მთავარი,სიახლეები

მეუფე დიმიტრიმ მრევლს უთხრა, რომ ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო გზაა 

19.01.2021 • 1382
მეუფე დიმიტრიმ მრევლს უთხრა, რომ ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო გზაა 

დღეს, 19 იანვარს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ნათლისღების წირვაზე კორონავირუსის ვაქციანაციასთან დაკავშირებითაც იქადაგა. ეპისკოპოსის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა.

„მოგეხსენებათ როგორ მძვინვარებს ეს პანდემია. დღე არ გავა ისე, რომ ვიღაც ნაცნობი, ახლობელი ან შინაური არ გაიხმოს უფალმა ამ მძიმე სენისგან დასნებოვნებული. სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, პატრიარქიც კი… იცით თქვენ, რამდენიმე ხნის წინ მიწას მიაბარეს, სერბეთის პატრიარქი“, – უთხრა მრევლს ქადაგებისას ეპისკოპოსმა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში.

მისივე თქმით, ეპიდემიის და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება აქამდეც „ვაქცინაცია იყო“.

„მინდა, გითხრათ, რომ მთელი საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს, ბიბლია გვასწავლის გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება.

რამდენიმე ხნის წინ, საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე, საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო ნასა-ში მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის. ის ამბობს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში, რელიგიის კუთხით, არ არსებობსო. მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით ასეც იქნება“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მეუფე დიმიტრის თქმით, კორონავირუსისგან თავის დაღწევა სწორედ ვაქცინაცითაა შესაძლებელი.

___

კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ანტივაქსერულ კამპანიაში, ხშირ შემთხვევაში, რელიგიური პირებიც მონაწილეობენ, მათ შორის საქართველოშიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: