მთავარი,სიახლეები

გაუქმდეს რელიგიის სააგენტო – 7 ორგანიზაციის მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას

18.01.2021
გაუქმდეს რელიგიის სააგენტო – 7 ორგანიზაციის მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას

დღეს, 18 იანვარს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), რელიგიურ ორგანიზაციებსა და აქტივისტებთან ერთად, ბუკნარში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მთავრობასა და პარლამენტს რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდეს. ისინი ასევე მოითხოვენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებასაც.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა, წინა გამოცდილებებისგან განსხვავებით. გაკეთდა რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო განცხადებებიც მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან. „თუმცა, დომინანტური რელიგიური თემის შიგნით გამოვლენილი პრობლემური ხედვებისა და სენტიმენტების, ასევე ჩვენს გარემოში გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის გათვალისწინებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სოფელ ბუკნარის თემში და ასევე, რელიგიური/ეთნიკური კონფლიქტის გამოცდილების ან ამგვარი რისკის მქონე თემებში გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში საუბარია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არაეფექტურ როლზე  და მისივე ორგანიზებული პოლიტიკის მძიმე შედეგებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების კომპეტენციაში რელიგიური დაპირისპირების გადაჭრის ხელშეწყობა შედის, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კონფლიქტების გადაჭრაში უწყება აქტორი არ ყოფილა და მათი მონაწილეობა მედიაციის პროცესში ხილვადი არ იყო, რაც ამ უწყების მიმართ არსებული მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით უნდა აიხსნას. მეტიც, მედიაში უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის რეალურ გამოწვევებსა და რელიგიური თემების საჭიროებებს ღიად უგულებელყოფს“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, რომ ბუკნარში გამოვლენილი კიდევ ერთი კრიზისის ფონზე გამოხატონ მაღალი ინტერესი  რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგების მიმართ და:

  • [checklist]
    • შეცვალოს რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის არსებული პერსპექტივა და ის თანასწორობის, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიის თავისუფლების სტანდარტების განუხრელ დაცვას დააფუძნოს. ამ კუთხით არსებითია შეწყდეს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა, რომელსაც უნდობლობისა და არაფორმალური ორგანიზების ნეგატიური პრაქტიკა მოჰყვება;
    • შეიმუშავოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;
    • გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ მოდელებზე იმუშავოს, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება.[/checklist]

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • ევანგელურ – ბაბტისტური ეკლესია
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • ევანგელისტური ეკლესია
  • პლატფორმა სალამი
  • სოლიდარობის პლატფორმა.

გურიაში, სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის კონფლიქტი წარმოიშვა, დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს მუსლიმური სალოცავის  გახსნას მოჰყვა, რასაც ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა.

კონფლიქტის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო ორმა მუსლიმმა, დაკავებულია ერთი პირი. ამ დროისთვის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის კონფლიქტი ამოწურულია და ისინი მშვიდობიანად აგრძელებენ თანაცხოვრებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: