Batumelebi | ბათუმელი ექიმის 42-დღიანი ბრძოლა კოვიდინფიცირებული მამის გადასარჩენად ბათუმელი ექიმის 42-დღიანი ბრძოლა კოვიდინფიცირებული მამის გადასარჩენად – Batumelebi
RU | GE  

ბათუმელი ექიმის 42-დღიანი ბრძოლა კოვიდინფიცირებული მამის გადასარჩენად

2020 წლის 28 ოქტომბერს ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკის, ბაუს ექიმმა – ტრავმატოლოგმა დარინა ცეცხლაძემ აღჭურვილობა ჩაიცვა, ნიღაბი მოირგო და კორონავირუსით ინფიცირებულ მამას, 56 წლის რომან ცეცხლაძეს შეჰყვა ბაუს კოვიდგანყოფილებაში. რომან ცეცხლაძეს კოვიდს თან დართული ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და ფილტვის მაქსიმალური, 24-ქულიანი დაზიანება.

დარინამ მამასთან კლინიკაში 42 დღე გაატარა. აქედან 25 დღე მას ხელით ეჭირა სუნთქვის აპარატი, რომ მამისთვის ჰერმეტულად მიეწოდებინა ჟანგბადი.

9 დეკემბერს, 42 დღის შემდეგ, დარინას მამა საავადმყოფოდან გაწერეს. რომან ცეცხლაძემ კოვიდი დაამარცხა.

დარინა ცეცხლაძე ექიმი და სპორტსმენია. იგი საქართველოს 11-გზის ჩემპიონია მკლავჭიდში, თუმცა ეს იყო ყველაზე რთული ბრძოლა მის ცხოვრებაში, დარინას „უხილავი მტერი“ უნდა დაემარცხებინა მამის გადასარჩენად.

  • სპორტსმენი ექიმის ბრძოლა „უხილავ მტერთან“ 

„მამას კოვიდი დაუდასტურდა 28 ნოემბერს. დაიწყო სიცხეებით და შევნიშნე, რომ სუნთქვა უჭირდა. სატურაციით ვნახე, რომ ჟანგბადი თანდათან დაბლა იწევდა. გამოვიძახეთ სასწრაფო და წამოვედით ბაუში.

ტრავმატოლოგი ვარ, მაგრამ ვთხოვე კოლეგებს, რომ შევიდოდი მასთან ერთად, მადლობელი ვარ მათი, რომ ამის შესაძლებლობა მომცეს.

მდგომარეობა მძიმე იყო, ფილტვების მაქსიმალური დაზიანება, მაღალი ტემპერატურა, შეშუპება, სატურაცია 75-65-ზე ჩამოდიოდა, რაც უკვე ინტუბაციის წინაპირობა იყო. D დიმერი სამ დღეში 8900-ზე ავიდა, მონაცემები ყოველ საათში იცვლებოდა და პაციენტი მძიმდებოდა. მალევე საჭირო გახდა „სიპაპი“ [სუნთქვის აპარატი CPAP] და რეანიმაციაში გადაყვანა.

მასთან ვიყავი ყოველ წუთს. ვაკვირდებოდი, რა ნიშნულზე როგორ სუნთქავდა, ვაძლევდი წყალს, საკვებს.

მეშვიდე-მერვე დღეს დაიწყო პიკი, რომელიც კვლავ განმეორდა მე-14 დღიდან, როცა უკვე მამას დამამშვიდებლებზე ჰალუცინაციები დაეწყო. არ იჩერებდა აპარატს, ამიტომ იძულებული ვიყავი მასთან ვმდგარიყავი და აპარატი ხელით დამეჭირა. დაახლოებით 25 დღე მეჭირა ხელით „სიპაპი“. ეს აპარატი მაგრდება, მაგრამ პაციენტი იშორებდა, „ნუ მახრჩობთო“ – ამბობდა, ამიტომ საჭირო იყო ხელით დაჭერა, რომ ჰაერის მიწოდება არ შეფერხებულიყო.

საუბარი იყო მის ინტუბაციაზეც, ამ დროს ვერ მელაპარაკებოდა, ისე ცუდად იყო, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. ჩავძახე ყურში, მამა, სუნთქვის ვარჯიშები გააკეთე, გვაჩვენე, ნახონ ექიმებმა, რომ  სუნთქვის აწევას შეძლებ, რამდენიმე წამი გაქვს! და მამამ გაიგო, შეძლო ეს და ინტუბაცია არ დასჭირვებია“, – გვიყვება დარინა ცეცხლაძე.

28-ე დღის შემდეგ სიტუაცია მცირედით უკეთესობისკენ შეიცვალა და დარინამ, ნელ-ნელა და თანმიმდევრულად დაიწყო მასთან ბრძოლის ახალი ეტაპი – გამოჯანმრთელებამდე.

დარინა ცეცხლაძე. ფოტო: FB

დარინა ამბობს, რომ რადგან მას მრავალწლიანი სპორტული გამოცდილება აქვს და იცის, როგორ მუშაობს გარკვეული სპორტული ვიტამინები, ეს შესაძლებლობა გამოიყენა.

„სპორტსმენი ვარ და ვთქვი, არ ვავნებ. ეს ომია და ყველა ახლა ვსწავლობთ ამ ვირუსთან ბრძოლას, უნდა ვიბრძოლო ბოლომდე და გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომელიც მუშაობს. მამას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, რაღაც უნდა მომხდარიყო, რაც მას დაეხმარებოდა და ჩავრთე სპორტული ვიტამინები, ჟანგბადის გამააქტიურებელი, რომელსაც სპორტსმენები ვიყენებთ. ვიცი, როგორ მუშაობს ეს პრეპარატები და რამდენიმე დღეში იყო შედეგიც – პაციენტი უკვე დამჯდარიც იჭერდა სუნთქვას, სატურაცია ავიდა 92-ზე.

მერე უკვე თანდათან დავაწყებინე ვარჯიშები. ეს მისთვის ახალი არ არის, რადგან სპორტული ცხოვრების გამოცდილება აქვს, ფიზკულტურის მასწავლებელია. ვაკვირდებოდი, რამდენი ნაბიჯის გადადგმას შეძლებდა ჯერ 3 წუთში, შემდეგ 5 წუთში; ვთხოვდი ჩაესუნთქა, რომ გვენახა, დაიწყებოდა თუ არა ხველა, შეგვემოწმებინა, რამდენ წამს დაიჭერდა სუნთქვას. 5 წამი, 7, 8 წამი… ვაკვირდებოდი, ვინიშნავდი ყველაფერს და ნელ-ნელა მივდიოდით წინ.

რთული იყო ჭამის პროცესი, რადგან როცა „სიპაპზეა“ დამოკიდებული პაციენტი, თუ აპარატს მოხსნი, უკვე გადაყლაპვისას შეიძლება დავარდეს ჟანგბადი, არადა დახურულ „სიპაპში“ ვერ გადაყლაპავს პაციენტი, შეიძლება დაიხრჩოს. ამიტომ ნიკაპიდან ვუწევდი აპარატის ნიღაბს, ვეუბნებოდი, რომ სამ დათვლაში უნდა გადაეყლაპა და ისე ვაძლევდი ლუკმას. სამ დათვლაში ყლაპავდა და ისევ ვუწევდი ნიღაბს. ასეთ დროს სატურაცია მაქსიმუმ 3-4 ნიშნულით ვარდება და კარგად ჭამს პაციენტი, რადგან აღარ ეშინია, რომ ვერ ისუნთქავს.

  • სხვა პაციენტები: „მეც მნახოს დარინა ექიმმა“

დარინას ბრძოლას მამის გადასარჩენად პალატაში სხვა პაციენტებიც ხედავდნენ და რადგან დარინა მათთან იყო, მათაც სჭირდებოდათ დარინას დახმარება. დარინა ამბობს, რომ რაც შეეძლო, ყველანაირად ეხმარებოდა სხვა პაციენტებს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იყო.

„პერსონალს, ექიმებს, ექთნებს, იქ წამით არ აქვთ მოსვენება, ძალიან რთული სიტუაციაა. მძიმე, დიდი დატვირთვის პირობებში უწევთ მუშაობა. როცა იქ ხარ და შეგიძლია დახმარება, თუნდაც მცირე, როგორ არ უნდა ჩაერიო, როცა ექიმი ხარ.

„შვილო, ჩემთანაც გადმოდი, მეც მნახეო“ – მეუბნებოდნენ პაციენტები. ვცდილობდი ამეხსნა, როგორ მუშაობს სუნთქვის აპარატი. ერთი მოხუცი კაცი იყო, ვუთხარი, ბაბუ, შეიძლება ყველასთან ვერ მივიდეს ექიმი ყველა წამს, მაგრამ ეს ნიშნული რომ ჩამოვა, დააკაკუნე, ხელი აწიე, გვანიშნე, რომ მოვიდეთ. როცა სატურაცია უვარდებოდა, ვასწავლიდი სუნთქვას, ისუნთქე და ნახე, წამოვა სატურაცია, აი, წამოვიდა… ეს მცირეა, მაგრამ ძალიან ეხმარება პაციენტებს, მათ იმედი ეძლევათ.

თავიდან სკამიც არ იყო, მერე ბორბლებიან სკამზე ვიჯექი, მამას თავი ხელზე მედო, რომ ჩამძინებოდა, მეგრძნო მისი მოძრაობა. ეს არ იყო ძილი. ვერ დაიძინებდი, მამა როცა შედარებით უკეთ იყო, პალატაში იყვნენ სხვა მძიმე პაციენტები, შეუძლებელი იყო დაძინება.

მცირე ჩაძინების დროსაც გესმის, როგორ ვარდება ჟანგბადი და აპარატი სხვაგვარად იწყებს მუშაობას, ეს შეცვლილი ხმა გატყობინებს რომელიღაც პაციენტის მონაცემები შეიცვალა, ეს ხმა გაფხიზლებს“.

რომან ცეცხლაძე კლინიკიდან გაწერის დღეს. ფოტო: FB

  • „პაციენტი უნდა გენდოს და ნახევარი ბრძოლა მოგებულია“

დარინა ამბობს, რომ კოვიდპაციენტების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამისთვის ექიმებს, რომელთაც ერთდროულად ბევრ მძიმე პაციენტთან უწევთ მუშაობა, დრო ფიზიკურად ვერ დარჩებათ.

„პირველ დღეებში, როცა ძალიან ცუდად იყო მამა, ცუდი აურა შეიქმნა პალატაში, პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო. ვუთხარი თანამშრომლებს: გოგოებო, რამე ძველებული სიმღერა არ ვიცით?! მოდით, დავიწყოთ სიმღერა, პაციენტმა იფიქროს, რომ აქ მღერიან, ესე იგი, არ მიდის ჩვენი საქმე ცუდად, გადავრჩებით.

ხან ვიძახდი, დღეს რა კარგი ანალიზებია ჩვენთან, უნდა აღვნიშნოთ-მეთქი. ცუდი ანალიზები იყო ძალიან… გაამართლა. შიშისგან ვკანკალებდი, ისე ვმღეროდი, მაგრამ სჯობდა არ ეგრძნოთ ჩვენი შიში პაციენტებს. ეს მოქმედებს, პაციენტი გენდობა, შენი სჯერა, იმედი ეძლევა.

მამას გარდა, მათაც ვეხმარებოდი ჭამისას, ვხუმრობდი, მოდი მაგიდები გადავაერთოთ, გავცვალოთ საჭმელები-მეთქი. ვეუბნებოდი – ოჰ, რა კარგად ხარ! ხვალ გაღიმებული დამხვდი აუცილებლად!

მინდოდა რაღაცით დამესაქმებინა ის პაციენტები, ვისთანაც შეხება მქონდა. ვეუბნებოდი, ხომ ხედავთ, ძალიან იღლებიან ექიმები, ცოტა ვართ, დაგვეხმარეთ, რომ რამე არ შეგვეშალოს.

ერთს მივეცი რვეული, ვუთხარი, ბაბუ, ვერ მოვა ექიმი ყველა წუთს, ვერ აკონტროლებს რამდენ სითხეს იღებ, შენ აკონტროლე. დააკვირდი იმასაც, კათეტერით რამდენს გადიხარ, შეხედე ნიშნულებს და ჩაიწერე. ვერ დავთვლიო, ჯერ მითხრა. მივეცი 60-გრამიანი შპრიცი, აი, ამით მიიღე წყალი და გაზომე-მეთქი.

უნდა იგრძნოს პაციენტმა, რომ ამ ბრძოლაში თვითონაც ჩართულია, თვითონაც ეხმარება ექიმს. მივუწერე რვეულზე – „ბრძოლა ღირს“. რომ კითხულობდნენ პაციენტის ახლობლები, რვეული და პასტა რაში სჭირდებაო, ვეუბნებოდი, აი, ბაბუამ უნდა დაწეროს, ჩაინიშნოს. გარეთაც უფრო მშვიდდებოდნენ მისი ოჯახის წევრები, ხვდებოდნენ, რომ პაციენტი ჩართულია, პაციენტი იბრძვის.

მერე სხვა პაციენტებიც დაინტერესდნენ: ბაბუ, მაგ ექიმმა რა გითხრა, რას იწერო. მერე მეორე პაციენტმა წამოსწია თავი, „მეც მინდა, მეც ჩავიწერო“.

დარინა ცეცხლაძე. ფოტო: FB

  • „ნიღაბი რომ მოვიხსენი, საკუთარი თავის შემეშინდა“

დარინამ კოვიდგანყოფილების კომბინეზონი 9 დეკემბერს, კლინიკაში ყოფნის 42 დღის შემდეგ გაიხადა. ამ პერიოდში მან 12 კილოგრამი დაიკლო. „სახიდან კანი გადამძვრა, ნიღაბი რომ მოვიხსენი, საკუთარი თავის შემეშინდა“, – ამბობს დარინა.

42 დღის განმავლობაში მას არ უნახავს დედა, შვილი და ქმარი.

ახლა რომან ცეცხლაძე უკეთაა. დარინა ამბობს, რომ კოვიდს ასე იოლად ვერ დააღწევ თავს, მაგრამ კრიზისი დაძლეულია და ბრძოლა ისევ გრძელდება. რომან ცეცხლაძე დარინას ზედამხეველობის ქვეშ სახლშიც აგრძელებს მსუბუქად ვარჯიშს. კოვიდთან ბრძოლისას მან 35 კილოგრამი დაიკლო.

„ნელ-ნელა ძალა უბრუნდება. ვაძლევ ცილებს, ქათმის ფილეს, ხაჭოს, ხბოს ხორცს, კვერცხის ცილას გულის გარეშე. ახლა კარგი კვება აუცილებელია. ახლა, როცა წევს, სატურაცია 97-98 აქვს, როცა დგება და ზის – 94“, – ამბობს დარინა.

ამჟამად დარინას დედაც კოვიდინფიცირებულია, თუმცა იგი სახლში მკურნალობს. „მამას ვეუბნებოდი, შენ რომ რამე მოგივიდეს, დედა ვერ გადაიტანს, ამიტომ შენ უნდა ისუნთქო და ამყვე-თქო. დედას ვაფრთხილებდი, ახლა შენ რომ ცუდად გახდე, მამა ვერ გადარჩება-თქო. ერთმანეთს ვუსახავდი მაგალითად,“ – ჰყვება დარინა.

  • „სტუდენტებს ახლა აქვთ საშუალება, ისწავლონ ძალიან ბევრი“

დარინა ამბობს, რომ ძალიან უნდა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებიც ახლა კოვიდკლინიკებში მუშაობენ სხვადასხვა პოზიციაზე, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენონ.

„ახლა აქვთ სტუდენტებს საშუალება, ისწავლონ ძალიან ბევრი რამ. იკვლიეთ, იმუშავეთ, დააკვირდით დანიშნულებას, პაციენტებს. მერა რა, რომ სტუდენტი ხარ, მერე რა, რომ დამხმარედ და თუნდაც სანიტრად მუშაობ, გამოიყენე ყველა შესაძლებლობა სწავლისთვის.

კი,  არ არის ომში იმის დრო, რომ ყველა წუთს გიხსნას ექიმმა ყველაფერი, მაგრამ უნდა იმუშაო, დააკვირდე, ჩაინიშნო. ზოგს უჭირს. არ მიკვირს, ძნელია, მაგრამ ეს არის ექიმის პროფესია“, – ამბობს დარინა ცეცხლაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com