მთავარი,სიახლეები

კირთაძე: ასეთ პარლამენტში შესვლით კონკრეტული ადამიანები თავს გაინადგურებენ

10.12.2020 • 1399
კირთაძე: ასეთ პარლამენტში შესვლით კონკრეტული ადამიანები თავს გაინადგურებენ

დღეს, 10 დეკემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუკი ხელისუფლებისგან საარჩევნო რეფორმის მყარ გარანტიას მიიღებს. კირთაძის თქმით, ეს საპროტესტო მუხტს ვერაფერს დააკლებს, „თუმცა კონკრეტული ადამიანები თავს გაინადგურებენ“.

„[ალეკო] ელისაშვილმა თქვა, პარლამენტში რომ შევალ, გამოვიძიებ და თუ დადგინდა, რომ 1 პროცენტით მაინც გაზრდილია „ოცნების“ ხმები, ჩავატარებ არჩევნებსო… ეს 1 პროცენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ამბებზეც ხომ უნდა გავრცელდეს, სადაც 1781 ხმა საერთოდ დაკარგულია. ოქმებში ჩანს, რომ ბიულეტენები მოიპარეს. ვინმეს სჯერა, რომ ეს ბიულეტინი „ქართულ ოცნებას“ მოპარეს? ყველამ კარგად ვიცით, რომ ოპოზიციისთვის მოპარული ხმებია და ამან გაზარდა მათი ხმები“, – ამბობს კირთაძე.

გიორგი კირთაძის თქმით, უსკოს გვერდზე დღესაც დევს იმ 21 უბნის ოქმები, სადაც მოსული ამომრჩევლის რაოდენობა არის უფრო ნაკლები, ვიდრე ყუთში აღმოჩენილ ბიულეტენთა რაოდენობა. „ამითია შეჯამებული უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თუ ამ 21 უბანს გავაუქმებთ, აღმოვაჩენთ, რომ 1 პროცენტზე ბევრად მეტი აკლდება „ქართულ ოცნებას“, – ამბობს კირთაძე.

მისი თქმით, აჭარაში, ამომრჩევლის ხმები 373 უბნიდან 211 უბანზე დაკარგულია. „მე-5 კლასის მათემატიკის საშუალო დონეზე ცოდნა არის სრულიად საკმარისი მიხვდე, რომ „ქართულ ოცნებას“ 1 პროცენტზე მეტი აქვს მიწერილი. ასეთ პარლამენტში შესვლა საპროტესტო მუხტს ვერაფერს დააკლებს, კონკრეტული ადამიანები კი თავს გაინადგურებენ“, – ამბობს კირთაძე.

კირთაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, ვერ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას. კირთაძის აზრით, ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლება დიქტატურისკენ მიემართება.

„რეგისტრაციას აგიკრძალავთ, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებთ – ამით კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ რუსეთში კი არ მივდივართ, არამედ პირდაპირ ჩრდილოეთ კორეაში გაგვიშვა. მართლა ორი გზა დაგვრჩა, ან ჩრდილოეთ კორეა, ან ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვატარებთ სამართლიან არჩევნებს“, – ამბობს კირთაძე.

კირთაძის თქმით, პარლამენტში არ შესვლა არ ნიშნავს, რომ საბიუჯეტო დაფინანსებას ტყუილად მიიღებენ. „თუ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი და გაგრძელდება საპროტესტო მუხტი, მაშინ დაფინანსების მიღება სწორია“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

___

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი. საპროტესტო აქციები ბათუმში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ამ დრომდე გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: