მთავარი,სიახლეები

კოვიდმა ოჯახის წევრი წაგვართვა – ძალიან შევშინდით

20.01.2021 • 6487
კოვიდმა ოჯახის წევრი წაგვართვა – ძალიან შევშინდით
შვიდი წლის წინ დაწყებული ბიზნესი დახურა და თვითგადარჩენის ახალი გზების ძიება დაიწყო. გაიზარდა ბანკებში აღებული სესხის პროცენტი და ყოველდღიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა. როგორ შეიცვალა 33 წლის ქედელი ქალის ცხოვრება პანდემიაში, ამის შესახებ დარეჯან დიასამიძე „ბათუმელებს“ ესაუბრება ზეპირი ისტორიების სერიისთვის – „ადამიანები პანდემიის დროს“.

პანდემიამდე

33 წლის ვარ, ქედის ცენტრში ვცხოვრობ და აქვე ახლოს ტანსაცმლის მაღაზია მქონდა. შვიდი წელია, რაც ამ ბიზნესით ვიყავი დაკავებული. ვაჭრობა იყო და საქმე კარგად მიდიოდა. ეს მაღაზია, ფაქტობრივად, ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. შემდეგ დაიწყო პანდემია. მაღაზიაში ჯერ ადამიანების მიმოსვლა შემცირდა, შემდეგ  დაიხურა ყველაფერი და ჩემი მაღაზიაც დავკეტე. ფართობი ნაქირავები მაქვს, 300 ლარს ვიხდი ქირაში. პანდემიის პირველი ტალღის დროს ქირა არ მოუთხოვია მეპატრონეს, მაგრამ ახლა უნდა გადავუხადო. მისი შემოსავალიც ხომ ამ ქირაზეა დამოკიდებული. არ მინდა ფართობის დაკარგვა, ამიტომ ქირას მაინც ვიხდი, მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია დაკეტილია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ უნდა გვეარსება, საჭმელი ხომ უნდა მიგვეტანა ბავშვებისთვის, ამიტომ რამე უნდა მომეფიქრებინა.

ახალი ბიზნესი თვითგადარჩენისთვის  

ბანკის ვალი გვაქვს გადასახდელი. სესხი კი გადაგვივადეს, მაგრამ ძალიან ცუდი პირობებით, 400 ლარით მეტის გადახდა მიწევს და ესეც გადავადებული მაქვს.

იძულებული გავხდი, შემოსავლის სხვა გზები მომეძებნა და ბოსტნეულით ვაჭრობა დავიწყე. მანქანა დავაყენე და ხილ-ბოსტნეულით ვვაჭრობ, თავი რომ გავიტანოთ. რა თქმა უნდა, ეს ბევრად რთულია ჩემთვის, ვიდრე მაღაზიაში მუშაობა, რადგან იქ შენობაში ვიყავი, არც მაწვიმდა და მათოვდა, ახლა სიცივეში, გარეთ მიწევს დგომა.

მუშაობას დილის ცხრა საათზე ვიწყებ და საღამოს რვამდე მანქანაზე ვდგავარ. მეუღლე ბათუმში მუშაობს, მეტალოპლასტმასის ცეხში და ვაჭრობაში ვერ მეხმარება. მძიმე ტომრების ზიდვა თითქმის მარტოს მიწევს. რთულია. პროდუქტი გარეთ მაქვს, ტომრები მანქანაზე მიწყვია და ხელით ავიტან-ჩამოვიტან – ვწვალობთ იმიტომ, რომ ბავშვებს მივუტანოთ სახლში საკვები. დანარჩენი – იქნება ეს ბანკის ვალები თუ სხვა გადასახადები, მეორეხარისხოვანი გახდა. მთავარია, ბავშვები გამოვკვებო.

დარეჯან დიასამიძე

ხილს და ბოსტნეულს ბათუმის აგრარულ ბაზარში ვყიდულობ და ქედაში ამომაქვს, თვეში ერთხელ ქუთაისშიც ჩავდივარ და იქედანაც ჩამომაქვს გასაყიდი პროდუქტი.

ჩემი მეუღლის „ცეხშიც“ შემცირებულია მუშაობა, თითო-ოროლა კლიენტი თუ გამოჩნდება, ხალხს ფული არ აქვს და რითი უნდა ჩასვას კარ-ფანჯარა? ერთი პერიოდი საერთოდ დაკეტილი გვქონდა.  ვაჭრობა ზოგადად შემცირებულია პანდემიის გამო, ახალი წლის დღეებშიც კი უჭირდათ ადამიანებს პროდუქტების ყიდვა, ვერც კი იგრძნობდი, რომ ახალი წელი დგებოდა.

კოვიდმა ოჯახის წევრი წაგვართვა

პირველი ტალღის დროს არ იყო იმდენი შიში ადამიანებში, მაგრამ როცა სოფლებშიც გამოჩნდა ვირუსი, შევშინდით. ადამიანები სახლში ჩაიკეტნენ, არც ბავშვებს ვუშვებდით გარეთ. ჩემი მამამთილი ვირუსით გარდაიცვალა და ძალიან შევშინდით. ახლაც ძალიან ვიცავ წესებს, რომ ბავშვებს არ მივუტანო ვირუსი სახლში. ეშინია ხალხს, გარეთ ნაკლებად გამოდიან, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურადაც.

რა შეცვალა პანდემიამ ჩემში

შეიცვალა ის, რომ მეტი მუშაობა მომიწია და უფრო მეტად გადავიღალე. სამი შვილი მყავს და ახლა უფრო ნაკლებ დროს ვატარებ შვილებთან, რადგან დილით გამოვდივარ სავაჭროდ და საღამოს მივდივარ. ამის გამო ონლაინგაკვეთილებში ვერ ვეხმარები, თვითონ მეცადინეობენ. მე-7, მე-8 კლასელები არიან და ახერხებენ დამოუკიდებლად მეცადინეობას.

პირველად ძალიან გაუჭირდათ დისტანციურად სწავლა, ახლა მიეჩვიენ, თუცა მაინც უჭირთ სკოლის გარეშე, სკოლაში ყოფნა ურჩევნიათ, ენატრებათ მეგობრები, მასწავლებლები, გარეთ გასვლა. ერთადერთი მათი სასეირნო ადგილი ეზოა. პანდემიის გამო ვფრთხილობთ და შორს ვერ ვუშვებთ.

პანდემია და ბანკების პოლიტიკა

შეეძლოთ პროცენტი არ გაეზარდათ, რადგან ისედაც გვიჭირდა გადახდა. ახლა როგორ გადავიხდით? თუმცა მე ვცდილობ ყველას გავუგო, იმ ბანკებსაც კი, ალბათ მათაც თავიანთი პრობლემები აქვთ.

სახელმწიფოსგან 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია მივიღე ორჯერ, ეს იყო და ეს. მაღალმთიანი რეგიონის სტატუსიც გვეხმარება აქ მცხოვრებ ადამიანებს – არ ვიხდით შუქის და წყლის გადასახადს. ბუნებრივი აირი არ გვაქვს.

ყველაზე რთული მაინც ის არის, რომ ქუჩაში ვაჭრობა მიწევს. ცუდ პირობებში. თოვლი ვაჭრობას კიდევ უფრო შეამცირებს, რა მეშველება არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ისიც დიდი შეღავათია, რომ სახლთან ახლოს ვარ და შორი გზის გავლა არ მიწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: