მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბაღებში ხელფასები 100 ლარით არ იზრდება – გახარიას შეუსრულებელი დაპირება

13.09.2020
ბათუმის ბაღებში ხელფასები 100 ლარით არ იზრდება – გახარიას შეუსრულებელი დაპირება

2019 წლის აგვისტოში მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა: „2020 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით“. ბათუმის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელმა „ბათუმელებს“ აცნობა, რომ პრემიერის ეს დანაპირები ტყუილი აღმოჩნდა – მათ უკვე უთხრეს, რომ 2020 სასწავლო წლიდან ხელფასები არ გაეზრდებათ.

საბავშვო ბაღში დასაქმებულმა პირმა, ვინც ამის შესახებ „ბათუმელებს“ აცნობა, შემდგომი სირთულეების თავიდან ასაცილებლად კონფიდენციალობის დაცვა ითხოვა.

„2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე), რაზედაც მიიმართება 15.0 მლნ ლარამდე“, – წერია „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კითხვაზე, რატომ არ შესრულდა პრემიერის დაპირება, ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა შამილიშვილმა გვიპასუხა, რომ ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი არ იყო:

„მხოლოდ თბილისში გაიზარდა ბაღების მასწავლებლების ხელფასები. ალბათ, იქ მერიას შესაბამისი რესურსი ჰქონდა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ბათუმის ბაღებში დასაქმებულ აღმზრდელებს ბევრად კარგი სამუშაო პირობები აქვთ, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებს.“

მამუკა შამილიშვილის განმარტებით, უკეთესი პირობები გულისხმობს იმას, რომ ბათუმის საბავშვო ბაღებში აღმზრდელები ცვლებში მუშაობენ, ხელფასის სახით კი იღებენ 600 ლარს, მაშინ, როცა სხვა მუნიციპალიტეტში იმავე ხელფასზე აღმზრდელი მთელი დატვირთვით, სრულ სამუშაო დღეს მუშაობს:

„სამი წელია ამ მოდელით ვმუშაობთ და ძალიან კარგი, გამართლებული მოდელია. მეორე ცვლის მასწავლებელი დასვენებული მოდის. ორი საათი ერთად მუშაობს ორი მასწავლებელი ჯგუფში ანუ მეორე ცვლა რომ მოდის, პირველი საათიდან სამამდე არის გადაბარების პერიოდი. სამის შემდეგ მიდის დილის მასწავლებელი და რჩება მეორე.“

მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, ბათუმში ბაღების მასწავლებლების, ასევე სხვა პერსონალის ხელფასების 20-პროცენტიანი ზრდა 2021 წლიდან განიხილება.

ამ ეტაპზე ბათუმში, 33 მუნიციპალურ საბავშვო ბაღში 560 აღმზრდელი და 270 ძიძა მუშაობს. საერთო ჯამში ბათუმის ბაღების გაერთიანებაში 1 338 პირია დასაქმებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: