მთავარი,სიახლეები

15 მუშა, რომლებიც კომპანიას ხელფასს სთხოვენ, გონიოს პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს

12.12.2020
15 მუშა, რომლებიც კომპანიას ხელფასს სთხოვენ, გონიოს პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს

15 მუშა, რომლებიც ერთი თვის კუთვნილ ხელფასს ითხოვენ, დღეს, 12 დეკემბერს, მორიგი საპროტესტო აქციის გამართვის დროს, პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.

მუშები კომპანია „ლაბაუ გონიოს“ ჰყავდა დაქირავებული – გონიოში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე. როგორც მუშები ამბობენ, კომპანიას ერთი თვის ხელფასის ანუ 27 ათასი ლარის დავალიანება აქვს.

„აქცია გავმართეთ ისევ, რადგან კომპანიის წარმომადგენელი ამ დრომდე არ შეგვეხმიანა და არც ხელფასი გადაუხდია. როცა აქციაზე შევიკრიბეთ, მოვიდა პოლიცია და ყველა განყოფილებაში წაგვიყვანეს. წერილობით დაგვაწერინეს, თუ რატომ ვიყავით შეკრებილი და რას ვითხოვდით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის მონაწილე გია კილაძე.

მისი თქმით, პოლიციამ მათ უთხრა, რომ შეკრების უფლება არ ჰქონდათ. „15 ადამიანი ვიყავით და როგორც ვიცი, ამის უფლება გვაქვს. განცხადება დავწერეთ, რომ ვითხოვთ ჩვენს 27 ათას ლარს, რომელიც კომპანიამ უნდა გადაგვიხადოს“, – ამბობს კილაძე.

მუშებმა კუთვნილი ხელფასების მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია 30 ნოემბერსაც გამართეს, ამის მიუხედავად, კომპანიის მხრიდან მათ არავინ გამოხმაურებია.

მუშები საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებენ.

„ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში, რომ ჩვენი კუთვნილი ხელფასი მივიღოთ,“ – აცხადებენ მშენებლობაზე დასაქმებული მუშები.

კომპანია „ლაბაუ გონიოს“ მესაკუთრე დავით ცერცვაძეა და სასტუმრო „მგზავრებსაც“ ფლობს, რომლის გვერდითაც მიმდინარეობს ახალი მშენებლობა. ცერცვაძე, ერთ-ერთ კომპანიაში პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან ერთად აქციების მფლობრლიცაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: