სიახლეები

რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე

13.01.2021 • 2912
რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკნარი რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ადგილად იქცა. სოფელში დღეს,  13 იანვარს, დილიდანვე პოლიცია და სპეცრაზმიცაა მობილიზებული. დილიდან ბუკნარის ქრისტიანი მოსახლეობა სოფლის ცენტრში იყო შეკრებილი, მუსლიმი მოსახლეობა კი იმ სალოცავის ეზოში, რომლის გამოც დაპირისპირება დაიწყო.

ბუკნარში მცხოვრებ ადგილობრივ მუსლიმებს დღეს აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდების ერთი ჯგუფიც შეუერთდა.

სოფელში დილიდან ელოდნენ როგორც გურიის გუბერნატორს, ისე ჩოხატაურის მერს.

დღის, 4 საათისათვის, ბუკნარში გურიის გუბერნატორი ზურა ნასარაია და ჩოხატაურის  მერი ირაკლი კუჭავა მივიდნენ.

თუმცა მათი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ბუკნარში სიტუაცია ამ დრომდე ვერ განიმუხტა.

რატომ დაიწყო კონფლიქტი

ბუკნარში კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია, ნაწილი მუსლიმი. მუსლიმებმა სოფელში სალოცავი გახსნეს. დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს სწორედ სალოცავის  გახსნას მოჰყვა. ქრისტიანები ხაზგასმით და კატეგორიულად ამბობენ, რომ არ დაუშვებენ სოფელში მუსლიმური სალოცავის გახსნას.

პოლიცია ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის დგას

რელიგიურ ნიადაგზე 12 იანვარს სოფლის ცენტრში დაპირისპირება მოხდა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. დაპირისპირების დროს ორი მუსლიმი არასრულწლოვანი დაზიანდა ისე, რომ მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.  შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

რას ჰყვებიან სოფელში მცხოვრები ქრისტიანები

დარეჯან თოდრაძე სოფელ ბუკნარის მცხოვრებია. ის ამბობს, რომ წინააღმდეგია სოფელში მეჩეთის მშენებლობის.

„ჩვენ არ გვინდა, რომ მეჩეთი აშენდეს. თუ უნდათ ლოცვა – ბასილეთში, ქვაბღაში, ზოტში, ნასაკირალში მეჩეთები აქვთ და ილოცონ იქ,“ – ამბობს ის.

დარეჯან თოდრაძის მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი ორ ადგილობრივს შორის დაიწყო. მუსლიმმა ქრისტიანს სცემა. გუშინ, 12 იანვარს კი ქრისტიანებმა სცემეს მუსლიმებს.

„მეზობლები ერთმანეთს შეხვდნენ გზაში. აჭარელი და გურული. გურულმა უთხრა ესო მემდურისო. იმ აჭარელმა არ მოითმინა და დაარტყა გურულს. ეს იყო მარტო. ჩვენ წავედით იმ ღამეს. მილიციამ წაიყვანა ის გურულიც და ის აჭარელიც. ეს ყველაფერი ჩაიფარცხა. არც ჟურნალისტები გამოგვიძახებია და არც არავინ. გუშინდელ ჩხუბზე ჩემმა შვილმა მომიყვა. გუშინ (12  იანვარს) 7 ბიჭი ვიდექით სოფლის ცენტრშიო. მოცვივდნენო. მოიყოლეს ის მცირეწლოვანი ბავშვებიცო. მერე ამ ჩვენმა გაღიზიანებულმა ბიჭებმა დაარტყესო. მერე ესენი (მუსლიმები) წავიდნენ და ყველაფერი აჩვენეს [ჟურნალისტებს]. ჩვენ მანამდე არაფერი არ გვიჩვენებია. გამოიწვიეს ომი სოფელში,“ –  ჰყვება ის.

რას ჰყვებიან ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები

„ვცხოვრობთ სოფელ ბუკნარში. ვართ მუსლიმი ქართველები და ვითხოვთ სამლოცველოს შენობას.  იყო დაპირებები. მოვიდა მთავრობიდან ხალხი, გვერდში დაგიდგებითო. იყვნენ რაიონიდანაც ხალხი, სოფლის თავკაცებიც. ეს თემა მოდის 2014 წლიდან. ახლა  რომ ვეკითხებით, რატომ არ გვპატრონობთ და რატომ მიიყვანეთ სისხლის ღვრამდე საქმე-თქო, ჩვენ არაფერი არ ვიცოდითო. თქვენო ჩუმად აკეთებთ ამას ყველაფერსო. ჩუმად არაფერი არ გაკეთებულა და არაფერი არ იმალება. ფეხი რომ გადაგიტრიალდეს და ჩუმად დაიძახო, ერთი თავიდან მეორე თავში ესმით სოფელში ხალხს. აქ ვიღაცას უნდა ქულების დაწერა და შუღლის ჩამოგდება. ნახევარი საუკუნეა აქ ვცხოვრობ, ძმაკაცი გურულიც მყავს, აჭარელიც მყავს, ებრაელიც, სომეხიც და სვანიც,“ – აცხადებს სოფელ ბუკნარის მცხოვრები ნუგზარ ჭაღალიძე „გურია ნიუსთან“ ლაივ ჩართვაში.

ბუკნარი – რელიგიური ნიშნით დაპირისპირება

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გამწვავდა კონფლიქტი, ნუგზარ ჭაღალიძე ამბობს, რომ „შევიწროება წამოვიდა პატარა ბავშვიდან დაწყებული მასწავლებლებამდე  მისვლამდე. მასწავლებლებიც უკვე გამოდიან და თათრებს, თქვენ ჩამოთრეულები, თქვენ ასე, თქვენ ისე იძახიან. ამოგვივიდა ჩვენც ყელში. რატომ უნდა დამიძახოს ჩემმა მეზობელმა, ჩემმა ძმაკაცმა ან მასწავლებელმა მე თათარი. მასწავლებელი რომ ამას დაიძახებს, იმან ვის ბაღანას უნდა ასწავლოს ან რა უნდა ისწავლოს მისგან ბაღანამ? თუ ასე გაგრძელდა, მოვილაპარაკებთ,  დავჯდებით აჭარელი თემი, არც ბაღში გავაგზავნით ბავშვებს და არც სკოლაში. საქართველოში ნუთუ არ მოინახება ისეთი ადგილი, რომ წავიყვანოთ ჩვენი ბავშვები? თუ ასე გარჩევა წავიდა, მე ასე სისხლის ფასად,  არც ეკლესია მიღირს და არ მეჩეთი. იმად, რომ ჩემი და ჩემი გურული ძმაკაცის  ბავშვი შეხვდნენ ერთმანეთს და ცხვირ-პირი დაახიონ ქვებით. ჩემი მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ სამლოცველოს გახსნით არაფერი არ შავდება. მყუდრო ადგილია. კაი ადგილია. არც მინარეთი გვაქვს, არც მიკროფონი გვაქვს. ჩვენ არ გვაღიზიანებს ზარის რეკვა. ჩვენი ლოცვა იმგენს რატომ აღიზიანებს?“

რას ამბობს სკოლის დირექტორი

ბუკნარის საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მასწავლებლების მიერ მოსწავლეების რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, გამორიცხულია.

„გამორიცხულია. სინამდვილეს არ შეესაბამება. ვერც ერთი ბავშვი ვერ იტყვის, რომ მასწავლებლებმა შეურაცხყვეს“, – ამბობს ის.

მისი თქმის, სკოლაში ტოლერანტული გარემოა. მარინა გოგიშვილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას და ორმა რელიგიურმა თემმა სოფელში ცხოვრება მშვიდად გააგრძელოს.

„წლების განმავლობაში არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. 32 წელია ამ სოფელში ვცხოვრობ, ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა. ამდენი წელია მასწავლებელი ვარ და არასდროს ყოფილა, რომ რამე გართულება ყოფილიყო. ახლა წარმოიქმნა გაუგებრობა, უთანხმოება და ვერ შეთანხმდა ვერცერთი მხარე. უნდა მივიდეთ რამე კონსენსუსამდე. არავის არ სჭირდება დაპირისპირება. ჩემი ხედვა, როგორც დედის, როგორც მასწავლებლის, როგორც სკოლის დირექტორის, არის კონფლიქტის შერიგებით დასრულება. სხვანაირად არ გამოვა. ვერ ვიცხოვრებთ. ჩვენი ეზოები და სახლები ერთმანეთისგან მოშორებით კი არაა. გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. ერთად ვშრომობთ,  ერთად ვსწავლობთ,“ – ამბობს მარინა გოგიშვილი.

13 იანვარს სოფელ ბუკნარში ჩავიდა გურიის მუფთი ასლან ბერიძე.

„ჩვენთან არის ლოცვა, ჯუმა [პარასკევის ლოცვა] ჰქვია, რომელიც აუცილებელი შესასრულებელია ჯგუფურად. ჯგუფური ლოცვისათვის აუცილებელია ერთი კონკრეტული ადგილი.

აქ ლოცვა არ გაჩერდება. იყოს. ვინმეს რამეს არ უშლის. აქ ატრიბუტი არ აქვს. მინარეთი არ აქვს. მოწოდება არ არის ისეთი, რომ ვინმეს ხელი შეეშალოს. მოდის კაცი, რომ 10-15 წუთით ილოცოს,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან გურიის მუფთმა ასლან ბერიძემ. ის ბუკნარში 13 იანვარს ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: