მთავარი,სიახლეები

რატომ მოხსნეს სპექტაკლი „საშვილოსნო“ აჭარის ტელევიზიის საეთერო ბადიდან

11.12.2020 • 2652
რატომ მოხსნეს სპექტაკლი „საშვილოსნო“ აჭარის ტელევიზიის საეთერო ბადიდან

თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ქეთევან სამხარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი სპექტაკლი – „საშვილოსნო“, რომელიც ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალისთვის შეიქმნა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა გასულიყო, დაბლოკეს. სპექტაკლი ქალთა უფლებებზეა.

„სპექტაკლი უკვე ჩასმული იყო საეთერო ბადეში და ამის შესახებ ანონსიც განთავსებული  ჰქონდა ტელევიზიას. თუმცა გუშინ, 10 დეკემბერს, ვიგებ, რომ სპექტაკლი მოხსნეს“, – ამბობს ქეთევან სამხარაძე.

აჭარის მაუწყებელში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და სპექტაკლის ეთერიდან ამოღების მიზეზად, ტექნიკურ საკითხს ასახელებენ.

ქეთევან სამხარაძის თქმით, სპექტაკლის მოხსნაზე ტელევიზიის ოფიციალური განმარტება არ მოუსმენია, თუმცა შიდა საუბრებში ითქვა იმაზე, რომ თითქოს სპექტაკლის შინაარსი წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონთან, რომელიც 12+ ქვემოთ მაყურებლისთვის გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს მედიას.

„გადავხედე ამ კანონსაც, სადაც საუბარია იმაზე, რომ პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს ძალადობის ამსახველ და ეროტიკული შინაარსის კადრებს, რაც ამ სპექტაკლში ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, ამ ტიპის პროდუქცია არ უნდა განთავსდეს 21:00 საათამდე ეთერში, ჩემი სპექტაკლი კი 21:30 საათზე იყო ჩასმული საეთერო ბადეში.

მით უმეტეს, რომ ჩემი სპექტაკლი არ შეიცავს ძალადობრივ კადრებს, არც უცენზურო სიტყვებს და არც ეროტიკას. ამიტომ მათი არგუმენტი არის ფუჭი.

ვფიქრობ, ამის მიზეზი სიტყვა „საშვილოსნოა“, რომელიც ალბათ უხეშად აღიქმება  ტელევიზიის ბორდისთვის ან ვინმესთვის, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – ამბობს ქეთევან სამხარაძე.

კადრი მონოპიესიდან „საშვილოსნო“.

რეჟისორის თქმით, სპექტაკლი ფემინისტური შინაარსისაა, რადგან ქალზეა, ჩაგრულ ქალზე. „სპექტაკლი ეხება ქალის სხეულის ავტონომიურობას, ეფუძნება სოლიდარობის იდეას ქალების მიმართ. მთავარი გმირიც ქალია, რომელიც გაიზარდა ბავშვთა სახლში და ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. ჯამბაზი ქალი, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ ცირკის მსახიობი გახდა და ამით ირჩენს თავს, დადგა რთული არჩევანის წინაშე – დაიტოვოს თუ არა ნაყოფი.

შესაბამისად, სცენარი გვაჩვენებს იმ პროცესს, თუ რას გადის ქალი ემოციურად ამ დროს. ქალის ფსიქოლოგიური და შინაგანი ბრძოლების ჩვენება უნდა იყოს ხელოვნების საგანი და ეს თუ შეიძლება გახდეს მისი დაბლოკვის საფუძველი, ცხადია ეს სალაპარაკო თემაა“, – ამბობს ქეთევანი.

მისი აზრით, მედიის და მით უმეტეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა უნდა იყოს ქალთა უფლებები და იმ პრობლემებზე საუბარი, როცა მსგავს შემთხვევებში საზოგადოება მხოლოდ ქალში ხედავს დამნაშავეს და არ დგას მის მხარეს.

„ქალი ყოველთვის მაშინ დგება არჩევანის წინაშე, გააჩინოს თუ არა შვილი, როცა ის დაუცველია და ვერ გრძნობს საზოგადოების მხარდაჭერას. ვფიქრობ, ნამუშევარიც ამაზეა და არა აბორტის პროპაგანდაზე. მით უმეტეს, რომ ფინალი არის ღია და არ ჩანს, რომ მაინცადამაინც მოიშორა ქალმა ნაყოფი. ეს სპექტაკლი ბაქოს თეატრშიც დაიდგა და მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, აზერბაიჯანი უფრო პატრიარქალური კულტურის ქვეყანაა, ვიდრე საქართველო, იქაც კი არ ყოფილა ასეთი  წნეხი“, – ამბობს ქეთევანი.

სპექტაკლი სათაურის ან გენდერული თემატიკის გამო რომ შეიძლება დაბლოკილიყო, ქეთევანს აფიქრებინეს ის ფაქტიც, რომ მანამდე ისეთი სპექტაკლი გავიდა ეთერში, სადაც ძალადობის კადრებიც იყო და ეროტიკაც.

„სპექტაკლი იყო ჰიტლერზე, სადაც ეროტიკის შემცველი კადრებიც არის და ტექსტიც. ფაშისტური იდეის გამართლებას ვუსმენთ ფაქტობრივად. ამიტომ, თუ ამის გაშვება იმ კონკრეტულ საეთერო დროში და ბადეში არ იყო პრობლემა, რატომ გახდა ქალის უფლებების თემატიკა პრობლემა“, – გვეუბნება ქეთევანი.

სპექტაკლი კვირას, 13 დეკემბერს, უნდა გასულიყო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. სპექტაკლი – „საშვილოსნო“, ქეთევან სამხარაძის პირველი ნამუშევარია მონოპიესაზე. პიესის ავტორი აზერბაიჯანელი მწერალი, ქალთა უფლებადამცველი ულვია ჰეიდაროვაა. სპექტაკლი წელს „მონოდრამების საერთაშორისო ფესტივალისთვის“ შეიქმნა, თუმცა პანდემიის გამო ფესტივალი ვერ გაიმართა. შერჩეული პიესები კი ფესტივალის ორგანიზატორებისა და ტელევიზიის შეთანხმებით ეთერში უნდა განთავსებულიყო.

„ბათუმელები“ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ „ტექნიკური დეტალები იყო გასარკვევი და სპექტაკლი მომავალ კვირას აუცილებლად გავა ეთერში“. ამის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ფირუზ ბოლვაძემ მოგვაწოდა და დასძინა, რომ ეს იცის ქეთევან სამხარაძემ და მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორმა ოთარ ქათამაძემაც.

„ბათუმელები“ ოთარ ქათამაძესაც ესაუბრა, რომელიც ასევე ამბობს, რომ სპექტაკლი ეთერში გავა, ოღონდ მომდევნო შაბათს. „გადავიდა სხვა კვირაში და გავა უფრო გვიან, ღამის 12 საათზე, რადგან შინაარსობრივად, თემა +12-ს არ შეესაბამება“, – ამბობს ის.

შენიშვნა: ქეთევან სამხარაძის თქმით, „ბათუმელებთან“ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ დაუკავშირდნენ და ცვლილების შესახებ დაახლოებით 15:00 საათზე აცნობეს. თუმცა, ის დარწმუნებული არ არის, რომ „ტექნიკური გაუგებრობა“ ისევ არ გახდება სპექტაკლის მოხსნის მიზეზი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: