ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებმა ქუჩა გადაკეტეს – აქცია ბათუმში

13.12.2020 • 1944
ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებმა ქუჩა გადაკეტეს – აქცია ბათუმში

ბათუმში, ბონის დასახლებაში, მოსახლეობამ დღეს, 13 დეკემბერს, შავშეთის ქუჩა [ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება] გადაკეტა. მოსახლეობა, რომელიც იქვე, ავარიულ კორპუსში ცხოვრობს, ამბობს, რომ ისინი მერიას ამ დრომდე უნდა დაეკმაყოფილებინა ბინებით, თუმცა პროცესი გაჭიანურდა.

მაიაკოვსკის ქუჩა N 55/24-ში მდებარე ავარიულ ხუთსართულიან კორპუსში 45 ოჯახი ცხოვრობს.

„აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია. ხუთსართულიანი კორპუსი ტრაილერების გავლისას ზანზარებს, იბზარება… ახალი კორპუსი კი შენდება, თუმცა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ დრომდე არ დასრულდა. ვითხოვთ, უმოკლეს ვადაში დაასრულონ მშენებლობა. წლებია შიშის ქვეშ ვცხოვრობთ,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

აქციის მონაწილის თქმით, მათთან მივიდნენ მერიის წარმომადგენლები და დაჰპირდნენ, რომ კონკრეტულ პასუხს სამშაბათს ეტყვიან: „რამდენიმე პირი წაიყვანეს, განცხადება დაგვიწერეთო, აქციაც შევწყვიტეთ“.

გზა ამ დროისთვის [15:20 სთ] უკვე გახსნილია.

„ბათუმელები“ მერიისგან კომენტარს ელოდება და მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

აღნიშნული კორპუსი რომ ავარიულია, 7 წლის წინ მომზადებულ დასკვნაშიც ეწერა. მაშინ მერია შენობის გამაგრებას გეგმავდა, რასაც მოსახლეობა არ ეთანხმებოდა.

2013 წლის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით – „შენობა ავარიულია, გასამაგრებელია მისი საძირკვლები, მზიდი კედლების რიგი ადგილები, ჩასატარებელია საბათქაშე და სამღებრო სამუშაოები“.

ამ თემაზე:

45 ოჯახი ავარიულ კორპუსში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: