მთავარი,სიახლეები

2020 წელს მერიებმა 2576-ით მეტი პირი დაასაქმეს, წინა წლებთან შედარებით – TI-ის კვლევა

20.01.2021 • 1095
2020 წელს მერიებმა 2576-ით მეტი პირი დაასაქმეს, წინა წლებთან შედარებით – TI-ის კვლევა

აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6 991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოებით 3 მილიონ 444 ათას 517 ლარი, წლიურად კი  – 41 მილიონ 334 ათას 208 ლარი იხარჯება, რაც წინა წლებთან შედარებით 21.5 მილიონით მეტია.

ამ ორგანიზაციებს შორის არის ისეთებიც, რომელთა არსებობის აუცილებლობას მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ. მათი ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის ხარჯვაზე კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ჩაატარა.

კვლევის თანახმად, ა(ა)იპებში ჯამურად დასაქმებულია 6 991 ადამიანი, რაც 2015 წლის მონაცემებს (4 415) დაახლოებით 1.5ჯერ აღემატება. მუნიციპალიტეტები ა(ა)იპებში ხელფასების სახით ჯამურად 3 მილიონ 444 517 ლარს გასცემენ ყოველთვიურად, რაც 2015 წლის სექტემბრის მონაცემებთან შედარებით (1 648 211.79) 2-ჯერ მეტია.

ბათუმი

ბათუმის მუნიციპალიტეტში 13 ა(ა)იპი მოქმედებს, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 2-ით მეტია. 13 ა(ა)იპ-ში ჯამურად 2 828 ადამიანია დასაქმებული – 2 298 შტატზე მუშაობს და 530 ხელშეკრულებით.

კვლევის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 331-ით გაიზარდა, მათი თვიური სარგო კი დაახლოებით 1.2-ჯერ გაიზარდა და 1 920 147 ლარი გახდა, საიდანაც 1 598 147 ლარი ხელფასის სახით იხარჯება შტატზე მომუშავე, ხოლო 321 999 ლარი – შტატგარეშე დასაქმებულ პირებზე.

კვლევის მიხედვით, აჭარის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში შტატით დასაქმებული პირების საშუალო თვიური ანაზღაურება 387 – 695 ლარია.

 

კვლევაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ  თვალშისაცემია ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღში” დასაქმებულთა (შტატით და შტატგარეშე) მაღალი რაოდენობა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს „ბათუმის ბოტანიკური ბაღის” დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ განუმარტა, რომ თანამშრომელთა ეს რაოდენობა აუცილებელია ბოტანიკურ ბაღზე დაკისრებული მოვალეობების სრულყოფილად განსახორციელებლად:

„ბაღის ტერიტორია აღემატება 110 ჰექტარს, არსებული მცენარეები თავმოყრილია 9 ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში, სამ პარკში და სხვადასხვა კოლექციებში. თითოეულ კოლექციასა და განყოფილებას სჭირდება სათანადო მოვლა, რაზეც პასუხისმგებელია მებაღეობის განყოფილება (ბაღის უდიდესი განყოფილება)“.

ამასთან, გაირკვა, რომ „ბათუმის ბოტანიკური ბაღის” შემადგენლობაში ასევე შედის ბათუმის ზოოპარკი და გოდერძის ალპური ბაღი ხულოში.

დასაქმებულთა დიდ რაოდენობას „სრულყოფილი ფუნქციონირების“ საჭიროებით ხსნიან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში.

„გამჭვირვალობა“ ხაზგასმით საუბრობს იმაზეც, რომ:

დასაქმებულთა რაოდენობისა და მათზე გაღებული საბიუჯეტო სახსრების ოდენობის მიუხედავად, ბოტანიკური ბაღი და ბათუმის გამწვანებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია არ მონაწილეობენ ბათუმის ბულვარის გამწვანებაში და „ბათუმის ბულვარი” ყოველწლიურად ასიათასობით ლარს ხარჯავს სეზონური ყვავილების დარგვა-მოვლაზე.

„გამჭვირვალობის“ რეკომენდაციით, აუცილებელია ასეთი ადმინისტრაციული ხარჯების პირობებში, მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ორივე იურიდიული პირის რესურსი და ბათუმის ბულვარის ხე-მცენარეებით მომარაგება ყოველწლიურად სწორედ ზემოაღნიშნული ა(ა)იპ-ების რესურსებიდან მოხდეს.

ა(ა)იპ „ბათუმის კულტურის ცენტრს” 289 პირი ჰყავს შტატით დასაქმებული. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, რაც მან „გამჭვირვალობას“ მიაწოდა, დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა საჭიროა კულტურული ღონისძიებების საორგანიზაციო მომსახურების შესყიდვების განსახორციელებლად, ოფისის ხარჯების, კომუნალური სერვისების, გასართობი მომსახურებების, სასცენო კოსტიუმებისა და ინსტრუმენტების შესასყიდად, და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნა, რომ ბათუმის კულტურის ცენტრი ყველაზე მეტს ხარჯავს ქალაქში კულტურული ღონისძიებების გამართვაზე და თანხის უდიდეს ნაწილს პირდაპირი ხელშეკრულებებით განკარგავს, რაც კორუფციის დამატებით რისკებს ქმნის.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, მუნიციპალური ხარჯების ოპტიმიზაციის და ეფექტიანი ხარჯვის მიზნით, აუცილებელია, შეძლებისდაგვარად, ქალაქის მიერ დანიშნული ყველა მსგავსი ღონისძიება სწორედ მუნიციპალური ა(ა)იპ-ის რესურსებით გაიმართოს და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გაფორმდეს პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება კომპანიებთან, იურიდიულ პირებთან. გაუგებარია, ა(ა)იპი დამატებით რატომ აცხადებს შესყიდვებს, როდესაც 289 თანამშრომელზე, ყოველთვიურად, თითქმის 200 ათას ლარს გასცემს შრომის ანაზღაურების სახით.

საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, როგორც მუნიციპალიტეტის მერი – ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის დანიშვნის, ასევე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეირჩეს უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი.

41 მილიონი ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა მუნიციპალური პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტებში ვერ ხერხდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, აჭარის მუნიციპალიტეტებმა უახლოეს პერიოდში უნდა შეისწავლონ საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი გადადგან ნაბიჯები გარკვეული მომსახურებების ტენდერის გზით მიღებაზე – ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: