მთავარი,სიახლეები

PHR: სახალხო დამცველმა სამუშაო ადგილზე შშმ ქალის დისკრიმინაცია დაადგინა

11.12.2020
PHR: სახალხო დამცველმა სამუშაო ადგილზე შშმ ქალის დისკრიმინაცია დაადგინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აცხადებს, რომ უფლებების დასაცავად  თეკლე ორთოიძემ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ კომპანია „მეღვინეობა ხარებამ“ მისი უფლება მხოლოდ იმიტომ დაარღვია, რომ ის შშმ პირია.

როგორც PHR-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, კომპანიამ თეკლე ორთოიძე კონკურსის წესით აიყვანა სამსახურში ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე, თუმცა ის მეორე დღესვე გაუშვეს. „როგორც ვიცით, შშმ პირები სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით და როცა ამაზე დაუსვა თეკლემ კითხვა დამსაქმებელს, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგო, რომ თეკლე შშმ პირი იყო. მას ხელს არ უშლის მისი სტატუსი იმ კონკრეტული საქმის შესრულებაში, თუმცა მაინც გაუშვეს სამსახურიდან. თეკლემ ეს ფაქტი დისკრიმინაციულად მიიჩნია და იურიდიული დახმარებისთვის მოგვმართა. რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველის აპარატს ღვინის კომპანიის მხრიდან, შშმ ნიშნით, ქალის დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის მიზნით მიმართა“, – გვეუბნებიან PHR-ში.

ორგანიზაცია აქვეყნებს თეკლეს კომენტარსაც, სადაც ის ამბობს, რომ მისი სურვილი იყო „მეღვინეობა ხარებად“ და მათ თანამშრომლებს დაენახათ, რომ არასწორად მოიქცნენ, კანონი დაარღვიეს და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემდეგ თუ ისინი ამას დაინახავენ, ეს იქნება გამარჯვება. „მინდა, რომ დაინახონ და ასე არასდროს მოექცნენ სხვას“, – ამბობს თეკლე.

როგორც PHR წერს, კომპანიის განმარტებით, თეკლეს დასაქმება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირობებში, კომპანიის მხრიდან იქნებოდა უპასუხისმგებლო მოქმედება.

„მეღვინეობა ხარებამ” არც კი შეაფასა, რეალურად შეუშლიდა თუ არა ხელს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დასაქმებულს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.

საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ განმცხადებლის უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მისი შეზღუდული შესაძლებლობა, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის. კომპანიამ ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს დაარწმუნებდა, რომ დისკრიმინაცია არ მომხდარა“, – წერს PHR.

PHR-ის განცხადებით, სახალხო დამცველმა თეკლე ორთოიძის მისამართით შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა 2020 წლის 17 ნოემბერს და რეკომენდაციით მიმართა კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ დირექტორს, რათა კომპანიამ საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

„…მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება შპს „მეღვინეობა ხარებას“ შიდა სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მომავალში საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.

_________________________

მთავარი ფოტო: თეკლე ორთოიძე/PHR-ის გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: