Batumelebi | თვეში 500 ლარი მაქვს შესატანი, ბანკის ოფიცერმა კი მითხრა, რომ გადავადება მე არ მეხება თვეში 500 ლარი მაქვს შესატანი, ბანკის ოფიცერმა კი მითხრა, რომ გადავადება მე არ მეხება – Batumelebi
RU | GE  

თვეში 500 ლარი მაქვს შესატანი, ბანკის ოფიცერმა კი მითხრა, რომ გადავადება მე არ მეხება

„ნოემბრიდან აღარ გვიმუშავია. „უნივერსამში“, სადაც მე ვვაჭრობ, დაახლოებით 200-მდე ადამიანი მუშაობს. აბსოლუტურად ყველას ბანკის ვალი აქვს, არ გამიგია, ვინმესთვის გადაევადოთ სესხი…“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები მაია მულიარჩუკი. ის ტანსაცმლით 2008 წლიდან ვაჭრობს, პანდემიის გამო კი უმუშევარი დარჩა.

  • „საიდან გადავიხადო 500 ლარი, ვიქურდო?“ – მოვაჭრე, რომელიც პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა

მაია 26 წლის სტუდენტ შვილთან და 70 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. „ახლა თავს დედაჩემის პენსიით ვირჩენთ,“ – ამბობს ის და ვიწრო სამზარეულოში ძველი, დაზიანებული კარის ჩაკეტვას ხის ჯოხით ცდილობს.

მაიას ოჯახი ფიროსმანის ქუჩის დასაწყისში, ბარაკული ტიპის დასახლებაში ცხოვრობს. ერთსართულიან სახლში მაიას ორი ოთახი აქვს და კიდევ სამზარეულო, სადაც ორი ადამიანი ერთდროულად ვერც კი გაივლის.

მაია მულიარჩუკის სამზარეულო

„დღეს ხარჩო გვქონდა სადილად, ახალი წლიდან მქონდა შემონახული გაყინული ქათმის ბარკლები და იმით გავაკეთე, ხორცი, ხილი და კაი ცხოვრება საღადაა?“ – გაღიმებას ცდილობს მაია და მისაღებში დედას – ნადეჟდას მაცნობს. მოხუცი საწოლთან ჩერდება, მაია კი, ჩინური ვარდის გვერდით ძველ სკამზე ჯდება, რომ მოგვიყვეს, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება პანდემიამ.

  • „ერთი და იგივეა ყველგან, ყველას უჭირს…“

ვიდრე მუშაობას შევწყვეტდით, არ გვიჭირდა, მივდიოდი სამსახურში და უკან ვბრუნდებოდი საღამოს საკვებით. ნოემბრამდეც ხალხს უჭირდა, ვეღარ შემოდიოდა მაღაზიაში, ყველას დაეტყო გაჭირვება.

მოვაჭრეებს, ყველას ბანკის ვალი გვაქვს. მე 10 ათასი  ლარი მქონდა „ვითიბი“ ბანკში, უარი მითხრეს გადავადებაზე და ახლის აღებაზეც. ვალები დამიგროვდა. საქართველოს ბანკმა შემომთავაზა ახალი სესხი და ოქტომბერში ახალი სესხი ავიღე, 4 ათასი დავამატე. ახლა თვეში 500 ლარი მაქვს გადასახდელი, მაგრამ როცა უმუშევარი რჩები, რით გადავიხადო, ვიქურდო?

„ვითიბი“ ბანკისგან სექტემბერში შეტყობინება სესხის გადახდაზე არ მიმიღია. ვიფიქრე, ალბათ, გადამივადეს-მეთქი. კიდევ კარგი, საათ-ნახევარი მქონდა დარჩენილი, როცა ოფიცერს დავურეკე, გადამივადეთ-მეთქი და არაო, სახლიდან ვმუშაობთ და მაგიტომ არ მოგივიდათ შეტყობინებაო. დავტრიალდი და როგორღაც გადავიხადე, შავ სიაში რომ არ მოვხვედრილიყავი.

მერე ეს სესხი ავიღე და როცა უმუშევარი დავრჩით, საქართველოს ბანკის ოფიცერს ავუხსენი, ასეა საქმე, ვეღარ ვვაჭრობთ, თუ გინდათ შეამოწმეთ, დაკეტილია „უნივერსამი“-მეთქი. ეს ბიზნესსესხია და გადავადება თქვენ არ გეხებათო. რანაირადაა ბიზნესსესხი, როცა ეს ბინა ჩადებული მაქვს? ან რომელი ბიზნესმენი მე მნახეს? საცვლებს ვყიდი, კოლგოტკებს, ქოლგებს…

ყველა ტირის. უკვე აღარც კი ვეხმიანებით ერთმანეთს. სულ ერთი და იგივე კითხვებია: როგორ ხარ? რას ჭამ? რამდენჯერ უნდა გავიმეორო, რომ დედაჩემის პენსიით ვირჩენ თავს?

  • გამოსავალი რომ აღარ გამოჩნდა, სადარბაზოსთან დავიწყე ვაჭრობა

აღარ ვიცოდი რა მექნა. პენსიის ფული როგორ გინდა იკმარო, როცა სახლში ამდენი რამ გინდა? ადრე, როცა ვმუშაობდი, თვეში დაახლოებით 1000 ლარამდე გამომდიოდა, ბანკის ფულსაც ვიხდიდი, კომუნალურებსაც და კიდევ დედაჩემის პენსია.

მაია მულიარჩუკი დედასთან ერთად

ავდექი და სადარბაზოსთან გავიტანე ჩემი პროდუქტები, გარემოვაჭრე გავხდი… მეზობლები დამეხმარნენ, ზოგმა რა იყიდა, ზოგმა – რა, ნისიად წაიღეს ნახევარი, მაგრამ მომცეს ფული წინასაახალწლოდ. აქ ვვაჭრობდი და „უნივერსამში“ გადასახადი გადაგვახდევინეს მაინც – 30 ლარი. ეს დაცვის და შუქის ფულიო. ჩვენ იქ არ გვიმუშავია და…

ვიცოდით, რომ 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეგვეძლებოდა მუშაობა, მაგრამ 24-ში რომ გავიხსენით, 25-ში დილით დაგვხურეს, ყველას ამის იმედი ჰქონდა.

ახლაც გვეუბნებიან, პირველი თებერვლიდან იმუშავებთო, მაგრამ ვინ იცის, რა იქნება? ალბათ ისევ გაგვხსნიან და მეორე დღეს დაგვხურავენ. 25 დეკემბერს აქციაც მოვაწყეთ ქალებმა, მაგრამ მოგვისმინა ვინმემ? არავინ გამოგვხმაურებია, არც სასურსათო კალათა მიუტანეს ვინმეს…

მე კი არა, აგერ, ჩემი კედლის იქეთ 92 წლის ქალი ცხოვრობს და იმასაც არ მიუტანეს, ყველა უმუშევარია მაქ. სომხები არიან და მე დამარეკინეს მერიაში, თუ სადღაც, შენ ქართულად დაელაპარაკებიო, დაველაპარაკე, მაგრამ არაფერი.

მეც მინდოდა სასურსათო კალათა, მაგრამ ვინ მომიტანს?

ჩემი შვილი არ მუშაობს, სტუდენტია. საზღვაო აკადემიაში სწავლობს. ჯერ ბიზნესის ადმინისტრირებაზე იყო რობაქიძეში, მაგრამ ეგ არაა ჩემი საქმეო და საზღვაოში გადმოვიდა. წავა ზღვაში, აბა, რას იზამს? ამდენი ისწავლა… წელიწადში 2500 ლარია გადასახდელი, მაგრამ წელს არ გადაგვიხდია, ეს გადაგვივადეს, კი.

სოციალურ დახმარებას არ ვიღებთ. არ ვიცი, რა ნახეს. აქ 1999 წლიდან ვცხოვრობთ, მას შემდეგ რემონტი არ გაგვიკეთებია, არაფერზე გვიხლია ხელი. ისედაც ბოლო წლებია სულ ამბობენ, ინვესტორი მოვაო, მაგრამ ინვესტორები მოდიან და გარბიან, რა აშინებთ, არ ვიცი. ეს ბარაკი ბარაკად რჩება“.

ვეხვეწებოდი სასწრაფოს გადამიყვანეთ-მეთქი, მაგრამ არავინ მოვიდა

21 ნოემბერს უკვე გამიჭირდა ადგომა. მივხვდი, ვერ იყო საქმე კარგად. სიცხე მქონდა. სასწრაფოში დავრეკე და დახმარება ვითხოვე, მაგრამ არავინ მოვიდა… მეორე დღეს დედაჩემსაც ჰქონდა სიცხე. ჩემმა შვილმა მანამდე გადაიტანა კორონავირუსი მსუბუქად.

23-ში ჩემი ფეხით მივედი და გავიკეთე ტესტი. მითხრეს, რომ კორონავირუსი მქონდა. გამაფრთხილეს, გაემზადეთ და გადაგიყვანთო. სულ ვკანკალებდი, არ ვიცი, როგორ ჩავალაგე ჩემი ბარგი… მთელი ღამე ველოდი, რომ მოვიდოდნენ, მაგრამ არავინ გამოჩნდა.

სასწრაფოში ვრეკავდი და ვიხვეწებოდი, მე მაინც გადამიყვანეთ, დედაჩემი ასაკშია და საფრთხეა-მეთქი, მაგრამ არაფერი. ეტყობა, ჩემი გვარის გამო იფიქრეს, ეს უკრაინელია მაინც, ჩამოსულია და არაფერი უჭირსო.

მხოლოდ ოჯახის ექიმი მირეკავდა. ასე დალიე, ისე დალიეო, მასწავლიდა, D ვიტამინი, მერე C ვიტამინიო და რაღაცნაირად გადავრჩით.

  • საშინელებაა, როცა არ იცი, რა გელის

ახლა ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ისევ არ ვიცით, როდის რა იქნება. ამას გარდა, „უნივერსამის“ ადგილზეც სავაჭრო ცენტრი აღარ იქნება, ჯავახიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების კუთხეში გვიპირებენ გადაყვანას. „უნივერსამში“ იჯარის თანხას თვეში – 210 ლარს ვიხდი, ახალ ცენტრში კი, კვადრატული 30 დოლარიო. დოლარი რატომაა? ამერიკაში ვცხოვრობთ? ესაა ჩვენი ვალუტა?

წავალ და სხვაგანაც ვიკითხავ, იქნებ, არის რამე გამოსავალი.

ყველაზე მეტად სიმართლე მიყვარს, ამის გამო ვერ მიტანენ, მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად. ყველას ვესარჩლები და სულ კითხვებს ვსვამ. მგონი, ზოგიერთს მაინც ვუყვარვარ, ასე ვატყობ.

ასეთი რომ ვარ, ამიტომაც არ მიგრძვნია, თორემ ისე სულაა საქართველოში სხვა ეროვნების ადამიანების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება. მე აქ დავიბადე და გავიზარდე, ბათუმელი ვარ, აჭარელი. დედაჩემი 18 წლის იყო, როცა უკრაინიდან საქართველოში გამოთხოვილა. მამაჩემი აქ დაბადებული უკრაინელი იყო. ის უკვე ცოცხალი აღარაა.

მე უმაღლესში არ მისწავლია. სკოლა დავასრულე თუ არა, გავთხოვდი. მერე შვილი, სამსახური და ასე, სულ შრომაში ვარ, რომ თავი გავიტანოთ.

ახლა პირველი რიგის საფიქრალი საკვების თანხაა. ისეთი პროდუქტები უნდა ვიყოდო, რომ პენსია თვიდან თვემდე გვეყოს სამ სულს. კომუნალურებიც გადასახდელია. შუქის ფული თვეში დაახლოებით 35 ლარი გამოდის, გაზი – 30-მდეა.

ჩემი ნაძვის ხე წელს ეს ჩინური ვარდი იყო, ოთახშიც ხარობს, ულამაზესი წითელი ყვავილები ჰქონდა… საახალწლოდ კი, ხელოვნური, წითელი ვაშლები შევაბი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი