მთავარი,სიახლეები

„ერთი კვირაა წამალი ვერ ვიშოვე, დედა დაიღუპება მის გარეშე“ – ვისი პასუხისმგებლობაა ციკლოდოლის დეფიციტი

19.01.2021 • 4330
„ერთი კვირაა წამალი ვერ ვიშოვე, დედა დაიღუპება მის გარეშე“ – ვისი პასუხისმგებლობაა ციკლოდოლის დეფიციტი

„ამ წამლის გარეშე ცუდად გრძნობს თავს, კანკალი დაეწყება, გადაადგილებას ვერ შეძლებს, სხეული ჩაეკეტება. სამი დღის წინ უკვე ვეღარ ვიშოვეთ ვერც ერთ აფთიაქში, მარტო ბათუმში არა, რეგიონებში და თბილისშიც ვეძებეთ,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ქალი, ვისი 74 წლის დედაც პარკინსონითაა დაავადებული.

ქალის თქმით, მისი დედა ამ მედიკამენტს დღეში სამჯერ იღებს. წამალს რეცეპტით ყიდულობენ, ამიტომ ვერც თურქეთიდან შემოტანა მოახერხეს.

მოქალაქემ ვერ მიიღო პასუხი ვერც ერთი უწყებიდან, რატომ აღარ იშოვება აფთიაქებში მედიკამენტი, რომელსაც მისი დედა დაახლოებით ბოლო 10 წელია იღებს? ქალი ამბობს, რომ მედიკამენტ „ციკლოდოლს“ თუ დროზე ვერ იშოვის, მისი დედა დაიღუპება.

ფსიქოტროპული მედიკამენტ „ციკლოდოლს“ ლატვიური კომპანია „გრინდექსი“ აწარმოებს. ამ კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, ნათია კიკვაძე ამბობს, რომ პრობლემას სახელმწიფოს მიერ დადგენილი კვოტა ქმნის.

„მაგალითად, 2019 წელს შემოვიტანეთ 80 ათასი კოლოფი, მაშინ არ იყო კვოტა დადგენილი ამ მედიკამენტზე. გასულ წელს დაგვიდგინეს კვოტა და დაახლოებით 50 ათასი კოლოფის შემოტანის უფლება მოგვცეს… აგვისტოში გვითხრეს დისტრიბუტორებმა, რომ მოთხოვნა უკვე იყო, მაგრამ ჩვენ დამატებით მედიკამენტის შემოტანის შესაძლებლობა აღარ მოგვეცა.

როგორც გვითხრეს, ახლა ხელახლა დაიანგარიშებენ კვოტებს, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ჩვენთან არაფერი განუმარტავს სამინისტროს, რატომ დააწესეს ეს კვოტა და თანაც ასე, შეზღუდული ოდენობით,“ – უთხრა „გრინდექსის“ წარმომადგენელმა, ნათია კიკვაძემ „ბათუმელებს“.

„ამ მედიკამენტის გარეშე კუნთები დაჭიმული რჩება ადამიანს, ვერ გადაადგილდება, ეს არის ერთადერთი ნივთიერება, რომელსაც შეუძლია პრობლემა დროებით მოხსნას. ამ დროს პაციენტს თვითმოვლის პრობლემაც შეექმნება, ასევე შესაძლოა იყოს სხვა გართულებაც – ყლაპვასთან და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებიც,“ – გვიყვება ექიმი-ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე. მისი თქმით, ხშირად იქმნება პრობლემა სხვადასხვა მედიკამენტის გამო, რაც მისთვის გაუგებარია.

„როგორც ჩანს, რაღაცას ვერ ითვლიან, თორემ ყველაფერი არის მეტ-ნაკლებად დათვლადი, ეს არის ფსიქოტროპული მედიკამენტი და გასაგებია, რომ მარტივი რეცეპტით მასზე წვდომა არავის აქვს, არსებობს ბარიერი, მაგრამ თუ შენ სხვა რამეს ვერ აკონტროლებ, ამის გამო პარკინსონით დაავადებული ადამიანი დააყენო რისკის წინაშე, ეს არაა სწორი,“ – ამბობს ჯამბულ მაკარაძე.

ექიმი განმარტავს, რომ ციკლოდოლი არ არის პირველი რიგის პრეპარატი პარკინსონზე მკურნალობის დროს, თუმცა რიგ შემთხვევაში, მისი მიღება აუცილებელია.

„რაცაა მისი შემცველი, ის კიდევ უფრო დეფიციტურია… ყველა დაავადებულს ეს არ სჭირდება, მაგრამ ვისაც დანიშნული აქვს, მისთვის ეს აუცილებელია,“ – დასძენს ჯამბულ მაკარაძე.

ამ ექიმის თქმით, პარკინსონით დაავადებულებს მიეწოდებათ მედიკამენტები „ლეოკომი“ და „ნაოკომი“. ამ მედიკამენტების შეძენაც გასულ წელს პრობლემა იყო.

„ეს უფრო გავრცელებული მედიკამენტებია და ბევრი მიკავშირდებოდა, რომ ვერ ყიდულობდნენ დანიშნულ წამალს. შემდეგ „ლეოკომი“ შემოვიდა უკრაინიდან და ჩაანაცვლა „ნაოკომი,“ ახლა ეს პრობლემა აღარ მესმის პაციენტებისგან. „ციკლოდოლზე“ რამდენიმემ უკვე მომმართა,“ – გვიპასუხა ექიმმა.

რატომ დაწესდა კვოტა იმ ფორმით, რომ პაციენტი საჭირო მედიკამენტს ვერ იღებს? – კითხვით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. უწყებაში გუშინ, სამუშაო დღის ბოლოს გვითხრეს, რომ კითხვას სამედიცინო რეგულირების სააგენტომ უნდა უპასუხოს. სააგენტოს პასუხს ჩვენ მიღებისთანავე გაგაცნობთ.

____

ამავე თემაზე:

გასული წლის ბოლოს იმავე პრობლემაზე მოგვწერა 15 წლის ბიჭმა ქობულეთიდან. გორჯელაძეები მაშინ იმაზე წუხდნენ, რომ პარკინსონით დაავადებული ოჯახის წევრისთვის მედიკამენტ „ლევოკომს“ აგვისტოს თვიდან ვეღარ იღებდნენ.

„მყავს მძიმე ავადმყოფი მამა“ – 15 წლის ბიჭის მიმართვა ხალხს და მთავრობას

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: