მთავარი,სიახლეები

ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე – სოფელი ხულოში, საიდანაც წყალი გაქრა

10.12.2020 • 3653
ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე – სოფელი ხულოში, საიდანაც წყალი გაქრა

იატაკი უნდა მოწმინდოს. სარეცხი დარეცხოს. საუზმე და სადილ-ვახშამი უნდა მოამზადოს. ჭურჭელი დარეცხოს. ბოსელი დაასუფთაოს. დღეში ხუთჯერ ლოცვისას ხუთჯერვე უნდა განიბანოს –  მეზობლისგან მოტანილი წყლით, რომელიც მეზობელსაც აღარ ჰყოფნის.

სარეცხი მანქანა ახლა გასარეცხი ტანსაცმლის მხოლოდ შესაგროვებლად დგას ოთახის კუთხეში. რამდენიმე წელია, რაც 50 წლის მაყვალა სოლომონიძე წყალს მეზობლისგან ეზიდება: ვედროები, ქვაბები, ბოთლები, კასრები, ტოლჩები – დილიდანვე ყველაფერი უნდა აავსოს მთელი დღის სამყოფი წყალი რომ ჰქონდეს – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სითხე, რომელიც ზოგიერთთან უპრობლემოდ მოჩხრიალებს, ზოგან კი ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ ქრება, თან ისე, რომ ახლომახლო ,,ახალი წყლის“, სხვა წყაროს პოვნაც შეუძლებელია, მილებით სხვა სიცოცხლე მაინც რომ შემოიყვანონ სახლში.

კი, შემოიყვანონ და არა გამოიყვანონ – სოფელ დიაკონიძეებში წყალზე ცოცხალ არსებასავით საუბრობენ: ,,ჩემი წყალი სხვამ წაიყვანა“, ,,ჩემს სახლში წყალმა მოკდა“. მაყვალა სოლომონიძე გვიყვება, რომ ყველაფერი ერთი დიდი აფეთქებით დაიწყო. აფეთქებით ზუსტად მათი სახლის ქვეშ.

მაყვალა სოლომონიძე საკუთარ ეზოში. ამ ფერდობის ქვეშ ახლა შუახევი ჰესის გვირაბი გადის.

  • „დასრულდა ეს გვირაბი და წყალი მაინც არ მოგვიყვანეს”                           

„ჰესის გვირაბის მშენებლობა რომ დაიწყო მთაში ვიყავი. ბაღანამ დამირეკა: მთაში უნდა ამოვიდეთ, გვირაბი რომ ფეთქდება სახლი ზანზარებს და გვეშინიაო. მერე ჩამოვედი. შვილმა მითხრა, დედუ არ შეშინდე, ახლა აფეთქდებაო. სახლი მართლა ეეზანზარა.

ასე არ შეიძლება, მივმართოთ გამგეობას-მეთქი. მოვიდნენ და თქვეს – ეს არაფერი არ არისო.

ვნახეთ და წყალი აღარ გვქონდა. მეთქი, სად წავიდა წყალი?! ჩვენ წყალი გვინდა, პირუტყვს წყალი უნდა, გარეცხვა გვინდა, რაღაცა…

მერე კიდევ მოვიდნენ და აქო, არ გაიჩერებაო, წადითო. სადნა წეხვიდე?

მოვალთო, წყალს მოგიყვანთო მეუბნებოდნენ. მოდიოდნენ, ამოწმებდნენ რამდენ წუთში შეიმსობოდა ბოთლი.

აუცილებლად მოგიყვანთ წყალს, ნუ ღელდებიო, მეუბნებოდნენ. ანზორ ბოლქვაძეც [პარლამენტარი] იყო და გვითხრა მოგიყვანთ წყალსო, მაგრამ დასრულდა ეს გვირაბი და წყალი მაინც არ მოგვიყვანეს.

ახლა შლანგებით მოგვყავს საიდანაც გადმოდინდება, ზევიდან. იმით ჭურჭელსაც ვერ დარეცხავ, სარეცხს და „პოლებს“ თუ მორეცხავ. სასმელი წყალი მეზობლიდან მოგვაქვს ჭურჭლით“, – ამბობს მაყვალა სოლომონიძე.

მაყვალა სოლომონიძის ოჯახს 15 სკა ფუტკარი ჰყავდა. ფუტკრები მთელ სოფელს დაეხოცა. მტვერი სოფლის და ამ ოჯახის მრავალწლოვანი პრობლემაა. ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარე, ერთი შეხედვით მწვანეში ჩაფლულ სოფელთან ახლა ხულო-ზარზმის გზა კეთდება, რომელიც ზუსტად მაყვალა სოლომონიძის ყანის ბოლოში გადის და, მისი თქმით, როცა აქ სამუშაოებისას მტვერი დგება, ის და მისი ოჯახის წევრები სახლში იკეტებიან – გარეთ გასვლა და სუნთქვა შეუძლებელია.

მაყვალა სოლომონიძის ოჯახს 15 სკა ფუტკარი ჰყავდა. ფუტკრები მთელ სოფელს დაეხოცა.

2014 წლის მონაცემებით, დიაკონიძეებში 253 კაცი ცხოვრობს. სოფელი უბნებადაა დაყოფილი – 4, 5 კომლია ქურთოღლების უბანში, სადაც მაყვალა სოლომონიძე ცხოვრობს.

„მეუბნებიან წამოდი ქალაქშიო. ზოგმა წევიდნენ სოფლიდან, ზოგმა დავრჩით, არ მინდა ქალაქი. მირჩევნია სოფლად ვიყო. მაინც აქაური ცხოვრება მირჩევნია“, – ამბობს სოფელ დიაკონიძეების მკვიდრი.

  • ,,კაცი წევა მის საქმეზე, ქალი მისზე, მაგრამ ქალს მაინც მეტი სამუშაო აქვს”

„ჩემს სახლთან იმდენი წყალი გამოდიოდა, ორ მოსახლეს ეყოფოდა. ჩვენგან შორსაც ვეღარ ვპოულობთ წყალს სახლამდე რომ მოვიყვანოთ. წყალი რომ მოიყვანო, ჯერ უნდა მოძებნო.  მეზობლების წყლებიც დაშრა, მაგრამ ჩემი უფრო – გვირაბის თავზე ვარ. ზოგმა იპოვა წყარო და მიიყვანა, მაგრამ ძლივს ყოფნით, ვერ გვიყოფენ. მთაში რომ დავდივარ ჩამოსვლა აღარ მინდა.

წყალი სიმდიდრეა, წყლის გარეშე საქმე არ გაკეთდება, გექნება წყალი, ყველაფერი კარგად იქნება ცხოვრებაში, არ გექნება და იქნები წვალებით. წყალზე მეტი სიმდიდრე რამე არაა.

პირუტყვს ბევრი წყალი უნდა, უნდა ჩამობანო, ჭურჭელი მოურეცხო, ბინძურ ვედროს ხომ არ მუუტან. სარეცხს ხელით ვრეცხავ. ადრე მანქანით ვრეცხავდი, ახლა წყალი არ ყოფნის, ტყულაი დგას.

დილას რომ ავდგებით „ფეჩს“ ვანთობთ, მერე მთელი ოჯახი წყალზე წავდივართ. ჩავალთ ბოსელში, საქონელს მუუართ, ვსაუზმობთ, მერე შევხედავთ საიდან დევწყოთ მუშაობა. წევალთ ერთად, ვიმუშავებთ, კაცი წევა მის სამუშაოზე, ქალი მისზე, მაგრამ ქალს მაინც მეტი სამუშაო აქვს.

საუზმეა, დალაგებაა, დასუფთავებაა, დარეცხვაა, რა ვიცი, ყველაფერი ქალია. კაცი ყანაში, ჭალაში წადის, შეშას მოიტანს, გვეხმარებიან ყველაფერში, ყანაში რომ მივდივართ სიმინდის აღება არი, ჩალის მოჭრა თუ გასუფთავება, ერთად ვსაქმობთ.

სისუფთავე გვინდა და წყალი არ გვაქ, ასეთი ცხოვრებაა.

 

  • „ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე”

მოხუცები იმას ამბობდნენ, რომე, ისე მომკალი უწყლო ნუ წევდე ღმერთოო. ჩვენც ასე ვამბობთ, რომე, უწყლო ნუ მოვკდებით. მთავარი ეს არის.

წყალი უნდა ლოცვასაც. დღეში ხუთი ლოცვა, ხუთი „ნამაზია“. რომ ილოცო ყველაფერი მოწესრიგებული უნდა გქონდეს.

აბდესი უნდა აიღო ყოველი ლოცვის წინ [აბდესი – განბანვის სავალდებულო რიტუალი ისლამში ლოცვის დაწყების წინ].

ხელები, ფეხები უნდა დეიბანო, პირსახე უნდა დეიბანო, თავზეც უნდა წეისვა სუფთა წყალი და სალოცავზე დადგე.

„წყალი უნდა ლოცვასაც. დღეში ხუთი ლოცვა, ხუთი „ნამაზია“. რომ ილოცო ყველაფერი მოწესრიგებული უნდა გქონდეს”.

საბახნამაზზე [დილის ლოცვაზე]  წყალი გინდა, ევლაზე [შუადღემდე ლოცვა] წყალი გინდა, იქინდზე [შუადღისშემდგომი ლოცვა], ახშანამაზზე [საღამოს ლოცვაზე], იასზეც [ძილისწინა ლოცვა] წყალი გინდა. ყველაფერზე წყალია საჭირო.

ლოცვის დროს განსაბანი წყალი სუფთა, სასმელი უნდა იყოს.

წყალი არის ცხოვრება. ამ დუნიას უწყლოდ არნა მოკდე. ადამიანი სულს რომ აძლევს, წყალს ალევიებენ, იმხელა ძვირფასი რაღაცა არის.


წინამდებარე მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, SRHR საკითხების ადვოკატირება და ქვიარ აქტივიზმის ხელშეწყობა“.
პროექტს ასრულებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მხარდაჭერით.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC) და სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) შეხედულებებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: