მთავარი,სიახლეები

51 ხმოვანი ქართული ზღაპარი პატარებისთვის პანდემიაში – ეროვნული არქივისგან

20.01.2021 • 8981
51 ხმოვანი ქართული ზღაპარი პატარებისთვის პანდემიაში – ეროვნული არქივისგან

პანდემიის პირობებში, როცა პატარები სკოლებსა და ბაღებში ვეღარ დადიან და შინ ატარებენ ძირითადად დროს, საქართველოს ეროვნულმა არქივმა შეკრიბა 51 ქართული ხალხური ზღაპრის ხმოვანი ვერსია და ატვირთა იუთუბარხზე – ,,ქართული ზღაპრები”.

ჩანაწერები ბავშვებისთვის შინ დროის საინტერესოდ გატარების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.

„ქართული ზღაპრები – აუდიობიბლიოთეკა“ საქართველოს ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული ქართული ზღაპრების აუდიოჩანაწერებს აერთიანებს. ზღაპრები 1960-80-იან წლებშია ჩაწერილი.  კითხულობენ მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მურმან ჯინორია, მერაბ თაბუკაშვილი და მერაბ გეგეჭკორი. აუდიოალბომის ილუსტრაცია ზაალ სულაკაურს ეკუთვნის.

 

სამი ძმა და ქოსატყუილა

ეს ზღაპარი სამ ძმასა და მამის ანდერძზეა, რომელმაც შვილებს დიდი სიმდიდრე დაუტოვა და დაუბარა: რაც გინდათ და როგორც გინდათ ივაჭრეთ, ოღონდ ქოსას ნურც ნურაფერს მიჰყიდით და მისგანაც არაფერი გინდოდეთო. ზღაპარი გვიამბობს რა დაემართათ ძმებს, რომლებმაც მამის ანდერძი ვერ აასრულეს და რა ბედი ეწია უმცროსს, რომელმაც ორი ძმისგან განსხვავებით მამის ანდერძიც აასრულა და გამჭრიახი, მოხერხებული აღმოჩნდა.

 

ბაქია კურდღელი

ეს ზღაპარი ლოთ და მკვეხარა კურდღელზეა, წყლის მაგივრადაც კი არაყს რომ სვამდა. შეწუხებულები იყვნენ ბაქია კურდღლის მეზობლები და ნათესავები, მაგრამ რას იზამდნენ. ყველამ იცოდა, რომ ტრაბახა იყო ყურცქვიტა, ,,გარეთ მხდალი შინ ძლიერიაო“ – ამბობდნენ ერთმანეთში.

ერთხელაც მთვრალი ცანცარა მიხტოდა და გაიძახოდა: ეს ქვეყანა სამეფოა, მე მეფე ვარ! ეს ქვეყანა სამეფოა, მე მეფე ვარო! სად იყო და სად არა, ტყიდან ლომი გამოვარდა, ცხოველთა ნამდვილი მეფე და კურდღელს დაუღრიალა. თუ ზღაპარს მოუსმენთ, გაიგებთ, როგორ დამთავრდა ბაქია კურდღლის ამბავი.

 

ჭინჭრაქა

უღარიბეს სამ ძმათაგან უმცროსი, ჭინჭრაქა, მეფეს მოჯამაგირედ დაუდგება. მეფეს სმენია ჭინჭრაქას მოხერხებულობის შესახებ და ავალებს: ერთ დევს ოქროს ხელადა აქვს, წადი და მომიტანეო. ბიჭი ამ საქმის შესასრულებლად ბარსა და წერაქვს ითხოვს და გზას გაუდგება. ეშმაკურად გაიტაცებს ხელადას, რის შემდეგაც მეფე ჯადოსნური ფანდურის წამოღებასაც მოსთხოვს დევის სახლიდან, ბოლოს კი სულაც ეგ დევი მომიყვანე სასახლეშიო – აიხირებს მეფე.

როგორ გაართმევს ამ რთულ დავალებას ჭინჭრაქა?

 

 

შურიანი ძმა

ზღაპარი ორ ძმაზეა. ღარიბ-ღატაკსა და მდიდარზე, რომელიც ძმისთვის ვერაფერს იმეტებს. წვრილშვილიანი, ღატაკი ძმა ჯადოსნურ ამბებში გაეხვევა. ახალი წლის ღამეს, როცა მის ოჯახს ფიჩხიც კი არ აქვს ცეცხლის დასანთებად, კაცი ტყეში გაეშურება და ნახავს ცეცხლის პირას მჯდომ მწყემსს. სთხოვს, გამატანე შინ ცოტა ცეცხლიო. გაატანს მწყემსი ცეცხლს და ღარიბი კაციც შინ ბუხარს გაახურებს. სახლი ჯერ კვამლით აივსება, მერე კი ოჯახი დაინახავს, რომ იქაურობა ოქროთია სავსე.

მოვა შურიანი, მდიდარი ძმა ღატაკთან და გაოცდება ამდენ ოქროს რომ დაინახავს, ბრაზობს. ძმას ყველაფერს გამოჰკითხავს რა როგორ მოხდა და გადაწყვეტს მომავალი ახალი წლის ღამეს თავადაც ღარიბ ძმასავით მოიქცეს, რომ სიმდიდრეს სიმდიდრე დაუმატოს, მაგრამ იგივე ბედი ეწევა შურიან ძმასაც? ამას ზღაპრის ბოლოს შეიტყობთ.

 

 

ძაღლი

ძაღლი თურმე თავიდან მარტოდმარტო ცხოვრობდა. მოსწყინდა ასე ყოფნა და გადაწყვიტა მოეძებნა ისეთი ამხანაგი, ვინც ყველაზე ძლიერი და უშიშარი იქნებოდა. ძაღლმა ბევრი პატრონი გამოიცვალა, მაგრამ ბოლოს ადამიანთან დარჩა. როგორ იქცა ის შინაურ ცხოველად? რატომ არჩია საუკეთესო მეგობრად ადამიანი და რამ დაარწმუნა ძაღლი ადამიანის ძლიერებაში? სწორედ ამ კითხვებს პასუხობს ზღაპარი „ძაღლი“, თუმც კი სინამდვილეში შეიძლება სულ სხვაგვარად დამეგობრდნენ ძაღლი და ადამიანი, მაგრამ ზღაპრებში ხომ ფანტაზია უსაზღვროა და უკიდეგანო.

 

 

უქნარა

იყო ერთი ცოლ-ქმარი. ქმარი ისეთი უქნარა იყო, სულ ჭამდა ან ტახტზე გორავდა და ეძინა. ცოლს შრომით ქანცი სძვრებოდა, მაგრამ მაინც ძალიან ღარიბები იყვნენ. ისეთი უქნარა იყო კაცი, რომ ცოლის დათესილი ყანის სანახავადაც კი ეზარებოდა წასვლა – რომ დაეხედა, როგორი მოსავალი მოვიდა.

ბოლოს უქნარა სულ სხვა ადამიანად გარდაიქმნა, აღარც ზარმაცობდა და შრომასაც შეუდგა. როგორ? ცოლის მოხერხებულობით. ზღაპარი სწორედ ამაზეა: როგორ იქცა უქნარა, ჭკვიანი ცოლის წყალობით, მშრომელ კაცად.

 

 

კოკროჭინა

კოკროჭინა ოქროსქოჩრიანი პატარა ბიჭია, რომელიც მამამ გააფრთხილა, რომ წყაროზე მისვლისას მაღლა არ უნდა აეხედა. ცნობისმოყვარე იყო კოკროჭინა. კვდებოდა ინტერესით, რა იყო მაღლა და, რა თქმა უნდა, მამის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც აიხედა. აიხედა და უზარმაზარი ვაშლებით დახუნძლული ხე დაინახა. აძვრა მაღლა და კრეფა დაიწყო. იქვე კუდიანი დედაბერი გაჩნდა, მოტყუებით ჩაისვა კოკროჭინა გუდაში და შინისკენ გააქანა. დედაბერი კოკროჭინას მოხარშვას და შეჭმას უპირებს. კოკროჭინა კი, რაღაც საოცარი მანქანებით, დედაბრის ქვაბსაც დააღწევს თავს, კუდიანს გააცუცურაკებს და სახლშიც სულ ხტუნვა-ხტუნვით დაბრუნდება.

 

 

მელია, მამალი, ბატკანი და ჩიტი

მელია, მამალი, ბატკანი და ჩიტი დაძმობილდებიან, გაუდგებიან გზას, მაგრამ გამოუვათ მამალს და ბატკანს მსუნაგ მელიასთან მეგობრობა? ჩიტს რა ბედი ეწევა, რომელიც ამათგან ყველაზე უმწეო და სუსტია? თუმცა ზღაპარი გვაჩვენებს, რომ სწორედ სუსტსა და უმწეო ჩიტს შესწევს ძალა გააცუროს მსუნაგი და ეშმაკი მელა.

_____

ამავე თემაზე:

ხმოვანი ზღაპრები და ლექსები ბავშვებისთვის ვასილ გულეურისგან

გადაბეჭდვის წესი