ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში

05.12.2020 • 2655
როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი, ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის, სადაც სამუშაოები 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, შესაძლოა 2021 წლის მარტამდე არ გაიხსნას.

ვინაიდან აქ გზა ჩაკეტილია, ფიროსმანის ქუჩიდან მომავალი ავტომანქანები გორგასალის ქუჩაზე ვერ გადიან. ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ კი ტრანსპორტი ვერც გორგილაძის ქუჩით გააგრძელებს მოძრაობას და ქალაქის ცენტრში რომ მოხვდეს, ერთადერთი გზა რჩება – გავიდეს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, აქედან კი – რუსთაველზე.

მოძრაობის ახალი სქემა 15 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

„ჯავახიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს წყალარინების კოლექტორის მოწყობა. სამუშაოები დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც დაიწყება გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიაში 2 დეკემბერს.

ჯავახიშვილის ქუჩა / 2.12.2020 / ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია ითვალისწინებს სანიაღვრე არხის, ტროტუარების მოწყობას და სხვა სამუშაოებს. გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2021 წლის 30 აპრილამდე აქვს.

„შესაბამისად, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია შესაძლოა ან მომავალი წლის თებერვალში დასრულდეს ან ვთქვათ, მარტში. ზუსტი თარიღი უცნობია“ – გვითხრეს სამმართველოში.

2020 წლის მარტში იგეგმებოდა არდაგანის ტბასთან სატუმბი სადგურის მშენებლობის დასრულებაც.

„რაც შეეხება არდაგანის ტბის მიმდებარედ არსებულ სატუმბ სადგურს, ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილია დანადგარების მონტაჟი და ტექნიკური სამუშაოები, რაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო შეფერხდა (დანადგარების შემოტანა). შესაბამისად, პროექტი 2021 წლის პირველ კვარტალში დასრულდება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

არდაგანის ტბასთან დღეს სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს არხუ სატუმბ სადგურს უნდა მიუერთდეს, საიდანაც წყალი ზღვაში გადაიქაჩება / 2.12.2020 / ფოტო: გურამ მურვანიძე

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან სატუმბ სადგურამდე დღეს არხის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, არხის ამ მონაკვეთის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ადრე სანიაღვრე არხიდან წყალი ზოგჯერ ტბაში ჩაედინებოდა, რაც აღარ მოხდება. „არხი ისე შენდება, არანაირი კავშირი არ ექნება ტბასთან“ – გვითხრა აქ ერთ-ერთმა მუშამ.

ჯავახიშვილის სანიაღვრე არხიდან, რომელიც ხიმშიაშვილის ქუჩამდე რეაბილიტირებულია, დროებით წყალს ტბაში უშვებენ.

არდაგანის ტბა / 2.12.2020 / სანიაღვრე არხის მშენებლობის გამო არხიდან წყალი შლანგებით დროებით ტბაში ჩაედინება. ტბამდე ეს არხი კაპიტალურად უკვე აშენებულია. დარჩენილია ხიმშიაშვილის ქუჩიდან სატუმბ სადგურამდე მონაკვეთი. ფოტო: გურამ მურვანიძე

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/250017/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: