მთავარი,სიახლეები

გასაყიდი დარჩა მხოლოდ 2 ათასი ტონა მანდარინი, სეზონი წარმატებული იყო – სამინისტრო 

18.01.2021 • 2062
გასაყიდი დარჩა მხოლოდ 2 ათასი ტონა მანდარინი, სეზონი წარმატებული იყო – სამინისტრო 

„დაახლოებით 2 ათასი ტონაა დარჩენილი სარეალიზაციო. ეს არის ძირითადად ის მანდარინი, რომელსაც მეციტრუსე ინახავს და გვიან ყიდის, მანდარინი რეალიზება მილევის პიკზეა,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი. მას რეგიონში ციტრუსის რეალიზების პრობლემებზე ვესაუბრეთ. მეციტრუსეების თქმით, სეზონი ჩავარდა, რადგან სტანდარტული მანდარინი, წინა წლებისგან განსხვავებით, 80 თეთრადაც ვერ გაყიდეს.

ქობულეთელი ფერმერების თქმით, სეზონის დასაწყისში მანდარინი საშუალოდ 80 თეთრად იყიდებოდა, თუმცა მალევე ციტრუსის რეალიზების პრობლემა შეიქმნა – ექსპორტიორები საერთოდ აღარ ჩნდებიან. მეციტრუსეების თქმით, ექსპორტიორები სოფლებში ახალი წლის დღეებში ისევ გამოჩნდნენ, თუმცა ამჯერად პრობლემა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე თოვლის საფარი გახდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით კი, წელს რეგიონში ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი იყო 40 ათასი ტონა, აქედან 35 500 ათასი ტონა უკვე ექსპორტირებულია. სამინისტროს მონაცემებით, ციტრუსის რეალიზება პრობლემა კი არაა, არამედ მანდარინი უკვე დეფიციტური პროდუქტია.

„არ ჩავარდნილა სეზონი, შარშან, 18 იანვრის მდგომარეობით, ექსპორტირებული იყო 29 ათასი ტონა ციტრუსი, წელს – 35 500… გეთანხმებით, რომ ფასის ვარდნა იყო 60 თეთრამდე წინასაახალწლოდ, მაგრამ ახლა იხდიან 70 თეთრს. რაც შეეხება რუსეთს, აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა, რა თქმა უნდა, შეფერხებაა, მაგრამ შესაძლებელია ციტრუსის ბორნით გადატანაც. გარკვეული პერიოდულობით ბორნითაც გადააქვთ ტვირთი. ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ გზამ შექმნა პრობლემა და მანდარინის რეალიზების პრობლემაა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სულხან მოწყობილმა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ვკითხეთ იმაზეც, რომ, მაგალითად, წელს ციტრუსის საწარმო, წინა წლებისგან განსხვავებით, სტანდარტულ მანდარინს აღარ იღებდა.

„ეს კონკრეტული ბიზნესის გადასაწყვეტია, მათ აამოქმედეს არასტანდარტულის ხაზი, ისინი თვითონ წყვეტენ, რა ამუშაონ და რა – არა“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ.

არასტანდარტულ მანდარინში მეციტრუსეს 20 თეთრს უხდიან, აქედან 10 თეთრი სახელმწიფოს სუბსიდიაა. „ბათუმელებს“ ფერმერები ესაუბრნენ, რომ რამდენიმე დღე უწევთ ლოდინი იმისთვის, რომ საწარმოს არასტანდარტული მანდარინი ჩააბარონ.

„იქ მხოლოდ 50-60 მანქანა დგას რიგში, რაც ლოგიკურია,“- არც ამ პრობლემას აღიარებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და მიიჩნევს, რომ ციტრუსის სეზონი წელსაც წარმატებული იყო.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის პანდემია, რომელიც არის მთელს მსოფლიოში. ამ დიდ პრობლემას თუ გავითვალისწინებთ, აქ არის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მეზობელ ქვეყნებშიც არის, ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იყო, ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რომ მანდარინის რეალიზებისთვის ხელი შეგვეწყო,“ – გვითხრა სულხან მოწყობილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: