შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ლ. ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება.
„რუსეთის ფედერაციამ ა.ლ.-ზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.
აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აცხადებს შსს.
პანდემიის პირობებში, როცა პატარები სკოლებსა და ბაღებში ვეღარ დადიან და შინ ატარებენ ძირითადად დროს, საქართველოს ეროვნულმა არქივმა შეკრიბა 51 ქართული ხალხური ზღაპრის ხმოვანი ვერსია და ატვირთა იუთუბარხზე – ,,ქართული ზღაპრები”.
ჩანაწერები ბავშვებისთვის შინ დროის საინტერესოდ გატარების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.
„ქართული ზღაპრები – აუდიობიბლიოთეკა“ საქართველოს ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული ქართული ზღაპრების აუდიოჩანაწერებს აერთიანებს. ზღაპრები 1960-80-იან წლებშია ჩაწერილი. კითხულობენ მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მურმან ჯინორია, მერაბ თაბუკაშვილი და მერაბ გეგეჭკორი. აუდიოალბომის ილუსტრაცია ზაალ სულაკაურს ეკუთვნის.
სამი ძმა და ქოსატყუილა
ეს ზღაპარი სამ ძმასა და მამის ანდერძზეა, რომელმაც შვილებს დიდი სიმდიდრე დაუტოვა და დაუბარა: რაც გინდათ და როგორც გინდათ ივაჭრეთ, ოღონდ ქოსას ნურც ნურაფერს მიჰყიდით და მისგანაც არაფერი გინდოდეთო. ზღაპარი გვიამბობს რა დაემართათ ძმებს, რომლებმაც მამის ანდერძი ვერ აასრულეს და რა ბედი ეწია უმცროსს, რომელმაც ორი ძმისგან განსხვავებით მამის ანდერძიც აასრულა და გამჭრიახი, მოხერხებული აღმოჩნდა.
ბაქია კურდღელი
ეს ზღაპარი ლოთ და მკვეხარა კურდღელზეა, წყლის მაგივრადაც კი არაყს რომ სვამდა. შეწუხებულები იყვნენ ბაქია კურდღლის მეზობლები და ნათესავები, მაგრამ რას იზამდნენ. ყველამ იცოდა, რომ ტრაბახა იყო ყურცქვიტა, ,,გარეთ მხდალი შინ ძლიერიაო“ – ამბობდნენ ერთმანეთში.
ერთხელაც მთვრალი ცანცარა მიხტოდა და გაიძახოდა: ეს ქვეყანა სამეფოა, მე მეფე ვარ! ეს ქვეყანა სამეფოა, მე მეფე ვარო! სად იყო და სად არა, ტყიდან ლომი გამოვარდა, ცხოველთა ნამდვილი მეფე და კურდღელს დაუღრიალა. თუ ზღაპარს მოუსმენთ, გაიგებთ, როგორ დამთავრდა ბაქია კურდღლის ამბავი.
ჭინჭრაქა
უღარიბეს სამ ძმათაგან უმცროსი, ჭინჭრაქა, მეფეს მოჯამაგირედ დაუდგება. მეფეს სმენია ჭინჭრაქას მოხერხებულობის შესახებ და ავალებს: ერთ დევს ოქროს ხელადა აქვს, წადი და მომიტანეო. ბიჭი ამ საქმის შესასრულებლად ბარსა და წერაქვს ითხოვს და გზას გაუდგება. ეშმაკურად გაიტაცებს ხელადას, რის შემდეგაც მეფე ჯადოსნური ფანდურის წამოღებასაც მოსთხოვს დევის სახლიდან, ბოლოს კი სულაც ეგ დევი მომიყვანე სასახლეშიო – აიხირებს მეფე.
როგორ გაართმევს ამ რთულ დავალებას ჭინჭრაქა?
შურიანი ძმა
ზღაპარი ორ ძმაზეა. ღარიბ-ღატაკსა და მდიდარზე, რომელიც ძმისთვის ვერაფერს იმეტებს. წვრილშვილიანი, ღატაკი ძმა ჯადოსნურ ამბებში გაეხვევა. ახალი წლის ღამეს, როცა მის ოჯახს ფიჩხიც კი არ აქვს ცეცხლის დასანთებად, კაცი ტყეში გაეშურება და ნახავს ცეცხლის პირას მჯდომ მწყემსს. სთხოვს, გამატანე შინ ცოტა ცეცხლიო. გაატანს მწყემსი ცეცხლს და ღარიბი კაციც შინ ბუხარს გაახურებს. სახლი ჯერ კვამლით აივსება, მერე კი ოჯახი დაინახავს, რომ იქაურობა ოქროთია სავსე.
მოვა შურიანი, მდიდარი ძმა ღატაკთან და გაოცდება ამდენ ოქროს რომ დაინახავს, ბრაზობს. ძმას ყველაფერს გამოჰკითხავს რა როგორ მოხდა და გადაწყვეტს მომავალი ახალი წლის ღამეს თავადაც ღარიბ ძმასავით მოიქცეს, რომ სიმდიდრეს სიმდიდრე დაუმატოს, მაგრამ იგივე ბედი ეწევა შურიან ძმასაც? ამას ზღაპრის ბოლოს შეიტყობთ.
ძაღლი
ძაღლი თურმე თავიდან მარტოდმარტო ცხოვრობდა. მოსწყინდა ასე ყოფნა და გადაწყვიტა მოეძებნა ისეთი ამხანაგი, ვინც ყველაზე ძლიერი და უშიშარი იქნებოდა. ძაღლმა ბევრი პატრონი გამოიცვალა, მაგრამ ბოლოს ადამიანთან დარჩა. როგორ იქცა ის შინაურ ცხოველად? რატომ არჩია საუკეთესო მეგობრად ადამიანი და რამ დაარწმუნა ძაღლი ადამიანის ძლიერებაში? სწორედ ამ კითხვებს პასუხობს ზღაპარი „ძაღლი“, თუმც კი სინამდვილეში შეიძლება სულ სხვაგვარად დამეგობრდნენ ძაღლი და ადამიანი, მაგრამ ზღაპრებში ხომ ფანტაზია უსაზღვროა და უკიდეგანო.
უქნარა
იყო ერთი ცოლ-ქმარი. ქმარი ისეთი უქნარა იყო, სულ ჭამდა ან ტახტზე გორავდა და ეძინა. ცოლს შრომით ქანცი სძვრებოდა, მაგრამ მაინც ძალიან ღარიბები იყვნენ. ისეთი უქნარა იყო კაცი, რომ ცოლის დათესილი ყანის სანახავადაც კი ეზარებოდა წასვლა – რომ დაეხედა, როგორი მოსავალი მოვიდა.
ბოლოს უქნარა სულ სხვა ადამიანად გარდაიქმნა, აღარც ზარმაცობდა და შრომასაც შეუდგა. როგორ? ცოლის მოხერხებულობით. ზღაპარი სწორედ ამაზეა: როგორ იქცა უქნარა, ჭკვიანი ცოლის წყალობით, მშრომელ კაცად.
კოკროჭინა
კოკროჭინა ოქროსქოჩრიანი პატარა ბიჭია, რომელიც მამამ გააფრთხილა, რომ წყაროზე მისვლისას მაღლა არ უნდა აეხედა. ცნობისმოყვარე იყო კოკროჭინა. კვდებოდა ინტერესით, რა იყო მაღლა და, რა თქმა უნდა, მამის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც აიხედა. აიხედა და უზარმაზარი ვაშლებით დახუნძლული ხე დაინახა. აძვრა მაღლა და კრეფა დაიწყო. იქვე კუდიანი დედაბერი გაჩნდა, მოტყუებით ჩაისვა კოკროჭინა გუდაში და შინისკენ გააქანა. დედაბერი კოკროჭინას მოხარშვას და შეჭმას უპირებს. კოკროჭინა კი, რაღაც საოცარი მანქანებით, დედაბრის ქვაბსაც დააღწევს თავს, კუდიანს გააცუცურაკებს და სახლშიც სულ ხტუნვა-ხტუნვით დაბრუნდება.
მელია, მამალი, ბატკანი და ჩიტი
მელია, მამალი, ბატკანი და ჩიტი დაძმობილდებიან, გაუდგებიან გზას, მაგრამ გამოუვათ მამალს და ბატკანს მსუნაგ მელიასთან მეგობრობა? ჩიტს რა ბედი ეწევა, რომელიც ამათგან ყველაზე უმწეო და სუსტია? თუმცა ზღაპარი გვაჩვენებს, რომ სწორედ სუსტსა და უმწეო ჩიტს შესწევს ძალა გააცუროს მსუნაგი და ეშმაკი მელა.
უკვე ორი დღეა, 19-20 იანვარს, ბათუმში თოვლ-ჭყაპია. პერიოდულად ითოვებს დღეს, 20 იანვრის ღამეს, თუმცა ხვალ, დღის მეორე ნახევარში, გამოიდარებს.
ნახეთ, როგორ გამოიყურება ბათუმის ქუჩები თოვლიან ამინდში.
თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 21 იანვარს, ელექტროენერგია შეეზღუდებათ ბათუმში 5-ზე მეტ ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს.
დილის 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ ბათუმში ასლან აბაშიძის, ბაგრატიონის, ტბელ აბუსერიძის, გენერალ ა.აბაშიძის, ქეთევან წამებულისა და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე მონაკვეში ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბა ორბელიანის, ასლან აბაშიძის, ჟიული შარტავას, ჯორჯიაშვილის, 26 კომისრისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.
ერთი საათით, 11:00-იდან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ ხელვაჩაურში, კონკრეტულად, კახაბერის და მახვილაურის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.
კომპანიის განცხადებით, ელექტროენერგიის შეზღუდვა გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6 991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოებით 3 მილიონ 444 ათას 517 ლარი, წლიურად კი – 41 მილიონ 334 ათას 208 ლარი იხარჯება, რაც წინა წლებთან შედარებით 21.5 მილიონით მეტია.
ამ ორგანიზაციებს შორის არის ისეთებიც, რომელთა არსებობის აუცილებლობას მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ. მათი ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის ხარჯვაზე კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ჩაატარა.
კვლევის თანახმად, ა(ა)იპებში ჯამურად დასაქმებულია 6 991 ადამიანი, რაც 2015 წლის მონაცემებს (4 415) დაახლოებით 1.5–ჯერ აღემატება. მუნიციპალიტეტები ა(ა)იპებში ხელფასების სახით ჯამურად 3 მილიონ 444 517 ლარს გასცემენ ყოველთვიურად, რაც 2015 წლის სექტემბრის მონაცემებთან შედარებით (1 648 211.79) 2-ჯერ მეტია.
ბათუმი
ბათუმის მუნიციპალიტეტში 13 ა(ა)იპი მოქმედებს, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 2-ით მეტია. 13 ა(ა)იპ-ში ჯამურად 2 828 ადამიანია დასაქმებული – 2 298 შტატზე მუშაობს და 530 ხელშეკრულებით.
კვლევის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 331-ით გაიზარდა, მათი თვიური სარგო კი დაახლოებით 1.2-ჯერ გაიზარდა და 1 920 147 ლარი გახდა, საიდანაც 1 598 147 ლარი ხელფასის სახით იხარჯება შტატზე მომუშავე, ხოლო 321 999 ლარი – შტატგარეშე დასაქმებულ პირებზე.
კვლევის მიხედვით, აჭარის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში შტატით დასაქმებული პირების საშუალო თვიური ანაზღაურება 387 – 695 ლარია.
კვლევაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ თვალშისაცემია ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღში” დასაქმებულთა (შტატით და შტატგარეშე) მაღალი რაოდენობა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს „ბათუმის ბოტანიკური ბაღის” დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ განუმარტა, რომ თანამშრომელთა ეს რაოდენობა აუცილებელია ბოტანიკურ ბაღზე დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად განსახორციელებლად:
„ბაღის ტერიტორია აღემატება 110 ჰექტარს, არსებული მცენარეები თავმოყრილია 9 ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში, სამ პარკში და სხვადასხვა კოლექციებში. თითოეულ კოლექციასა და განყოფილებას სჭირდება სათანადო მოვლა, რაზეც პასუხისმგებელია მებაღეობის განყოფილება (ბაღის უდიდესი განყოფილება)“.
ამასთან, გაირკვა, რომ „ბათუმის ბოტანიკური ბაღის” შემადგენლობაში ასევე შედის ბათუმის ზოოპარკი და გოდერძის ალპური ბაღი ხულოში.
დასაქმებულთა დიდ რაოდენობას „სრულყოფილი ფუნქციონირების“ საჭიროებით ხსნიან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში.
„გამჭვირვალობა“ ხაზგასმით საუბრობს იმაზეც, რომ:
დასაქმებულთა რაოდენობისა და მათზე გაღებული საბიუჯეტო სახსრების ოდენობის მიუხედავად, ბოტანიკური ბაღი და ბათუმის გამწვანებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია არ მონაწილეობენ ბათუმის ბულვარის გამწვანებაში და „ბათუმის ბულვარი” ყოველწლიურად ასიათასობით ლარს ხარჯავს სეზონური ყვავილების დარგვა-მოვლაზე.
„გამჭვირვალობის“ რეკომენდაციით, აუცილებელია ასეთი ადმინისტრაციული ხარჯების პირობებში, მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ორივე იურიდიული პირის რესურსი და ბათუმის ბულვარის ხე-მცენარეებით მომარაგება ყოველწლიურად სწორედ ზემოაღნიშნული ა(ა)იპ-ების რესურსებიდან მოხდეს.
ა(ა)იპ „ბათუმის კულტურის ცენტრს” 289 პირი ჰყავს შტატით დასაქმებული. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, რაც მან „გამჭვირვალობას“ მიაწოდა, დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა საჭიროა კულტურული ღონისძიებების საორგანიზაციო მომსახურების შესყიდვების განსახორციელებლად, ოფისის ხარჯების, კომუნალური სერვისების, გასართობი მომსახურებების, სასცენო კოსტიუმებისა და ინსტრუმენტების შესასყიდად, და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნა, რომ ბათუმის კულტურის ცენტრი ყველაზე მეტს ხარჯავს ქალაქში კულტურული ღონისძიებების გამართვაზე და თანხის უდიდეს ნაწილს პირდაპირი ხელშეკრულებებით განკარგავს, რაც კორუფციის დამატებით რისკებს ქმნის.
ორგანიზაციის რეკომენდაციით, მუნიციპალური ხარჯების ოპტიმიზაციის და ეფექტიანი ხარჯვის მიზნით, აუცილებელია, შეძლებისდაგვარად, ქალაქის მიერ დანიშნული ყველა მსგავსი ღონისძიება სწორედ მუნიციპალური ა(ა)იპ-ის რესურსებით გაიმართოს და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გაფორმდეს პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება კომპანიებთან, იურიდიულ პირებთან. გაუგებარია, ა(ა)იპი დამატებით რატომ აცხადებს შესყიდვებს, როდესაც 289 თანამშრომელზე, ყოველთვიურად, თითქმის 200 ათას ლარს გასცემს შრომის ანაზღაურების სახით.
საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, როგორც მუნიციპალიტეტის მერი – ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის დანიშვნის, ასევე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეირჩეს უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი.
41 მილიონი ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა მუნიციპალური პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტებში ვერ ხერხდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, აჭარის მუნიციპალიტეტებმა უახლოეს პერიოდში უნდა შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი გადადგან ნაბიჯები გარკვეული მომსახურებების ტენდერის გზით მიღებაზე – ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს.
ქობულეთის შემოვლით გზაზე ამ დროისთვისაც [16:20] საცობია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მაგისტრალზე ტრაილერი მოცურდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ტრანსპორტის გადაადგილება.
შემოვლით გზაზე ინტენსიური მოძრაობაა, რასაც ნალექიც დაერთო თოვლის სახით. გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
აჭარაში დღეს დილიდან თოვს. ამინდის პროგნოზის მიხედვით, ღამით 3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
იწმინდება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა თოვლისგან და ხომ არ დგას გზის სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრის აუცილებლობა? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით.
დეპარტამენტში ჩვენ ზარს არ უპასუხეს.
ქობულეთის შემოვლით გზაზე საცობია / 20.01.2021
განახლება:საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საღამოს 8 საათისთვის გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქობულეთის შემოვლითი გზა სრულად გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“
„გზის გაწმენდითი სამუშაოები შეფერხდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. 2 ტრაილერის მოცურებამ მოძრაობის შეფერხება და საცობი გამოიწვია, რამაც 2-3 საათის განმავლობაში შეუძელებლი გახადა ადგილზე მობილიზებული ტექნიკის მიერ თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შვიდი წლის წინ დაწყებული ბიზნესი დახურა და თვითგადარჩენის ახალი გზების ძიება დაიწყო. გაიზარდა ბანკებში აღებული სესხის პროცენტი და ყოველდღიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა. როგორ შეიცვალა 33 წლის ქედელი ქალის ცხოვრება პანდემიაში, ამის შესახებ დარეჯან დიასამიძე „ბათუმელებს“ ესაუბრება ზეპირი ისტორიების სერიისთვის – „ადამიანები პანდემიის დროს“.
პანდემიამდე
33 წლის ვარ, ქედის ცენტრში ვცხოვრობ და აქვე ახლოს ტანსაცმლის მაღაზია მქონდა. შვიდი წელია, რაც ამ ბიზნესით ვიყავი დაკავებული. ვაჭრობა იყო და საქმე კარგად მიდიოდა. ეს მაღაზია, ფაქტობრივად, ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. შემდეგ დაიწყო პანდემია. მაღაზიაში ჯერ ადამიანების მიმოსვლა შემცირდა, შემდეგ დაიხურა ყველაფერი და ჩემი მაღაზიაც დავკეტე. ფართობი ნაქირავები მაქვს, 300 ლარს ვიხდი ქირაში. პანდემიის პირველი ტალღის დროს ქირა არ მოუთხოვია მეპატრონეს, მაგრამ ახლა უნდა გადავუხადო. მისი შემოსავალიც ხომ ამ ქირაზეა დამოკიდებული. არ მინდა ფართობის დაკარგვა, ამიტომ ქირას მაინც ვიხდი, მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია დაკეტილია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ უნდა გვეარსება, საჭმელი ხომ უნდა მიგვეტანა ბავშვებისთვის, ამიტომ რამე უნდა მომეფიქრებინა.
ახალი ბიზნესი თვითგადარჩენისთვის
ბანკის ვალი გვაქვს გადასახდელი. სესხი კი გადაგვივადეს, მაგრამ ძალიან ცუდი პირობებით, 400 ლარით მეტის გადახდა მიწევს და ესეც გადავადებული მაქვს.
იძულებული გავხდი, შემოსავლის სხვა გზები მომეძებნა და ბოსტნეულით ვაჭრობა დავიწყე. მანქანა დავაყენე და ხილ-ბოსტნეულით ვვაჭრობ, თავი რომ გავიტანოთ. რა თქმა უნდა, ეს ბევრად რთულია ჩემთვის, ვიდრე მაღაზიაში მუშაობა, რადგან იქ შენობაში ვიყავი, არც მაწვიმდა და მათოვდა, ახლა სიცივეში, გარეთ მიწევს დგომა.
მუშაობას დილის ცხრა საათზე ვიწყებ და საღამოს რვამდე მანქანაზე ვდგავარ. მეუღლე ბათუმში მუშაობს, მეტალოპლასტმასის ცეხში და ვაჭრობაში ვერ მეხმარება. მძიმე ტომრების ზიდვა თითქმის მარტოს მიწევს. რთულია. პროდუქტი გარეთ მაქვს, ტომრები მანქანაზე მიწყვია და ხელით ავიტან-ჩამოვიტან – ვწვალობთ იმიტომ, რომ ბავშვებს მივუტანოთ სახლში საკვები. დანარჩენი – იქნება ეს ბანკის ვალები თუ სხვა გადასახადები, მეორეხარისხოვანი გახდა. მთავარია, ბავშვები გამოვკვებო.
დარეჯან დიასამიძე
ხილს და ბოსტნეულს ბათუმის აგრარულ ბაზარში ვყიდულობ და ქედაში ამომაქვს, თვეში ერთხელ ქუთაისშიც ჩავდივარ და იქედანაც ჩამომაქვს გასაყიდი პროდუქტი.
ჩემი მეუღლის „ცეხშიც“ შემცირებულია მუშაობა, თითო-ოროლა კლიენტი თუ გამოჩნდება, ხალხს ფული არ აქვს და რითი უნდა ჩასვას კარ-ფანჯარა? ერთი პერიოდი საერთოდ დაკეტილი გვქონდა. ვაჭრობა ზოგადად შემცირებულია პანდემიის გამო, ახალი წლის დღეებშიც კი უჭირდათ ადამიანებს პროდუქტების ყიდვა, ვერც კი იგრძნობდი, რომ ახალი წელი დგებოდა.
კოვიდმა ოჯახის წევრი წაგვართვა
პირველი ტალღის დროს არ იყო იმდენი შიში ადამიანებში, მაგრამ როცა სოფლებშიც გამოჩნდა ვირუსი, შევშინდით. ადამიანები სახლში ჩაიკეტნენ, არც ბავშვებს ვუშვებდით გარეთ. ჩემი მამამთილი ვირუსით გარდაიცვალა და ძალიან შევშინდით. ახლაც ძალიან ვიცავ წესებს, რომ ბავშვებს არ მივუტანო ვირუსი სახლში. ეშინია ხალხს, გარეთ ნაკლებად გამოდიან, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურადაც.
რა შეცვალა პანდემიამ ჩემში
შეიცვალა ის, რომ მეტი მუშაობა მომიწია და უფრო მეტად გადავიღალე. სამი შვილი მყავს და ახლა უფრო ნაკლებ დროს ვატარებ შვილებთან, რადგან დილით გამოვდივარ სავაჭროდ და საღამოს მივდივარ. ამის გამო ონლაინგაკვეთილებში ვერ ვეხმარები, თვითონ მეცადინეობენ. მე-7, მე-8 კლასელები არიან და ახერხებენ დამოუკიდებლად მეცადინეობას.
პირველად ძალიან გაუჭირდათ დისტანციურად სწავლა, ახლა მიეჩვიენ, თუცა მაინც უჭირთ სკოლის გარეშე, სკოლაში ყოფნა ურჩევნიათ, ენატრებათ მეგობრები, მასწავლებლები, გარეთ გასვლა. ერთადერთი მათი სასეირნო ადგილი ეზოა. პანდემიის გამო ვფრთხილობთ და შორს ვერ ვუშვებთ.
პანდემია და ბანკების პოლიტიკა
შეეძლოთ პროცენტი არ გაეზარდათ, რადგან ისედაც გვიჭირდა გადახდა. ახლა როგორ გადავიხდით? თუმცა მე ვცდილობ ყველას გავუგო, იმ ბანკებსაც კი, ალბათ მათაც თავიანთი პრობლემები აქვთ.
სახელმწიფოსგან 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია მივიღე ორჯერ, ეს იყო და ეს. მაღალმთიანი რეგიონის სტატუსიც გვეხმარება აქ მცხოვრებ ადამიანებს – არ ვიხდით შუქის და წყლის გადასახადს. ბუნებრივი აირი არ გვაქვს.
ყველაზე რთული მაინც ის არის, რომ ქუჩაში ვაჭრობა მიწევს. ცუდ პირობებში. თოვლი ვაჭრობას კიდევ უფრო შეამცირებს, რა მეშველება არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ისიც დიდი შეღავათია, რომ სახლთან ახლოს ვარ და შორი გზის გავლა არ მიწევს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უკვე 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული.
კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით გაიცემა დაქირავებით დასაქმებულ იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვების გამო.
კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენის ვადა დღეს, 20 იანვარს, იწურება.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება. 2020 წელს 200-ლარიანი კომპენსაცია საქართველოში 161 905-მა პირმა მიიღო.
2021 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის თანახმადაც აკრძალულია თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან ისე, რომ მისი დანახვა შესაძლებელი იყოს სავაჭრო ობიექტში.
კანონის თანახმად თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გაყიდვა ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამის ობიექტში, გამოიწვევს ობიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით – 4 000 ლარის ოდენობით.
დასაშვებია სანთებელას, საფერფლისა და პორტსიგარის განთავსება ხილულად, თუ მათზე არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის სასაქონლო ნიშანი ან და დასახელება. შიდა ხილვადობა ასევე არ არის აკრძალული აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ, ე.წ. „დუთი ფრი“ ზონაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სავაჭრო ობიექტებს მოუწოდებს კანონის აღსრულებისკენ და მიმართავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მკაცრი რეაგირება მოახდინოს ამ ნორმის დარღვევის ყველა შემთხვევაზე.
”მსოფლიო Covid 19-ის ვაქცინების განაწილების პროცესში” კატასტროფული მორალური მარცხის ზღვარზეა ”, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ღებრეისუსმა და დასძინა, რომ ”სამართლიანი ხელმისაწვდომობის დაპირება სერიოზული რისკის ქვეშ არის”.
“ამ დროისთვის ვაქცინის 39 მილიონი დოზა შევიდა სულ ცოტა 49 მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანაში. მხოლოდ 25 დოზა ერგო ერთ ყველაზე დაბალი შემოსავლის ქვეყანას. არა 25 მილიონი, არა 25 ათასი; მხოლოდ 25,” – თქვა ტედროსმა ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე.
გარდიანი წერს რომ გვინეა ერთადერთი დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყანაა, რომელმაც აქამდე ვაქცინის დოზების მცირე რაოდენობა მაინც მიიღო, “გასულ კვირას რუსული ვაქცინა სპუტნიკის დოზა მიიღო მხოლოდ 25-მა ადამიანმა, თავიანთი პრეზიდენტის ჩათვლით” – წერს გარდიანი.
აღმასრულებელი საბჭოს ტედროსმა ასევე აღნიშნა, რომ არასწორია ვხედავდეთ დაბალი რისკის მქონე ადამიანებს მდიდარი ქვეყნებიდან, რომლებიც იცრებიან მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტესი ნაწილს კვლავაც არ აქვს წვდომა აცრაზე, “არასწორია, რომ ახალგაზრდა, უფრო ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანები მდიდარ ქვეყნებში, იცრებიან ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებ მედ მუშაკებსა და ასაკოვან ადამიანებზე უფრო ადრე” – თქვა მან.
“უნდა ვიყო სწორხაზოვანი … კრახის ფასს გადავიხდით სიცოცხლეებითა და მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების საარსებო რესურსებით”.
”საბოლოო ჯამში, ეს ქმედებები მხოლოდ გაახანგრძლივებს პანდემიას, შეზღუდვებს და ასევე, ადამიანურ და ეკონომიკურ ტანჯვას”, – თქვა ტედროსმა.
ჯანმოს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ”ვაქცინის გადანაწილებისას სამართლიანობა არ არის მხოლოდ ზნეობრივი აუცილებლობა, ეს არის სტრატეგიული და ეკონომიკური აუცილებლობა” და მოითხოვა ვაქცინების უფრო სამართლიანი განაწილება მთელ მსოფლიოში.
გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების ვადა 14 თებერვლამდე გახანგრძლივდა.
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 48 ათასზე მეტი ადამიანი.
გერმანული მედიის ცნობით, მთავრობა ზომების კიდევ უფრო გამკაცრებასაც განიხილავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის ან მაღალი დონის დაცვის მქონე ნიღბების ტარების ვალდებულების ჩათვლით.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, კოვიდით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებშია. კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 87 პროცენტი გერმანიაში 70 და მეტი წლის იყო.
სატრანსპორტო საშუალების ძველი კომბინაციის ნომრები 2021 წლის პირველ აპრილამდე უნდა შეიცვალოს. ძველი ნომრების ახალი კომბინაციის ნომრებით შეცვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოში 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. არ შეცვლილა მომსახურების ტარიფი – 72 ლარი. ფასიანი ნომრების შემთხვევაში კი განსხვავებული ტარიფია.
მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები მუშაობს ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს – დილის 09:30 საათიდან 16:30 საათამდე, ხოლო შაბათს – დილის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.
ძველი ნიმუშის ნომრებს იურიდიული ძალა 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე ჰქონდა, თუმცა ეს ვადა 2021 წლის 31 მარტამდე გადაიწია. მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ვადა, სავარაუდოდ, აღარ გადაიწევს.
სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს 72 ლარი დაუჯდება [ბანკის საკომისიოს ჩათვლით]. თუმცა განსხვავებული ტარიფი აქვს ფასიან ნომრებს.
ფასიანი ნომრების შემთხვევაში:
თუ მოქალაქე იმავეფასიან ნომერში გადაცვლის ნომერს, რაც ადრე ჰქონდა გადახდილი, ჯამში ეს პროცედურა 72 ლარი დაუჯდება [ამაში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა]. ანუ, ნომრის საფასურს ხელახლა აღარ იხდის.
თუ უფრო მაღალფასიან ნომერში გადაცვლის, ამ შემთხვევაში სხვაობა რაც იქნება ფასებს შორის, იმ სხვაობას იხდის და ამატებს მხოლოდ ტექპასპორტის შეცვლის 36 ლარს.
სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველა სახის შეზღუდული სერვისი 1-ლი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას.
მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას.
„1-ელ თებერვლამდე კვლავ შეჩერებული იქნება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება (გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე). ასევე, დროებით შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში.
მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით, თანმხლები პირების გარეშე.“ – აღნიშნულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 20 იანვრის 21 საათიდან, ხვალ, 21 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი.
ღამით და დილით სუპტროპიკულ ზონაში თოვლ-ჭყაპი იქნება, მთაში კი კვლავ მოთოვს.
მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.
ხვალ, 21 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: -3 გრადუსი ყინვა –2 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 22-23 იანვარს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
„ნოემბრიდან აღარ გვიმუშავია. „უნივერსამში“, სადაც მე ვვაჭრობ, დაახლოებით 200-მდე ადამიანი მუშაობს. აბსოლუტურად ყველას ბანკის ვალი აქვს, არ გამიგია, ვინმესთვის გადაევადოთ სესხი…“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები მაია მულიარჩუკი. ის ტანსაცმლით 2008 წლიდან ვაჭრობს, პანდემიის გამო კი უმუშევარი დარჩა.
„საიდან გადავიხადო 500 ლარი, ვიქურდო?“ – მოვაჭრე, რომელიც პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა
მაია 26 წლის სტუდენტ შვილთან და 70 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. „ახლა თავს დედაჩემის პენსიით ვირჩენთ,“ – ამბობს ის და ვიწრო სამზარეულოში ძველი, დაზიანებული კარის ჩაკეტვას ხის ჯოხით ცდილობს.
მაიას ოჯახი ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში, ბარაკული ტიპის დასახლებაში ცხოვრობს. ერთსართულიან სახლში მაიას ორი ოთახი აქვს და კიდევ სამზარეულო, სადაც ორი ადამიანი ერთდროულად ვერც კი გაივლის.
მაია მულიარჩუკის სამზარეულო
„დღეს ხარჩო გვქონდა სადილად, ახალი წლიდან მქონდა შემონახული გაყინული ქათმის ბარკლები და იმით გავაკეთე, ხორცი, ხილი და კაი ცხოვრება საღადაა?“ – გაღიმებას ცდილობს მაია და მისაღებში დედას – ნადეჟდას მაცნობს. მოხუცი საწოლთან ჩერდება, მაია კი, ჩინური ვარდის გვერდით ძველ სკამზე ჯდება, რომ მოგვიყვეს, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება პანდემიამ.
„ერთი და იგივეა ყველგან, ყველას უჭირს…“
ვიდრე მუშაობას შევწყვეტდით, არ გვიჭირდა, მივდიოდი სამსახურში და უკან ვბრუნდებოდი საღამოს საკვებით. ნოემბრამდეც ხალხს უჭირდა, ვეღარ შემოდიოდა მაღაზიაში, ყველას დაეტყო გაჭირვება.
მოვაჭრეებს, ყველას ბანკის ვალი გვაქვს. მე 10 ათასი ლარი მქონდა „ვითიბი“ ბანკში, უარი მითხრეს გადავადებაზე და ახლის აღებაზეც. ვალები დამიგროვდა. საქართველოს ბანკმა შემომთავაზა ახალი სესხი და ოქტომბერში ახალი სესხი ავიღე, 4 ათასი დავამატე. ახლა თვეში 500 ლარი მაქვს გადასახდელი, მაგრამ როცა უმუშევარი რჩები, რით გადავიხადო, ვიქურდო?
„ვითიბი“ ბანკისგან სექტემბერში შეტყობინება სესხის გადახდაზე არ მიმიღია. ვიფიქრე, ალბათ, გადამივადეს-მეთქი. კიდევ კარგი, საათ-ნახევარი მქონდა დარჩენილი, როცა ოფიცერს დავურეკე, გადამივადეთ-მეთქი და არაო, სახლიდან ვმუშაობთ და მაგიტომ არ მოგივიდათ შეტყობინებაო. დავტრიალდი და როგორღაც გადავიხადე, შავ სიაში რომ არ მოვხვედრილიყავი.
მერე ეს სესხი ავიღე და როცა უმუშევარი დავრჩით, საქართველოს ბანკის ოფიცერს ავუხსენი, ასეა საქმე, ვეღარ ვვაჭრობთ, თუ გინდათ შეამოწმეთ, დაკეტილია „უნივერსამი“-მეთქი. ეს ბიზნესსესხია და გადავადება თქვენ არ გეხებათო. რანაირადაა ბიზნესსესხი, როცა ეს ბინა ჩადებული მაქვს? ან რომელი ბიზნესმენი მე მნახეს? საცვლებს ვყიდი, კოლგოტკებს, ქოლგებს…
ყველა ტირის. უკვე აღარც კი ვეხმიანებით ერთმანეთს. სულ ერთი და იგივე კითხვებია: როგორ ხარ? რას ჭამ? რამდენჯერ უნდა გავიმეორო, რომ დედაჩემის პენსიით ვირჩენ თავს?
გამოსავალი რომ აღარ გამოჩნდა, სადარბაზოსთან დავიწყე ვაჭრობა
აღარ ვიცოდი რა მექნა. პენსიის ფული როგორ გინდა იკმარო, როცა სახლში ამდენი რამ გინდა? ადრე, როცა ვმუშაობდი, თვეში დაახლოებით 1000 ლარამდე გამომდიოდა, ბანკის ფულსაც ვიხდიდი, კომუნალურებსაც და კიდევ დედაჩემის პენსია.
მაია მულიარჩუკი დედასთან ერთად
ავდექი და სადარბაზოსთან გავიტანე ჩემი პროდუქტები, გარემოვაჭრე გავხდი… მეზობლები დამეხმარნენ, ზოგმა რა იყიდა, ზოგმა – რა, ნისიად წაიღეს ნახევარი, მაგრამ მომცეს ფული წინასაახალწლოდ. აქ ვვაჭრობდი და „უნივერსამში“ გადასახადი გადაგვახდევინეს მაინც – 30 ლარი. ეს დაცვის და შუქის ფულიო. ჩვენ იქ არ გვიმუშავია და…
ვიცოდით, რომ 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეგვეძლებოდა მუშაობა, მაგრამ 24-ში რომ გავიხსენით, 25-ში დილით დაგვხურეს, ყველას ამის იმედი ჰქონდა.
ახლაც გვეუბნებიან, პირველი თებერვლიდან იმუშავებთო, მაგრამ ვინ იცის, რა იქნება? ალბათ ისევ გაგვხსნიან და მეორე დღეს დაგვხურავენ. 25 დეკემბერს აქციაც მოვაწყეთ ქალებმა, მაგრამ მოგვისმინა ვინმემ? არავინ გამოგვხმაურებია, არც სასურსათო კალათა მიუტანეს ვინმეს…
მე კი არა, აგერ, ჩემი კედლის იქეთ 92 წლის ქალი ცხოვრობს და იმასაც არ მიუტანეს, ყველა უმუშევარია მაქ. სომხები არიან და მე დამარეკინეს მერიაში, თუ სადღაც, შენ ქართულად დაელაპარაკებიო, დაველაპარაკე, მაგრამ არაფერი.
მეც მინდოდა სასურსათო კალათა, მაგრამ ვინ მომიტანს?
ჩემი შვილი არ მუშაობს, სტუდენტია. საზღვაო აკადემიაში სწავლობს. ჯერ ბიზნესის ადმინისტრირებაზე იყო რობაქიძეში, მაგრამ ეგ არაა ჩემი საქმეო და საზღვაოში გადმოვიდა. წავა ზღვაში, აბა, რას იზამს? ამდენი ისწავლა… წელიწადში 2500 ლარია გადასახდელი, მაგრამ წელს არ გადაგვიხდია, ეს გადაგვივადეს, კი.
სოციალურ დახმარებას არ ვიღებთ. არ ვიცი, რა ნახეს. აქ 1999 წლიდან ვცხოვრობთ, მას შემდეგ რემონტი არ გაგვიკეთებია, არაფერზე გვიხლია ხელი. ისედაც ბოლო წლებია სულ ამბობენ, ინვესტორი მოვაო, მაგრამ ინვესტორები მოდიან და გარბიან, რა აშინებთ, არ ვიცი. ეს ბარაკი ბარაკად რჩება“.
ვეხვეწებოდი სასწრაფოს გადამიყვანეთ-მეთქი, მაგრამ არავინ მოვიდა
21 ნოემბერს უკვე გამიჭირდა ადგომა. მივხვდი, ვერ იყო საქმე კარგად. სიცხე მქონდა. სასწრაფოში დავრეკე და დახმარება ვითხოვე, მაგრამ არავინ მოვიდა… მეორე დღეს დედაჩემსაც ჰქონდა სიცხე. ჩემმა შვილმა მანამდე გადაიტანა კორონავირუსი მსუბუქად.
23-ში ჩემი ფეხით მივედი და გავიკეთე ტესტი. მითხრეს, რომ კორონავირუსი მქონდა. გამაფრთხილეს, გაემზადეთ და გადაგიყვანთო. სულ ვკანკალებდი, არ ვიცი, როგორ ჩავალაგე ჩემი ბარგი… მთელი ღამე ველოდი, რომ მოვიდოდნენ, მაგრამ არავინ გამოჩნდა.
სასწრაფოში ვრეკავდი და ვიხვეწებოდი, მე მაინც გადამიყვანეთ, დედაჩემი ასაკშია და საფრთხეა-მეთქი, მაგრამ არაფერი. ეტყობა, ჩემი გვარის გამო იფიქრეს, ეს უკრაინელია მაინც, ჩამოსულია და არაფერი უჭირსო.
მხოლოდ ოჯახის ექიმი მირეკავდა. ასე დალიე, ისე დალიეო, მასწავლიდა, D ვიტამინი, მერე C ვიტამინიო და რაღაცნაირად გადავრჩით.
საშინელებაა, როცა არ იცი, რა გელის
ახლა ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ისევ არ ვიცით, როდის რა იქნება. ამას გარდა, „უნივერსამის“ ადგილზეც სავაჭრო ცენტრი აღარ იქნება, ჯავახიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების კუთხეში გვიპირებენ გადაყვანას. „უნივერსამში“ იჯარის თანხას თვეში – 210 ლარს ვიხდი, ახალ ცენტრში კი, კვადრატული 30 დოლარიო. დოლარი რატომაა? ამერიკაში ვცხოვრობთ? ესაა ჩვენი ვალუტა?
წავალ და სხვაგანაც ვიკითხავ, იქნებ, არის რამე გამოსავალი.
ყველაზე მეტად სიმართლე მიყვარს, ამის გამო ვერ მიტანენ, მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად. ყველას ვესარჩლები და სულ კითხვებს ვსვამ. მგონი, ზოგიერთს მაინც ვუყვარვარ, ასე ვატყობ.
ასეთი რომ ვარ, ამიტომაც არ მიგრძვნია, თორემ ისე სულაა საქართველოში სხვა ეროვნების ადამიანების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება. მე აქ დავიბადე და გავიზარდე, ბათუმელი ვარ, აჭარელი. დედაჩემი 18 წლის იყო, როცა უკრაინიდან საქართველოში გამოთხოვილა. მამაჩემი აქ დაბადებული უკრაინელი იყო. ის უკვე ცოცხალი აღარაა.
მე უმაღლესში არ მისწავლია. სკოლა დავასრულე თუ არა, გავთხოვდი. მერე შვილი, სამსახური და ასე, სულ შრომაში ვარ, რომ თავი გავიტანოთ.
ახლა პირველი რიგის საფიქრალი საკვების თანხაა. ისეთი პროდუქტები უნდა ვიყოდო, რომ პენსია თვიდან თვემდე გვეყოს სამ სულს. კომუნალურებიც გადასახდელია. შუქის ფული თვეში დაახლოებით 35 ლარი გამოდის, გაზი – 30-მდეა.
ჩემი ნაძვის ხე წელს ეს ჩინური ვარდი იყო, ოთახშიც ხარობს, ულამაზესი წითელი ყვავილები ჰქონდა… საახალწლოდ კი, ხელოვნური, წითელი ვაშლები შევაბი.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბულვარში ხეების დაზიანების საშიშროება არ არის, იმ შემთხვევაში კი, თუ თოვლის საფარი მოიმატებს, ხეებს დაბერტყავენ.
„მობილიზებულია ოთხმოცი მუშა და თუ საჭირო იქნება, ხეებს დავბერტყავთ. ამ დროისთვის ამის საჭიროება არ არის, ბულვარში სიმშვიდეა“, – გვითხრა ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯინჭარაძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში ხვალ, 20 იანვარსაც ითოვებს.
დღეს, 19 იანვარს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ნათლისღების წირვაზე კორონავირუსის ვაქციანაციასთან დაკავშირებითაც იქადაგა. ეპისკოპოსის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა.
„მოგეხსენებათ როგორ მძვინვარებს ეს პანდემია. დღე არ გავა ისე, რომ ვიღაც ნაცნობი, ახლობელი ან შინაური არ გაიხმოს უფალმა ამ მძიმე სენისგან დასნებოვნებული. სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, პატრიარქიც კი… იცით თქვენ, რამდენიმე ხნის წინ მიწას მიაბარეს, სერბეთის პატრიარქი“, – უთხრა მრევლს ქადაგებისას ეპისკოპოსმა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში.
მისივე თქმით, ეპიდემიის და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება აქამდეც „ვაქცინაცია იყო“.
„მინდა, გითხრათ, რომ მთელი საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს, ბიბლია გვასწავლის გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება.
რამდენიმე ხნის წინ, საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე, საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო ნასა-ში მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის. ის ამბობს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში, რელიგიის კუთხით, არ არსებობსო. მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით ასეც იქნება“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მეუფე დიმიტრის თქმით, კორონავირუსისგან თავის დაღწევა სწორედ ვაქცინაცითაა შესაძლებელი.
___
კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ანტივაქსერულ კამპანიაში, ხშირ შემთხვევაში, რელიგიური პირებიც მონაწილეობენ, მათ შორის საქართველოშიც.
აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდულ მინდვრის საფარს დააგებენ. ჰიბრიდულ მინდვრის საფარს სტადიონზე ბრიტანული კომპანია SISPITCHES მოაწყობს. საფარის მოდერნიზებას კი, სტადიონის მშენებელი კომპანია „ანაგი“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.
„სტადიონის მშენებლობა განხორციელდა იმ საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც წარმოდგენილი იქნა კომპანია „ანაგის“ წინაშე, თუმცა ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც არის მაღალი ნალექი, მაღალი ტენიანობა, ასევე იმ ფაქტორის ჩათვლით, რომ სტადიონი არის ნახევრად გადახურული, ბრიტანულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან კომუნიკაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სტადიონზე მოეწყოს სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია, რასაც ქვია ჰიბრიდული საფარი, რომელიც ბუნებრივ საფართან ერთად უზრუნველყოფს სტადიონის მუდმივ მზადყოფნას ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად“, – აცხადებენ კომპანია „ანაგში“
აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განცხადებით კი, „ბათუმის სტადიონი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სტადიონი იქნება, ბაქოს ახალ ოლიმპიურ სტადიონთან ერთად, რომელსაც პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება. საერთაშორისო ბრენდ SISPITCHES-ს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის, ბარსელონას „კამპ ნოუს“ და მილანის „სან სიროს“ სტადიონები. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 სტადიონის მინდორი ჰიბრიდული საფარით სწორედ SISPITCHES-მა მოაწყო“.
ამავე კომპანიის [ყოფილი შპს „სტადიონი“] ინფორმაციით, „მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს“.
აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზაფხულზე ბათუმის სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს. 2023 წელს კი, სტადიონზე 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი უნდა გაიმართოს.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების [ხელოვნური მზე] შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიას ტენდერი აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 640 000 ლარია. ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
ბათუმის „დინამომ“ ახალ სტადიონზე 21 და 26 ნოემბერს „დილას“ და „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. ამ თამაშების შემდეგ კი მინდვრის საფარი დაზიანდა, რის გამოც „დინამომ“ სტადიონზე მესამე შეხვედრა ვეღარ გამართა. თუმცა, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ „ბათუმელებთან“ მაშინ განაცხადა, რომ მორიგი მატჩის ვერჩატარება მინდვრის საფარს არ უკავშირდებოდა.
პოზიტიური მოლოდინი არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში მორიგ არჩევნებზე სამზადისს დაიწყებს. ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ წინა არჩევნებზე დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯის შემდეგ, მიღწევის შენარჩუნება შესაძლებელია. იურისტი ნიკა სიმონიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ახალი თავმჯდომარეა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.
ნიკა, რა გამოცდილებით დაიკავეთ საია-ს თავმჯდომარის პოსტი?
საიაში ჩემი საქმიანობა დაიწყო 2013 წელს, მაშინ სამართალმცოდნეობაზე ვსწავლობდი და საია-ს სტაჟიორი გავხდი. მეოთხე კურსზე ახალი გადასული ვიყავი, როცა საია-ში მუშაობის დაწყების შანსი მომეცა – იურიდიული დახმარების ცენტრში იურისტ-კონსულტანტად ამიყვანეს. შემდეგ გავხდი ადვოკატი და უკვე პრაქტიკულ საქმეებში წარმოვადგენდი საიას, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე.
2017 წელს მუშაობა დავიწყე საქართველოს პარლამენტის აპარატში საკანონმდებლო საკითხებზე, აპარატის თანამშრომელი ვიყავი და რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაში მივიღე მონაწილეობა, მათ შორის, ბავშვთა უფლებების კანონმდებლობა, შშმ პირთათვის გარემოს ადაპტირებასთან დაკავშირებული საკითხების რეფორმა… 2018 წლის აგვისტოდან ისევ საია-ში დავბრუნდი.
რატომ დაუბრუნდი ისევ საია-ს?
მე კარგი გამოცდილება მივიღე პარლამენტში. ვიფიქრე, რომ იმ ორგანიზაციაში გამომეყენებინა ეს ცოდნა, რომელთანაც ასე ბევრი რამ მაკავშირებდა, აქ ჩამოვყალიბდი მე იურისტად. ამ ეტაპიდან გავხდი საია-ს საპარლამენტო მდივანი, შემდეგ კი, ვმუშაობდი მედიის სამართლებრივი დახმარების კუთხით.
რას ნიშნავს საია თქვენთვის, რა უნდა იყოს მისი როლი?
როგორც იურისტისთვის, ესაა ორგანიზაცია, რომელმაც გამზარდა როგორც იურისტი და მომცა ადამიანებისთვის დახმარების შესაძლებლობა. როგორც მოქალაქე, ვხედავ, რომ ეს არის პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც 26 წლის წინ დაიწყო საქმიანობა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არასამთავრობო ორგანიზაციად ითვლება.
ვფიქრობ, დიდი გავლენის მოხდენა შეგვიძლია როგორც პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დღის წესრიგის განმსაზღვრელია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ვისთანაც ჩვენ ვართ ჯანსაღ კონკურენციაში და გვაქვს საერთო მიზნები. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ამ მიზნის მიღწევა.
თქვენი აზრით, რა უნდა შეცვალოს მესამე სექტორმა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით? რამდენად ახერხებენ ცალკეული ჯგუფები იმის მტკიცებას, რომ თქვენ საზოგადოების ინტერესს კი არა, კონკრეტულ დაკვეთებს ასრულებთ?
მესამე სექტორზე ასეთი დისკრედიტაციის მცდელობები დიდი ხანია ხდება და ეს არაა ახალი. ეს არც ამ ხელისუფლების პირობებში არ დაწყებულა. ზოგჯერ ჩვენს კრიტიკას იზიარებს ხელისუფლება, მაგრამ ხშირად, როცა სათანადო არგუმენტი არ აქვთ, ვიღებთ ასეთ უკუკავშირს, რომ თურმე საფრთხის მომტანი ვართ. ჩვენ ვხდებით, როგორც ხელისუფლების, ასევე ხელისუფლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ჯგუფის სამიზნე.
პირველ რიგში, მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ჯანსაღი კრიტიკა და ამას არაფერი აქვს საერთო მადისკრედიტებელ ინფორმაციასთან, რასაც ჩვენ შესახებ ავრცელებენ.
აქამდე თქვენ ძირითადად მუშაობდით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე, მათ შორის, საარჩევნო დავებზე. თქვენი შეფასებით, რა არის არსებითი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ ვერ ვიღებთ სამართლიან არჩევნებს?
რამდენიმე ფაქტორია. პირველი პრობლემაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს რეგულაციები, რომელიც, სამწუხაროდ, რეგულაციებად რჩება და პრაქტიკული აღსრულება ვერ ჰპოვეს, მაგალითად, ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე რეაგირება არის ძალიან დაბალი. იშვიათად შეიძლება შევხვდეთ ეფექტიან რეაგირებას მსგავს საკითხებზე. მესამე არის პროცედურული საკითხები, ანუ უფრო პრაქტიკული საკითხები, მაგალითად, ცუდად შედგენილი ოქმები საარჩევნო უბნებზე.
რა იყო 2020 წლის არჩევნები თქვენთვის? თქვენი დაკვირვებით, რამ გამოიწვია ამდენი დისბალანსი ოქმებში?
2020 წლის არჩევნებზე მე, ძირითადად, მედიის სამართლებრივი დახმარების საკითხებზე ვმუშაობდი. თუმცა, რა თქმა უნდა, ამდენი დარღვევა ერთბაშად არ მინახავს. ნაკლებად მოველოდი ამდენ დისბალანს და მეტობებს ოქმებში… ჩვენ უნდა დავხვდეთ ამ ყველაფერს მყარად და შემართებით. 2021 წლის არჩევნები იქნება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არჩევნები გვიჩვენებს, რამდენად შევძლებთ უკან გადადგმული ნაბიჯიდან ისევ დავუბრუნდეთ მანამდე არსებულ მაჩვენებელს.
რამდენად გართულდა ახლა ეს ბრძოლა იმ ფონზე, როცა ოპოზიცია ისევ ქუჩაშია და გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი?
გამიჭირდება პასუხის გაცემა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ რთული ფონის კვალდაკვალ, რაც მოგვიტანა პოლიტიკურმა სიტუაციამ და პანდემიამ, სწორი ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ მეტი მუშაობა მოგვიწევს. ალბათ ისევ შევხდებით პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში… ჩვენ უნდა დავხვდეთ ამ ყველაფერს მყარად და ბოლომდე შემართებით.
რა იქნება საია-ს პრიორიტეტი?
საიას პრიორიტეტი იქნება შიდაორგანიზაციული მართვის რეფორმა, რაც სამი წლის წინ დავიწყეთ. ეს საკითხი უნდა გავაგრძელოთ, რომ უფრო მეტად დაიხვეწოს შიდა ორგანიზაციული მართვა: თუ ჩვენ ეფექტურად ვმართავთ შიდა პროცესებს, საბოლოოდ უფრო ეფექტურად ვმართავთ პროცესებს გარეთ.
ჩვენ გვაქვს ტრადიციული მიმართულებები, რაზეც მუშაობას განვაგრძობთ. გვექნება ახალი საკითხებიც, მაგალითად, პროკურატურის რეფორმის საკითხები, რაც ვალდებულებად აქვს აღებული ქვეყანას. ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ გვაქვს კონკრეტული ხარვეზები, მაგრამ ამ დრომდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. ასევე მინდა გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება, კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ თანასწორობის საკითხები და მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა.
საქართველოს მთავრობამ გასული წლის მაისში განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავდა. დაიწყება თუ არა მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში 2021 წელს, ამ დრომდე უცნობია.
„ზუსტდება ის არეალები, სადაც წელს სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. ამიტომ, კონკრეტული რეგიონები ჯერ არ ვიცით“, – გვითხრეს იუსტიციის სამინისტროში. თითქმის იგივე უთხრეს „ბათუმელებს“ საჯარო რეესტრშიც.
მიწის სისტემური რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწის აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ეს ყველაფერი კი მოქალაქეებისთვის არის უფასო.
რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე იმ ადგილების დაზუსტება, სადაც სისტემური რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო? „ჯერ ზუსტდება ბიუჯეტი და შემდეგ არეალები. ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა“, – გვითხრეს იუსტიციაში.
საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში იმ კოდით, რომელიც მიწის სისტემურ რეგისტრაციასაც გულისხმობდა, 15 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა დამტკიცებულ ბიუჯეტში ეს თანხა 5 მილიონამდეა შემცირებული.
შესაბამისად, 2021 წელს „მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობა და საჯარო რეესტრის მომსახურებათა განვითარება/ხელმისაწვდომობისთვის“ ქვეყნის ბიუჯეტში 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
განმარტებაში მხოლოდ ისაა მითითებული, რომ მოხდება ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია.
პირველ ეტაპზე, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი 2020 წლის ზაფხულში რამდენიმე მთიან დასახლებაში დაიწყო.
ამ პროექტის ფარგლებში, მაგალითად, სისტემური რეგისტრაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში 2020 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ბოლო მონაცემებით, იუსტიციის სამინისტრომ ეს ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე გადაწია.
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მთავრობამ 2016 წლის ზაფხულშიც დაიწყო 12 დასახლებაში, როგორც საპილოტე პროექტი. ეს პროექტი 2018 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა დასრულებულიყო. დღემდე არ დამთავრებულა.
ერთ-ერთი ამ 12 დასახლებიდან დაბა შუახევია, სადაც რამდენიმე ნაკვეთზე საკუთრების აღიარების პროცესი ბოლომდე მიყვანილი არ არის.
„პრობლემა პანდემიის გამო გადაადგილებასა და ნოტარიუსთა მუშაობაში შეზღუდვებმა გამოიწვია. შუახევში კი ნოტარიუსი არ არის, რის გამოც გარკვეული დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმება ვერ მოხერხდა“, – გვითხრეს შუახევის მერიაში.
განათლების მინისტრის 18 იანვრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ცვლილების მიხედვით, ის მოსწავლეები, რომლებიც პანდემიის გამო ვერ ერთვებიან ან სემესტრის 1/3-ზე მეტი ხნით ვერ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში, პირველ სემესტრში მინიმუმ ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე შეფასდებიან.
„თუ მოსწავლეს დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლამდე მიღებული აქვს შეფასება, სემესტრული ქულა გამოითვლება ამ ქულის ან ქულების და შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულის საშუალო არითმეტიკულით“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.
ამავე ბრძანების მიხედვით, ასეთი მოსწავლეებისთვის სკოლამ უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური საკონსულტაციო საათების დანიშვნა/ჩატარება საჭიროებისამებრ დისტანციურად ან ფიზიკურად (მათ შორის სკოლის ტერიტორიაზე), შესაბამისი წესების დაცვით.
„კომპლექსური დავალების წარდგენა და მოსწავლის შეფასება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მეორე სემესტრის პირველი კვირის ბოლომდე დისტანციურად ან ფიზიკურად. სასურველია, სკოლამ მსგავსი პრობლემების მქონე მოსწავლეებს მეორე სემესტრში ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობები ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლის მიზნით“, – წერია ბრძანებაში.
ამავე ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის 1/3-ზე მეტი დისტანციური სწავლების ფორმით მიმდინარეობდა, სკოლას უფლება აქვს შეამციროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა, რაც უნდა აისახოს სასკოლო სასწავლო გეგმაში.
„ამ შემთხვევაში, შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა დაემთხვევა სემესტრის განმავლობაში ნასწავლი თემების რაოდენობას“, – წერს მინისტრი.
სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს: პირველი სემესტრის შეფასების შემთხვევაში – მეორე სემესტრის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის შემთხვევაში – სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.
„დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული“, – წერია ბრძანებაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა ინიშნება მეორე სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სემესტრული გამოცდა – სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
ამავე ბრძანების მიხედვით, განისაზღვრა საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების და სექტორების დაწყებითი საფეხურისთვის.
ახალი საათობრივი ბადე ქართულენოვანი სკოლებისთვისახალი საათობრივი ბადე ქართულენოვანი სკოლებისთვის
ამავე ბრძანებაში შენიშვნის სახით წერია, რომ – „II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 1-საათიანი კვირეული დატვირთვით სკოლებს შეუძლიათ დაიმატონ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, ხოლო 2021-2022 სასწავლო წლიდან საგანი ხდება სავალდებულო.“
პირველი სემესტრი სკოლებში 2020 წლის 31 დეკემბერს დასრულდა, მეორე სემესტრი კი 2021 წლის 18 იანვარს დაიწყო, ამ დროისთვის კი, როგორც სამინისტროში აცხადებდნენ, მოსწავლეების შეფასება უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, მინისტრის ბრძანება, რომელიც მოსწავლეების შეფასების წესს განსაზღვრავს, მხოლოდ გუშინ გამოქვეყნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც „TV პირველის“ ოპერატორებს მიკროფონი წაართვეს. შემთხვევა დღეს მოხდა თბილისში და ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულებს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორებს: 1999 წელს დაბადებულ გ.შ.-სა და 1999 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს „TV პირველის” კუთვნილი მიკროფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ ორი პირი – 1993 წელს დაბადებული ფ.მ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავა“, – აცხადებს შსს.
გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით მიმდინარეობს და გულისხმობს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს, დაბლობში კი – 10-15 სანტიმეტრს.
როგორც ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის თოვლს პრობლემები არ გამოუწვევია მუნიციპალიტეტში.
„ელექტროენერგია მიეწოდება სოფლებს და გადაადგილებაც შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით,“- ამბობს ხულოს მერი.
მისივე თქმით, დღეს ხულოში დაიწყება შიდასასოფლო გზების გაწმენდა და ასევე, გზების გაწმენდა ღორჯომი-დიდაჭარისა და გოდერძის მიმართულებით.
რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ თოვლის საფარი შედარებით დაბალია – 20-30 სანტიმეტრი დაბაში, მაღალმთიან სოფლებში კი – 50 სმ.
როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, თოვლს პრობლემები არ გამოუწვევია.
ხულოში თოვლის საფარი 60 სმ-ს აღწევს
„სინოპტიკოსების ინფორმაციით, თოვა მაღალმთიან სოფლებში დღესაც გაგრძელდება. თუმცა, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია.
ადმინისტრაციულ ერთეულებამდე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს წმენდს თოვლისგან, ამ დროისთვის სამუშაოები ხეობების მიმართულებით მიმდინარეობს. მუშაობს 13 ერთეული ტექნიკა,“ – აცხადებენ შუახევის მერიაში.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მეწყრული პროცესები მუნიციპალიტეტში არ გამოვლენილა.
„ამ წამლის გარეშე ცუდად გრძნობს თავს, კანკალი დაეწყება, გადაადგილებას ვერ შეძლებს, სხეული ჩაეკეტება. სამი დღის წინ უკვე ვეღარ ვიშოვეთ ვერც ერთ აფთიაქში, მარტო ბათუმში არა, რეგიონებში და თბილისშიც ვეძებეთ,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ქალი, ვისი 74 წლის დედაც პარკინსონითაა დაავადებული.
ქალის თქმით, მისი დედა ამ მედიკამენტს დღეში სამჯერ იღებს. წამალს რეცეპტით ყიდულობენ, ამიტომ ვერც თურქეთიდან შემოტანა მოახერხეს.
მოქალაქემ ვერ მიიღო პასუხი ვერც ერთი უწყებიდან, რატომ აღარ იშოვება აფთიაქებში მედიკამენტი, რომელსაც მისი დედა დაახლოებით ბოლო 10 წელია იღებს? ქალი ამბობს, რომ მედიკამენტ „ციკლოდოლს“ თუ დროზე ვერ იშოვის, მისი დედა დაიღუპება.
ფსიქოტროპული მედიკამენტ „ციკლოდოლს“ ლატვიური კომპანია „გრინდექსი“ აწარმოებს. ამ კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, ნათია კიკვაძე ამბობს, რომ პრობლემას სახელმწიფოს მიერ დადგენილი კვოტა ქმნის.
„მაგალითად, 2019 წელს შემოვიტანეთ 80 ათასი კოლოფი, მაშინ არ იყო კვოტა დადგენილი ამ მედიკამენტზე. გასულ წელს დაგვიდგინეს კვოტა და დაახლოებით 50 ათასი კოლოფის შემოტანის უფლება მოგვცეს… აგვისტოში გვითხრეს დისტრიბუტორებმა, რომ მოთხოვნა უკვე იყო, მაგრამ ჩვენ დამატებით მედიკამენტის შემოტანის შესაძლებლობა აღარ მოგვეცა.
როგორც გვითხრეს, ახლა ხელახლა დაიანგარიშებენ კვოტებს, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ჩვენთან არაფერი განუმარტავს სამინისტროს, რატომ დააწესეს ეს კვოტა და თანაც ასე, შეზღუდული ოდენობით,“ – უთხრა „გრინდექსის“ წარმომადგენელმა, ნათია კიკვაძემ „ბათუმელებს“.
„ამ მედიკამენტის გარეშე კუნთები დაჭიმული რჩება ადამიანს, ვერ გადაადგილდება, ეს არის ერთადერთი ნივთიერება, რომელსაც შეუძლია პრობლემა დროებით მოხსნას. ამ დროს პაციენტს თვითმოვლის პრობლემაც შეექმნება, ასევე შესაძლოა იყოს სხვა გართულებაც – ყლაპვასთან და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებიც,“ – გვიყვება ექიმი-ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე. მისი თქმით, ხშირად იქმნება პრობლემა სხვადასხვა მედიკამენტის გამო, რაც მისთვის გაუგებარია.
„როგორც ჩანს, რაღაცას ვერ ითვლიან, თორემ ყველაფერი არის მეტ-ნაკლებად დათვლადი, ეს არის ფსიქოტროპული მედიკამენტი და გასაგებია, რომ მარტივი რეცეპტით მასზე წვდომა არავის აქვს, არსებობს ბარიერი, მაგრამ თუ შენ სხვა რამეს ვერ აკონტროლებ, ამის გამო პარკინსონით დაავადებული ადამიანი დააყენო რისკის წინაშე, ეს არაა სწორი,“ – ამბობს ჯამბულ მაკარაძე.
ექიმი განმარტავს, რომ ციკლოდოლი არ არის პირველი რიგის პრეპარატი პარკინსონზე მკურნალობის დროს, თუმცა რიგ შემთხვევაში, მისი მიღება აუცილებელია.
„რაცაა მისი შემცველი, ის კიდევ უფრო დეფიციტურია… ყველა დაავადებულს ეს არ სჭირდება, მაგრამ ვისაც დანიშნული აქვს, მისთვის ეს აუცილებელია,“ – დასძენს ჯამბულ მაკარაძე.
ამ ექიმის თქმით, პარკინსონით დაავადებულებს მიეწოდებათ მედიკამენტები „ლეოკომი“ და „ნაოკომი“. ამ მედიკამენტების შეძენაც გასულ წელს პრობლემა იყო.
„ეს უფრო გავრცელებული მედიკამენტებია და ბევრი მიკავშირდებოდა, რომ ვერ ყიდულობდნენ დანიშნულ წამალს. შემდეგ „ლეოკომი“ შემოვიდა უკრაინიდან და ჩაანაცვლა „ნაოკომი,“ ახლა ეს პრობლემა აღარ მესმის პაციენტებისგან. „ციკლოდოლზე“ რამდენიმემ უკვე მომმართა,“ – გვიპასუხა ექიმმა.
რატომ დაწესდა კვოტა იმ ფორმით, რომ პაციენტი საჭირო მედიკამენტს ვერ იღებს? – კითხვით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. უწყებაში გუშინ, სამუშაო დღის ბოლოს გვითხრეს, რომ კითხვას სამედიცინო რეგულირების სააგენტომ უნდა უპასუხოს. სააგენტოს პასუხს ჩვენ მიღებისთანავე გაგაცნობთ.
____
ამავე თემაზე:
გასული წლის ბოლოს იმავე პრობლემაზე მოგვწერა 15 წლის ბიჭმა ქობულეთიდან. გორჯელაძეები მაშინ იმაზე წუხდნენ, რომ პარკინსონით დაავადებული ოჯახის წევრისთვის მედიკამენტ „ლევოკომს“ აგვისტოს თვიდან ვეღარ იღებდნენ.
„დაახლოებით 2 ათასი ტონაა დარჩენილი სარეალიზაციო. ეს არის ძირითადად ის მანდარინი, რომელსაც მეციტრუსე ინახავს და გვიან ყიდის, მანდარინი რეალიზება მილევის პიკზეა,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი. მას რეგიონში ციტრუსის რეალიზების პრობლემებზე ვესაუბრეთ. მეციტრუსეების თქმით, სეზონი ჩავარდა, რადგან სტანდარტული მანდარინი, წინა წლებისგან განსხვავებით, 80 თეთრადაც ვერ გაყიდეს.
ქობულეთელი ფერმერების თქმით, სეზონის დასაწყისში მანდარინი საშუალოდ 80 თეთრად იყიდებოდა, თუმცა მალევე ციტრუსის რეალიზების პრობლემა შეიქმნა – ექსპორტიორები საერთოდ აღარ ჩნდებიან. მეციტრუსეების თქმით, ექსპორტიორები სოფლებში ახალი წლის დღეებში ისევ გამოჩნდნენ, თუმცა ამჯერად პრობლემა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე თოვლის საფარი გახდა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით კი, წელს რეგიონში ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი იყო 40 ათასი ტონა, აქედან 35 500 ათასი ტონა უკვე ექსპორტირებულია. სამინისტროს მონაცემებით, ციტრუსის რეალიზება პრობლემა კი არაა, არამედ მანდარინი უკვე დეფიციტური პროდუქტია.
„არ ჩავარდნილა სეზონი, შარშან, 18 იანვრის მდგომარეობით, ექსპორტირებული იყო 29 ათასი ტონა ციტრუსი, წელს – 35 500… გეთანხმებით, რომ ფასის ვარდნა იყო 60 თეთრამდე წინასაახალწლოდ, მაგრამ ახლა იხდიან 70 თეთრს. რაც შეეხება რუსეთს, აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა, რა თქმა უნდა, შეფერხებაა, მაგრამ შესაძლებელია ციტრუსის ბორნით გადატანაც. გარკვეული პერიოდულობით ბორნითაც გადააქვთ ტვირთი. ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ გზამ შექმნა პრობლემა და მანდარინის რეალიზების პრობლემაა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სულხან მოწყობილმა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ვკითხეთ იმაზეც, რომ, მაგალითად, წელს ციტრუსის საწარმო, წინა წლებისგან განსხვავებით, სტანდარტულ მანდარინს აღარ იღებდა.
„ეს კონკრეტული ბიზნესის გადასაწყვეტია, მათ აამოქმედეს არასტანდარტულის ხაზი, ისინი თვითონ წყვეტენ, რა ამუშაონ და რა – არა“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ.
არასტანდარტულ მანდარინში მეციტრუსეს 20 თეთრს უხდიან, აქედან 10 თეთრი სახელმწიფოს სუბსიდიაა. „ბათუმელებს“ ფერმერები ესაუბრნენ, რომ რამდენიმე დღე უწევთ ლოდინი იმისთვის, რომ საწარმოს არასტანდარტული მანდარინი ჩააბარონ.
„იქ მხოლოდ 50-60 მანქანა დგას რიგში, რაც ლოგიკურია,“- არც ამ პრობლემას აღიარებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და მიიჩნევს, რომ ციტრუსის სეზონი წელსაც წარმატებული იყო.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის პანდემია, რომელიც არის მთელს მსოფლიოში. ამ დიდ პრობლემას თუ გავითვალისწინებთ, აქ არის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მეზობელ ქვეყნებშიც არის, ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იყო, ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რომ მანდარინის რეალიზებისთვის ხელი შეგვეწყო,“ – გვითხრა სულხან მოწყობილმა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარედაკვირვება ვერ გაიარა გარედაკვირვებაზე დარეგისტრირებულმა 82-მა მასწავლებელმა. გარედაკვირვების გავლა აუცილებელი აქტივობაა იმისთვის, რომ პედაგოგმა სტატუსი აიმაღლოს.
გასულ წელს გარედაკვირვებაზე საჯარო სკოლის 2 999 მასწავლებელი დარეგისტრირდა, თუმცა გარედაკვირვება მხოლოდ 2778-მა პედაგოგმა გაიარა, დისტანციურად საჯარო სკოლის 1868 მასწავლებელმა, პირისპირ კი – 992-მა მასწავლებელმა.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს:
გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილისშემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.
ცენტრის განმარტებით, სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.
ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის იანვრისთვის უფროსის სტატუსი 500-მა მაძიებელმა პედაგოგმა მიიღო, წამყვანის სტატუსი კი – 2900-მა უფროსმა მასწავლებელმა.
უფროს მასწავლებელს საათობრივ ანაზღაურებაზე დაემატება სტატუსისთვის განკუთვნილი 470 ლარი, წამყვან მასწავლებელს კი – 850 ლარი. მენტორი მასწავლებლისთვის სტატუსის დანამატი 1150 ლარია.
ბათუმის მერიამ ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტი 2016 წელს შეისყიდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ხიდზე ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ პერიოდში კი, აუცილებელი გახდა ცვლილებების შეტანა პროექტშიც. მერიამ ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა, უშედეგოდ.
ბარცხანის ხიდი / 16.01.2021
„ხიდის არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ძალზე კვალიფიციურობას მოითხოვს“, – აღნიშნული იყო სატენდერო დოკუმენტებში.
ხიდის რეაბილიტაციას მერია თავიდან 778 140 ლარად გეგმავდა. გასულ, 2020 წელს, ეს თანხა 1 069 100 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ტენდერი არ შედგა – მონაწილეობა არავინ მიიღო.
ბარცხანის ხიდი / 16.01.2021
ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ხიდის სარეაბილიტაციოდ 1 022 600 ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მერიას ჯერ არ გამოუცხადებია.
ბოლო ტენდერის პირობაში აღნიშნული იყო, რომ რეაბილიტაციის დროს ხიდზე მოძრაობა არ ჩაიკეტება [ჯერ ხიდის ერთ ნახევარს ჩაუტარდება რეაბილიტაცია მთელ სიგრძეზე, ხოლო შემდეგ – მეორე ნახევარს. შესაბამისად, ხიდის ცალ მხარეს იქნება მოძრაობა]. ხიდის სიგრძე 366.3 მეტრია.
ბათუმის შემოვლითი გზის აშენებამდე აღნიშნულ ხიდზე გაგრძელდება სატრანზიტო მოძრაობა.
ბარცხანის ხიდი / 16.01.2021
ბათუმის ტერიტორიაზე სარფიდან ავტომანქანები ტრანზიტით შემდეგი მარშრუტით მოძრაობენ: კვარიათი-გონიო-აეროპორტის გზატკეცილი-ბაგრატიონის-ერისთავის-გოგოლის-ნონეშვილის[ბარცხანის ხიდი]-დიმიტრიადის ქუჩები- თამარ მეფის გამზირი-მახინჯაური [იგივე მარშრუტია მახინჯაურიდან სარფამდე მიმართულებითაც. ამ მარშრუტის ალტერნატივა კი მახინჯაური-სარფის ახალი მაგისტრალი იქნება].
აღნიშნულ მარშრუტზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს [სამუშაოები დაწყებულია];
ბათუმის ბიუჯეტის მიხედვით კი, 2021 წელს იგეგმება როგორც ბარცხანის ხიდის, ასევე ბაგრატიონის ქუჩისა და გოგოლის ქუჩის ბონი-ბარცხანის მონაკვეთის რეაბილიტაციაც:
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, დღეს, 18 იანვარს, ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება კორონავირუსის პანდემიის გამო.
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას ზეიმობენ, ბათუმში მრევლი ამ დღეს ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნავს, თუმცა არა წელს.
ეპარქიის ცნობით, ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა დღეს, 18 იანვარს, 16 საათზე შესრულდება, 19 იანვარს კი, დილის 9 საათზე ნათლისღების სადღესასწაულო წირვა გაიმართება.
აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 115 წლისაა. 1905 წელს დაბადებული ფიქრიე ირემაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ირემაძეებში ცხოვრობს.
„ბათუმელებმა“ ფიქრიე ირემაძე 2017 წელს ჩაწერა. მაშინ იგი 111 წლის იყო. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იკვებება მხოლოდ ნატურალური საკვებით, არ ჭამს ნახევარფაბრიკატებს და უარს ამბობს ისეთ ტანსაცმელზე, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან არ არის დამზადებული.
ამ დროისათვის აჭარაში ას წელს გადაცილებული 48 მოქალაქეა, მათ შორის 46 ქალი და 2 კაცია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000 ლარს გადასცემს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ბოლომდე აჭარაში 100 წელი კიდევ 14 ადამიანს შეუსრულდება და ისინი თანხას საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მიიღებენ.
დღეს, 18 იანვარს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), რელიგიურ ორგანიზაციებსა და აქტივისტებთან ერთად, ბუკნარში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მთავრობასა და პარლამენტს რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდეს. ისინი ასევე მოითხოვენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებასაც.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა, წინა გამოცდილებებისგან განსხვავებით. გაკეთდა რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო განცხადებებიც მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან. „თუმცა, დომინანტური რელიგიური თემის შიგნით გამოვლენილი პრობლემური ხედვებისა და სენტიმენტების, ასევე ჩვენს გარემოში გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის გათვალისწინებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სოფელ ბუკნარის თემში და ასევე, რელიგიური/ეთნიკური კონფლიქტის გამოცდილების ან ამგვარი რისკის მქონე თემებში გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში საუბარია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არაეფექტურ როლზე და მისივე ორგანიზებული პოლიტიკის მძიმე შედეგებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების კომპეტენციაში რელიგიური დაპირისპირების გადაჭრის ხელშეწყობა შედის, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კონფლიქტების გადაჭრაში უწყება აქტორი არ ყოფილა და მათი მონაწილეობა მედიაციის პროცესში ხილვადი არ იყო, რაც ამ უწყების მიმართ არსებული მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით უნდა აიხსნას. მეტიც, მედიაში უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის რეალურ გამოწვევებსა და რელიგიური თემების საჭიროებებს ღიად უგულებელყოფს“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, რომ ბუკნარში გამოვლენილი კიდევ ერთი კრიზისის ფონზე გამოხატონ მაღალი ინტერესი რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგების მიმართ და:
[checklist]
შეცვალოს რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის არსებული პერსპექტივა და ის თანასწორობის, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიის თავისუფლების სტანდარტების განუხრელ დაცვას დააფუძნოს. ამ კუთხით არსებითია შეწყდეს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა, რომელსაც უნდობლობისა და არაფორმალური ორგანიზების ნეგატიური პრაქტიკა მოჰყვება;
შეიმუშავოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;
გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ მოდელებზე იმუშავოს, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება.[/checklist]
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ევანგელურ – ბაბტისტური ეკლესია
ქართველ მუსლიმთა კავშირი
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
ევანგელისტური ეკლესია
პლატფორმა სალამი
სოლიდარობის პლატფორმა.
გურიაში, სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის კონფლიქტი წარმოიშვა,დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს მუსლიმური სალოცავის გახსნას მოჰყვა, რასაც ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა.
კონფლიქტის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო ორმა მუსლიმმა, დაკავებულია ერთი პირი. ამ დროისთვის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის კონფლიქტი ამოწურულია და ისინი მშვიდობიანად აგრძელებენ თანაცხოვრებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 იანვრის 21 საათიდან, ხვალ, 19 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, თოვა.
მთაში მოსალოდნელია ნისლი და დროგამოშვებით ძლიერი ქარბუქი. მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.
იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 –5 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 20-21 იანვარს მოსალოდნელია თოვა.
ღამის საათებში სუბტროპიკულ ზონაში ჰაერის ტემპერატურა -4,-6 გრადუსამდე დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად უნალექო, აჭარაში თოვლიანი ამინდი 21 იანვრამდე შენარჩუნდება.