ბათუმი,მთავარი,სიახლეები

1 მილიონად გაარემონტებენ ხიდს ბარცხანაში, რომლის სიგრძე 366 მეტრია

10.10.2020 • 2073
1 მილიონად გაარემონტებენ ხიდს ბარცხანაში, რომლის სიგრძე 366 მეტრია

ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 69 ათას 100 ლარამდეა გაზრდილი. სამუშაოების დასრულების ვადად კი, 2021 წლის 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული. ამ ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი სამმართველომ 2019 წელს ორჯერ გამოაცხადა – საწყისი თანხა 778 140 ლარი იყო, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო.

ამჯერად ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ რეაბილიტაციის დროს ხიდზე მოძრაობა არ ჩაიკეტება [ჯერ ხიდის ერთ ნახევარს ჩაუტარდება რეაბილიტაცია მთელ სიგრძეზე, ხოლო შემდეგ – მეორე ნახევარს. შესაბამისად, ხიდის ცალ მხარეს იქნება მოძრაობა]. ხიდის სიგრძე 366.3 მეტრია.

„ხიდის არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ძალზე კვალიფიციურობას მოითხოვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ხიდზე მშენებლობის პროცესში მარტო უსაფრთხოების ზომების დაცვა არ არის საკმარისი (ეს ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია), საჭიროა სამუშაოების ჩატარების მკვეთრად გამოხატული თანმიმდევრობა, რომ მთლიანობაში ნაგებობაზე შესრულებული სამუშაოები კვალიფიციურად იქნას ჩატარებული“, – აღნიშნულია ტენდერში.

პირობაში ასევე აღნიშნულია, რომ „ხიდის ექსპლუატაციაში ყოფნიდან საკმაოდ დიდი დროა გასული (დაახლოებით 30 წელი). ყოველივე ეს გათვალისწინებული უნდა იქნას სახიდე გადასასვლელზე რეაბილიტაციის პროექტში. პროექტის მიხედვით ხიდის გაბარიტი იზრდება 60 სმ-ით, ხოლო ხიდის შუალედი ბურჯების დგარების დიამეტრი იზრდება 80 სმ-დან 100 სმ-მდე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ნაგებობის მზიდუნარიანობას და თავის მხრივ საიმედოობას“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 28 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება [როდის უნდა დაიწყოს და დასრულდეს სამუშაოები, ეს უშუალოდ პირობებში, მითითებული არ არის].

ბათუმში ე.წ. ბარცხანის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტში, რომელიც ბათუმის მერიამ 2016 წელს 25 ათას ლარად შეისყიდა, ცვლილებების შეტანა გახდა აუცილებელი.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ „ბათუმელების“ სტატიაში:

ბარცხანის ხიდზე რეაბილიტაციის დროს ავტომანქანები ერთ ზოლში იმოძრავებენ

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: