მთავარი,სიახლეები

გავყიდე ყველაფერი, რაც შემეძლო გამეყიდა, სახელმწიფო კი ისევ ბიზნესს ეხმარება – მოქალაქე

12.12.2020 • 2608
გავყიდე ყველაფერი, რაც შემეძლო გამეყიდა, სახელმწიფო კი ისევ ბიზნესს ეხმარება – მოქალაქე

„ისეთ მდგომარეობამდე მივედი, როცა სახლიდან ყველაფერი გაგაქვს და ყიდი – ველოსიპედი, მოტოციკლი მყავდა ესენიც გავყიდე, სახელმწიფო კი ისევ ბიზნესს ეხმარება. ჩვენი ვალი, ვალი არ არის?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე გიორგი გორგილაძე.

კორონავირუსის პანდემიამდე გიორგი სამორინეში მუშაობდა და საკმაოდ კარგი შემოსავალიც ჰქონდა. სამორინე პირველი შეზღუდვების, ანუ გაზაფხულის შემდეგ ქვეყანაში არ გახსნილა და ამ ხნის განმავლობაში მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო კომპენსაცია – ჯამში 1200 ლარი, რომელიც პანდემიის პირველი ტალღის დრო გასცა სახელმწიფომ.

ვიშიმშილე კიდევ მთავრობასთან, ბანკის სესხების გადავადებით მივმართე ეროვნულ ბანკს და კერძო ბანკებსაც, თუმცა ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ბანკის სამთვიანმა გადავადებამ ის შედეგი გამოიღო, რომ 5 წლიანი სესხი 10 წელზე გაგვიწერეს და მოკლების ნაცვლად პროცენტი გაგვეზარდა“, – გვიყვება თავის გასაჭირზე გიორგი გორგილაძე.

მისი აზრით, სახელმწიფომ ეკონომიკის სტაბილურობის მიზეზით გაწირა საკუთარი მოქალაქეები.

„ეხმარება მხოლოდ ცალკეულ ბიზნესებს და არ გვესმის რა ნიშნით. ბიუჯეტი არის საერთო ფული, ჩვენი მოქალაქეების ფულიც, ამიტომ მხოლოდ კონკრეტული ბიზნესის მხარდაჭერა რატომ ხდება. ჩემი ბანკის ვალი, ვალი არ არის? ვფიქრობ, ეს ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილებაა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან სახელმწიფომ ბანკების და ცალკეული ბიზნესების გადარჩენა მოქალაქეების დაზარალების ხარჯზე დაიწყო“, – ამბობს გიორგი.

მისი თქმით, სამართლიანი იქნებოდა სახელმწიფო მიდგომა მაშინ, თუკი ბანკებთან მიმართებაში სახელმწიფო აღიარებდა ფორსმაჟორულ მდგომარეობას. ეს მევალეებს შესაძლებლობას მისცემდა, რომ ბანკს შეღავათი გაეკეთებინა ძირ ფულზე და პროცენტთან ერთად მისი დაფარვაც არ მოეთხოვა.

„როგორც ვიცი, ევროპაში ფორსმაჟორი გაითვალისწინეს. ჩვენ კი, საქართველოს მოქალაქეებს გამოგვეცალა ამის საფუძველი, რადგან ჩვენთან მიმართებაში ბანკი ფორსმაჟორს არ აღიარებს.

ოქტომბერში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ სახელმწიფო კომპენსაციას მხოლოდ იმ პირებზე იძლევა, ვინც 28 ოქტომბრის შემდეგ დაკარგა სამუშაო. ჩვენ ვინც გაზაფხულზე დავკარგეთ და ერთჯერადი კომპენსაციის მეტი არ მიგვიღია, სამუშაო აღარ გვაქვს, რა გავაკეთოთ? უკვე ყველაფერს ვყიდი, რაც მეყიდება“, – ამბობს გიორგი.

მისი თქმით, სამუშაო რომც იშოვოს, ახალი დაანგარიშების მიხედვით, თვეში 1000 ლარზე მეტი გამოსდის ბანკში შესატანი თანხა, რაც მას ისედაც მოწყვლადს ხდის.

„1000-ლარიანი სამსახურის შოვნა ამ სიტუაციაში თითქმის შეუძლებელია. რომც ვიშოვო, ყველაფერს ბანკი წაიღებს, რადგან ყოველდღე მინუსებში მივდივარ და ვალი იზრდება. ვფიქრობდი, რომ 1 200 ლარიანი კომპენსაცია მეორე ტალღის შემთხვევაშიც შეგვეხებოდა, ვინც გაზაფხულზე დავკარგეთ სამუშაო და ისევ დახურულები ვართ. ამაზე მთავრობის პასუხი არ ისმის“.

გიორგი ამბობს, რომ ერთ ბანკში იპოთეკური სესხი აქვს აღებული, მეორეში კი სამომხმარებლო.

„ახლა განაცხადეს, რომ კერძო საბავშვო ბაღების მეპატრონეებს დაეხმარებიან, სამშენებლო სექტორს დაეხმარნენ, ცალკეულ ბიზნესებს აძლევენ კომპენსაციას, რითი წყვეტენ, ვინ უფრო მეტად დაზარალდა და ვინ ნაკლებად.

მთავრობამ ჩვენ დაგვავალდებულა, რომ სახლში ვიჯდეთ, ხელფასი აღარ ავიღოთ და ათი თვე თავი 200 ლარით გავიტანოთ. ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება“, – ამბობს გიორგი გორგილაძე.

საქართველოში დამატებითი შეზღუდვები 28 ოქტომბრიდან ამოქმედდა. მთავრობამ ხელმეორედ განსაზღვრა იმ პირთა წრე, ვინც  შეზღუდვების მეორე ეტაპზე 200 ლარიან სახელმწიფო კომპენსაციაც მიიღებს. ამ ჯგუფში არ მოიაზრებიან ის პირები, ვინც სამუშაო ადგილი პანდემიის პირველ ეტაპზე დაკარგა და უკვე მიღებული აქვს 1 200 ლარიანი დახმარება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: