ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ავტობანი – როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

07.12.2020 • 6093
ავტობანი – როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2022 წელში დასრულდება. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის 2021 წელს – 80 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს – 55 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ 6 თვის წინ უთხრეს, რომ „გზის მშენებლობის პროცესში გარკვეული შეფერხებები გამოიწვია პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ“.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ჯამში 429 მილიონ 740 ათასი ლარი დაიხარჯება [აქედან, 2019 წელს დაიხარჯა 241 მილიონ 740 ათასი ლარი, 2020 წელს კი – 53 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს]. მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება.

რაც შეეხება ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელებას მდინარე ჭოროხიდან სარფამდე, ამ ახალი გზის მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაფინანსებული არ არის. არადა, ინფორმაცია კაპიტალურ პროექტებზე მოცემულია 2024 წლის ჩათვლით.

ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2024 წლისთვის დაიწყება.

„გაგრძელდება ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, 2024 წლისთვის დასრულდება ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, დაიწყება ნატახტარი ჟინვალის 27 კმ-იანი ჩქაროსნული გზა. დაიწყება ავტომაგისტრალების მშენებლობა ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით“ – აღნიშნულია სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

2023 წელში უნდა დასრულდეს ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაც.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ გზის მშენებლობისთვის, 2021 წელს 30 მილიონი ლარი გამოიყოფა, 2022 წელს – 50 მილიონი, ხოლო 2023 წელს – 15 მილიონი ლარი.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/291942/

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: