მთავარი,სიახლეები

„კომუნიზმი დასრულდა“ – ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა გახსნა

11.12.2020 • 1505
„კომუნიზმი დასრულდა“ – ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა გახსნა

„კომუნიზმი დასრულდა“ – თქვა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმის მიუხედავად, რომ დღეს, 11 დეკემბერს პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია შეუდგა მუშაობას. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში 8 ოპოზიციურ პოლიტიკური ძალას შეხვდა ადგილი, თუმცა ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა. ისინი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში  მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 60 მანდატი, „გაერთიანებული ოპოზიცია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4, „ლელო“ – 4, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4, „ევროპული საქართველო“ – 5, „გირჩი“ – 4, „მოქალაქეები“ – 2, „ლეიბორისტული პარტია“ – 1. პარლამენტში 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი „ქართული ოცნებისაა“.

არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. პარლამენტში ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ 90 დეპუტატი ჰყავს, ოპოზიციას – 60.

ოპოზიციის ნაცვლად დღეს პარლამენტში შესვლას „ზებრა აქტივისტი“ ითხოვდა.  ეს ერთ-ერთი აქტივისტი იყო, რომელიც პარლამენტთან ზებრის ფორმაში გადაცმული გამოჩნდა.

იმის გამო, რომ პარლამენტი ერთპარტიულია, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციები საერთო განცხადება გაავრცელეს და წუხილი გამოთქვეს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ შეკრებამდე ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. პარლამენტის პირველ სხდომას დღეს ელჩებიც ესწრებოდენ.

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც საპარლამენტო მანდატები ერგოთ, მანდატებზე უარი საჯაროდ კიდევ ერთხელ თქვეს. მათ ეს პოზიცია ხელმოწერებით დააფიქსირეს. ხელმოწერით ბოიკოტი ამ ეტაპზე არ დააფიქსირეს „გირჩმა“და „მოქალაქეებმა“.

არც ოპოზიციასთან და არც მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არ გამოჩენილა ალეკო ელისაშვილი. ის პარტია „მოქალაქეების“ ლიდერია და იმის მიუხედავად, რომ შეთანხმება მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციას შორის ამ დრომდე ვერ შედგა, ამბობს, რომ შესაძლოა პარლამენტში შევიდეს, თუკი „ქართული ოცნება“ საარჩევნო კანონმდებლობას შეცვლის. მან დღეს “უისტორიულესი“ უწოდა მოლაპარაკებებს, რომლებიც ელჩების მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომაზე

პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. „დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ  მანდატზე და მრავალპარტიულ პარლამენტზე!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

___

მთავარი ფოტო: 11 დეკემბერი. მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/500746/?fbclid=IwAR2-T8D_acwkug4oY550v1otkIhkHBZnEQYBnDhhlYBYUlfir3UElVVHnww

გადაბეჭდვის წესი


ასევე: