ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები 15 დეკემბრიდან შეიცვლება, რის შემდეგაც ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ქუჩებზე მონიშნულია მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლიც [ე.წ. Bus lane]. ამ ზოლში ავტობუსების გარდა დაშვებულია ველოსიპედების მოძრაობაც.
რა იცვლება კონკრეტულად 15 დეკემბრიდან:
- გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით;
- ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში [ავტომანქანები იმოძრავებენ ამავე მიმართულებით];
- ცალმხრივი უნდა გახდეს მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით;
თუმცა, მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 15 დეკემბრიდან სატესტო რეჟიმში პუშკინის ქუჩა გაცალმხრივდება არა 26 მაისის ქუჩამდე, არამედ ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე [ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმართულებით];
- გრიბოედოვის ქუჩა კი, ცალმხრივი უნდა გახდეს ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში და მოძრაობა მხოლოდ ამ მიმართულებით უნდა იყოს – ეს ახალი სქემით. თუმცა, მერიაში გვითხრეს, რომ გრიბოედოვის ქუჩაზე, ამ მონაკვეთში, 15 დეკემბრიდან მოძრაობა დროებით დარჩება ორმხრივი, ვიდრე არ დასრულდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები [ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის].
- გრიბოედოვისა და რუსთაველის კვეთაში გაიხსნება გზაგამყოფი და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ, იმოძრაონ რუსთაველის ქუჩაზე, როგორც მარჯვნივ – დელფინარიუმის მიმართულებით, ასევე მარცხნივ – ახალი ბულვარის მიმართულებით [მერიის ინფორმაციით, ეს კვეთა უკვე გახსნილია];
- ბარათაშვილის ქუჩაზე გორგილაძიდან ზუბალაშვილამდე ტროტუარის გასწვრივ მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს. მეორე ზოლში კი, იმავე მიმართულებით სხვა ტრანსპორტიც.
- გორგასლის ქუჩაზე უკვე შეიცვალა მოძრაობის მიმართულება და ტრანსპორტი გადაადგილდება გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით [მოძრაობა ცალმხრივია].
ჭავჭავაძის ქუჩაზე, გზაგამყოფზე დაიდგმება 2 მოსაცდელი, რისთვისაც სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ვინაიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ჯერჯერობით არ მოძრაობს, მერიის ინფორმაციით, მოსაცდელების მონტაჟი შეზღუდვის მოხსნამდე მოესწრება.
„მართალია, მუნიციპალური ავტობუსები არ მოძრაობენ, მაგრამ ახალ სქემას ავამოქმედებთ, მძღოლებიც შეეჩვევიან და პარალელურად, გამოჩნდება, თუ იქნება რაიმე ხარვეზი,“ – გვითხრეს მერიაში.
ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შეცვლა 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ვადამ ჯერ 20 ნოემბრამდე, საბოლოოდ კი 15 დეკემბრამდე გადაიწია.
მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? – მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში:
მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? [გამოკითხვა]