მთავარი,სიახლეები

არის ადგილები რეანიმაციებში არაკოვიდპაციენტებისთვის? – რა ხდება ბათუმის კლინიკებში

10.12.2020 • 1796
არის ადგილები რეანიმაციებში არაკოვიდპაციენტებისთვის? – რა ხდება ბათუმის კლინიკებში

პირადი საუბრისას თუ სოციალურ ქსელებში ხშირად მოისმენთ ისტორიებს, რომ გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე, არაკოვიდინფიცირებულ პაციენტს სჭირდებოდა კლინიკაში, რეანიმაციაში მოთავსება, მაგრამ მისთვის ადგილი არსად აღმოჩნდა.

„ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის ახლობელს. ის გვიყვება, რომ ბათუმის სამ კლინიკაში ცდილობდნენ არაკოვიდინფიცირებული პაციენტის გადაყვანას, თუმცა ვერ შეძლეს, რადგან თავისუფალი ადგილი რეანიმაციაში არსად აღმოჩნდა.

„ჯერ გვითხრეს, რომ კლინიკაში კოვიდტესტის გარეშე ვერ მიგვიღებდნენ… მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ არ იყო კოვიდით ინფიცირებული, თვითდინებით მივიყვანეთ ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ასევე ვერ შეიყვანეს რეანიმაციაში ადგილების არარსებობის გამო”, – ჰყვება გარდაცვლილის ნათესავი „ბათუმელებთან”.

იგი ამბობს, რომ მთელი დღე ელოდნენ კლინიკის რეანიმაციაში პაციენტისთვის ადგილის გამოთავისუფლებას, თუმცა მათ უთხრეს, რომ ლოდინს აზრი არ ჰქონდა, რადგან ადგილი არ იყო და პაციენტს გადარჩენის ნაკლები შანსიც ჰქონდა.

ოჯახი იძულებული გახდა, პაციენტი სახლში დაებრუნებინა. იგი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

რატომ ფერხდება გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე, არაკოვიდინფიცირებული პაციენტების მომსახურება? – ვკითხეთ ბათუმში ჰიბრიდული წესით მომუშავე კლინიკის ექიმებსა და მათ ხელმძღვანელებს.

„მედცენტრის“ გულ-სისძარღვთა დაავადებებისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სოსო სიხარულიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ სტაციონარში ინარჩუნებენ თითო-ოროლა ადგილს მწვავე ინფარქტით, იშემიური ინსულტით და სხვა მწვავე, გადაუდებელი საჭიროების მქონე, არაინფიცირებული პაციენტებისთვის.

„ეს ადგილებიც თუ კოვიდპაციენტებს დასჭირდათ, სიტუაცია მართლაც დრამატული იქნება, რადგან არ გვექნება საშუალება ვუმკურნალოთ მწვავე პაციენტებს. ვცდილობთ, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ თუ ინფიცირების მატება იქნება არანორმალურ ციფრებში, ეს პრობლემა შეგვექმნება.

დიახ, ამის საფრთხე არსებობს. განგაშის ზარებს ვრეკავთ, რომ ეს უბედურება არ მოხდეს.

თუ სასწრაფოდაა საჭირო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებული მდგომარეობის მკურნალობა, „მედცენტრში“ ამის შეზღუდვა არ გვაქვს, ვინარჩუნებთ საწოლებს და პაციენტი იღებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ამბულატორიის დონეზე ამის მართვა შესაძლებელია.

პრობლემა ყველგან დგას უკვე. პასუხისმგებლობა უნდა გავინაწილოთ ყველამ: პაციენტებმა, მოქალაქეებმა, ექიმებმა და სახელმწიფომ“, – ამბობს სოსო სიხარულიძე.

ბაუს კლინიკური დირექტორი მიშა მჟავანაძე კი ამბობს, რომ ადგილების არქონის საკითხი „ბაუში“ ჯერჯერობით მწვავედ არ დგას, მაგრამ „ამაზე დაფიქრება მაინც საჭიროა“.

„ინსულტიანებს, ტრავმიანებს, გადაუდებელი ოპერაცია ვისაც სჭირდება – არ ვუშვებთ უკან, პაციენტს ქუჩაში არ ვტოვებთ. გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონეთათვის ჯერჯერობით ვნახულობთ გამოსავალს.

ბაუში ჩვენი საწოლფონდი კოვიდინფიცირებულებისათვის არის 150. ამ მომენტისთვის 130-დან 135 საწოლამდეა მუდმივად დაკავებული.

არაკოვიდგანყოფილებაში კი, შესაბამისად, არაინფიცირებულ პაციენტებს ვმკურნალობთ.

პრობლემის წინაშე რომ ვდგავართ და ამ ტემპით თუ წავედით, კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნება, ეს ნათელია.

ახლანდელი მდგომარეობა ჩვენს კლინიკაში მართვადია, მაგრამ თუ ამ ტემპით გაგრძელდა პროცესი, საწოლფონდი ვერ გაუძლებს“, – ამბობს ბაუს კლინიკური დირექტორი.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რეანიმაციული განყოფილება არაკოვიდპაციენტებისათვის ძველ კლინიკას ამ ეტაპზე არ აქვს, რადგან ექიმები კოვიდკლინიკაში გადავიდნენ.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, გია კიკაბიძის განმარტებით, მძიმე პათოლოგიებისა და ტრავმების მქონეებს, მათ, ვისაც რეანიმაცია სჭირდება, კლინიკის ძველ შენობაში ვერ იღებენ. 

კლინიკა „მედინაში“ კი გვითხრეს, რომ ჯერჯერობით აქვთ ადგილები არაკოვიდინფიცირებული, გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის.

„ვერ ვიტყვით, რომ ადგილი არ გვაქვს „მედინაში“. ყოველდღიური ბრუნვაა პაციენტების, შემოდიან და გადიან, მაგრამ ადგილების განუსაზღვრელი რაოდენობა არ გვაქვს. თუ წინასწარ იქნება შეთანხმებული პაციენტი, ადგილი, რა თქმა უნდა, გვაქვს“, – ამბობს „მედინას“ კლინიკური დირექტორი, ნინო ქაჯაია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან” ამბობს, რომ სამინისტროში იციან პრობლემის შესახებ და თავადაც ინფორმირებულია სამედიცინო დაწესებულებების, მოქალაქეების, სოციალური ქსელების საშუალებით.

მინისტრის თქმით, არაკოვიდპაციენტებისთვის ბათუმის რეანიმაციებში დაახლოებით 40-მდე საწოლია გათვლილი.  

„ზოგადად, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა ბათუმში იყო 150 და ახლა 250 გვაქვს, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე არაკოვიდინფიცირებულებისთვის. დაახლოებით 40 სარეანიმაციო საწოლია გამოყოფილი არაკოვიდინფიცირებულებისთვის.

7 დეკემბრის დილის 11 საათის მდგომარეობით ნებისმიერ წუთს, ინტენსიური თერაპიის საწოლის მოპოვება შესაძლებელია – როგორც კოვიდ ასევე არაკოვიდპაციენტებისთვის. ჩვენ საშუალება გვაქვს პაციენტი არ დარჩეს კლინიკის მიღმა. უბრალოდ, ინტენსიური თერაპიის საწოლები თავისუფალ მდგომარეობაში და მოცდის რეჟიმში ვერ იქნება, მუდმივად ხდება პაციენტების ბრუნვა.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ბათუმში გვქონდა 150 ადგილი, ახლა დამატებით 150 მობილიზდა. რესპუბლიკური საავადმყოფო 170 ადგილით გავხსენით, ახლა იქ 212 ინტენსიური თერაპიის საწოლია, 50 – რეანიმაციული. რესურსი, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს 1 წელიწადში უნდა მოეხმარა, 1 თვეში დასჭირდა. ძალიან დაგვეხმარა კლინიკა „ბიემსი“, რომელმაც უმოკლეს დროში მოამზადა თერაპიულ განყოფილებაში 50 საწოლი”, – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

კითხვაზე,  რამდენად საკმარისია ადგილები ბათუმში არაკოვიდპაციენტების შეუფერხებელი ჰოსპიტალური მომსახურებისთვის, მინისტრი გვპასუხობს, რომ საწოლების უკმარისობის პრობლემა უდგას მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებსაც.

„ინტენსიური საწოლები რომ უნდა დაემატოს საავადმყოფოებს, ამაზე არავინ დავობს, ყოველდღიურ რეჟიმში ამას განვიხილავთ და ვზრუნავთ, როგორმე რესურსის გაზრდაზე.

ეს არ არის ადვილი”, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: