მთავარი,სიახლეები

2021 წელს ბათუმში არც ერთი საბავშვო ბაღი არ აშენდება – ბიუჯეტის პროექტი

11.12.2020 • 2793
2021 წელს ბათუმში არც ერთი საბავშვო ბაღი არ აშენდება – ბიუჯეტის პროექტი

ვერც მომავალ სასწავლო წელს შეძლებს ბათუმის მერია საბავშვო ბაღებში ყველა მსურველი ბავშვის მიღებას, ეს საკითხი ისევ მწვავე პრობლემების ჩამონათვალში რჩება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება მილიონი ლარით მცირდება, თუმცა თანხა არ აკლდება ბათუმის ბაღების გაერთიანების ბიუჯეტს.

2021 წლის ბიუჯეტში არც ერთი ახალი ბაღის მშენებლობა დაფინანსებული არ არის. თუმცა განმარტებების მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს შენიშვნების პასუხად გადაუგზავნა, განიხილება ერთი ბაღის აშენება ჩაქვში.

თუმცა, მერიის განმარტებით, ჩაქვში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ფართობი არ იძლევა ახალი სტანდარტით დადგენილი ზომის ბაღის აშენების საშუალებას, რომელშიც 180 აღსაზრდელი მოთავსდება. შესაბამისად, მერიის ქონების მართვის სამსახური ალტერნატიული მიწის ნაკვეთის მოძიებაზე მუშაობს.

ნაკვეთის მოძიების შემთხვევაში სად იშოვის თანხას მერია ჩაქვში ბაღის ასაშენებლად, ეს ჯერ არ ვიცით. შესაძლოა გათვლა დაგეგმილი ტენდერების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ თანხაზე ჰქონდეს, თუმცა ამის გარკვევას სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.

2020-2021 სასწავლო წელს ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე 1 659 ბავშვი დარჩა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბაღებში მოხვედრას წინა სეზონზეც ცდილობდნენ, თუმცა ადგილის არარსებობის გამო ისევ ბაღის მიღმა დარჩნენ.

ამ დროისთვის ბათუმში 33 მოქმედი ბაღია, ამ ბაღებში აღსაზრდელების საერთო ლიმიტი კი – 8080. ჯერ არ დასრულდა გასულ წელს ლერმონტოვის ქუჩაზე დაწყებული საბავშვო ბაღის მშენებლობა.  ამ ბაღის მშენებლობისთვის მერიის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გამოყო. მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულდეს, შემდეგ კი ინვენტარის შესყიდვა იქნება საჭირო.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება 15 მილიონ 055 200 ლარია. საერთო ჯამში გაერთიანებას დაფინანსება არ ეზრდება, თუმცა თანხა გაზრდილია შრომის ანაზღაურების ნაწილში, ასევე გაზრდილია გაერთიანებაში დასაქმებულთა ოდენობა. გასულ წელს ბაღების გაერთიანება 1338 იყო, 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით ეს ციფრი 1375 – მდე იზრდება. ხელფასების ნაწილში ასახული თანხა კი თითქმის 480 000 ლარით იზრდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 37 ახალი თანამშრომლის დამატებას მერია ლერმონტოვის ქუჩაზე ჯერ კიდევ მშენებარე ბაღისთვის გეგმავს. უკვე დასაქმებულებისთვის კი შრომის ანაზღაურების ნაწილში, თანხა გაზრდილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია საბავშვო ბაღში დასაქმებულებს ხელფასების 100 ლარით გაზრდას დაჰპირდა.

ბათუმის ბაღებში ხელფასები 100 ლარით არ იზრდება – გახარიას შეუსრულებელი დაპირება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: