გვაქვს და მაინც ხდება შეკრების და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა, ეს უფლების დარღვევაა.

შეშის შემთხვევაში პოლიცია უთითებდა, რომ რაღაც აბსტრაქტული შიში არსებობს, რომ შეშა შესაძლოა ვიღაცას ესროლონ. ეს, ჩვენი აზრით, დაუსაბუთებელი შეზღუდვაა შეკრება-მანიფესტაციის.

ამ შემთხვევის მსგავსად შეგვიძლია ვისაუბროთ ბუშტთან დაკავშირებითაც. ამ საკითხზე აპარატს დაწყებული აქვს შესაბამისი შესწავლა, თუმცა პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუშტი, ისევე როგორც სხვა ატრიბუტი, შესაძლოა მანიფესტანტებმა გამოიყენონ თავისუფლად, რომ მოხდეს გამოხატვა. ეს არის პროტესტის ფორმა, ისევე, როგორც გარკვეული შეძახილი.

გამოხატვის თავისუფლება არის კანონით გარანტირებული უფლება. ალბათ არც თქვენ და არც მე შესაძლოა არ გვესიამოვნოს, როცა ვინმემ დაგვიძახოს „მონა“, ან სხვა ეპითეტი, მაგრამ არსებობს გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებით საჯარო პირის მიმართ… ეს დემოკრატიული პროცესის თანმდევი ნაწილია და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ხულიგნობა და ასე შემდეგ.

  • წელს არაერთი სისხლის სამართლის საქმე დაგროვდა, რომელზეც არსებობს მოსაზრება, რომ არის პოლიტიკური ინტერესი. თქვენ ეცნობოდით, მაგალითად „ნიკა გვარამიას საქმეს“, ან „ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმეს“. რა შთაბეჭდილება შეგექმნათ? 

2020 წელს ჩვენ ორივე საქმეზე წარვადგინეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. „ნიკა გვარამიას საქმეში“ პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრალდებაში არ იკვეთება საერთოდ დანაშაულის ნიშნები და ეს წარმოადგენს კორპორაციული სამართლის შემადგენელ ნაწილს. თუ ნიკა გვარამიას ეს დარღვეული ექნებოდა, ამას ნებისმიერ შემთხვევაში სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოეწვია.

ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მოხმობილი გვაქვს სხვა ქვეყნების პრაქტიკაც, რომელიც ანალოგიურია და ამ კუთხით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიგვაჩნია, რომ გაუმართლებელია.

რაც შეეხება „ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმეს“, ჩვენმა თანამშრომლებმა დეტალურად შეისწავლეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, გავეცანით იმ სტანდარტებს და მიდგომებს, რომელიც არსებობს ზოგადად ფულის გათეთრებასთან მიმართებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ბრალდება, რომელიც ამ შემთხვევაში წარდგენილ იქნა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ, არ იკვეთება ფულის გათეთრების ნიშნები.

  • რაც შეეხება „კარტოგრაფების საქმეს“? საბოლოო შეფასება ჯერ არ გაქვთ, თუმცა რა კითხვები გაგიჩინათ საქმემ, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გააქტიურდა? 

ამ საქმეზე ჩვენ მასალები მოგვაწოდა დაცვის მხარემ. ამ ეტაპზე ვიცნობთ ოქტომბრის ბოლომდე მოპოვებულ მტკიცებულებებს. ამ მტკიცებულებების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული შეფასებები გვაქვს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მიღებულია გადაწყვეტილება გაგრძელდეს საგამოძიებო ვადა, ასევე პროკურატურამ, როგორც საჯარო განცხადებების დროს, ისე ჩვენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზა და მოსაპოვებელია მტკიცებულებები, ჩვენ არ გვინდა, რომ წინმსწრებად რაღაც შეფასება გვქონდეს.

ჩვენი კონცენტრაციის საგანია: რამდენად შეეძლო ილიჩოვას და მელაშვილს ამ დანაშაულის ჩადენა, რასაც მათ პროკურატურა ედავება? ისინი ოპერირებდნენ და გადაწყვეტილებას იღებდნენ კოლექტიური ორგანოს ფორმატში, არსებობდა სადემარკაციო კომისია, ასევე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თანხმდებოდა სხვადასხვა უწყებასთან, ეს იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ზოგიერთ შემთხვევაში პარლამენტი.

ამ პირობებში ჩვენი მთავარი შესაფასებელი საკითხია, რამდენად არის ეს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე ჩვენი ინტერესია შევაფასოთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე -18 მუხლის დარღვევის საფუძველი რამდენად არსებობს. ეს მუხლი გულისხმობს ნებისმიერი უფლების შეზღუდვას პოლიტიკური, ან სხვა მოტივაციით.

  • „მაჩალიკაშვილის საქმეზე“ რა გაირკვა მას შემდეგ, როცა თქვენ გამოძიების გაგრძელება მოითხოვეთ წლის დასაწყისში? მანამდე, წინასაახალწლოდ მას კარავი დაუშალეს სკვერის მოწყობის მოტივით. 

გამოძიების შეწყვეტის შემდეგ ჩვენ ბოლომდე გავეცანით ამ საქმის მასალებს. ჩვენთვის ისევ ამოსავალი წერტილია იმის გაგება, თუ რა კონკრეტული ბრძანებები იქნა უშუალოდ გაცემული ოპერაციის მიმდინარეობისას, მოთხოვნილი გვაქვს და ჩვენი წინადადებაა, რომ მოხდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იმ რაციის ჩანაწერების მოსაპოვებლად, რომლითაც შესაბამისი თანამშრომლები იმ დროს სარგებლობდნენ. ეს დაგვეხმარება იმის გარკვევაში, იმ დროს რა ბრძანება იყო გაცემული. ეს საკითხი სისხლის სამართლის ამ საქმეში შეუფასებელია. ჩვენ ამ წინადადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, თუმცა, სამწუხაროდ, ის არ გაიზიარეს.

  • ხშირად გვესმის შემთხვევებზე, როცა კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი შესაძლოა იყოს სამართალდამცველი. თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტურად მუშაობს ამ კუთხით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელსაც, მაგალითად, ამ დრომდე არ გამოუძიებია ამ წლის დასაწყისში, კომენდანტის საათის დროს მომხდარი შემთხვევა, როცა მოქალაქემ თქვა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს. 

ჩვენი განსაკუთრებული ფოკუსის საგანია პოლიციელთა საქმიანობის შეფასება… ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, ყველა საგამოძიებო მოქმედება ბათუმის შემთხვევასთან დაკავშირებით ჩატარებულია. იყო შემთხვევა, როცა ვიღაც არ თანამშრომლობდა. მიგვაჩნია, რომ ინსპექტორის მცდელობები ძალიან კარგია, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ უფრო დეტალურ ანალიზს. პანდემიის გამო ხელი შეგვეშალა, რადგან ფიზიკურად შეხვედრები ვერ მოვახერხეთ. მარტში როცა გვექნება საპარლამენტო ანგარიში, გვექნება გარკვეული მიგნებები.

  • რა შეიცვალა ციხეებში? გასულ წელსაც საუბრობდით კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებაზე.

ვინმე თუ დღეს გვეკითხება, ციხეებში რა პრობლემა არისო, ვპასუხობ, რომ კრიმინალური სუბკულტურის პრობლემა არის ნომერი პირველი. დაახლოებით ციხის პოპულაციის ნახევარი იმყოფება ე.წ. ზონებში, ანუ ესაა ნახევრად ღია დაწესებულებები: გეგუთი, ქსანი, რუსთავი. ეს ის სამი ციხეა, რომელსაც ე. წ. მაყურებლები აკონტროლებენ. იქედან ფაქტობრივად არც საჩივარი გამოდის „მაყურებლის“ შიშით. ეს არის იმდენად მწყობრად აწყობილი სისტემა, რომ შესაძლოა სახელმწიფო უწყებასაც კი შეშურდეს. ჩვენ როცა იქ დავდივართ მონიტორინგის განხორციელების დროს, ისინი აკონტროლებენ იმასაც, რომ ვინმემ რამე არ თქვას. ძალიან უცნაურია, რომ ისინი გამოირჩევიან იმითაც, რომ სულ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, 2012 წლამდე რა ხდებოდა და ახლა რა ხდება. ზოგჯერ არის ხოლმე მცდელობა, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ აი, 2012 წლამდე რას აკეთებდით?

  • გეუბნებიან ამას პირდაპირ, რომ წარმოადგენენ ქურდულ სამყაროს?

ამას არავინ ამბობს მაყურებელი ვარო, თუმცა ჩვენ ნებისმიერ ციხეში როცა შევდივართ, წინასწარ ვიცით, იქ ვინ ვინ არის. ამაზე გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან. ადგილზე, როცა ვხდებით ამ ხალხს, ხვდები, რომ ისინი პრივილეგირებული არიან, ისინი უკეთ ჩაცმულები არიან… ეს იმდენად ცხადია, რომ შეუძლებელია ამას ადმინისტრაცია ვერ ამჩნევდეს, თუმცა ადმინისტრაციას სჭირდება ეს იმის საჩვენებლად, რომ აი, როგორი წესრიგია დაწესებულებაში.

პატიმრებს დღეს აქვთ უამრავი პრობლემა. დაწყებული ჯანმრთელობიდან, განსაკუთრებით პანდემიის დროს, რადგან რეფერალიც შეჩერებულია სხვადასხვა მიმართულებით, აქვთ სხვადსხვა პრობლემა, რაც უკავშირდება ციხის ადმინისტრირებას და რეჟიმს, მაგრამ კრიმინალური სუბკულტურა ეს იმდენად ენდემური პრობლემაა და მოდებულია, რომ ბევრ პატიმარზე ახდენს გავლენას.

ეს ძალიან ხელს გვიშლის იმაში, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ჩვენი მანდატი განვახორციელოთ და მაქსიმალურად ბევრი პირის უფლებების დაცვა მოვახდინოთ.

  • ადმინისტრაცია რას გპასუხობთ? 

ისინი უარყოფენ ამას, მაგრამ მერწმუნეთ, თქვენ რომ ნახევრად ღია დაწესებულებაში შეხვიდეთ, სულ რაღაც 2 საათში მიხვდებით, იქ რა მდგომარეობაა, ვინ ვინ არის, რა გავლენები აქვს და ასე შემდეგ. პატიმარი იქ როდესაც ხვდება, მას დასაწყისშივე შეხება აქვს ე.წ. მაყურებელთან, „მაყურებლები“ იღებენ გადაწყვეტილებას პატიმრის განთავსებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციას თუ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მინიმუმ ის თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს და მინიმუმ ის თვალდახუჭული უყურებს ამ პრობლემას.

  • ფიქრობთ, რომ ეს სჭირდება მხოლოდ პენიტენციურ სისტემას წესრიგის ილუზიის შესაქმნელად, თუ უფრო მასშტაბურია ეს პრობლემა და მათ მოიპოვეს გავლენები ციხის გარეთაც? 

ჩვენ ასე ღრმად არ ვაფასებთ საკითხს. ეს ინფორმაცია პროკურატურასაც მივაწოდეთ. თუ ამას უფრო ღრმა ფესვები აქვს და გავლენები, ამას სახალხო დამცველი ვერ შეაფასებს. ჩვენთვის ეს საკითხი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი არის იმდენად, რამდენადაც ის ეხება პატიმრების უფლებებს და ამ ჭრილში ვუყურებთ ამ საკითხს. ამის იქეთ, ჯერჯერობით, ეს საკითხი არ გვაქვს შეფასებული.

  • რა პასუხი მიიღეთ პროკურატურისგან, რომელსაც თქვენ მიმართეთ „აჭარის ტელევიზიის საქმეზე“? 

აჭარის ტელევიზიაში სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი დარღვევის ფაქტი დაადგინა შრომითი უფლებების დაცვის ნაწილში, რომელიც თანამშრომლებს შეეხებოდა. ამ დარღვევების მასშტაბიდან გამომდინარე ჩვენ ეს საკითხი გადავუგზავნეთ პროკურატურას და ვუთხარით, რომ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები თანამშრომელთა დევნის კუთხით. სამწუხაროდ, პროკურატურამ ეს საკითხი გადაამისამართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც გვითხრეს, რომ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავდნენ.

ჩვენ ამ საკითხზე ასევე მიმართული გვაქვს გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის, რომელიც გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მუშაობს, ასევე ეუთოს სპეციალური მომხსენებლისთვის გამოხატვის თავისუფლების დარგში. ჩვენ მათაც ვთხოვეთ, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით მოახდინონ ამ საკითხზე რეაგირება.

  • აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის იმპიჩმენტის საქმის განხილვაც არ დაუწყია სასამართლოს. ამ მოცემულობაში რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი ბერკეტი – სასამართლო ხელისუფლება კიდევ უფრო დასუსტდა? 

რა თქმა უნდა, როცა მეკითხებიან, თუ რა არის ადამიანის უფლებების მთავარი გამოწვევა საქართველოში, ვპასუხობ, რომ ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა. ნებისმიერი უფლების დასაცავად  სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ ნებისმიერ პირს ჰქონდეს საშუალება უფლება დაიცვას. ეს არის ინსტრუმენტი, ეს არის დაცვის მექანიზმი. სამწუხაროდ, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული პრობლემები გვაქვს და ეს არის საფუძველი იმისა, რომ ბევრი ადამიანის უფლებების დაცვა ჯეროვნად არ ხდება. ამის უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება.

ჩვენ ამ საკითხს ვაფასებთ არა მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევების სახით, არამედ ვუყურებთ ინსტიტუციურადაც… მოსამართლეთა შერჩევა ხდება საქართველოში სრულიად გაუმჭვირვალედ, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის უკანაც არავითარი დასაბუთება არ არის. არსებობს სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი მოსამართლეებს ნიშნავენ, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული, გავლენიანი ჯგუფისთვის არის მისაღები. მოსამართლეთა შერჩევის ეს სისტემა არანაირად არ არის დაფუძნებული კანდიდატების სრულფასოვნად შეფასებაზე. ის, ვინც საუკეთესო კანდიდატია, ის არ არის შერჩეული.

ყველაზე პარადოქსული ამ პროცესში  არის ის, რომ როცა ეს ნორმები ჩვენ გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლომ იგი არ დააკმაყოფილა და ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო შეფასება გააკეთა თავისი არსებობის მანძილზე. მან თქვა, რომ კონსტიტუციით არ არის დაცული ის, რომ საუკეთესო კანდიდატის არჩევა მოხდეს, ანუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს იმის უფლებაო, რომ არასაუკეთესო კანდიდატი წარადგინოს პარლამენტშიო. ეს კონსტიტუციის ალბათ ყველაზე თვითნებური, არასწორი და ცუდი განმარტებაა.

  • ანუ მდგომარეობა ამ კუთხით კიდევ უფრო დამძიმდა?

დიახ, მდგომარეობა ამ კუთხით უარესდება, არანაირი პროგრესი არ გვაქვს, ჩვენ უკან და უკან მივდივართ, არაფერი ხელშესახები და კარგი ამ კუთხით არ გვაქვს. ის გამოწვევები, რომელიც არსებობდა, ისევ არის და არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: