მთავარი,სიახლეები

351 000 ლარი უპატრონო შინაური ცხოველების მოსავლელად ბათუმში – მერიის ტენდერი

13.12.2020 • 1300
351 000 ლარი უპატრონო შინაური ცხოველების მოსავლელად ბათუმში – მერიის ტენდერი

ბათუმის მერიამ „უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. 2021 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში აღნიშნული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო /სატენდერო ღირებულება 351 ათას 680 ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 21 დეკემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, გამარჯვებულს ძირითადად ევალება:

[checklist]

  • „ქალაქის ტერიტორიიდან უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაციასთნ დაკავშირებული პროცედურები (ვაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება), ტრავმირებული ცხოველების მკურნალობა: მათ შორის, ოპერაციული მკურნალობა [რაოდენობა წლის განმავლობაში – 2 600];
  • ბუნებრივ არეალში გაშვებული დაბირკული გასტერილებული ცხოველების (ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება რევაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურებისთვის (რევაქცინაცია, დაბირკვა ან/და ტატუირება). ქალაქის ტერიტორიიდან ცხოველების ლეშის (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილით) დროული გამოყვანა სპეციალური ტრანსპორტით, კრემაცია ან/და „ბიოთერმულ“ ორმოში დამარხვა, მოზარდი ცხოველების (ლეკვი, კნუტი) დაჭერა, ტრანსპორტირება და თავშესაფარში (ვეტერინარული კლინიკა) გადაყვანა მოვლა-პატრონობის მიზნით [რაოდენობა წლის განმავლობაში – 2 000]“.

[/checklist]

ამასთან, ამავე ტენდერის პირობების მიხედვით:

  • „თავშესაფარში (ვეტერინარულ კლინიკაში) შეყვანილი ცხოველები (ძაღლი, კატა) ექვემდებარებიან სავალდებულო იდენტიფიკაციას საჭდით ან ტატუირებით ნუმერაციის შესაბამისად და შემდეგში ხდება მათი გაშვება ექიმი ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე იმავე არეალებში, საიდანაც იქნა ცხოველი აყვანილი;
  • ცხოველების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სპეციალური აღჭურვილობით მოწყობილი ავტომანქანით (ავტომანქანაზე დამონტაჟებული უნდა იყოს ლითონის კონსტრუქციის გალია, აერაციით);
  • ჩატარებული პროცედურების შესაბამისად წარმოებული უნდა იქნეს ელექტრონული ბაზა (აყვანილი და გაშვებული ცხოველის ადგილმდებარეობის, ფერის, სქესის, კლიპის ნომრის შესაბამისად);
  • მუშების უზრუნველყოფა სპეცტანსაცმელით და ძაღლსაჭერი სპეციალური ინვენტარით (საკი, ბადე და სხვა), აგრესიული ცხოველების დაჭერის დროს შესაძლებელია კანონით დაშვებული (სპეციალური დასაძინებელი) პრეპარატების გამოყენება;
  • ვოლიერების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, დასუფთავება სველი წესით დღის განმავლობაში 2-ჯერ მათ შორის ერთჯერ სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით დილით და საღამოს;
  • ნაოპერაციები ცხოველების მოთავსება დროებითი დაყოვნების (საკარანტინო) ვოლიერში მორიგე პერსონალის დაკვირვების პირობებში;
  • ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ: ა) იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს: აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას; ბ) ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებებს, ასევე პათოლოგიები, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან; გ) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;
  • ვეტერინარულ კლინიკაში უნდა ფუნქციონირებდეს ცხელი ხაზი (დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე) კვირისა და დასვენების დღეების გარდა. ამასთან, მიმწოდებელმა ზემოაღნიშნული მომსახურება უნდა განახორციელოს საქართველოში მოქმედი კანომდებლობის მოთხოვნების შესაბამისად“.

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2022 წლისთვის უნდა დასრულდეს ჩაქვის დასახლებაში სარეკრეაციო სივრცის და ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ამ პროექტის ფარგლებში 13 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა.

ვრცლად ნახეთ ბმულზე:

„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: